ლიკა ლობჟანიძის და “არტფარმას” წარმატების ისტორია

წარმატებული ქართული კომპანია „არტფარმა“, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მოღვაწეობს, ჩვენს ფურცლებზე არაერთხელ მოხვედრილა ინოვაციური პროექტებითა და საინტერესო შეთავაზებებით. ყველა ძლიერი კომპანიის უკან წარმატებული გუნდი დგას. ჩვენს შემთხვევაში, გუნდის და მთელი კომპანიის წარმატება იმ ერთ ადამიანს უკავშირდება, რომელმაც სწორი ხედვით და კიდევ ბევრი სხვა თვისებით ზუსტად განსაზღვრა მიზანი და მისკენ მიმავალი გზა.

გიყვებით ქალზე, რომელმაც უამრავ სტერეოტიპს გადააბიჯა, არაერთი გამოწვევა გადალახა, დიდი მიზნები დაისახა და მათკენ თავდაჯერებულმა იარა. ასე აგრძელებს დღესაც – არც ცვლილებებს უშინდება, არც სწრაფ გადაწყვეტილებებს და არც ამბიციურ წამოწყებებს. შედეგს ფანტაზია და დაგროვილი ბიზნესგამოცდილების უნიკალური სინთეზი ქმნის.

კომპანია „არტფარმას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ლიკა ლობჟანიძე.

სწორედ მისი დამსახურებაა, რომ წლების განმავლობაში ლიდერის პოზიციებზე მყოფი ევროპული ფარმაცევტული ბრენდები ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამით, ამ სფეროში ახალი საზომი დამკვიდრდა. თუმცა, ეს ამბავი ცოტა უფრო შორიდან იწყება. იმ დროიდან, როცა ხატვაზე შეყვარებულ ლიკას მშობლებმა დიზაინერობა გადააფიქრებინეს და დაარწმუნეს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაებარებინა.

„ხატვა ძალიან მიყვარდა და ხშირად ვხატავდი. დიზაინის შექმნა მომწონდა და ჩემს თავს მოდის ინდუსტრიაში ვხედავდი. მაგრამ, ეს ის პერიოდია, ყველა მშობელს რომ უნდა ექიმი შვილი ჰყავდეს. მეც ასე შემირჩიეს პროფესია და საბოლოოდ, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. როგორც ექიმს არასდროს მიმუშავია. თუმცა, სამედიცინო განათლება ჩემს სფეროში და ბიზნესში ძალიან მეხმარება. კარიერა საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიაში, Bayer დავიწყე და დღემდე მადლობელი ვარ ამ კომპანიის, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს იყო წინსვლის საუკეთესო დასაწყისი, პროფესიული და ცხოვრებისეული ზრდისთვის გამორჩეულად ნაყოფიერი 10 წელი. სწორედ ამ პერიოდში მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული მიზნების დასახვა და მათ მისაღწევად სწორი სტრატეგიის შემუშავება. როცა „არტფარმას“ შექმნა გადავწყვიტე, მიზნად დავისახე ვყოფილიყავით ქართულ ბაზარზე გამორჩეული კომპანია, რომელიც ახალ სიტყვას იტყოდა ფარმაცევტულ სფეროში, შექმნიდა ახალ ნიშას, იქნებოდა ყოველთვის გამორჩეული, მოწინავე პოზიციაზე მყოფი და ხარისხის სტანდარტის განმსაზღვრელი.“

ეს მიზანი უკვე მიღწეულია. ხელოვნების მიმართ ლიკას სიყვარული კი, ცხოვრების მთავარი გზის ფერად შტრიხებად იქცა. როგორც თავად ამბობს, მისი ყოველი ნაბიჯი ამ ბავშვობისდროინდელი სიყვარულითაა შთაგონებული. „არტფარმას“ სახელიც სწორედ ამის დასტურია.

