Pink October  ანუ, შემოდგომის გაზაფხული 

თუ დაჰკვირვებიხართ, შუა შემოდგომით გამოზაფხულება იცის ხოლმე. ეს გადასარევი ამბავი შემოდგომის ყველაზე ლამაზ თვეს, ოქტომბერს ხდება. სწორედ მაშინ, როდესაც ბუნება და გარემო ასეთი ლამაზი ფერებით იფერება, გაზაფხულია, აბა სხვა რა?

ერთ დღესაც, შემოდგომის ამ „გაზაფხულის” თვეს, ადამიანებმა “ვარდისფერი ოქტომბერი” დაარქვეს. თვე, როდესაც მთელი მსოფლიო ყურადღებას ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას უთმობს. ცნობილი სპორტსმენები, ხელოვანები, პოლიტიკოსები, დიდები და პატარები -ყოველწლიურად იზრდება რიცხვი ადამიანთა, ვისაც ერთი მარტივი ჭეშმარიტების მიტანა სურს საზოგადოებამდე – ზოგჯერ, თუნდაც წელიწადში ერთხელ, დრო შენს თავს, შენს ჯანმრთელობას და შენს მომავალს უნდა დაუთმო. საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა ხომ სწორედ ამ ზრუნვით იწყება. 

ამ კამპანიას „თოდუას კლინიკის” თაოსნობით, აგერ უკვე წლებია, სხვადასხვა სფეროს ქალები უერთდებიან. ოქტომბრის „სითიში” გვაქვს პატივი ჩვენს მეგობარ „თოდუას კლინიკასთან” ერთად საინტერესო და განსაკუთრებული ქალები წარმოგიდგინოთ. ჩვენი ელჩები, რომელთა გზავნილით სათქმელს თითოეულ თქვენგანთან უფრო სწრაფად და გულით მივიტანთ.

ნატა მურვანიძე, თეონა თავართქილაძე, ლიკა ევგენიძე, ნანა შონია, ნინო კურატაშვილი – „ვარდისფერი ოქტომბრის” ელჩები ჩვენს “სითი-ქალაქებში”.

ნატა მურვანიძე

მთავარია არ შეგვეშინდეს. მთავარია შიშით გამოწვეული დახუჭული თვალები გავახილოთ. ჩვენს თავზე თუ არ ვზრუნავთ, ვიზრუნოთ ჩვენს საყვარელ ადამიანებზე, რომ მათ გარანტირებული სიმშვიდე მოვგვაროთ. ძუძუს კიბო არაა საშიში, თუ მას ადრეულ სტადიაზე გამოვავლენთ. უნდა გადავლახოთ დაგვიანებული შედეგის შიში, რაც ასე გამჯდარია ჩვენს ქვეცნობიერში თუ ცნობიერში. ყოველწლიური სკრინინგით და მამოლოგთან ვიზიტით ჩვენ ამას ავიცილებთ. ყველა ასაკის ქალებო, არ შეგეშინდეთ, არ შეგვეშინდეს. ძალიან ბევრი პასუხისმგებლობის გამო, რომელიც ვიტვირთეთ, ჩვენი თავი ბოლო ადგილზე გავწიეთ. ნაკისრ პასუხისმგებლობას კი ჯანმრთელები ვჭირდებით. არ შეგეშინდეთ. არ შეგვეშინდეს, არ დაგვეზაროს, არ გადავიფიქროთ, არ გადავავადოთ.

ნანა შონია

ნანა შონია Pink October

არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქრო, რომ ეს განაჩენია და უნდა განაგრძო ბრძოლა. შენ შეგიძლია ყველაფერი შეცვალო, ოღონდ ძალიან უნდა მოინდომო და გჯეროდეს, რომ ეს გამოგივა. დაეხმარე შენს თავს და ამით დაეხმარები უამრავ ადამიანს. ეს კი ნიშნავს, რომ ცხოვრება გრძელდება.

ნინო კურატაშვილი

ყველაზე ძვირფასი, რაც შეგვიძლია ვაჩუქოთ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, არის ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. არ დაიზაროთ და არ შეგეშინდეთ. ადრეული დიაგნოსტიკა არის დაავადების დამარცხების გარანტია. ამიტომ ყველას ვეტყოდი – ჩაიტარე სკრინინგი და იყავი დაცული.

ლიკა ევგენიძე

ჩემთვის ოქტომბერი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ დროულად გადადგმული ნაბიჯი სიმშვიდის საწინდარია. მოდი, არ გადავდოთ. მოდი, არ დავიზაროთ. მოდი, დღეს საინტერესო კონცერტზე, გამოფენაზე, სადაც გნებავთ იქ წავიდეთ და ხვალ კი, რომ გათენდება, მეგობარს, დას, დეიდას, კოლეგას დავურეკოთ და ერთად დავგეგმოთ სკრინინგზე წასვლა. მოდით, ეს ჩვევად და საკუთარ თავზე ზრუნვის შემადგენელ ნაწილად გავიხადოთ.

თეონა თავართქილაძე

დაიწყო არა უბრალოდ ოქტომბერი, არამედ დაიწყო შენებური, ვარდისფერი ოქტომბერი. ეს საოცარი თვე განსაკუთრებული მინიშნებაა იმ სოლიდარობაზე, რომელსაც საზოგადოება იჩენს ძუძუს კიბოს პრევენციის თემის მიმართ. თანდათან ვიზრდებით, მოდის ახალი გააზრება, რომ შენი მომავალი შენ უნდა დაგეგმო და ამ დაგეგმვაში ჯანმრთელობა უმთავრესია. ოქტომბერი იქნება, ნოემბერი თუ ნებისმიერი სხვა თვე, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანისთვის აუცილებლობად უნდა იქცეს. არა მარტო საკუთარი თავისთვის, ადამიანებისთვის, ვისაც უყვარხარ და სჭირდები.

პროექტის ავტორები: ნათია გამცემლიძე, ნინო დარასაელი, ნინო ჭიჭინაძე

ფოტო: თიკო ჭიღლაძე

სამოსი: MaisonKeti

მაკიაჟი: თინა შალიკაშვილი

ასევე წაიკითხეთ