What is Khinkali? – ეკითხება საიტი „ ნამუ“ მის ონლაინ სივრცეში შემოსულ სტუმარს ლამაზ-ლამაზი და მადისაღმძვრელი ფოტო/ვიდეოების ფონზე.” ხინკალი თქვენთვის ასე კარგად ცნობილი და პოპულარული დამპლინგია, მხოლოდ თქვენ რომ იცით, მასზე ბევრად გემრიელი, დიდი და წვნიანი”- განმარტავენ საიტზე.
ხინკლის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, ძვირფასო მკითხველო. ჩვენმა თანამემამულეებმა ამერიკაში, რომელთაც იქომერსის სფეროში რვაწლიანი გამოცდილება და წარმატებული პროექტები დაუგროვდათ, ხინკლის პოპულარიზაცია გადაწყვიტეს. მსოფლიომ უნდა იცოდეს ხინკალი, ფიქრობენ სამშობლოსა და ქართულ კერძებს მონატრებულები და მთელ გამოცდილებას, ემოციას, ცოდნასა და სიყვარულს დებენ ამ საქმეში.
კოვიდის დროს ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში. ონლაინ გაყიდვები ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი გახდა, ამერიკაში დამპლინგების პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა და ბაზარს აზიური პროდუქცია იპყრობდა.
ამასობაში მომწიფდა ნიადაგი სიახლისთვის – ქართული სამზარეული ნელ-ნელა პოპულარობას იკრებდა და მხოლოდ ნიუ იორკში ამ ბოლო ხანს ძალიან ბევრი ქართული რესტორანი გახსნილა. ამ ორმა ფაქტორმა, დამპლინგებისა და ქართული სამზარეულოს მზარდმა პოპულარობამ, გააჩინა იდეა შექმნილიყო და საიტიდან გაყიდულიყო რესტორნის ხარისხის გაყინული ხინკალი.
ხინკალი ბრენდის NAMU სახელით საიტიდან იყიდება და შეკვეთიდან ამერიკის ნებისმიერ შტატში მას ზუსტად 48 საათში მიიღებთ
– რატომ NAMU?- ვეკითხებით ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან კახაძეს
– რამდენიმე ამოცანა გვქონდა, სახელი მოკლე, იოლად გამოსათქმელი ,უნდა ყოფილიყო და ჰქონოდა ამავდროულად ბმა ქართულთან. „ნამუ ნამუ“ ყველას გვახსოვს ბავშვობიდან, ჰოდა, ხინკალი ნამუ ნამუა სწორედ, რადგან უგემრიელესი კერძია-ამბობს ლევან კახაძე.
საიტზე უცხოელ მომხმარებელს ნამუს უმარტავენ, ინგლისური Yummy-ს შესატყვისიაო. იქვეა ყველაფერი ჩვენს ხინკალზე, დამზადების წესი, არ გადაგეხარშოთ ან პირიქით, მოხარშვა არ დააკლოთ, განმარტებაა, რომ სასურველია ცხარე სანელებლეთან ერთად მიირთვათ, ვიდეო დევს, სადაც ხინკლის ჭამას ასწავლიან, ხელით და მხოლოდ ხელით.
ამ საოცარი ისტორიის უკან დიდი შრომაა. უმაღლესი ხარისხის ხორცი, საათის მექანიზმივით აწყობილი სისტემა, რომ პროდუქტი მართლაც კარგი, რესტორნის ხარისხით, მივიდეს მყიდველთან.
რეცეპტი ამერიკაში მცხოვრებ შეფ მზარეულს, მალხაზ მაისაშვილს, ეკუთვნის. ტესტავდნენ და გემოს სვამდნენ დიდ ხანს, აგემოვნებდა ბევრი და ამ საქმის მცოდნე ქართველი, ყველა ერთხმად ამბობს, რომ უგემრიელესია და არ ჩამოუვარდება კარგი რესტორნის ხინკლის ხარისხს.
ამბავი „ნამუს“ შესახებ მყისიერად მოედო ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს და ყოფილი პოსტ საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებს. ხინკალს მონატრებულები ონლაინ შეკვეთებს აფორმებენ. თუმცა, ამ ამბავში მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთავარი მიზანი ხინკლის მთელი ამერიკისთვის გაცნობა და პოპულარიზაციაა. ინსპირაცია საქართველო, ქართული სუფრა და ტრადიციებია.
– დიდებულ ამბავს შეეჭიდეთ. მოვდა დრო და იტალიური პიცა და პასტების გვერდით მთელ მსოფლიოში ჩვენს ხინკალსაც თუ დავინახავთ, თქვენი დამსახურება იქნება- ცოტა ცრემლმორეული და ამაყი ვუზიარებ ჩემს ფიქრებს ლევან კახაძეს.
იცინის ტელეფონს მიღმა , მაგრამ ეს სრულიად შესაძლებლად მიაჩნია:
– იცით, მომწიფდა ხინკლის გამოჩენა ამერიკაში. სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჩვენი სამზარეულო და NAMU-ს გამოჩენით ხინკალს ფართო გასაქანი მიეცემა, ეს, ალბათ, დასაწყისია . . .
NAMU პარკებში 12 მოზრდილი ზომის ხინკალია, ფასიც ძლიერ კონკურენტულია. გემო მალხაზ მაისაშვილის მიერ დასმული, დეგუსტაცია ლამის ქართული სამზარეულოს გურუების მიერ ჩატარებული და დამტკიცებული, ონლაინ მომსახურების კარგი გამოცდილება – ყოველივე ეს , ვფიქრობთ, დიდი წარმატების და ჩვენი საყვარელი ხინკლის დამსახურებული პოპულარობის საწინდარია.
ეძებეთ ნამდვილი ქართული ხინკალი საიტზე www.eatnamu.com-ზე, მოუყევით ეს ამბავი თქვენს მეგობრებს და ერთად გავაცნოთ ხინკალი მთელ მსოფლიოს.
ეკა ხოფერია