კრეატიული სახელით და შთამბეჭდავი იდეით შექმნილი კომპანიის ისტორია 2014 წელს იწყება. 8 წელია ლიკა „არტფარმას“ დამოუკიდებლად მართავს და ყველა მიმართულებთ, თითოეული ნაბიჯის განსაზღვრაში ზუსტად ისეა ჩართული, როგორც წლების წინ. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ალბათ, სწორედ ამ თავდადებული შრომის და ჩართულობის შედეგია ის, რომ კომპანია იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ეს წარმოსადგენი იყო. მთავარი ღირებულებებისგან კი, არასდროს გადაუხვევია.

„არტფარმას“ შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, საქართველოში ევროპულ, მაღალი ხარისხის მედიკამენტებსა და საკვებ დანამატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. ინოვაციურობა, სიახლე, ხარისხი – ეს არის ის მთავარი ღირებულებები, რასაც კომპანია დაეფუძნა. დავიწყეთ 2 მთავარი ხაზის, ჯანმრთელობისა და სილამაზის მიმართულების განვითარება. ერთ-ერთი პირველი წარმატება უძლიერეს საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანია „ვალმარკთან“ თანამშრომლობაა, რომელიც ევროპაში ლიდერია. ჩვენი დაუღალავი შრომის, პაციენტზე ორიენტირებულობისა და გუნდის პროფესიონალიზმის დახმარებით, დღეს, უკვე, 10-მდე მსხვილ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ ევროპასა და ამერიკაში. წარმოდგენილი ვართ 50-ზე მეტი ბრენდით.

განვითარება და წინსვლა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან აღიარების გარეშე, წარმოუდგენელი იქნებოდა. მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ, რაც გვიძლიერებს მოტივაციას. სწორედ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის პროფესიონალი, საკუთარი საქმის მცოდნე ექიმების პრაქტიკული გამოცდილება გვეხმარება, რომ საჭიროებები კარგად შევისწავლოთ და ვიზრუნოთ საქართველოს მოსახლეობისთვის ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ `არტფარმა“ არის განვითარებაზე ორიენტირებული, მზარდი კომპანია, რომელიც ხელს უწყობს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ევროპული ხარისხისა და სტანდარტების დამკვიდრებას.“

პირველობა გახდა ლიკას კარიერის და კომპანიის თანმდევი ნიშანი ამ წლების განმავლობაში. ამ სიტყვის ხსენება ახლაც არაერთხელ მოგვიწევს.

პირველი კომპანია, რომელმაც ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ნუტრიკოსმეტიკური საშუალება შემოიტანა;

პირველი ონლაინ სამედიცინო პლატფორმა, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა და უმნიშვნელოვანესი მისია შეასრულა;

წელს კი, პირველად, `არტფარმა“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ყურადღების ქვეშ მოექცა და წლის ლიდერი კომპანიის სტატუსი მოიპოვა.

„არტფარმამ“ ფართო საზოგადოებას თავი ინოვაციური პროექტებით გააცნო. მათ შორის არის საქართველოში პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი „ვიადერმი“ – კოსმეტიკა კაფსულებში კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის ნდობა მალევე მოიპოვა და მას „სილამაზის კაფსულები“ უწოდეს. მისი მთავარი გზავნილია – „სილამაზეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება“. ეს ის ბრენდია, რომელიც სილამაზეზე ზრუნვის გარდა, ბევრი სხვა მიმართულებითაც გამოიყენება, მაგალითად, ენდოკრინული დაავადებების შემთხვევაში, დიეტის დროს, ორგანიზმისთვის საჭირო ნუტრიენტების ბალანსის შესავსებად, წონის კორექციის და შენარჩუნებისთვის და სხვა.

