ნომინაცია – 2020 წლის საუკეთესო მეგობრები

ველაფერთან ერთად, ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული და საყვარელი – ოთხფეხა მეგობრების შეძენის. ახალი წევრის შემომატებამ, ოჯახების დღის რეჟიმიც შეცვალა. მაშინ, როცა ყველა კომპიუტერთან ვსხედვართ და ონლაინ ვესწრებით გაკვეთილებსა თუ სამსახურებს, ძაღლებთან ერთად დღეში 2-3 ჯერ გისეირნების აუცილებლობა, მალევე ხდება ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა. პარკებში, ქუჩებსა და ეზოებში მათთან ერთად მოსეირნე ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეხვდებით.

მარია გირგობიანი და მიგო თითქმის სულ ერთად არიან. ერთად დადიან ყველგან – ქალაქში თუ ქალაქგარეთ. სხვათა შორის, მიგო უკვე პოპულარული ძაღლია. აქვს საკუთარი ინსტაგრამგვერდი, გადაღებულია 10-მდე სარეკლამო ვიდეოსა თუ ფოტოსესიაში და ერთ არაბულ ფილმშიც. თუმცა, ამჯერად, მარიასთან ერთად ყდაზე მოხვედრის პატივი მიგომ თავის ცხრა უსაყვარლეს შვილს დაუთმო.

მარია გიორგობიანი, მსახიობი

მარია გიორგობიანი

ერთია სურვილი, მაგრამ როგორ ფიქრობ, რა უნდა გავიაზროთ სანამ სახლში ძაღლის მოყვანას გადავწყვეტთ?

აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ, შეგიძლიათ თუ არა მას მისცეთ დიდი სიყვარული. ძაღლს სჭირდება სითბო, ყურადღება, თამაში და რაც მთავარია, ურთიერთობა, რადგან ძაღლი, პირველ რიგში, არის მეგობარი.

როგორ იცვლება შენი ცხოვრება ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ? 

ახალი სიყვარული ჩნდება თქვენს გულში. სხვანაირად მზრუნველი, მეგობრული და სიყვარულით აღსავსე ხდებით. ძალიან ბედნიერი ვარ სახლში რომ მოვდივარ და მხვდება ჩემი ორი ძაღლი. ყველაზე კარგ ხასიათზე ვდგები. ვთვლი, რომ ძალიან ცარიელია სახლი, სადაც ძაღლი არ არის.

და სირთულეები?

რა თქმა უნდა, არის სირთულეებიც. ჩვენ გვყავს ტრენერი. რომ არა ის, ვფიქრობ, გამიჭირდებოდა. აუცილებლად უნდა გაასეირნო ძაღლი დღეში, მინიმუმ, 2-ჯერ. არ აქვს მნიშვნელობა ამინდს. სჭირდება ვარჯიში, ფიზიკური დატვირთვა. თუ დრო არ გაქვთ, აუცილებლად უნდა დაიხმაროთ ვინმე, ძაღლი რომ არ დაზარალდეს. შესაძლებელია ძაღლის თქვენს რეჟიმზე გადმოყვანა. მაგალითად, ზოგი ძაღლი იღვიძებს დილის 7 საათზე. ჩემი ძაღლები — არასდროს. მიგოს შაბათ-კვირას პირველ საათამდე ვერ გააღვიძებ. საბოლოო ჯამში, ძაღლის ყოლა იმდენად სასიამოვნო პროცესია, რომ პატარ-პატარა სირთულეები არ გიქმნის პრობლემას.

რატომ სახელი მიგო?

სახელზე ძალიან სასაცილო ისტორია გვაქვს. მიგოს ჯერ ერქვა ბონო, მერე ვილიამი, ჰიუგო, პატრიკი, სმიტი… არცერთი სახელი იყო ისეთი, როგორიც მას მოუხდებოდა. ცალკეულად, სახელი ძალიან მომწონდა, მაგრამ თითქოს მიგოს სხვა სახელი სჭირდებოდა. ეს პროცესი ისე გაიწელა, რომ 5 თვის ძაღლს ხან ერთ სახელს ვეძახდით, ხან მეორეს. ერთ დღეს, ჩემმა მეგობარმა მირჩია სახელი მობი ან მიგო. როგორც კი მიგო თქვა, მივხვდი რომ სახელმა მიგომ, იპოვა მიგო. აი, ზუსტად მიგოა!

