0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

მანანა მახარაძე – პროფესიის უპირობო სიყვარული

ინტერვიუ ღუდუშაურის კლინიკის პერინატალური დეპარტამენტის მეან-გინეკოლოგთან.

ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საეტაპო და გარდამტეხი მომენტი შვილის გაჩენაა. გზა, რომელსაც ქალი დაორსულებამდე და მის შემდგომ  გადის, დიდ პასუხისმგებლობას, ენერგიასა და ფსიქოლოგიურ მზაობას მოითხოვს. ამ მნიშვნელოვანი ეტაპის თანამონაწილე მეან-გინეკოლოგია. ამიტომ, ქალები საკუთარი და მომავალი შვილის ჯანმრთელობას ანდობენ ადამიანს, რომელსაც ხანგრძლივი ძიების შემდეგ ირჩევენ.

როგორია პროფესიის უპირობო სიყვარული, ორსულებთან ურთიერთობა და ახალი სიცოცხლის მოლოდინი. გამოცემა „სითი“ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგ მანანა მახარაძის ამბავს გიამბობთ.

უკვე 16 წელია, მანანა მახარაძე ღუდუშაურის კლინიკის პერინატალური დეპარტამენტის  მეან-გინეკოლოგია. 2016 წლიდან კი, ამავე კლინიკაში წამყვან მეან-გინეკოლოგად მუშაობს.  2019 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე “სპონტანური აბორტების რისკ-ფაქტორები და პროგნოზირება ქართულ პოპულაციაში”, რისთვისაც მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიღო. არის 5 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და 2023 წლიდან პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევა.

პროფესიული არჩევანი და გზა მეან-გინეკოლოგიამდე ..

ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი  ბებიასა და გურიას უკავშირდება. სწორედ იქ ვიზრდებოდი მასთან. ეს იყო ქალი, რომელიც გამოირჩეოდა აღზრდის ჰუმანური, საკმაოდ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მეთოდით. ბევრი ჩემი თვისება – ხასიათის სიმტკიცე, ბრძოლისუნარიანობა, მიზანდასახულობა, ადამიანებზე  ზრუნვა და სიცოცხლის სიყვარული მისი დამსახურებაა. ასევე,  მისი დამსახურებაა, რომ ყველაზე ჰუმანური პროფესია და ამ პროფესიაში ყველაზე  ჰუმანური განხრა – მეან-გინეკოლოგია ავირჩიე. რთული გზა გავიარე. იყო ბევრი შრომა, უძილო ღამეები, ბევრი იმედგაცრუება, წყენა, მაგრამ ჩემმა ხასიათმა, საკუთარ თავზე მუშაობის უნარმა და ოჯახმა დანებების საშუალება არ მომცა. მიზანი იყო ერთი და ურყევი – მაქსიმალური ცოდნა მიმეღო ყველაფრისგან და ყველასგან, რათა შემძლებოდა დავხმარებოდი ადამიანებს.

ურთიერთობა ორსულ პაციენტებთან და ახალი სიცოცხლე..