რაც შეეხება ჯილდოს, ეს ამბავი ძალიან გვეამაყება, რადგან ამ სტატუსს – Leader of the Year, იმსახურებენ ის ბიზნესკომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში გაწეული საქმიანობით, ფინანსური მაჩვენებლებით, სოციალური პასუხისმგებლობით, მოწინავე პოზიციებს იკავებენ ქვეყნის ბიზნესსექტორში. ჩვენი კომპანია არა მხოლოდ წლიური მონაცემებით გახდა საინტერესო და ლიდერის სტატუსის მქონე, არამედ, განხორციელებული საქმიანობითაც. მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული 2020-2021 წლის COVID-19 პანდემიის დროს, „არტფარმას“ მიერ განხორციელებული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი, “LIVEმედი”. მაშინ, როცა ჩაკეტილობამ, სახლში ყოფნამ, ექიმი და პაციენტი დააშორა ერთმანეთს და მთელი რიგი პრობლემები შეექმნა ჯანდაცვის სისტემას, როგორც ფარმაცევტულმა კომპანიამ, ავიღეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და შევქმენით პირველი ონლაინ სამედიცინო პლატფორმა, რომელშიც ჩავრთეთ წამყვანი ექიმები და დაინტერესებულ პირებს მივეცით კონსულტაციის ონლაინ გავლის შესაძლებლობა, უფასოდ. ძალიან ბევრი ადამიანი გვადევნებდა თვალს და უამრავი შეკითხვა შემოდიოდა. ვფიქრობ, რომ „არტფარმამ“ თავისი ფუნქცია, იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე, ამ პროექტით ფართო მასებისთვის გახადა ხილული და შესამჩნევი. ძალიან მადლობელი ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში ყველა წამყვანი ექიმი გვერდით დაგვიდგა. პანდემიისას, ათასობით ადამიანს მივაწოდეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაცია და ვფიქრობ, ეს ჯილდოც, რომელიც ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ეკუთვნის, ღირსეულად დავიმსახურეთ.

დიდი წარმატების სხვებისთვის განაწილების, გაზიარების უნარი ძალიან ცოტა ადამიანს თუ აქვს. ლიკა სწორედ ის გამონაკლისია, რომელიც ჩვენთან საუბრისას, ხაზგასმით და დაბეჯითებით ცდილობს “არტფარმას” თითოეული გამარჯვების ისტორია და მიღწეული შედეგი მხოლოდ მას კი არა, კომპანიის მთლიან გუნდს დაუკავშირდეს. მასშტაბურ შედეგზე ორიენტირებული დიდი კომპანიის უკან, ძლიერ ლიდერთან ერთად, ძლიერი გუნდი დგას – სწორედ ამ იდეით უდგება საქმეს და “არტფარმას” ყველა ჯილდოსა და აღიარების უკან, კომპანიის თითოეულ თანამშრომელს მოიაზრებს.

„გუნდში ძალიან გამიმართლა. კომპანიის დაარსების დღიდან, ისეთი ადამიანები შემოიკრიბნენ ჩემ გვერდით, რომლებმაც გაიზიარეს ჩემი მიზნები, ხედვები. ჩვენ ერთად ვქმნით ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელს, დასავლური სტანდარტების დაცვით.

ძალიან ამაყი ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, მოტივირებული არიან და კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. გარდა მოვალეობებისა, რომელიც თითოეულ თანამშრომელს საქმიანობიდან გამომდინარე აქვს, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების გაძლიერებაში. გამარჯვებებიც სწორედ ერთად დგომის და პროფესიონალიზმის შედეგია. განვითარებაზე ორიენტირება ჩვენი, ყველას მოტივაციაა. მუდმივი გადამზადება, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში აქტიური ჩართულობა, მჭიდრო თანამშრომლობა და კონსულტაციები ადგილობრივ და საერთაშორისო წამყვან სპეციალისტებთან _ ჩვენს გუნდს აცნობს სამედიცინო სფეროს თანამედროვე ტენდენციებს და ეხმარება ბაზარზე არსებული მოთხოვნილებების ზუსტად იდენტიფიცირებაში.

