MEMO – ახალი მოგზაურობა, ახალი შეგრძნებებით

განა არსებობს სამყაროში მოგზაურობაზე უფრო მშვენიერი რამ? ალბათ არა, რადგან მოგზაურობა მოიცავს ყველაფერს: სიახლეს, თავისუფლებას, შემეცნებას, ფანტაზიას, ადამიანებს, საინტერესო ადგილებს, ფერებს, ისტორიებს, მოგონებებს, სურნელებს… გადის დრო და მოგზაურობის დასამახსოვრებლად და თითქოს იმ წამების შესაჩერებლად, ადამიანები სხვადასხვა ნივთს ვიტოვებთ. ჩვენი ისტორიის გმირს, ყველაზე “სამოგზაურო” ნიშ პარფიუმერიის ბრენდის, Memo Paris-ის, ერთ-ერთ დამფუძნებელს, კლარა მოლოუს, მოგზაურობებიდან წიგნებით დატვირთული ჩემოდნები მოაქვს. მოაქვს გზამკვლევები რუკებით. კლარა და მისი მეუღლე, ჯონ მოლოუ, განსაკუთრებული წყვილია. კლარა ესპანელია, ჯონი – ირლანდიელი. ორივეს საოცრად უყვარს მოგზაურობა. ერთმანეთი, სხვათა შორის, შვეიცარიის მთებში, სათხილამურო კურორტზე, ლიფტში გაიცნეს. იქამდე კლარა მსოფლიოს ცნობილი პარფიუმერების შესახებ ისტორიებს წერდა და გამოსცემდა. ბევრს მოგზაურობდა. 2007 წელს კლარამ და ჯონმა ცნობილი ბრენდი, Memo დააფუძნეს. მისი მთავარი იდეა მოგზაურობა, იქიდან გამოყოლილი ემოციები და სურნელებია. აქედანაა სახელწოდებაც. Memo-მ თავიდანვე მიიპყრო ადამიანთა ყურადღება, რადგან მისი თითოეული სურნელი მართლაც გამორჩეულია. კლარა მიიჩნევს, რომ ყველა არომატი თავად პოულობს თავის მფლობელს. ამიტომ, რასაკვირველია, ის უნისექსია თავისი არსით. კლარა მელოუ ასევე ფიქრობს, რომ მთავარი არაა სახელწოდება “ნიშ პარფიუმერია” ან განსაზღვრება “მდიდრული ბრენდი”. “თუ ჩვენ ნიშ პარფიუმერიაში ვგულისხმობთ უმაღლეს სტანდარტსა და ხარისხს, მაშინ, ცხადია, ჩვენ ნიშ ბრენდი ვართ” – ამბობს ის. მსოფლიო ბრენდის ბესტსელერებს შორისაა Memo-s Inle, Irish leather, French leather, Marfa …თითოეულში მსოფლიოს კონკრეტული ადგილის სურნელია. ეს ძალიან მდიდარი არომატებია, გაჯერებული ერთმანეთთან სინთეზში მყოფი სურნელებით.

Clara and John Molloys

ჩემი “მემო” თბილისში ყველაზე სურნელოვანი და ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილით, “არომატეკით” იწყება. დახვეწილი და დასამახსოვრებელი დიზაინის მიღმა ძალზე დასამახსოვრებელი სურნელებია. ის ჩემი ამოჩემება და ერთგვარი შვებაც იყო პანდემიის წელს, სრულ ლოქდაუნში. “მემოს” ფლაკონი და მისი სურნელი მოგზაურობასავით იყო ჩემთვის და ნათელი წერტილიც, რომ ოდესმე ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა და “მემოს” დამაარსებლის მსგავსად, მეც ვიმოგზაურებდი ჩემთვის ამოუცნობ ადგილებში. ახლა 2021 წლის ოქტომბერია, მოგზაურობებამდე, სავარაუდოდ, ცოტა ხანი კიდევ რჩება, მაგრამ ისევ “მემოს” დამსხურებით, საინტერესო თავგადასავალში ვეხვევი. მისი დამფუძნებელი, კლარა მოლოუ, ჩვენს გამოცემას ინტერვიუზე დასთანხმდა.

