MW Group წარმატების 27 წლიანი ისტორია 

საუკუნის მეოთხედს გადააბიჯა იმ კომპანიის ისტორიამ, რომლის სახელს, საქართველოში, მაღალი ხარისხის ავეჯის წარმოება და ურთულესი პროექტების წარმატებით განხორციელება უკავშირდება. ისტორია 90-იანი წლების მიწურულიდან უნდა დაიწყოს.

საქართველოში მეტალპლასტმასის – ჯერ თეთრი, კრიალა და შემდეგ უკვე, სხვადასხვა ფერის -კარ-ფანჯრის პირველი შემოსვლა თუ გახსოვთ? ერთგვარი სტატუსის მაჩვენებელიც კი იყო, თუ თქვენს სახლს, ოფისს, სასტუმროს „მეტალოპლასტმასები” ჰქონდა, ესე იგი, სივრცე თანამედროვე სტანდარტების იყო. 27 წლის წინ იყო ეს დრო და დაახლოებით, ამდენ წელს ითვლის კომპანია, სახელად – MW Group. მრავალპროფილური კომპანია, რომელიც ამზადებს ავეჯს ინტერიერისა და ექსტერიერისთვის, ქმნის დიზაინს, კონსტრუქციებს და ამ სფეროში დღეს ლიდერია.

წლების წინ, ამ კომპანიას „მაგთივინი” ერქვა. შეიცვალა სახელწოდება, მაგრამ არ შეცვლილა გუნდი და მუშაობის სტილი – მაღალი ხარისხი, ურთულესი და საინტერესო პროექტების მიღება/შესრულება, ნაკლები რეკლამა, მეტად კონცენტრირება საქმესა და ადამიანებზე. 

ისტორიას მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს, რესტორან „ოროსა” და კაფე-რესტორან „კოფიშოპჯორჯიას” შორის ღია დერეფანში ვიწყებთ. ამ ორ, ძალიან პოპულარულ ადგილს MW Group-ი აერთიანებს. ავეჯისა და ინტერიერის დეტალები სწორედ ამ კომპანიის მიერ არის შესრულებული. ისტორიას კომპანიის გენერალური მენეჯერი, 26 წლის მარიამ კვინტრაძე გვიყვება. MW Group -ი პრაქტიკულად, მთელი მისი ცხოვრებაა, დაკავშირებული მის ოჯახთან და გუნდთან, რომელიც წლების მანძილზე ქმნიდა ამ სახელსა და ხარისხს. ყველაფერი ზედმიწევნით იცის, ისიც კი, რაც წლების წინ ხდებოდა, როცა ძალიან პატარა იყო და ყველაზე მეტად სწორედ ამ ისტორიითა და გუნდით ამაყობს.

– კომპანია 90-იანი წლების მიწურულს დაფუძნდა, სხვა სახელით – „მაგთივინი”. დღეს, როგორც მოგეხსენებათ, MW Group გვქვია. ჩემთვის ეს კომპანია ყველაფერია: საოჯახო ბიზნესიც, ისტორიაც, ყველაზე საამაყო გუნდი, ახალი პროექტები და ცხოვრების მთავარი ინტერესი. კომპანია რომ დაარსდა, ავეჯის წარმოება საქართველოში დიდად განვითარებული არ იყო. ცხადია, კეთდებოდა ავეჯი შეკვეთით, ინტერიერის დეტალები, მაგრამ ის ხარისხი, ტექნოლოგია, რაც ჩვენმა კომპანიამ დანერგა, მაშინ არ იყო. ამიტომ, დაარსებისთანავე ყველამ იცოდა ამ კომპანიის შესახებ. ხარისხმა იმთავითვე სხვა სეგმენტში აგვიყვანა.

– საიდან მოდიოდა ეს ცოდნა?

– გამოცდილებით, წლებით. ინფორმაციის მიღებით, სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობით, შრომით. ერთნაირი მონდომებით კეთდებოდა როგორც მცირე, ისე დიდი შეკვეთები.

დღეს კომპანია დიდ შეკვეთებზე მუშაობს, თუმცა ეს, ცხადია, არ გამორიცხავს კერძო სახლებსა თუ ბინებზე მუშაობას. უბრალოდ, პროექტის ის მოცულობა, რომელიც MW Group-მა შეიძლება აიღოს, ბევრისთვის, ალბათ, შეუსრულებელი ამოცანაა. 