როგორი ხასიათი აქვს? 

მიგო ძალიან კომფორტული და დამჯერია. საოცრად მეგობრულია, გიჟდება ბავშვებთან თამაშზე. მზრუნველობით ექცევა პატარა ლეკვებსაც, თითქოს ასწავლის თამაშს და მოქცევას.

ყველაზე მეტად რა უყვარს?

მიგო არის “კაცი გართობა”. ოღონდ მთელი დღე წაიყვანე, ატარე, ასეირნე, თუნდაც მანქანით… ყველაზე მეტად უყვარს სეირნობა და ხალხის ყურადღების ცენტრში ყოფნა. გიჟდება ყველა რომ ეფერება ხოლმე.

მარია გიორგობიანი

გადაღებების პროცესი მისთვის უცხო არაა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ როგორ ჭკვიანად იქცევა, გიჯერებს აბსოლუტურად ყველაფერს… როგორ მოხვედით აქამდე, რა არის საჭირო ამისთვის? 

ეს არის გაწვრთნის დამსახურება. ძაღლი უნდა მიხვდეს, რომ თქვენ ხართ მისი პატრონი. უნდა დაემორჩილოს თქვენს ბრძანებას. ბავშვობიდან ყოველდღიურად ვავარჯიშებდი და ეს ყველაფერი გაუჯდა ხასიათში. საჭმელს რომ ვუდებ, სანამ არ ვეტყვი, არ ჭამს. მაგალითად, როცა თამაშობს, დარბის, უნდა დაუძახოთ, 2 წუთით დასვათ, მერე ისევ გაუშვათ. მსგავსი ნიუანსები მნიშვნელოვანია.

რომ შეგეძლოს, რას კითხავდი მიგოს და როგორ ფიქრობ, რა იქნებოდა მისი პასუხი? 

რომ შემეძლოს, ალბათ, მასთან ყოველდღე ვისაუბრებდი. ძალიან მესიამოვნებოდა. თუმცა, ხანდახან მგონია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ, იმდენად გვესმის ერთმანეთის. ალბათ, ვკითხავდი რას ფიქრობ ჩემზე, ისევე ვუყვარვარ როგორც მე მიყვარს?

მომიყევი ამ საოცარ ლეკვებზეც… 

ესენი არიან მიგოს უსაყვარლესი შვილები. ძალიან ემოციური ვარ. მგონია, რომ ბებია გავხდი. პანდემიის გამო მიგოს “ცოლის” მშობიარობას ვერ დავესწარი, ტელეფონით ვიყავი კონტაქტზე. თავიდან დაიბადა 7 გოგო და შემდეგ 2 ბიჭი. ძალიან დიდი ბედნიერება, ანტისტრესი და სიხარულია. 2020 წლის უბედნიერესი წუთები იყო. ჯერ მიგო კარგად არ იცნობს, მოუთმენლად ველოდებით ყველა აცრის გაკეთებას. ერთი სული მაქვს როდის გაიცნობენ ერთმანეთს უკეთ.

და ბოლოს, ახალ 2021 წელს…

ვისურვებდი ნიღბის და სოციალური დისტანციის გარეშე ცხოვრებას. ვისურვებდი შეგვეძლოს ადამიანური ურთიერთობა. მენატრება ჩახუტება, სტუმრად სიარული, მეგობრებთან კონტაქტი. ყველას ვუსურვებ ოცნებებისა და პატარ-პატარა სურვილების ასრულებას. 2021 წელს მინდა ვნახო მეტი პოზიტივი, მინდა ვიყოთ ძალიან ბედნიერები!

მაკიაჟი: მარიამ ხუციშვილი

გადაღების ადგილი: “ლოლიტა”

ასევე წაიკითხეთ