ამბავი ლანა, ხათუნა და ნიცას მეგობრული სანათებისა…
როგორ ჩნდება იდეა? სხვადასხვაგვარად. ვისთან როგორ. ამ ლამაზი და ორიგინალური სანათების იდეას საფუძვლად მეგობრობა და პოსტპანდემიური ლაპარაკი დაედო საფუძვლად. მათ, სამივეს – ხათუნა იოსავას, ლანა ბენდუქიძე და ნიცა ჩოლოყაშვილს “სითის” მკითხველი და, ვფიქრობთ, არამხოლოდ, კარგად იცნობთ. თავისი საქმის პროფესიონალები, ნიჭიერები და საქმიანი გოგოები არიან. გადაწყდა, რომ გოგოების Light Life Studio სითიშოპშიც დაიდებს ბინას. აბა, დაათვალიერეთ, შეათვალიერეთ და თან წაიკითხეთ ისტორია ამ ბრენდის შექმნის შესახებ.
სითი: როგორ და როდის გაჩნდა იდეა?
ხათუნა: პანდემიამ ყველა შეგვცვალა, შეგვანელა, დაგვასვენა და მერე ახალი სუნთქვაც ჩაგვირთო. პოსტ პანდემიურ პერიოდში, ერთ დღეს, უბრალოდ ვისხედით გოგოები (ლანა, ხათუნა და ნიცა) და აი ასე, უცებ, სპონტანურად, მოგვინდა სამივეს რამე საინტერესო და მეტად სასიამოვნო გვეკეთებინა. თან, ლანას გასაოცარი ნიჭის და გემოვნების ამბავი კი იცით და ვიფიქრეთ ლანას გარშემო გავერთიანებულიყავით. ჩვენ ჩვენი მენეჯერული უნარებით და ლანა კი, თავისი ნიჭით, ხედვით და შემოქმედებითობით. სანათების შექმნის იდეაც ამ საუბარში მოვიდა და ასე დავიწყეთ. აღმოჩნდა, რომ ლანასაც ეს უნდოდა, რადგან იმ საღამოსვე დაიწყო და ვეღარ ვაჩერებთ.
სითი: ვინ ხართ და რატომ სანათი? როგორც ვიცი, პროფესიით ლანა ხელოვნებათმცოდნეა, ხათუნა – ფრანგული ენის ფილოლოგი და ნიცა – სოციოლოგი.
ნიცა: სამივემ ჩვენი კარიერა ტელეჟურნალისტიკით დავიწყეთ და კომუნიკაციებით გავაგრძელეთ. სამივეს გვიყვარს ხელოვნება, მხატვრობა, მუსიკა, თეატრი, ბალეტი. ამ ბოლო დროს ფეხბურთიც. ლანა საოცრად ხატავს და ასევე, ძალიან ცნობილია მისი საშობაო და სააღდგომო სოფლების დეკორაციული სერია. სულ რაღაცას ქმნის და ალამაზებს. ჯერ ის რად ღირს, რომ საოცარ წინასაახალწლო განწყობას გვიქმნის, როცა მისი სახლი ახალი წლის წინ ჯადოსნურ ადგილს ემსგავსება. მოკლედ, რა რა და, განწყობის შექმნა ლანამ ნამდვილად იცის. ასევე, გვიყვარს ლამაზი ინტერიერის შექმნა. ვთვლით, რომ ინტერიერში ერთ-ერთ გადამწყვეტ აქცენტს სწორად შერჩეული განათება ქმნის. განათება, რომელსაც პოზიტიური ვიბრაციები აქვს ოთახში. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ლამაზი სანათებით სიმყუდროვე შეგვექმნა ოჯახებში. ერთიცაა, რემონტს სახლში ხშირად ვერ გააკეთებ, სანათი კი ის ნივთია და თითქოს, ერთი შეხედვით პატარა დეტალი, რომელსაც თავიდან ბოლომდე შეუძლია შეცვალოს ინტერიერის ხასიათი და შემოიტანოს ახალი განწყობა სახლში ან რომელიმე კონკრეტულ ოთახში, ან თუნდაც, სამზარეულოში. მაგალითისთვის, მისაღებ ოთახში შეიძლება განათების რამდენიმე სისტემა გქონდეს. თუ ყველას ერთდროულად გამოიყენებ, ოთახი გაჩახჩახებულია. ეს ძირითადად, წვეულებების დროს ხდება მაგრამ, ვითარებიდან გამომდინარე, ისე შეიძლება გამოიყენო ეს განათებები, რომ თითოეულის გამოყენება სხვადასხვა ემოციას და განწყობას ქმნიდეს.
