„ფარჯიანის შობის ვარსკვლავი“

                 “ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად” –  მათეს სახარება

(ინტერვიუ ირაკლი ფარჯიანის ქალიშვილთან, მხატვარ სოფო ფარჯიანთან).

რა განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებაში ზოგადად რელიგიურ, თუ საშობაო თემატიკას.

ოთახი სავსე იყო ირაკლის ნამუშევრებით: ერთ ცარიელ კუთხეს ვერ ნახავდით, მზის სხივები ლამაზად ეცემოდა სურათებს და მცენარეებს… მაგიდაზე ირაკლის ილუსტრაციები ეწყო, კედლებზე სურათები ეკიდა, მათ ქვეშ მცენარეები ხარობდნენ… მზით სავსე ოთახში, თითქოს, შუქჩრდილების გამოფენას ვათვალიერებდი.

ოთახში ისეთი გარემო დამხვდა, ისეთი სითბო და სიყვარული იგრძნობოდა, ირაკლის ისტორიების მოსმენა მაგიურ პროცესად იქცა: სოფო მამას მოსაცმლით დამხვდა – ისე იხუტებდა ირაკლის ნაქონ ჟაკეტს, თითქოს მამას ეხუტებოდა და ცოცხლად შეიგრძნობდა მის ყოფნას. როდესაც სოფო ირაკლის პორტრეტის გვერდით დადგა, საოცარი მსგავსება დავინახე და ის ერთობა ვიგრძენი, რამაც მიმახვედრა –  ეს ინტერვიუ ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და დასამახსოვრებელი გახდებოდა ჩემთვის.

ფარჯიანისეული ტუჩები, გამოხედვა, თვალები – სოფო ირაკლის ჟაკეტით და ირაკლი, საკუთარი სურათიდან, თითქოს ერთმანეთს ავსებდნენ. სოფო ჩამოჯდა და მითხრა, რომ ჩვენი საუბრით, „ასეთ ირაკლის“ პირველად გავაცნობ საზოგადოებასო. სახლი ჯერ საშობაოდ არ იყო მორთული, მაგრამ სოფოს მოყოლილმა ამბებმა ისეთი განწყობა შემიქმნა, ისეთი ჯადოსნური აურა დაატრიალა, ისეთი მოგონებები გააცოცხლა, რომ ირაკლის, პატარა სოფოს და შობის ისტორიების თანამგზავრი მეც გავხდი. ძალიან მინდა, ეს მაგია თქვენც იგრძნოთ, „სითის“ მკითხველებო.

სოფო: „საოცარი საშობაო ტრადიცია გვქონდა. ირაკლის და თავის ძმადნაფიც ალექსანდრე მიქაძეს და ალიკო კაკაბაძეს სახელოსნოები ჰქონდათ ერთად, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებდნენ. მე, დედა და ირაკლი საერთოდ ვცხოვრობდით იქ და შესაბამისად მე და მათი შვილები ერთად ვიზრდებოდით. ყოველ შობას კი, ვიკრიბებოდით ჩვენთან: დედები საშობაო ნამცხვრებს აცხობდნენ, ირაკლი დგამდა ნაძვის ხეს, კედელზე კიდებდა საჩუქრებს. ბავშვებმა არ ვიცოდით, ვის რა შეგვხვდებოდა. მოკლედ, ეს იყო ნამდვილი საშობაო ჯადოსნობა, ამ შობის სუნი ახლაც მახსოვს.

