ნეკო ხარბედია – ახალგაზრდა ადვოკატი ამერიკიდან

ბევრ ცნობილ ჰოლივუდურ ფილმში გვინახავს  ამერიკელი ადვოკატების საინტერესო სამსახურებრივი,  პირადი ან ორივე ერთად,  ცხოვრება.  ფილმის სიუჟეტები  მსხვილ კომპანიებს  შორის მნიშვნელოვან დავებზე,  სასამართლო პროცესებზე,   ნიუ იორკის ქუჩებში, სახლებსა თუ რესტორნებში განვითარებულ  ამბებზეა აგებული. ამ ფილმებში გვხიბლავს   ძლიერი, ნიჭიერი ადვოკატების მიერ მოგებული დავები, წარმოებული განხილვები და რასაკვირველია, ბევრ შემთხვევაში, ამ ადამიანების ნიუ იორკული ცხოვრების სტილი.   დილას,  ყავის ჭიქით ხელში რომ გარბიან უოლ – სტრიტზე, რომ მოასწრონ და მიმდინარე საქმეებს თავი  გაართვან. უქმეებზე ერთი სულ აქვთ თავიანთი პირადი ცხოვრებისთვის  მოიცალონ.  ყველას გვინახავს ასეთი ფილმები –  საქმიანი, მუხტის და იდეის მომცემი, დამაფიქრებელი და ხშირად, ლამაზი გარემოთი გაფორმებულიც.

ნეკო ხარბედია, ახალგაზრდა ადვოკატი, რომელსაც მეუღლე, გიორგი მესხი და ქალიშვილი ნიტა ჰყავს, ნიუ ჯერსიში ცხოვრობს.  მისი ოჯახის ცხოვრება ზემოთ აღწერილ ფილმის სიუჟეტზე უფრო საინტერესო თუ არა, მისი მსგავსი ნამდვილად არის.  ნეკო დღეს  ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი, ნაციონალური საადვოკატო კომპანია Tressler LLP – ის ადვოკატია. იქამდე,  London Fischer LLP – ში 6 წელი იმუშავა. ვინც  შტატებში საადვოკატო კომპანიების რესპექტაბელურობაში ერკვევა, კარგად იცის თუ როგორი რთულია რომელიმე ამ კომპანიაში სამსახურის დაწყება და შემდეგ, უკვე წინსვლა. ლამაზი,  ნიუ იორკული ცხოვრების რეალობაში  განსახორციელებლად, ნეკოს და გიორგის დიდი ძალისხმევა, მონდომება, ერთმანეთის სიყვარული და გვერდში დგომა დასჭირდათ.  ეს რომ არ ყოფილიყო,  არ გამოვიდოდა ის შედეგი, რაზეც ნეკო თავად  მოგვიყვება,  დაწვრილებით.

Neko Kharbedia

ნეკო, მოგვიყევი რატომ და როგორ გადაწყვიტე საცხოვრებლად შტატებში წასვლა?

ათი წლის ვიყავი, ჩემი მშობლები რომ წავიდნენ ამერიკაში საცხოვრებლად. 16 წლის ვიყავი, როდესაც მეც წამიყვანეს. ჩავაბარე  Hofstra University – ში, ლონგ აილენდზე,  ბიზნეს ადმინისტრირების  ფაკულტეტზე. ეს არის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტი შტატებში.  19 წლის გავთხოვდი და ერთი წლით მე და გიორგი საცხოვრებლად  თბილისში გადმოვედით, სადაც შეგვეძინა ნიტა. ამ პერიოდში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სამართლის სკოლაში, law School -ში ჩამებარებინა. 

შტატებში დაბრუნება  ჩვენთვის ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა.  ნიტა პატარა იყო, გიორგი სულ მუშაობდა. მე დღე და ღამე ვმეცადინეობდი რომ law School -ში   ჩამებარებინა. ერთად გადავლახეთ ეს სირთულეები და დღეს ძალიან თბილად გვახსენდება ის პერიოდი . ძალიან გვერდში გვედგნენ ჩვენი მშობლები და გვეხმარებოდნენ.  რთულია ასეთ კარიერაზე გქონდეს პრეტენზია და თან ოჯახი გყავდეს.  law School -ში   რომ დავიწყე სწავლა, მეუბნებოდნენ —  ქმარს ვერ მიაქცევ ყურადღებას, ოჯახი დაგენგრევაო…  მე მეცინებოდა  და ვფიქრობდი –  ჩემს მეუღლეს რომ იცნობდნენ,  ამას როგორ იფიქრებდნენ-მეთქი. 

შენი პროფესიული კარიერა განვითარდა ძალიან წარმატებულად.  როგორ მოხდა ეს ყველაფერი,  რატომ აირჩიე  ადვოკატობა?