სვეტიცხოვლის კარი, პარლამენტში, მარო მაყაშვილის სახელობის საკონფერენციო დარბაზში არსებული გრავირებული მაგიდა, ბათუმის იუსტიციის სახლი, კომპანია „მაგთის” საოფისე ავეჯი , სასტუმრო „ლეთო” ზუგდიდში, საუნივერსიტეტო სივრცეები, კაფეტერია, ბიბლიოთეკა, „ზუმერ” თბილისში, რესტორნების დიდი ჩამონათვალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ქართველი დიზაინერების ნამუშევრები, რომლებიც იტალიაში, ბიენალეზე იყო გამოფენილი – ეს MW Group-ის მრავალწლიანი პორტფოლიოს მხოლოდ მცირე ნაწილია. 

– ჩვენი პროექტების წარმატება მის დეტალებშიცაა. რაც არ უნდა მასიური და გრანდიოზული იყოს შესასრულებელი ნივთი თუ კონსტრუქცია, ის დახვეწილი უნდა იყოს. დახვეწილი, მდგრადი, გათვლილი წლებზე, მოხმარებაზე და ამავდროულად, მსუბუქი. რთულია, მაგალითად, მძიმე კონსტრუქციის ჰაერში ისე დაკიდება, რომ ინტერიერი არ დავამძიმოთ. რაც უფრო რთულია შესასრულებელი ამოცანა, მით უფრო საინტერესოა გუნდისთვის. ახალი გამოწვევები – ეს ჩვენი ზრდის ზონაა. ახლა უკვე, გამოცდილებასთან ერთად, თანამედროვე ხარისხის დანადგარები და ტექნიკა იძლევა ამის საშუალებას.

– რამდენი ადამიანი მუშაობს თქვენს გუნდში?

– 30 ადამიანია გუნდში. ბუნებრივია, გვყავს პარტნიორები, ქვეკონტრაქტორები. ვთანამშრომლობთ დიზაინერებთან. ყველა პროექტი განსხვავებულია, სპეციფიკურ მიდგომას ითხოვს. გამოგვარჩევს ის, რომ წარმოების მხრივ კონკურენტი არ გვყავს. ამ მოცულობის სამუშაოს შესრულება რეალურად, მხოლოდ MW Group-ს შეუძლია. იცით, რეკლამაც კი თითქმის არასდროს გაგვიკეთებია. ჩვენი რეკლამა ჩვენ მიერ შესრულებული პროექტებია. 

ამ მუშაობის შედეგი თვალნათლივ ჩანს ყველა ობიექტზე: კედლის პანელებზე, მასიური ხის კარების ხარისხზე, ჩაშენებულ კარადებსა თუ დაკიდებულ ჭერზე. გასაქანი ნებისმიერ იდეას ეძლევა.

– ლიდერობა პასუხისმგებლობაც არის და ახალი სიმაღლეებისკენ სვლა. რა არის წინ? 

– ბევრი რამ. ინტერიერი, მოგეხსენებათ, ამოუწურავი სამყაროა. აქ ინფორმაცია, ტექნოლოგიები, ხედვები ისე სწრაფად იცვლება, რიტმში თუ არ აჰყევი, იმწამსვე ჩამორჩები. ეს ერთი, მეორეს მხრივ, ბრენდის მდგრადობა ხარისხის შენარჩუნებაშია. ეს ჩვენთვის ყველაზე მთავარია. რაც შეეხება მომავალს, თვალი საერთაშორისო გამოფენებისკენ გვიჭირავს. უკვე გვქონდა გამოცდილება, ვითანამშრომლეთ ქართველ დიზაინერებთან ერთად და ჩვენი ნამუშევარი გამოფენილი იყო საერთაშორისო პლატფორმაზე და გაიმარჯვა კიდეც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და მომავალს აქეთ ვხედავთ. გვინდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდეს ჩვენი პროდუქცია, ამის შესაძლებლობას და რესურსს კარგად ვხედავ.

მარიამ კვინტრაძე

ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი, მარიამ კვინტრაძე. ის ახალი ტიპის მენეჯერია. ისეთი, რომლისთვისაც წარმატება გამოწვევების გარეშე არ არსებობს. რაც უფრო დიდია გამოწვევა, მით უფრო საინტერესოა პროცესი. ლიდერი, რომელიც პირდაპირ გეტყვით, რომ კომპანიის გუნდი საუკეთესოა, რომ მისი გამოცდილება ანგარიშგასაწევია და რომ MW Group მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად მზად არის. ის აქაც პირველი იქნება, ზუსტად ისე, როგორც წლების წინ, 2000-იანებში.

ავტორი: ნატალია ყიფიანი

ფოტო: ნათია ასანიძე (LIG Studio)

ასევე წაიკითხეთ