ფარჯიანი ირაკლი

საოცარი, განსაკუთრებული შობა გვქონდა ყოველთვის, მაგრამ ამბავი, რომელიც მე და ირაკლის ბერლინში შეგვემთხვა, ნამდვილი საშობაო ზღაპარი იყო: ერთხელ, მამამ მიმიყვანა საშობაო ბაზრობაზე, სადაც მხოლოდ იქ შეძენილი ჟეტონებით შეგვეძლო საქანელებზე დაჯდომა თუ საჩუქრების ყიდვა. მაშინ მე 6 წლის ვიყავი და ჩემთვის ეს იყო პირველი მოგზაურობა, შესაბამისად საოცარი, დაუვიწყარი საშობაო სასწაული. უზარმარი სივრცე იყო, ყველგან მინდოდა მისვლა და ყველაფრის გამოცდა. უკრავდა საშობაო მუსიკა, ისმოდა ზარების ხმები. ყველაფერი რომ მოვიარეთ, მივედი საჩუქრების აპარატთან. დარჩენილი გვაქონდა მხოლოდ ერთი ჟეტონი და მამამ გამამხნევა – „მიდი მამი, ჯეკპოტი მოხსენიო“. მეც ჩავაგდე ჟეტონი და მართლაც ჯეკპოტი მოვხსენით, იმდენი მონეტა გადმოიყარა, რომ მთელი ბაზრობის ყიდვა შემეძლო, მეც, რა თქმა უნდა, ყველა საშობაო ნივთი ვიყიდე – ასე აღმოვჩნდით მე და ირაკლი დაუჯერებელი საშობაო ზღაპრის გმირები. ამ ამბავმა,  მხოლოდ 6 წლის სოფო კი არ გაახარა, არამედ ცხოვრება მასწავლა: „მიდი, დაიჯერე და მოიგებ“ – მამას ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, სულ ასეა – რასაც ვიჯერებ, ყველაფერს ვაღწევ. მთელი ჩემი ცხოვრება სასწაულების სერიაა. მამასთან ერთად გადახდენილმა საშობაო სასწაულმა მთელი ჩემი ცხოვრება სასწაულად აქცია.“

prjiani sopho

შობა ხომ სიკეთის, სიყვარულისა და ბედნიერების გაზიარების სიმბოლოა. ქრისტეს დაბადების სასწაული, როგორც დღესასწაული, უკვე საუკუნეებია, არაერთი ხელოვანის შემოქმედებით საწყისად იქცა.  ირაკლი ფარჯიანის მხატვრობაშიც, რელიგიური თემატიკა და კონკრეტულად შობა, საოცარ სურათებსა და ილუსტრაციებში, ღრმა და ნათელ კომპოზიციებად ტრანსფორმირდება, რომლებზეც ირაკლის ქალიშვილი, მხატვარი, სოფო ფარჯიანი გვესაუბრა.

სოფო და ელენე

შობასთან და რელიგიასთან ირაკლის დამეგობრება და შეხება, ირაკლის დედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. 21 წლის ირაკლისთვის, დედა ყველაფერი იყო. დედის სიყვარულმა განსაზღვრა ირაკლის მთელი შემდგომი ცხოვრება. ზუსტად ამ დროს აიღო მან სახარება ხელში: ეს, თითქოს ძიების პროცესი იყო – იმ გზის ძიების, რაც მიიყვანდა დედასთან და ღმერთთან ერთდროულად. სწორედ ღმერთისა და დედის სიყვარული გაერთიანდა მასში და ირაკლიში დაიბადა ის ირაკლი, რომელიც იმ სამყაროდან აღარასდროს გამოსულა.

–         სოფო: „გარდაცვალება და შობა ირაკლიში ერთად მოხდა… ერთგვარი მისტერიაა –  მიდის დედა და იბადება ის ირაკლი ფარჯიანი, ის სულიერი ადამიანი, ის მხატვარი, რომელსაც ვიცნობთ ჩვენ დღეს. ირაკლის სახარებისა და საშობაო ნახატების უკან დგას სოფო დედა.

ირაკლი და რელიგია – ამ კავშირის საწყისი ტკივილია, მაგრამ ამის მიუხედავად, მამას არც ერთ შობის სურათში არ იგრძნობა სიმძიმე. ირაკლი თავის შემოქმედებაში, ცხოვრების საკუთარ გზას აჩვენებს: შობა მისთვის სიყვარულია და ეს დღესასწაული მამასთვის, გერმანიაში – დედაჩემთან, ასმათ ფარჯიანთან ერთად გატარებულ დროსთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ირაკლის დახატული ყველა „შობა“, გამორჩეულად თბილი ემოციებითაა განმსჭვალული. ან, მაგალითად, 80-იანი წლების დასაწყისში მამა აბასთუმანში იმყოფებოდა; დაინახა და შეიგრძნო შობის იქაური მისტიკა და დახატა ულამაზესი, უთბილესი, უსაყვარლესი – „აბასთუმნის შობა“.