ხარბედია ნეკო

ეს პროფესია ალბათ იმიტომ ავირჩიე,  რომ ბაბუა მყავდა იურისტი და ოჯახის წევრები ყოველთვის მას მამსგავსებდნენ. როდესაც ამერიკაში ჩამოვედი და ვნახე რამდენად დიდ  პატივს სცემდნენ ამ პროფესიას,   ჩემი ინტერესი კიდევ უფრო გაღვივდა. ისევ Hofstra University – ში ვისწავლე სამი წელი, სამართლის მიმართულებით. დავამთავრე დოქტორანტურა ანუ,  JD (juris doctor) ვარ .

ნიშნების მიხედვით, ვიყავი ზედა 2 პროცენტში. ვსწავლობდი თითქმის მთლიანი დაფინანსებით, რაც ძალიან იშვიათია.  ბაკალავრიატი, ამავე უნივერსიტეტში, დამთავრებული მაქვს უმაღლეს ნიშნებზე – 4.0 GPA.  გავიარე სტაჟირებები, ვიყავი უნივერსიტეტის ჟურნალის  ერთ-ერთი რედაქტორი. law School – ის მერე,  დავწერე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გმოცდა – Bar , რომელიც წარმატებით გავიარე და ავიღე ადვოკატის ლიცენზია.

ორი ძალიან რთული გასაუბრების შემდეგ, მივიღე შემოთავაზება London Fischer LLP-საგან.  მე წარმოვადგენდი ადვოკატებს, რომელთაც თავიანთი კლიენტები უჩივიან. როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, ადვოკატების ადვოკატი ვიყავი. როდესაც სასამართლოში პირველად   წარვდექი  ჩემი სამსახურის სახელით, London Fischer LLP,  მაშინ მივხვდი,  Wall Street  – ზე  ერთ-ერთ უძლიერეს საადვოკატო კომპანიაში რომ ვმუშაობდი ცნობილი ადვოკატების გვერდით, თვითონაც ვერ ვიჯერებდი. ამ კომპანიაში ძალიან უჭირთ ახალგაზრდა ადვოკატებს გაძლება და მე ვისთან  ერთადაც დავიწყე მუშაობა, ყველამ დატოვა კომპანია . ასეთ კომპანიაში მუშაობისას წარმატებაზე არც ოცნებობენ, მთავარია გადარჩე. მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე, რომ წარმატებისთვის სწორედ იქ მიმეღწია, სადაც ასეთი რთული იყო. ასეც მოხდა, London Fischer LLP – ში 6 წელი ვიმუშავე. არც ვაპირებდი წამოსვლას, რომ არა შემოთავაზება Tressler LLP -დან.  ის კიდევ უფრო დიდი კომპანიაა და დავები – საქმეები,  კიდევ უფრო რთული აქვთ. ჩემს უფროსს რომ შევატყობინე ჩემი წასვლის შესახებ და სად მივდიოდი, ასე მითხრა – არ მინდა რომ დაგვტოვო, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვაო. წამოსვლისას, მადლობის წერილიც მივიღე კომპანიის პრეზიდენტისგან.

Tressler LLP – ში  მუშაობა, დაახლოებით, ერთი წლის წინ დავიწყე. ჩემთვის აქ მუშაობა  დიდი გამოწვევა იყო. ზუსტად ეს მჭირდებოდა გამოცდილების  გასაფართოებლად. დღეს ვმუშაობ Tressler LLP – ის  ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის ოფისებში . ჩვენ წარმოვადგენთ ამერიკაში წამყვან სადაზღვევო კომპანიებს. ამ კომპანიებს აქვთ საკუთარი იურიდიული დეპარტამენტები,  მაგრამ, როცა  საქმეები რთულდება, მაშინ ჩვენ  გვთხოვენ დახმარებას. ასეთ დავებზე მუშაობა საამაყოა, მაგრამ, ასევე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.  დასწრება სასამართლო პროცესებზე, დაკითხვების ჩატარება, ანალიზის გაკეთება – ყველაფერი ეს თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. სასამართლო პროცესზე ძალიან იშვიათად გადის საქმე. ძირითადად, დავები  შეთანხმებით გვარდება. ადვოკატისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველი კომპანია, სადაც ის იწყებს მუშაობას, რადგან იქ  ყალიბდება პროფესიონალად. ძალიან ბევრი ვიშრომე რომ წარმატებული ადვოკატი გავმხდარიყავი. London Fischer LLP – ში ძალიან მაღალი სტანდარტები იყო. იქ ვისწავლე ყველაფერი –  ხელის ჩამორთმევიდან დაწყებული, ბიზნეს შეხვედრების ჩატარებით დამთავრებული.  გამიმართლა თანამშრომლებშიც. მე გამომზარდა უნიჭიერესმა  ადვოკატმა ქალმა,  რომელმაც მასწავლა ანალიტიკურად აზროვნება, ლამაზად წერა, საუბარი სასამართლოში, არგუმენტების ფურცელზე გადმოტანა და ყველაფერი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ადვოკატმა წარმატებას მიაღწიოს.   თუმცა,  მარტო საქმის  მოგებას არ მოაქვს სიამოვნება ამ პროფესიაში.  პირველად ამას მივხვდი რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელმა მომაბარა ახალგაზრდა ადვოკატი. მე მას გავუზიარე ჩემი გამოცდილება.  რამდენიმე თვეში კი დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს, მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის. იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი.

