0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

„რეპროარტი“ ისტორია გრძელდება ახალ მისამართზე

 “რეპროარტის“ ახალ ოფისში, ცინცაძის 23 ნომერში, პირველად ვარ. აქ იმიტომ მოვედი, რომ ისტორია უნდა მოგიყვეთ. ისტორია ორი საოცარი ქალის შესახებ, რომლებმაც შექმნეს სივრცე ოფიციალური სახელით, „რეპროარტი“, არაოფიციალურად კი, ბედნიერება. ეს ჩემი სუბიექტური აღქმაა მათი საქმიანობის, თორემ ამ ფორმულირებაში ჩემი ორივე გმირი, ლიკა ჭყონია და ნინო ოკუჯავა, კატეგორიულად არ დამეთანხმებიან. ბედნიერება ბედნიერებად, მაგრამ თავი და თავი მეცნიერება, გამოცდილება, დიდი შრომა და ცოტა გამართლებაცაა – შემისწორებენ ისინი.

იყო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა ეჭვი, რომ ბავშვი არ მეყოლებოდა, იყო საკმაოდ დიდი და საფუძვლიანი. ეს პირველად 22-23 წლის წინ გამოვცადე. რა პროცედურებზე არ მატარეს მაშინ ექიმებმა, რა მტკივნეული და უსიამოვნო იყო ის ყველაფერი. მერე დავფეხმძიმდი. გაჩნდა პირველი შვილი. პაუზა პირველსა და მეორეს შორის დიდი იყო. კვლავ ეჭვები, კვლავ მკურნალობა და შიში იმისა, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად შვილი არ მეყოლება. თანაც, ასაკი იყო უკვე დიდი. მაგრამ მეც დიდი გოგო ვიყავი და სადღაც შორეულ ფიქრებში ერთი რამ მეიმედებოდა სულ – რამე ხელოვნურის გაკეთება. ამას იმიტომ გიყვებით, რომ ზუსტად ვიცი ქალების უდიდეს ნაწილს ეს შიში გაურკვევლობის წინაშე, ჰქონია. „ვაი თუ არ დავორსულდე, იქნებ უშვილო ვარ, ექვსი თვე გავიდა, ერთი წელი გავიდა…“ ეს ფიქრები კარგად გვეცნობა ბევრ ჩვენგანს. ეს სტატია, რომელსაც ახლა თქვენ კითხულობთ, მე თქვენთვის დავწერე. მინდა სწორი გზა გაჩვენოთ და „რეპროარტამდე“ მიგიყვანოთ.

თხრობას ახალი სივრცის აღწერით დავიწყებ. ის ექვსსართულიანია. მისი პირველი სართული ისეთია, მისი ანალოგი საქართველოში არსად შემხვედრია. დიდ ვიტრაჟებზე სარჭებით დამაგრებული თეთრი-თეთრი, თითქოს ახლადგახამებული, გატკიცინებული ფარდებია. იატაკი მარმარილოსი, ასევე ძველი, ლამაზი სადარბაზოების მსგავსი. სიმპათიურ კიბესთან ვინტაჟური სკამებია ჩამწკრივებული. იქ დაჯდომა და დროის მანქანაში აღმოჩენა ერთია. სახლურ-ნოსტალგიური გარემოა ულტრათანამედროვე ტექნიკით შესრულებული. აქა-იქ მიმობნეული ნივთები, მაგალითად ძველი მიკროსკოპები, ოდნავ მიგანიშნებთ, რომ თქვენ კლინიკაში მოხვდით. ამ სართულის ზევით კოსმოსია. ამ კოსმოსის ავტორები კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ორი ქალია – ლიკა ჭყონია და ნინო ოკუჯავა.

