Milan Men’s Fashion Week S/S 2027

Reportage by Matassi Tsertsvadze

მამაკაცის მოდის კვირეულის კიდევ ერთი წარმატებული სეზონის დასრულების შემდეგ, რომელმაც menswear კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცია, უფრო ახლოდან გაგაცნობთ იმ ბრენდებსა და კოლექციებს, რომლებმაც 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის მილანის მამაკაცის მოდის კვირეული განსაზღვრეს. ცნობილმა მოდის სახლებმა, სტრატეგიულმა დაბრუნებებმა, საერთაშორისო დებიუტებმა და ახალმა შემოქმედებითმა სახელებმა თანამედროვე მამაკაცის მოდის მრავალფეროვანი სურათი შექმნეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მილანი წარმატებით აერთიანებს ტრადიციას, ინოვაციასა და ექსპერიმენტს.

მეგა ბრენდების ჩვენებებიდან დაწყებული, შოურუმებში, ისტორიულ სასახლეებსა და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გამართული პრეზენტაციებით დასრულებული, თითოეულმა დიზაინერმა საერთო ნარატივის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა. მილანის მოდის კვირეულისთვის მთავარია იდენტობა, შემოქმედებითი ძიება და მამაკაცის ჩაცმულობის ახალი ხედვების ჩამოყალიბება. უმაღლესი ხარისხის ნაწარმის შექმნა, ფუფუნების ცნების ახალი ინტერპრეტაცია და თვითგამოხატვის თავისუფლებისა თუ კულტურული შერწყმის მზარდი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მილანის მოდის კვირეული გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მოდის ღონისძიება — ის ინდუსტრიისა და კრეატიული სამყაროს განვითარების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. ყველასათვის ცნობილ ბრენდების გვერდით Prada, Armani, Ralph Lauren, Paul Smith, Missoni, Dolce & Gabbana.. შედარებით ახალდაარსებული ბრენდებიც იყვნენ კვირეულის ოფიციალურ განრიგში Caruso, Mtl studio, Tell the truth, Materia, Meriisi, Moarno, Botega Bernard.

Thom Browne-მა რომელიც როგორც ყოველთვის პარიზში მართავს ჩვენებებს, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩვენება პირველად გამართა. ასევე მილანში სადებიუტო ჩვენება ქონდათ დანიურ ბრენდ Martin Quad-სა და კოლუმბიურ ბრენდ Garcias-ს. მარტინმა აქრომატულ ტონებში ხოლო გარსიამ კი ქრომატულ ფერებში გადაწყვეტილი კოლექცია წარგვიდგინა.

Garcias-მა, რომლის დაფუძნებელია კოლუმბიელ-იტალიელი დიზაინერი Nicolas Martin Garcia, წარადგინა კოლექცია Latin Dreamers. შთაგონება მიგრაციის, იდენტობისა და ლათინოამერიკული კულტურის თემებიდან მოდიოდა. ჩვენებამ კოლუმბიური უბნის ატმოსფერო გააცოცხლა, ფერთა გამა მოიცავდა ვარდისფერს, კრემისფერს, პრინტიან ქსოვილებს, ჯინსის ნაწარმს, დეკორატიულ დეტალებს და თავისუფალ სილუეტებს — ეს არის ის, რასაც დიზაინერი „ლათინურ მაქსიმალიზმს“ უწოდებს.

Martin Quad-მა წარადგინა კოლექცია Mood Man, რომელიც თანამედროვე მამაკაცურობის ახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ჩვენება გაიმართა Fondazione Sozzani-ში და გამოირჩეოდა მინიმალისტური ესთეტიკით, დახვეწილი თარგით, ექსპერიმენტული პროპორციებითა და თავშეკავებული სტილისტიკით, რაც ბრენდის კონცეპტუალურ და თანამედროვე ხედვას უსვამდა ხაზს.

კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალი სახელი იყო Shinya Kozuka, რომელმაც კოლექცია Watercolour Path წარადგინა. შთაგონება დიზაინერმა იტალიაში სეირნობისას მიღებული უცნაური გამოცდილებიდან მიიღო — როდესაც დროებით საკონტაქტო ლინზა დაკარგა და გარემო ბუნდოვნად დაინახა. სწორედ ამ ბუნდოვან ხედვაზე, მოგონებებსა და ნოსტალგიაზე აიგო კოლექცია. აკვარელის პრინტები, დამუშავებული დენიმი, გაცვეთილი ტილოს ქურთუკები, ფართო სილუეტები და პოეტური სტილიზაცია ქმნიდა სიზმარსა და რეალობას შორის არსებულ ატმოსფეროს. ჩვენებაზე შევხვდი ისეთ ცნობილ ინფლუენსერებს, როგორებიც არიან Nick Kaufmann-სა და Benji Krol-ს.

