სითი POWER WOMAN – ხათუნა გაბრიჭიძე

ამბობენ, რომ მარტი ქალების თვეა. “სითისთვის” კი, უკვე წლებია, მარტი ძლიერი, წარმატებული ქალბატონების აღმოჩენის და მათ შესახებ თქვენთვის მოყოლის თვეა. ამჯერად, ექიმ ხათუნა გაბრიჭიძის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელიც თავისი საქმიანობით ყველაზე მნიშვნელოვანს, ახალი სიცოცხლის დაბადებას ემსახურება.

პროფესია, რომელსაც წვლილი შეაქვს ახალი სიცოცხლის დაბადებაში. რას ნიშნავს იყო მეან-გინეკოლოგი?

მეან-გინეკოლოგი განსაკუთრებული ექიმია ქალის ცხოვრებაში. შენ, როგორც ექიმს, გაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღო იმ დიდ ცხოვრებისეულ სასწაულში, რასაც ახალი სიცოცხლის დაბადება ჰქვია, გაიზიარო ოჯახის დიდი ბედნიერება. თითოეულ მშვიდობით დასრულებულ ორსულობასა და მშობიარობას დიდი სიხარული მოაქვს. ამ დროს გეუფლება განცდა კიდევ ერთი გამარჯვებისა. თუმცა, როდესაც ემოციებზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია, რომ პაციენტის გვერდით დგომა ყველაზე ნეგატიურ დღეებშიც არის საჭირო. მაგალითად, როდესაც ქალს ეუბნები, რომ ორსულობა შეწყდა ან ნაყოფს აქვს განვითარების ანომალია, ზუსტად ისევე განიცდი და გტკივა, როგორც პაციენტს და ეხმარები მას მძიმე დღეების გადალახვაში. გინეკოლოგიური თვალსაზრისით, ქალი განდობს ყველაზე ინტიმურ დეტალებს, მის ქალურ ჯანმრთელობას, რაზეც რეალურად არის დამოკიდებული ადამიანის ბედნიერება.

ხათუნა გაბრიჭიძე გინეკოლოგი

თუ გახსოვთ პირველად როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში ინტერესი ამ პროფესიის მიმართ? რა იყო ამის მიზეზი?

მე პირველი ვარ ოჯახში, ვინც მოინდომა გამხდარიყო ექიმი. არ მახსოვს როდის გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ამ პროფესიისადმი ინტერესი, მაგრამ არჩევანი კი ზუსტი გამოდგა. ეს ნამდვილად ის არის, რაც მინდოდა. პროფესია, რომელსაც მოაქვს სიხარული, მოტივაცია და შესაძლებლობა იყო სასარგებლო, დაეხმარო ადამიანებს და წვლილი შეიტანო მათ ბედნიერებაში. განსხვავებით სხვა სპეციალიზაციის ექიმებისგან, რომლებიც მუდმივად ებრძვიან ავადობასა და სიკვდილს.

შეგიძლიათ ჩვენს მკითხველს გაუზიაროთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით?

ყველა ქალი ოცნებობს გამოიყურებოდეს ლამაზად, მიაღწიოს წარმატებას, ჰქონდეს არაჩვეულებრივი ოჯახი და გაზარდოს ჯანმრთელი შვილები. როგორც ვიცით, ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, თუკი არის ჯანმრთლობა. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ თავად არ ვუფრთხილდებით მას. ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებელია დავიწყოთ ადრეული ასაკიდანვე. პირველ რიგში, დედასა და გოგონას შორის ნდობის და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებით. მნიშვნელოვანია მოზარდს დროულად და გასაგებად მივაწოდოთ ინფორმაცია ნაადრევად დაწყებული სქესობრივი ცხოვრების შედეგებზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, კონტრაცეფციაზე, აბორტის საფრთხეებზე. რა არის იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე ფიზიკურად და სულიერად ჯანმრთელი შვილები და მომავალი თაობა. ამაზე უნდა ვიფიქროთ თავიდანვე და მივცეთ მაგალითი. მინდა მშობლებმა იცოდნენ პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის შესახებ გოგონებსა და ვაჟებში, რომელიც წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველად პრევენციას. ამ მხრივ მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოში. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 13-დან 18 წლამდე გოგონებისთვის. აქამდე მხოლოდ 10, 11 და 12 წლის გოგონებში იყო ხელმისაწვდომი უფასო ვაქცინაცია. ყველა ქალს მოვუწოდებ წელიწადში ერთხელ, რუტინულად ჩაიტაროს გინეკოლოგიური გამოკვლევა, მიუხედავად იმისა, აწუხებს თუ არა რამე. ქალბატონებო, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრებით, მიირთვით ჯანსაღი საკვები, იძინეთ სრულფასოვნად და თავიდან აირიდეთ სტრესი. იყავით ბედნიერები ყველა ასაკში და ყველა სტატუსით.

გაბრიჭიძე ხათუნა

წარმატებული კარიერა და ოჯახი. არ არის რთული ამ ბალანსის დაცვა?

კარიერის აწყობა მარტივი არ არის, მითუმეტეს, სამედიცინო სფეროში, რომელიც სავსეა ბარიერებით. ყველა პრობლემისა და წინააღმდეგობის გადალახვაში პროფესიისადმი სიყვარული მეხმარება. ოჯახიც, რა თქმა უნდა, ხელს მიწყობს. სხვაგვარად არაფერი გამოვიდოდა. მედიცინა მოითხოვს მუდმივ განვითარებას, სწავლას და პაციენტებთან უწყვეტ კომუნიკაციას, რასაც დიდი დრო მიაქვს. ვცდილობ ჩემს შვილებს ყურადღება არ მოვაკლო. ჩართული ვარ მათ აღზრდაში, სწავლა-განათლებაში. როდესაც გიყვარს ერთიც და მეორეც, შეუძლებელი არაფერია.

ფოტოგრაფია, როგორც განტვირთვის საშუალება…

ფოტოგრაფია ჩემი ჰობია. სამწუხაროდ, საკმარისი დრო არ მრჩება კამერისთვის… ჩემი აზრით, ფოტოგრაფია უნივერსალური ენაა, რომლის საშუალებითაც ამყარებ კავშირს გარე სამყაროსთან. ის გაძლევს სამყაროს აღქმის ახალ შესაძლებლობას და განსაკუთრებული წამის დაფიქსირების საშუალებას. კამერის მიღმა ისეთი დეტალები ხდება შესამჩნევი, რასაც ზოგადად ვერ ხედავ ხოლმე ან არ აქცევ ყურადღებას. ფოტოგრაფია, ჩემთვის, სამყაროს უფრო რეალურად წარმოაჩენს…

ხათუნა გაბრიჭიძე

როგორია თქვენი სამომავლო გეგმა? მთავარი მიზანი როგორც პროფესიული, ასევე პირადი მიმართულებით?

სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი. ერთადერთი, რასაც უფალს შევთხოვ, მშვიდობაა. მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ჩემი მთავარი მიზანი კი, ჩემი შვილების ბედნიერი მომავალია. რაც ეხება პროფესიულ მიმართულებას, ჩვენს დარგში დიდია ზრდის და თვითგანვითარების საშუალება. არ ვაპირებ გაჩერებას. სწავლა და განვითარება ერთადერთი რამაა, რაც მთელი ცხოვრება უნდა აკეთო.

მეან-გინეკოლოგი ხათუნა გაბრიჭიძე

ფოტო: ზურაბ ცერცვაძე / მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი / ვარცხნილობა: ეკატერინე ჩანჩიბაძე

გადაღების ადგილი: სასტუმრო Unfound door

ასევე წაიკითხეთ