მათ ერთმანეთი 1975 წელს, ბაკურიანში, ზამთრის არდადეგების დროს გაიცნეს. ნინო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველკურსელი, ლიკა კი, 55-ე სკოლის მეათეკლასელი იყო. მერე მათი გზები თბილისშიც იკვეთება და ნელ-ნელა საფუძველი კარგ ნაცნობობას ეყრება. ნინო ბავშვობაში ხატვით იყო გატაცებული და აკადემიაში ჩაბარებაზე ოცნებობდა, მაგრამ ოჯახმა თავისი პრაგმატული გავლენა მოახდინა და ის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ლიკამ ბიოლოგიური დაამთავრა. ყველა ლოგიკითა და მონაცემით, ის მედიცინისთვის იყო დაბადებული, მაგრამ მედიცინა ლიკას ნაკლებად საინტერესო ეჩვენებოდა. „ჩემი არ იყო“ – ამბობს ლიკა და მიხსნის, რომ მას მეცნიერება იზიდავდა. „მედიცინა ხომ ბიოლოგიის გაგრძელებაა. რაც ხდება მეცნიერებაში, ის მედიცინაში ტრანსფორმირდება და მე უფრო ის მიზიდავდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც პაციენტებთან აღმოვჩნდი“ – ღიმილით ასრულებს ლიკა.

ReproArt1

იმხანად, სამედიცინო ინსტიტუტისა და ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის ნომერ პირველ სივრცედ „ჟორდანიას ინსტიტუტი“ ითვლებოდა. იქ პირველი ნინო მიდის. 1983 წლიდან მას ლიკაც უერთდება. სწორედ იმ დღიდან იწყება მათი მეგობრობა – ნამდვილი, წრფელი და ძლიერი.

„83 წელს მოვიდა ლიკა „ჟორდანიაში“. იქ რომ ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელი, მას მერე აღარც დავშორებულვართ“ – ამბობს ნინო ოკუჯავა.

– რა იყო იმ პერიოდისთვის „ჟორდანიას ინსტიტუტი“, რით იყო ის გამორჩეული?

ის რეალურად ძალიან საინტერესო ინსტიტუტი იყო. საქართველოში ერთადერთი, რომელიც უშვილობის პრობლემებს კომპლექსურად იკვლევდა და მკურნალობდა. უშვილობაზე ქალს და მამაკაცს ერთად მხოლოდ ამ ინსტიტუტში მკურნალობდნენ.

საინტერესო დეტალი: ლიკა ჭყონია, ჯერ კიდევ „ჟორდანიას ინსტიტუტამდე“, ჯერ კიდევ პირველ კურსზე, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ლუიზა ბრაუნი, პირველი ბავშვი ინ ვიტრო განაყოფიერებით დაიბადება, მეგობრის კითხვაზე, რას აპირებს ის უნივერსიტეტის დასრულებისას, პასუხობს, რომ დამთავრების შემდეგ იმუშავებს ზემოხსენებულ ინსტიტუტში, „ხელოვნური“ განაყოფიერების მიმართულებით.

ნამდვილი „დუღილი“ და სიახლეების კასკადი „ჟორდანიას ინსტიტუტში“ ახალგაზრდა და ენერგიული არჩილ ხომასურიძის ხელმძღვანელობით იწყება. ხომასურიძე სრულიად ახალი ფორმაციის ექიმია. ბრწყინვალედ ფლობს ინგლისურ ენას. ახალ გუნდთან ერთად ქმნის ფანტასტიკურ ბიბლიოთეკას. ამყარებს კავშირს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან, სადაც სხვადასხვა სასწავლო პროგრამით განათლებას იღებენ ქართველი სპეციალისტები.

ეს სუფთა ჰაერივით იყო ჩვენთვის. წარმოიდგინეთ, ვეცნობოდით მსოფლიოს თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურას თუ ნაშრომებს და არ ვიყავით „მიბმული“ საბჭოთა, მოძველებულ სახელმძღვანელოებზე. ის თამასა, რომელიც მან შემოგვთავაზა, საკმაოდ მაღლა იყო აწეული, მაგრამ ჩვენ მისთვის მზად ვიყავი – განმარტავს ნინო ოკუჯავა.