გუნდური მუშაობა, კოლეგიალობა, ეთიკა და პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირება – ეს არის ღუდუშაურის კლინიკის  წარმატების საიდუმლო. აქაურმა გარემომ დიდი გავლენა მოახდინა  ჩემზე,  კვალიფიციურ ექიმად ჩამოყალიბების საქმეში. იმის გააზრება, რომ პირველად ეხები ახალ სიცოცხლეს, ხდები პირველი მხილველი დედისა და შვილის კონტაქტისა, იმდენ ემოციას იწვევს ჩემში, რომ ყველა დაღლას, ყველა პირად პრობლემას ფარავს და ყოველთვის მაძლევს სტიმულს  უფრო მეტი გავაკეთო, მეტად დავიხარჯო და წინ წავიდე. მეანობა ჩემი მხოლოდ პროფესია არაა, ის ჩემი ჰობიცაა, რამაც განაპირობა ცხოვრებაში ჩემი მაქსიმალური რეალიზება. ორსულთან მუშაობა განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს; უნდა გაიცნო, შეიყვარო და იცხოვრო მათი ცხოვრებით. დღის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა აგრძნობინო, რომ მის გვერდით ხარ, რომ ზრუნავ და გახსოვს. უნდა იცოდე რით იკვებება, როდის იძინებს, როგორი რეჟიმით ცხოვრობს, ვინაიდან ამ ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის მიმდინარეობაზე. ემპათია და პაციენტთან მეგობრული დამოკიდებულება წარმოადგენს ექიმისადმი ნდობის მარკერს, რაც საკმაოდ რთული მოსაპოვებელია, მაგრამ, ამავდროულად, მარტივიცაა, თუ გიყვარს ეს პროფესია. ყველა ორსულმა იცის, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ორსულები 8 უფასო ვიზიტით სარგებლობენ. ყველა ვიზიტზე უტარდებათ სხვადასხვა კვლევა. გარდა ამისა, გინეკოლოგთან ვიზიტის დროს, ექიმი აფასებს ორსულის წნევას, პულსს, კანის ფერს, წონის ნამატს. ზოგჯერ საჭირო ხდება დამატებითი კვლევები, რომელსაც ექიმი ნიშნავს გარკვეული პათოლოგიის გამოსარიცხად. ორსულობის პერიოდის სწორ მართვას დიდი მნიშვნელობა აქვს  ორსულობის მიმდინარეობაზე, საბოლოო შედეგზე, ლოგინობის პერიოდის დროს გართულებების თავიდან აცილებასა და მშობიარობის გზების დაგეგმვაზე, რასაც, ასევე, შეუძლია საკეისრო კვეთის ჩატარების მოთხოვნის შემცირება. გარდა ამისა, ექიმთან მუდმივი კონტაქტით შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული გვიანი აბორტებისა და ნაადრევი მშობიარობის რისკები.

საშვილოსნოს ყელის კიბო  – თანამედროვეობის გამოწვევა

საშვილოსნოს ყელის კიბო ონკოლოგიური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ავთვისებიანი წარმონაქმნის ფორმირება საშვილოსნოს ყელის მიდამოებში. საშვილოსნოს ყელის კიბო ჩნდება  პაპილომა ვირუსის ზემოქმედებით. ეს ვირუსი გადადის სქესობრივი გზით. არსებობს ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი, თუმცა ე.წ. ონკოგენური ვირუსის ტიპებს  მიეკუთვნება 16 და 18. სწორედ ისინი იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადების  70%-ს. ვირუსის ეს ტიპები იწვევს კიბოსწინა დაავადებებს. ადამიანის პაპილომა ვირუსით დაინფიცირება ხდება სქესობრივი კავშირის გზით. ცალსახად ვირუსი, ყოველთვის არ იწვევს აღნიშნულ დაავადებას, მაგრამ საგრძნობლად ზრდის სიმსივნის წარმოქმნის რისკს. კიბოსწინარე დაავადებების განვითარების მიზეზი შეიძლება ასევე გახდეს სხვა, არანამკურნალები  ანთებითი თუ არაანთებითი დაავადებები, როგორიცაა ეროზია, პოლიპები და სხვა ფონური პათოლოგიები. კიბოსწინარე დაავადებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება დისპლაზია – საშვილოსნოს ეპითელიუმის შრიანობის დაკარგვა. საშვილოსნოს ყელის კიბო არ გადადის მემკვიდრეობით.  მნიშვნელოვანია, რომ WHO-სა და  UNFPA ხელშეწყობით, საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია აპვ ვაქცინაცია, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და მკურნალობა. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ვაქცინაციის აუცილებლობაზე, პერმანენტული სკრინინგი და ექიმთან დროული მიმართვიანობა მნიშვნელოვნად ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს და ზრდის განკურნების შანსს.

მედიცინის სიახლეებისა და განვითარების კვალდაკვალ…

თანამედროვე სამყაროში მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება. ტარდება მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები, მუდმივად ხდება არსებული მიდგომების განახლება ცალკეული დაავადებების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და სამკურნალო ღონისძიებების ეფექტურობის მიზნით, რაც  მოითხოვს ექსპერტებსა და კოლეგებს შორის  გამოცდილების გაზიარებას, სხვა ქვეყნების მიდგომების შესწავლას და ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვას. ჩემს ძირითად მიზანს წარმოადგენს მუდმივად მეტი ინფორმაციის მოძიება, ახლის შესწავლა და ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვა, რათა მაქსიმალურად შევძლო იმ ადამიანებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ვინც ამ მოლოდინით მოდის ჩემამდე.ეს არის პროფესია, რომელსაც სიყვარულისა და  უდიდესი შრომის გარეშე წარმატებით ვერ წარმართავ.

ავტორი: ნათია გაბუნია

​​

ასევე წაიკითხეთ