Bunhova by Bungaro-მ მილანის მოდის კვირეულზე პირველი ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. ბრენდი ოთხი ახალგაზრდა დიზაინერის მიერ არის დაფუძნებული, მათ კოლექცია სახელწოდებით “ოთახი” პრეზენტაცია Fondazione Sozzani-ის სივრცეში გამართეს. ძველებური სახლის იმიტირებულ სივრცეში წარმოდგენილი მანეკენების მეშვეობით გავეცანი სამოსისა და ზამშის ჩანთების კოლექციას.

მილანის მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში Church’s-მა 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა ბრიტანული სახლის ელეგანტურობით შთაგონებულ სივრცეში. ბრენდმა წარმოაჩინა საკუთარი სამყარო, რომელიც დაფუძნებულია უმაღლესი ხარისხის მასალებსა და მრავალწლიან მემკვიდრეობაზე. ამ ხედვას კიდევ უფრო ამყარებდა არქივიდან შერჩეული უნიკალური ექსპონატები. ეს იყო იმერსიული გამოცდილება, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ინგლისურ ტრადიციებს, ოსტატობასა და თანამედროვე სტილს შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. პრეზენტაციის შემდეგ ბრენდის მიერ ორგანიზებულ “კოკტეილ ფართიც” მოყვა, სადაც სხვადასხვა ცნობილ ადამიანს შორის ჰოლივუდის ვარსკვლავი, გერმანელი წარმოშობის მსახიობ Daniel Bruhl-საც შევხვდი. საღამოსთვის მუსიკას  მოწვეული დჯ Fiona Jane  ქმნიდა

MERIISI-ს 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია აგრძელებს ბრენდის კონცეპტუალურ გზას, რომელიც ორიენტირებულია ინდივიდუალიზმზე. დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია  გადამუშავებული თუ deadstock მასალების გამოყენება. დიზაინერმა პრეზენტაცია მილანის ვინტაჟურ მაღაზია “Pezze Vintage”-ში გამართა, საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში.

Grossi – „L’Uomo per Gioco“ გააერთიანა 2026 წლის შემოდგომა-ზამთრისა და 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები ერთ საერთო ნარატივად. Fondazione Sozzani-ში წარმოდგენილმა პროექტმა ასახა მყიფე, ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფი მამაკაცურობა, პოპ-კულტურის, ჰიბრიდული გამოსახულებებისა და უჩვეულო ვიზუალური სამყაროს გავლენით. კოლექციაში წარმოდგენილი იყო ექსპერიმენტული მასალები და ფორმები — ლაზერული დამუშავების მაქმანები, ღია კონსტრუქციები, სინთეზური თმისა და მატყლის ქსოვილები, რომელიც ტრადიციულ ესთეტიკას არღვევს.

ესპანელმა დიზაინერმა Sergio Davila-მ მილანში თავისი დებიუტი გამართა. მისი კოლექცია აერთიანებდა ხმელთაშუა ზღვის კულტურულ მემკვიდრეობასა. ქალისა და მამაკაცის გაერთიანებული ფერებიდ დატვირტული კოლექცია, ხელით შესრულებული ნაქსოვი და ტრიკოტაჟის მასალისგან შედგებოდა. დიზაინერის ხედვამ თანამედროვე მამაკაცის ფუფუნების უფრო თავისუფალ ინტერპრეტაციას შემოგვთავაზა.

Bikkembergs-ის პრეზენტაციის მთავარი აქცენტი მოძრაობაზე, ტექნიკურ ქსოვილებსა და ფეხბურთის კულტურით შთაგონებულ მამაკაცურ სილუეტებზე გაკეთდა — ეს არის ბრენდის იდენტობა, რომელიც მისი დაარსებიდანვე განსაზღვრავს მის ესთეტიკას. თავისუფალი ზედა ტანსაცმელი, სპორტული ელემენტებით შთაგონებული კომპლექტები, მსუბუქი ტრიკოტაჟი და ფუნქციური დეტალები ქმნიდა თანამედროვე, აქტიური ცხოვრების სტილის გარდერობს და არა უბრალოდ სპორტულ ტანსაცმელს. 