მოსვლიდან რამდენიმე წელიწადში, არჩილ ხომასურიძემ „ჟორდანიას ინსტიტუტში“ ინ ვიტრო განყოფილება გახსნა. შეიძინა აპარატურა, მაგრამ მალე ქვეყანაში არეულობა დაიწყო და ამ საქმემ წინ ვერ წაიწია – თხრობას განაგრძობს ლიკა ჭყონია, რომელიც იმ არეულ 90-იანებში, კერძოდ კი 1994 წელს, სწორედ ინსტიტუტის რეკომენდაციითა და წარდგინებით, მიემგზავრება ქალქ ნორფოლკში, (ჯორჯიანას შტატი) ჰოვარდ ჯონსების სახელობის სახელგანთქმულ ინსტიტუტში, ემბრიოლოგიის შესასწავლად. ლიკა სხვა სამყაროში ხვდება. უშუქო, უგაზო, გაყინული თბილისიდან გაბრდღვიალებულ ამერიკაში, სადაც გაოცებას იწვევს ყველაფერი – ონკანში ცხელი წყლიდან და იატაკის გამთბარი ფილებიდან დაწყებული, დასრულებული საუკეთესო სივრცით, საუკეთესო განათლებისა და გამოცდილების მისაღებად.

მოვხვდი სიუზენ ლანზერდორფის ლაბორატორიაში. არაჩვეულებრივ გარემოში. ყოველი დღე იყო ცოდნის ზეიმი. ეს ის ცოდნაა, რომელიც ქმნის საფუძველს, რომელიც მოგყვება წლების განმავლობაში და რომელზეც, შემდგომ, აშენებ ყოველ ახალ გამოცდილებას.

LikaChkonia

ნორფოლკში, ჯონსის ინსტიტუტში, ლიკა ეუფლება რეპროდუქციის დამხმარე ტექნოლოგიებს და შემდეგ თავის კოლეგა ემბრიოლოგებს ასწავლის ამ უახლეს, რთულ და უნაყოფობის მკურნალობისათვის მართლაც რევოლუციურ მეთოდებს. კურსის დასრულებისას უამრავი შემოთავაზება აქვს. ამერიკაში დარჩენის ცდუნებაც დიდია, მაგრამ ჩამოდის თბილისში და, იმ დროისთვის ქვეყანაში მძიმე მდგომარეობის გამო, ხვდება რომ ვერ გამოიყენედა მიღებულ ცოდნას.

ის ბრუნდება უკან და ამერიკაში დაჰყოფს 7 წელს.

– თითქმის შვიდი წელი ვიმუშავე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნაყოფიერების და რეპროდუქციული მედიცინის კლინიკაში (Offices for Fertility and Reproductive Medicine), სადაც ემბრიოლოგიის ლაბორატორიის დირექტორი, გამოჩენილი მეცნიერი, ამჟამად ნიუ იორკის უნივერსიტეტის ნაყოფიერების ცენტრის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკკალა გახლდათ. დღეს დევიდ მაკკალა „რეპროარტის“ გუნდის წევრია და ხუმრობს, რომ ამჯერად მე ვარ მისი უფროსი.

ლიკა რომ ამერიკაში წავიდა, დროებით რადიკალურად იცვლება ნინოს ცხოვრებაც და საქმიანობის სფერო.

ლიკა რომ ამერიკაში წავიდა, ცოტა ხანში ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. ჩემი სპეციალობა – გენეტიკა – იმ პერიოდში ძალიან დაიჩაგრა, ის არავის აინტერესებდა. ასე უსაქმოდ ჯდომა ინსტიტუტში და ყავის სმა ნამდვილად არ მინდოდა და დავიწყე მუშაობა „ნეოსტუდიაში“. ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდია ჩემი ცხოვრების – თვალებანთებული ყვება ნინო. ვარკვევ, რომ ჯორჯ-მალხაზ შალიკაშვილის, თუ ჯორჯ ბალანჩინის შესახებ ცნობილი დოკუმენტური ფილმების შექმნაში მონაწილეობდა. ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ, საქართველოში აბორტის რეგულირების და კონტრაცეფციის პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გადაცემების მომზადებას. იყო აღმასრულებელი პროდიუსერი დოკუმენტური ფილმისა „ჟორდანიას ინსტიტუტის“ შესახებ.