მოგზაურობა ყოველთვის დაუვიწყარი ისტორიაა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. რთულმა და ჩაკეტილმა ახალმა დრომ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. პირადად ჩემთვის, პანდემიის დროს, “მემოს” სურნელი ცოტათი მოგზაურობაც იყო ჩემ მიერ გამოგონილ ქვეყანაში. წინ მედო “მემოს” ფლაკონი, მის გვერდით “მემოს” თავშალი და კაცმა არ იცის სად ვმოგზაურობდი იმ რთულ, პანდემიურ დღეებში. ბრენდი Memo სწორედ მოგზაურობისა და სურნელების ისტორიაა. პირადად თქვენ რომელი ქვეყანა, პლანეტის რომელი ადგილი გენატრებოდათ ყველაზე მეტად პანდემიის დროს?

– ნება მომეცით, პირველ რიგში გითხრათ, თუ რამდენად სასიამოვნოა ჩემთვის Memo-სთან დაკავშირებული გამოცდილების მოსმენა. განსაკუთრებით დასაფასებელი და საამაყოა იმის დანახვა, თუ როგორ უახლოვდებიან შემოქმედების ნიმუშს და აქცევენ მას განსაკუთრებულად, საკუთარი რიტუალით. მადლობა თქვენ, ამისთვის. კითხვაზე პასუხის გასაცემად ვიტყოდი, რომ ზუსტად პირველ ლოქდაუნამდე, ბალეარის ზღვაზე აღმოვაჩინე აივანი, რომელიც სრულად მავსებდა. აჟიტირებულს ძალიან მინდოდა უკან დაბრუნება, უბრალოდ, ხედითა და მშვიდი ატმოსფეროთი ტკბობა. გასული წლის განმავლობაში, მაშინ როცა შეუძლებელი იყო მოგზაურობა, ყოველ ჯერზე, როდესაც სუფთა და მარილიანი ჰაერი მჭირდებოდა, ფიქრებით მუდმივად ამ ადგილს ვუბრუნდებოდი. სწორედ ეს არის ჯადოსნობა მოგზაურობისა, რომლის გამოხატვაც გვსურს Memo-სთან ერთად.

ზოგს რა მოაქვს მოგზაურობიდან და ზოგს – რა. გარდა არომატებისა, რა მოგაქვთ თქვენ სხვადასხვა ადგილიდან – წიგნები, ქვები, ნახატები…

– უპირველესად, მომაქვს წიგნებით სავსე ჩემოდანი. ძირითადად, პოეზია და რუკებით სავსე სამოგზაურო გზამკვლევები. ეს, რაც შეეხება ნივთებს. მოგზაურობიდან კი, ყველა იმ სიზმრითა და ხედვით ვბრუნდები, რომლებიც ამ პერიოდში გადამხდა. ასევე, ახალი პროექტებისათვის საჭირო ახალი იდეებით.

Clara Molloy

Memo-ს შექმნამდე თქვენ თავად უყვებოდით მიკითხველს ცნობილი პარფიუმერების შესახებ. თითოეულის ისტორია უნიკალურია, რთულია განზოგადება, მაგრამ მაინც, თქვენი აზრით, რა თვისება, როგორი ხასიათი, რა არის ის ერთი, რამაც შეიძლება გააერთიანოს ადამიანები, რომლებიც ქმნიან პარფიუმს?

– მათი შეგრძნებები და უნარი, გადააქციონ ემოცია შემოქმედებად. ზუსტად ისე, როგორც ამას ხელოვანი ადამიანები აკეთებენ.

– თუ გახსოვთ ის მომენტი ან ის ადგილი, სადაც პირველად გაჩნდა Memo-ს შექმნის იდეა?

– პარიზულ კაფეში. არც კი ვიცი უკეთესი ადგილი შთაგონებისთვის. ხალხი, მიმდებარე ქუჩები, ოფიციანტების ქორეოგრაფია. კაფეში ყველაფერი შესაძლებელია.

– როგორ შეიქმნა Memo-ს პირველი არომატი?

– ჩემთვის შესანიშნავი ინგრედიენტის, მურისა და მისი მისტიკური აურის პატივისცემის ნიშნად. ეს არომატი ძალიან მომწონს და სწორედ მისი შთაგონებით შეიქმნა Lalibela, Memo-ს პირველი სურნელი. ჩვენ ნიჭიერ პარფიუმერ Alienor Massenet-თან ერთად, მური “დავაქორწინეთ” უმშვენიერეს, ეთიოპიური კლდის ფერის ვარდთან. მე განსაკუთრებულად ვარ დაკავშირებული ამ, ჩემი გულისათვის ძვირფას სურნელთან.

