ნატალია თოლორაია

„ნატალი ჯგუფის” დამფუძნებელი

აფხაზეთი ომის ბოლო დღეებში დავტოვე. 21 წლის ვიყავი. თბილისში, ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად, მატარებლით წამოვედი. იმ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გამეგო ცოცხლები იყვნენ თუ არა ჩემი ოჯახის წევრები, რომლებიც თბილისში სხვადასხვა გზით მოდიოდნენ. როდესაც გავიგე რომ ყველა ცოცხალი იყო, შიში სადღაც გაქრა. ეს იყო პირველი სიხარული. დღესაც რთულია ამ წუთების უემოციოდ გახსენება.

სოხუმიდან, ფაქტობრივად, ხელცარიელი წამოვედით. ამიტომ, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენი ოჯახისთვის დაიწყო საკმაოდ რთული პერიოდი. ვცხოვრობდით საერთო საცხოვრებელში. მშობლებისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა ახალ რეალობასთან შეგუება. ამის ფონზე ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნათ. ოჯახზე ზრუნვის ტვირთი საკუთარ თავზე ავიღე. დავიწყე ყიდვა-გაყიდვით. შემდეგ, ერთ-ერთი კოსმეტიკური ბრენდის წარმომადგენელი გავხდი. 1995 წელს კი, დავაარსე შპს „ნატალი”. ეს იყო მაღაზია-ბუტიკი აღმაშენებლის გამზირზე. ფართი ვიქირავე და საკუთარი ხელით გავარემონტე, მოვაწყვე. განსხვავებული ინტერიერი რომ ჰქონოდა, ჩემით გამოვჭერი სამკუთხედის ფორმის სარკეები. აქვე გამოვყავი სივრცე საპარიკმახეროსთვისაც. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ სივრცემ მუშაობა ისეთი წარმატებით დაიწყო, რომ არ მოველოდი. მომეცა ძალიან დიდი სტიმული. თავიდანვე, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გვქონოდა ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც შემოგვქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან. მალევე იყო ბანკის პირველი სესხი, რითიც სოლარიუმის აპარატის საყიდლად იტალიაში, ერთ-ერთ ქარხანაში ჩავედი. სხვათა შორის, დღემდე ღიმილით ვიხსენებ ამ ვიზიტს. ქარხანაში ელოდებოდნენ დიდ დელეგაციას და ჩავედი მე. ინგლისური კარგად არ ვიცოდი, საკმარისი თანხაც არ მქონდა, მაგრამ გავრისკე და კონტრაქტი დავდეთ.

იყო ბევრი რთული პერიოდი, ბევრი ცრემლი და იმედგაცრუება. თუმცა, არასდროს დავნებებულვარ და არ შემშინებია რისკზე წასვლის. ყოველთვის ვამბობ – თუ რაღაც ძალიან გინდა და საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, აუცილებლად მიაღწევ მიზანს. დღეს „ნატალის” უკვე 28 წლიანი წარმატების ისტორია აქვს. ახლა პასუხისმგებლობა მეტია. ამიტომ, ჩემს გუნდთან ერთად, მუდმივად თავდაუზოგავად ვმუშაობ, რომ ჩვენი მომხმარებლის ნდობა გავამართლო.

ხშირად უკითხავთ, როგორ უთავსებ ერთმანეთს ოჯახს და ბიზნესს… ბედნიერი ვარ რომ მყავს მეუღლე, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას, 4 შვილი და 1 შვილიშვილი. სწორედ ისინი არიან ჩემი წარმატების მოტივატორები. როდესაც იცი რომ რაღაცას შენი ოჯახისთვის აკეთებ, ეს უფრო გაძლიერებს.

ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ვასკა გედენიძე

მაკიაჟი: მარი ბაგრამიანი

ასევე წაიკითხეთ