წარმოიდგინეთ რთული 90-იანი წლები, ადამიანები კარგავენ პროფესიებს, ყრიან ფარხმალს, ნელნელა ეჩვევეიან „მაინცარაფერიარგამომივა“ ცხოვრების წესს და ამ დროს ეს ორი ქალი – ერთი ამერიკაში, იქ, სადაც მექაა სამედიცინო განათლების, მეორე კი თბილისში, იქ, სადაც პატარა სივრცეში, მაგრამ მაინც დუღს შემოქმედებითი ცხოვრება, – მოვლენების ეპიცენტრში თავად ქმნიან საკუთარ კარიერასა და მომავალს.

okijava reproart

ლიკა ყვება, რომ ერთობლივი საქმიანობის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც საქართველოში დაბრუნდა. თუმცა იქამდე ცოტათი დიდი დროა. ლიკა დამოუკიდებელ განყოფილებას „იუნონაში“ ქმნის.

„იუნონაში“ შევქმენით „ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმთელობის განყოფილება“. აქ საკმაოდ სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ და, რაც ყველაზე მნიშვნელობანია, ბევრი სიახლე დავნერგეთ.

– „რეპროარტის“ იდეა როგორ მოვიდა?

ვიფიქრეთ, რომ მულტიფუნქციურ კლინიკაში მუშაობას მაინც ჯობდა ყოფილიყო კონკრეტულად ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა. ეს დრომ მოიტანა და ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, გარკვეულ პერიოდში მე და ნინომ დავაფუძნეთ „რეპროარტი“ – ქართულ-ამერიკული კლინიკა. ამერიკული იმიტომ, რომ ჯერ ერთი, პირადად მე, მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება ამერიკის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში მაქვს მიღებული და მეორეც, ცნობილი მეცნიერი დევიდ მაკკალა, „რეპროარტის“ კლინიკური ნაწილის სამეცნიერო დირექტორი გახლავთ. ის თავიდან ბოლომდე ჩართულია ჩვვენს საქმიანობაში. ასევე, რეპროარტის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექიმები და ემბრიოლოგები კლინიკაში დანერგილი ამერიკული მკურნალობის სტანდარტებით ხელმძღვანელობენ.

გუნდის მიღწევები ბევრი და შთამბეჭდავია. მოდით, მათ მხოლოდ მცირე ნაწილს გაგაცნობთ, ძალზედ მოკლედ

√      2004 წელი – ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის (ICSI – Intracytoplasmic Sperm Injection) გამოყენების შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა

√      2007 წელი – გაყინული ემბრიონის გადატანის შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა

√      2007 წელი – სუროგაციის პროგრამის გამოყენებით პირველი ბავშვი გაჩნდა

√      2007 წელი – პირველი ორსულობა მამაკაცის მიკროქირურგიული ოპერაციის შედეგად მიღებული სპერმის გამოყენებით

√      2015 წელი – ბლასტოცისტის კულტივირების შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა

√      2016 წელი – პირველად საქართველოში დაიბადნენ ჯანმრთელი ბავშვები პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი/დიაგნოსტიკის (PGT-A/PGT-M) შემდეგ

თავდაპირველად, „რეპროარტი“ თარხნიშვილის ქუჩაზე იყო დაბინავებული. იქაც „სახლური“ გარემო იყო. ჩემი გმირები ყვებიან „რეპროარტის“ მუშაობის პირველ დღეზე.