ლიკამ ის სტერეოტიპიც დაამსხვრია, რომ თითქოს წარმატებული კარიერის და სტაბილური ოჯახური ცხოვრების ერთად არსებობა შეუძლებელია. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, რომლებსაც, რა თქმა უნდა, დროის მნიშვნელოვან ნაწილს უთმობს და ამ ყველაფერთან ერთად, საკუთარი თავისთვისაც ყოველთვის იცლის.

ზურგს მეუღლე მიმაგრებს, რომელიც უკვე 20 წელია ფარმაცევტულ სფეროშია და დიდი პატივისცემით და ავტორიტეტით სარგებლობს. ბოლო წლების მანძილზე მის ბიზნესს არაერთი კომპანია შეემატა, რომლებიც, ასევე, ჯანმრთელობას და ფარმაციას ემსახურებიან. ესენია: სააფთიაქო ქსელი «ფარმსახლი», „ვაკის საცურაო აუზი“ და კიდევ არაერთი საერთაშორისო ბრენდი. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ძალიან მეხმარება ჩემს საქმიანობაშიც. ჩემი მეუღლის პროფესიული რჩევებისა და ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, სირთულეები ადვილად დასაძლევი ხდება. ჩემი ვაჟიც მალე შემოგვიერთდება და დარწმუნებული ვარ, მისი ხედვა და შემართება უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს ბიზნესს. ის ახლა 20 წლისაა და ფარმაციას სწავლობს, თუმცა, უკვე ძალიან კარგ რჩევებს მაძლევს, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, ვითვალისწინებ.

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ვცილობ დასვენებისთვისაც გამოვნახო დრო. დასვენება კი, ხშირად მეგობრებთან ურთიერთობას მოიაზრებს. მათთან დროის გატარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ერთად ვმოგზაურობთ ან მოკლე დროით ქალაქიდან გავდივართ, რაც მეტ ენერგიას მმატებს. ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.

ასევე, ძალების აღდგენაში მეხმარება ფიზიკური აქტივობა _ ცურვა, ვარჯიში, სწორი კვება და ფორმაში ყოფნა.

ამ ყველაფრის ზომიერი ბალანსი და ერთიანობა იძლევა სიმშვიდის განცდას და ბედნიერების შეგრძნებას.

თვისებები, რომლებიც ჩვენს მთავარ გმირს ნამდვილად არ აქვს, ეს მიღწეულით კმაყოფილება და დინების მიმართულებით მშვიდი ცურვაა. ასე რომ, ცხოვრების გაგრძელებას უკვე შექმნილი შთამბეჭდავი ისტორიით არც ახლა აპირებს. კომპანიის განვითარების სამომავლო გეგმა უკვე არსებობს, ისეთივე კრეატიული, როგორიც თავდაპირველი და კიდევ უფრო ამბიციური.

ახლა მიზანი საზღვრებს გარეთ გასვლაა, როგორც იდეურად, ისე გეოგრაფიულად.

წლების გამოცდილებამ და უამრავმა გადალახულმა გამოწვევამ მასწავლა, რომ ნებისმიერი წამოწყების წარმატებით გასაგრძელებლად, აუცილებელია თავდადება, მაქსიმალური ჩართულობა, გუნდის წევრების სწორად შერჩევა, საჭირო გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. არ უნდა შეგვეშინდეს ცვლილებების. სწორედ ამისთვის არის აუცილებელი, რომ გრძნობდეთ სფეროს, რომელშიც მოღვაწეობთ, რადგან ერთი სწრაფი და სწორი გადაწყვეტილება შეიძლება გადამწყვეტი გახდეს სამომავლო განვითარებისთვის.

მე გულწრფელად მჯერა, რომ მიზანი მიღწევადია, თუკი სწორ სტრატეგიას დავისახავთ.

პროექტის ავტორი: ანა არაბიძე

ტექსტი: თეკლა გოგოლაშვილი

ფოტო: LIG Studio, ლიზა გაბუნია

ლოკაცია: “თბილისი ამბასადორი”

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

ასევე წაიკითხეთ