Memo Perfume

– როდესაც იქმნებოდა არომატი, რა იყო მთავარი ინსპირაცია, რომელიც მოდიოდა სხვადასხვა ადგილიდან? ქალაქის სურნელი, იქაური ბაღების, ბაზრების, ადამიანების…

– ყველაფერს შეუძლია სასხლეტივით იმოქმედოს. ის შეიძლება წიგნიდან ან რეალური ადგილიდან მოდიოდეს. გზა, რეაქციის გამოხატვა აკეთებს დანარჩენს. მიენდეთ საკუთარ ინტუიციასა და წარმოსახვას. თქვენს შეგრძნებებს მიეცით შესაძლებლობა შეეხონ ნოუ-ჰაუს, თავიდან გამოიგონონ სენსაცია და შექმნან გარკვეული სახის ესთეტიკური შოკი.

– როგორ გგონიათ, როგორ პოულობს ადამიანი საკუთარ არომატს, როგორ ხვდება, რომ ეს სწორედ ისაა?

– ვფიქრობ, სუნამოს ჩუქება მშვენიერი და დელიკატური ჟესტია. ჩემთვის პირიქით, უცნაურია ნეიტრალური ან არაპერსონალური საჩუქრის შერჩევა. თუკი ადამიანი ჩემთვის ძვირფასია, ვცდილობ გამოვხატო თბილი დამოკიდებულება და საკუთარი თავი საჩუქრის ნაწილად ვაქციო. საჩუქრად, რომელიც ჩვენი ურთიერთობის შესახებ რაღაც განსაკუთრებულს გვიამბობს. არის ეს ურთიერთობა ტკბილი, რბილი თუ ინტენსიური. ვფიქრობ, სუნამო სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეირჩეს. ეს ყოველივე, უხილავი კავშირის შესახებ საიდუმლოს გაზიარებას ჰგავს.

Memo-ს სუნამოთა პალიტრიდან რომელს იჩუქებდით პირადად თქვენ დღეს, აი ამ მომენტში?

– ბოლო ქმნილებას, სახელად Corfu, რომლის გაყიდვებიც ივლისის დასაწყისში დაიწყო საბერძნეთში. ის დაუსრულებელ ზაფხულს ჰგავს და მე განსაკუთრებულად მიყვარს კუნძულები და მითოლოგია, Corfu-ში მდებარე ადგილის, “სიყვარულის არხის” გამო. ვის არ გაუჩნდება იქ ცურვის სურვილი?

– რომელი ქვეყნის, ადგილის ან ქალაქის სურნელს დაამატებდით Memo-ს კოლექციას?

– ვფიქრობ იმ ერთს, რომელიც ჯერ კიდევ აღმოსაჩენი მაქვს. სურნელს, რომელიც ჩემთვის უცნობია, თუმცა, მზად არის უმასპინძლოს სუნამოს წვეთს.

– სად წახვიდოდით სამოგზაუროდ ახალი ინსპირაციის მისაღებად?

– ჩემს გონებაში, ოცნებაში, წიგნში, ვინ იცის….

– რა შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენს გამოჩენილ ბრენდზე, Floraiku? რა იქცა შთაგონების წყაროდ მისი შექმნისას?

Floraiku ასოცირდება სიტყვასთან ფლორა, როგორც ბუნებისა და მისი სიმდიდრეებისადმი სიყვარულის დეკლარაცია. Haiku ეს არის იაპონური პოეზიის სამხაზიანი ფორმა, რომელიც მე ძალიან მიყვარს. მქონდა შესაძლებლობა ჩემს მეუღლესთან, ჯონისთან ერთად მემოგზაურა იაპონიაში. კულტურამ, განახლების შეგრძნებამ და დეტალებმა ჩვენზე ისეთი გავლენა მოახდინა, რომ გადავწყვიტეთ ეს ყოველივე ფრანგული პარფიუმერიის გამოცდილებით აღგვენიშნა. არომატების კოლექცია სამი უმნიშვნელოვანესი აზიური ცერემონიის: ყვავილების, ჩაისა და საკმევლის გარშემო ერთიანდება. თითოეული ფორმულა კი, ჩემ მიერ შექმნილი მოკლე ლექსია, რომელიც ყოველი სუნამოს სახელისა და დინამიკის შთააგონებაა.

Floraiku

ავტორი: ეკა ხოფერია

ასევე წაიკითხეთ