PLĀS-მა განაგრძო საკუთარი თანამედროვე დიზაინის ენის განვითარება მდგრადობისა და მოდულური ჩაცმის კონცეფციის მეშვეობით. დიზაინერმა Nathi Danten-მა კოლექცია სახელწოდებით „არაფერი სერიოზული“ Alberto Corino-სთან კოლაბორაციით მუსიკალურად გაფორმებულ სივრცეში წარმოგვიდგინა. 

Canali-ს 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის Alessio Lillocci-მ შთაგონებად აირჩია სანელებლების გზა — ესთეტიკური მოგზაურობა, რომელიც ინდონეზიას, ინდოეთს, აღმოსავლეთ აფრიკასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონს აერთიანებს. დარიჩინის, კარდამონისა და სპარსული ლურჯი მარილის ტონებში გადაწყვეტილი კოლექცია მოგვითხრობს მსუბუქი ფენების, ძვირფასი ქსოვილებისა და მუდმივ მოძრაობაში მყოფი ელეგანტურობის შესახებ. ეს არის კულტურების შეხვედრის ისტორია, რომელიც მამაკაცის კლასიკურ სტილს თანამედროვე ინტერპრეტაციით წარმოგვიდგენს.

Brunello Cucinelli-ის ბრენდმა, როგორც ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პრეზენტაცია გამართა.  მზით ოდნავ გაფერმკრთალებული ქაშმირის ნაქსოვები, დამუშავებული სელი, მსუბუქი შალი, ზამში და რბილი ბამბა ავსებდა კოლექციას, ხოლო ფერთა პალიტრა — გარგარისფერი, ატმის ყვავილის ტონი, ლურჯი, ღია ცისფერი, ვანილისფერი და აკვამწვანე —ასეთია კუჩინელის გაზაფხული საფხული 2027 წლის კოლექცია. ეს იყო „მშვიდი ფუფუნების“ იდეის კიდევ ერთი სრულყოფილი მაგალითი, სადაც მთავარი როლი მასალებისა და ოსტატობის ხარისხს ენიჭება და არა ლოგოებს. ბრენდს განსაკუთრებულად შარმიანი მოდელები ყავს ამორჩეული ყოველ სეზონზე. მათ შორის გავიცანი James Turlington, რომელიც ცნობილი სუპერმოდელი Christy Turlinghton-ის დისშვილია.

Harmont & Blaine-მა წარმოადგინა ხმელთაშუა ზღვის ელეგანტურობით შთაგონებული, თავისუფალი და ბუნებრივი კოლექცია. მთავარი აქცენტი გაკეთდა სელისა და ბამბის ქსოვილებზე, რბილ ტრიკოტაჟსა და სანაპირო პეიზაჟებით შთაგონებულ ფერთა დახვეწილ პალიტრაზე. ბრენდმა უარი თქვა სწრაფი მოდის ტენდენციებზე და ყურადღება გაამახვილა მუდმივ კომფორტზე, ხარისხიან მასალებზე და ყოველდღიურ ელეგანტურობაზე.

Massimo Giorgetti-მ MSGM-ის საწყის ენერგიას დაუბრუნდა და კოლექცია თანამედროვე ხელოვნების გალერეა Ordet-ში წარგვიდგინა. კონტრასტული ფერები, ზოლები, პრინტები, ვესტერნის ელემენტებით შთაგონებული ქურთუკები, დაუმუშავებელი ტვიდი, ფერადი ტრიკოტაჟი და უნისექს სილუეტები ბრენდის ახალგაზრდულ და დინამიკურ ხასიათს უსვამდა ხაზს. მხატვარ P. Staff-ის ვიდეოინსტალაციამ პრეზენტაციას შემოქმედებითი, ემოციური და ექსპერიმენტული განწყობა შემატა. მინიმალიზმის ნაცვლად, MSGM ოპტიმიზმს, ინდივიდუალიზმსა და თავისუფალ თვითგამოხატვას აღნიშნავს.

