მერაბ შარიქაძე

მორაგბე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი

აფხაზეთზე ფიქრისას, პირველ რიგში, სინანულის გრძნობა მეუფლება, რადგან ის საოცარი ადგილები, რომლებიც ჩვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს ასე განსაკუთრებულად უყვართ, ჩვენი თაობისთვის უცნობია.

მე აფხაზეთი არ მახსოვს, რადგან ომის დროს გავჩნდი. ჩემი ოჯახის ყველა წევრი იბრძოდა. საბედნიეროდ, ფიზიკურად ცოცხლები გადარჩნენ, თუმცა მორალურად და სულიერად ისეთი იარები დარჩათ, რომელსაც, ალბათ, ვერასდროს მოიშუშებენ.

12 წლის ასაკში, ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პერიოდი დაიწყო. დავიწყე რაგბის თამაში და ვიპოვე ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე. ახლა 29 წლის ვარ და ასე გრძელდება… დღემდე რაგბით ვცხოვრობ.

2022 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებების წელი აღმოჩნდა. გვქონდა ისეთი მოგებები, რომელიც ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, დაუჯერებელი იყო. ჩვენს ასეთ მიღწევებში, რასაკვირველია, უდიდესი წვლილი მიუძღვის გუნდს თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი მიღწევა არაა. ამისაკენ ქართული რაგბი და არაერთი თაობა წლობით მიდიოდა. მათი უდიდესი წვლილია ამ ყველაფერში. მათი ნაღვაწი ვაქციეთ რეალობად და დიდი იმედი მაქვს, რომ წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის. მიუხედავად იმისა, რომ რაც უფრო წინ მიდიხარ, მით უფრო რთულია ახალი მწვერვალების დაპყრობა.

ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ვასკა გედენიძე

ასევე წაიკითხეთ