მახსოვს, იმ დღეს, დილის ხუთ საათზე ამერიკიდან ჩამოვფრინდით. კონგრესზე ვიყავი. ათის ნახევარზე კლინიკა გავხსენით და… ყოველ ერთ საათში სკამებს ვამატებდით, ახლადმოსული პაციენტები რომ დაგვესვა. ნდობა იყო პირველივე დღიდან და ასე გრძელდება დღემდე.

– რა მიმართულებებს მოიცავს „რეპროარტი“?

მისი მთავარი მიმართულება არის ქალის ჯანმრთელობა და წყვილის უნაყოფობის პრობლემის გადაჭრა. ინ ვიტრო განაყოფიერება, გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია, უროლოგია, ანდროლოგია, ორსულობის მართვა, კლიმაქტერული ასაკის პრობლემების გამოკვლევა, მკურნალობა და ამ პერიოდის სწორად მართვა…

„რეპროარტის“ ფილიალები გახსნილია ქუთაისსა და ბათუმში, რაც კლინიკას საშუალებას აძლევს, ფაქტობრივად, მთელი საქართველო მოიცვას.

ქუთაისის „რეპროარტი“ არის უფრო ამბულატორიული ტიპის. იქ დასმული დიაგნოზის მიხედვით, პაციენტი გადაწყვეტს სამკურნალოდ თბილისში წამოვიდეს თუ ბათუმში, რომელიც თბილისის კლინიკის ანალოგიით, სრულად არის აღჭურვილი. ამასთანავე, ბათუმის „რეპროარტის“ გუნდში მუშაობენ მართლაც უნივერსალური ექიმები. მათ შეუძლიათ მართონ მთელი პროცესი: უმკურნალონ უშვილობას, დაფეხმძიმების შემდეგ მართონ ეს პერიოდი და მიიღონ მშობიარობა.

„რეპროარტს“ ახლადგაჩენილი სიცოცხლის და გაბედნიერებული ადამიანების უამრავი ისტორია აქვს. ვთხოვ ჩემს გმირებს მათ მოყოლას. თავს იკავებენ. სახელების, გვარების, ასაკის შეცვლითაც კი არ თანხმდებიან. ფიქრობენ, რომ სხვის ისტორიებს გაამხელენ. მეც აღარ ვეძიები.

– ასპროცენტიანი გარანტია არაფრის არსებობს, მით უფრო მედიცინაში, მაგრამ საინტერესოა რისთვის უნდა იყოს მზად თქვენთან მოსული წყვილი?

წყვილი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მივიღებთ ორსულობას. ეს ოპტიმიზმი ფსიქოლოგიურად ბევრს მატებს წყვილს, მაგრამ ყოველი ინ ვიტრო განაყოფიერებიდან, ჩვენ დადებითი შედეგი გვაქვს პაციენტთა 60-65 პროცენტში. ეს დიდი ციფრია, მაგრამ დარჩენილი პროცენტიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც უარყოფით შედეგს იღებს. რთულია ამის გააზრება და შეგუება, მაგრამ წყვილმა ეს წინასწარ აუცილებლად უნდა იცოდეს.

ასეთია რეალობა. ვფიქრობ, წარმატების უპირველესი საწინდარი ინფორმირებულობა და სწორ ადგილზე, სწორ ადამიანებთან მოხვედრაა. თუ თქვენ ახლა ამ სტატიას კითხულობთ, თუ თქვენ ის ხართ, ვისაც უშვილობის პრობლემა გაწუხებთ, თქვენ საძიებელ სისტემაში ერთი სიტყვა უნდა აკრიფოთ – „რეპროარტი“. ისტორიის ბედნიერი დასასრულის შესახებ კი, მე მომწერეთ ან ფეისბუქზე, ან ინსტაგრამზე. არ დავწერ არსად. ჩემთვის შევინახავ სათუთად. ბედნიერებას გისურვებთ! 

ტექსტი: ეკა ხოფერია

ფოტო: ლეკო ჭყონია

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

ასევე წაიკითხეთ