Koday-მ მილანის მოდის კვირეულზე პირველად მიიღო მონაწილეობა და Pierre Verger-ს ფოტონამუშევრებით: 60-იანი წლების ბრაზილიის პეიზაჟების, ხალხისა და ტრადიციის ამსახველი ფოტომასალით ინსპირირებული კოლექცია წარგვიდგინა. ოხრისფერი, ლურჯი, ცისფერი, პრინტიანი, ზოლიანი და ტრანსფარენტული სამოსით სავსე კოლექცია ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული იყო ამ სეზონზე.

Lardini-მ Circolo Filologico Milanese-ს ულამაზეს სივრცეში წარადგინა კოლექცია Pétra, რომელიც შთაგონებულია ბავშვური, უბრალო ჟესტით — გზაზე ნაპოვნი პატარა ფრაგმენტების შეგროვებით, რომლებიც საბოლოოდ ელეგანტურ ისტორიად იქცევა. ფერთა პალიტრა მოიცავდა მუქ კრემისფერ, მარგალიტისფერ, ყავისფერს, თეთრსა და შავს. პრეზენტაციამ წარმატებით წარმოაჩინა, როგორ შეიძლება ბრენდის მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაცია დახვეწილი კონსტრუქციებისა და მრავალფუნქციური დიზაინის მეშვეობით.

Santoni-ს 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია The Art of Encounter ხელოსნური ტრადიციებისა და ინოვაციის შერწყმას ეძღვნება. კოლექციის მთავარი გმირებია პერსონალიზებადი მოდელები, მათ შორის Carlo-ს ლოფერები, ასევე ახალი სპორტული ფეხსაცმელები, ჩანთები და ორმაგი ბალთიანი ფეხსაცმელები, რომლებიც პრემიუმ ხარისხის მასალებითა და ექსკლუზიური დამუშავების ტექნიკით არის შექმნილი. კოლექცია ქალის ხაზსაც მოიცავს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Santoni-ს ოსტატობას.

მილანის მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში Cortigiani-მ 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია Montenapoleone-ზე მდებარე საკუთარ ბუტიკში წარადგინა. ღონისძიების სპეციალური სტუმრები იყვნენ მსახიობები Giorgio Marchesi და Matteo Martari. პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ გაამყარა ბრენდის ხედვა თანამედროვე მამაკაცურ ელეგანტურობაზე, რომელიც დაფუძნებულია პროდუქტის ხარისხზე, ოსტატობაზე და დახვეწილ სტილზე. 

2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის Filippo De Laurentiis-მა წარადგინა კოლექცია „DA MAR“, რომელიც ადრიატიკის ზღვას აღიქვამს როგორც კულტურების, იდენტობებისა და ისტორიის გადაკვეთის ადგილს. ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტრიკოტაჟს, სელისა და აბრეშუმის ქსოვილებს, დაწნულ ტექსტურებსა და ოტომანის ტექნიკას. კოლექცია შედგებოდა თბილი ტონებისგან.

ცნობილი 10 Corso Como-ს სივრცე, ყოველთვის გამორჩეულ ღონისძიებებს მასპინძლობს. ამჟამად მან უმასპინძლა CIFF–  „სკანდინავიურ ხელწერებს“. მიწვეული ვიყავი გახსნის საღამოზე, სადაც გავეცანი სხვადასხვა განხრის სკანდინავიელ დიზაინერს. პროექტში წარმოდგენილი იყო როგორც ტანსაცმლისა და ფეხსეცმლის, ასევე თავის მოვლის და პარფიუმერული ბრენდები. 

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა ბრენდმა საკუთარი განსხვავებული შემოქმედებითი გზა წარმოადგინა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია თითქმის ყველა კოლექციაში გამოიკვეთა: მკაცრი კლასიკური კოსტიუმების ნაცვლად, ყურადღება თავისუფალ და კომფორტულ მკერავობაზე გადავიდა. ფუფუნების მთავარი საფუძველი კვლავ მაღალი ხარისხის ნაკეთობა და მასალები დარჩა. ინდივიდუალიზმი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე მამაკაცურობის ტრადიციული სტერეოტიპები — კოლექციები აქტიურად უსვავდა ხაზს თავისუფალ სტილიზაციას, თვითგამოხატვასა და კულტურულ მრავალფეროვნებას. 

Text and Photos – Matassi Tsertsvadze

ასევე წაიკითხეთ