გიორგი მესხი, ნეკო ხარბედია

ადვოკატობის გარდა, რისი კეთება გიყვარს? ოჯახს გიყვართ მოგზაურობა, ეს შენი ინსტაგრამის ფოტოებიდან კარგად ჩანს. შენი ჰობის, ინტერესების  შესახებ გვიამბე.

მიუხედავად იმისა,  რომ ხშირად  შაბათ-კვირასაც მიწევს მუშაობა, ჩემმა მეუღლემ და შვილმა კარგად იციან რამხელა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და ძალიან მიწყობენ ხელს. მეც  ვცდილობ  უქმეები ოჯახთან ერთად გავატარო, რომ ქმარს და შვილს არ მოვაკლდე . ჩემს ქალიშვილსაც საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. ის ანსამბლში ცეკვავს და შეჯიბრებებზე გამოდის. ნიტასთვის რომ ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელი  შეგვერჩია, გადმოვედით საცხოვრებლად   New Jersey – ში. აქ,  სკოლის სისტემა არის ერთ-ერთი საუკეთესო. 

მოგზაურობა ყველაზე მეტად მეხმარება განტვირთვაში. ბავშვი რომ პატარა იყო, ხშირად დავდიოდით მექსიკაში და დომინიკში.  უკვე შემდეგ,  დავიწყეთ უფრო შორს მოგზაურობა. ყველაზე მხიარულად მახსენდება რიო დე ჟანეირო, მაგრამ ყველაზე ლამაზი,  ჩემი აზრით, მაინც ევროპაა –  იტალია და საბერძნეთი. ბოლოს ლონდონში ვიყავით და ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით ჩამოვედი. ისე, მე თუ არ ვმუშაობ, სულ გარეთ მინდა ყოფნა. ჩვენ ძალიან ახლოს ვცხოვრობთ ნიუ იორკთან და როდესაც გვაქვს თავისუფალი დრო, სულ იქ ვატარებთ შაბათ – კვირას.

ნიუ იორკში,  ჩემი ამოჩემებული რესტორანია le Coucou;  სასტუმრო – The Carlyle Hotel-ში  ძალიან მომწონს რესტორანი და კაფეც.  ბიზნეს შეხვედრებისთვის ყოველთვის ვსტუმრობ რესტორან Augustine -ს, მანჰეტენზე.  ჩემი საყვარელი მწერალი თეოდორ დრაიზერია. მიყვარს ფოტოების გადაღება.  შთაგონება  ჩემთვის მოაქვს  სახლის დეკორს  და არქიტექტურასაც, მაგრამ ყველაზე დიდი ინტერესი, ალბათ მაინც,   ტანსაცმლის დიზაინის მიმართ მაქვს. 

Kharbedia Neko

ნეკო, შენი ცხოვრება შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ შენ ხარ ქალი, რომელმაც დაისახა მიზნები და ამ მიზნებს  აღწევს. როგორ შეძელი ეს? რა პიროვნული თვისებებია საჭირო, რომ ამდენს მიაღწიო?

ზუსტად ვიცი რა მინდა ცხოვრებისგან და დასახული მიზნის მისაღწევად ბევრს ვშრომობ.  გულით თუ რაღაც გინდა და ბევრს იშრომებ, დღეს თუ არა ხვალ მაინც გამოვა. პირველ რიგში, უნდა იყო თავდაუზოგავად მშრომელი, ორგანიზებული და დისციპლინირებული. ასევე, უნდა გქონდეს მოთმინების უნარი რომ სულ იმ მიზნისკენ მიდიოდე, რომელიც გაქვს დასახული და არასოდეს შეგეპაროს ეჭვი შენს თავში. რაც ყველაზე მთავარია, უნდა იყო ძალიან მონდომებული საქმის მიმართ.

დაბოლოს, საქართველოში დაბრუნებას თუ აპირებთ ? როგორია  სამომავლო გეგმები?

საქართველოში ვაპირებთ დაბრუნებას, მაგრამ ჯერ -ჯერობით ბავშვის  სწავლაზე ვართ კონცენტრირებული და ვთვლით, რომ ახლა აქ ყოფნა ოჯახისთვის არის მიზანშეწონილი. სამომავლოდ, ჩემს პროფესიასთან ერთად, მინდა მქონდეს განსხვავებული საქმეც და აუცილებლად ავიხდენ ამ ოცნებას.

ტექსტის ავტორი: თეა ხოფერია

ფოტო: Dimitri Mais

ასევე წაიკითხეთ