აბასთუმნის შობა

“აბასთუმნის შობის”

ირაკლის „შობის“ სერიებში, სურათებზე, მხოლოდ ქართული სიმბოლიკა არ ჩანს. მათში იგრძნობა სხვადასხვა ენერგიები: ერთ-ერთ ნამუშევარზე, გერმანული საშობაო ხის სათამაშო ფიგურა აღმოვაჩინე, რაზეც შობის ანგელოზი ჰყავს აწყობილი. ზოგადად, ჩემთვის ირაკლისეული შობა და ხარება, განწყობით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ხარება ხომ შობის მაუწყებელია და ამიტომ, ეს სერიები, ყველასთვის ასეთი ახლო, თბილი მუხტისა და ენერგიის მატარებელია.“

შობა ირაკლი, ფარჯიანი

მიუხედავად შემოქმედებითი განწყობის იმ სულიერი ერთიანობისა, რაზეც სოფომ ისაუბრა, შობის სერიებში, ყველა ნახატი, საოცრად განსხვავებული და ინდივიდუალურია. არსებობს მაგალითად, წითელ-მწვანე-ლურჯ ფერებში შესრულებული „შობა“; სრულიად გამორჩეულ „აბასთუმნის შობა“-ში კი, აქცენტები არა კომპოზიციაზე, არამედ განწყობაზეა გაკეთებული – „მთა, რომლის დანახვისას თითქოს თოვლის ხრაშუნის ხმებიც კი გესმის და სადღაც შორს იკითხება შობის პატარა კომპოზიცია.“ ირაკლი ფარჯიანის ყველა „შობა“ განსაკუთრებული და განსხვავებულია. მხატვრისთვის არ არსებობდა რაიმე ერთი ელემენტი ან ფერთა გამა: ირაკლი ხატავდა ისე, როგორც იმ კონკრეტულ მომენტში გრძნობდა, რომ უნდა დაეხატა.

ირაკლი ფარჯიანი შობა

მამის გამორჩეული და საყვარელი სურათი…

სოფო – ირაკლის სურათებს ვერ ვარჩევ. 10 წლის ვიყავი, როდესაც ირაკლის სახით, მამასთან ერთად, ჩემი საუკეთესო მეგობარი წავიდა. ჩემთვის მამად დარჩა მისი დანატოვარი შემოქმედება – მისი ყველა სურათი ჩემთვის ირაკლის ნაწილია, მისი სულია, საუბარი და მისი განწყობაა. მე ამ სურათებში გავიზარდე – ისინია ჩემთვის ერთ დიდ მთლიანობაში ირაკლი, ამიტომ ვერასდროს გამოვარჩევ ჩემთვის საყვარელ ერთ ნამუშევარს, მე თითოეულ მათგანში ვპოულობ ირაკლის და ყველა თავისებურად და გამორჩეულად მიყვარს… შობის სერიებიც განსაკუთრებულია ჩემთვის. ისინი დაკავშირებულია არა მხოლო ამ დღესასწაულთან, არამედ ჩემი მშობლების ერთმანეთისადმი სიყვარულთან, ჩემი ბავშვობის მოგონებებთან, ჩვენს საშობაო თავგადასავლებთან და ჩვენს საშობაო სასწაულთან, რომელიც დღემდე გრძელდება. ირაკლი ჩემთვის ყველა წამშია, ყველა დღეშია და ყველა დღესასწაულშია“…  

სოფო ფარჯიანი

ავტორი: ელენე ბარამიძე

ფოტო: გიორგი შიოშვილი

ასევე წაიკითხეთ