სითი: როგორ იქმნება თქვენი სანათები?
ლანა: მუშაობის დროს ჩვენი ამოსავალი წერტილია დამკვეთი და მისი სურვილები, განწყობა, ხასიათი. საცხოვრებელი სივრცე ხომ მისი ბინადრის ხასიათს ასახავს. ძალიან მიყვარს მყუდრო სახლები და მათ მიერ მოყოლილი ამბები ადამიანებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ყოველთვის ძალიან ყურადღებით ვუსმენთ დამკვეთს. ჩვენი ინსპირაციის წყარო ასევე, ძველი და ახალი, თანამედროვე ნივთების სინთეზია. ხშირად ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს ვანიჭებთ. ყოველთვის ვიყენებთ ძვირფას, ძველ, ანტიკვარულ დეტალებს ჩვენს სანათებში. მნიშვნელოვანია, რომ ორი ერთნაირი სანათი არ გვაქვს. ყველა ერთადერთი და განუმეორებელია. ჩვენი მომხმარებელიც სწორედ ასეთია, მას უნდა ორიგინალური, ექსკლუზიური ნივთი, რასაც მხოლოდ მის სახლში ნახავენ, რითაც თავს მოიწონებს და რაც ხაზს გაუსვამს მის სტილსა და გემოვნებას, მის სამყაროს.
ნიცა: თავად პროცესი ჩვენ უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს. იდეა ყოველთვის ლანასია, ჩვენ კი ვეხმარებით როგორც შეგვიძლია. განწყობა მუშაობის დროს ყოველთვის განსაკუთრებულად კარგი გვაქვს და თითოეულ ნივთს მხოლოდ პოზიტივს ვატანთ დამკვეთთან. პოზიტივს და კიდევ, სიყვარულს. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა ნივთი გავაკეთეთ და მერე დავიტოვეთ. მე ასე უკვე ორი ჭაღი მაქვს ჩვენი გაკეთებული. ცხადია, ეს შეკვეთების დროს არ ხდება.
ლანა: იცით, ყველაზე დიდი მუხტი რას მოაქვს? მოლოდინს. როცა დამკვეთი პირველად იხილავს ჩვენს სანათს, აი, რომ შეხედავს და მის სახეზე კითხულობ აღტაცებას, ყველაზე შთამბეჭდავი მომენტია ეს ჩვენთვის. სწორედ ესაა, ალბათ, იმის წინაპირობაც, რომ საოცრად სწრაფად ვასრულებთ შეკვეთებს. როგორც კი იდეაზე შევთანხმდებით, პროცესი ძალიან სწრაფად ვითარდება. მოკლედ, ჩვენ ჩვენი პატარ-პატარა ბედნიერი ეტაპები გვაქვს კეთების პროცესში.სანათების კეთების პროცესი არის სწორედ ის, რასაც გავყავართ ყოველდღიური რუტინიდან, რაც უსაზღვრო სიამოვნებას გვანიჭებს. ამ დროს არაფერზე არ ფიქრობ გარდა იმისა, თუ როგორი ფორმა მისცე, როგორ ააწყო მძივები, როგორ შეურჩიო ფერი, რა ფორმის ნათურა მოარგო. ერთადერთი, რაც ფონად გასდევს ამ ყველაფერს, გემრიელი ყავაა და მშვიდი, კლასიკური მუსიკა ან ჯაზი. გვიყვარს როგორც ჩვენ მიერ შექმნილი თითოეული სანათი, ასევე ის ადამიანები, რომლებიც გვენდვნენ და მოგვმართეს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის.
ხათუნა: პირველად როცა გადავწყვიტეთ ამ საქმის დაწყება, საკმაოდ ბევრი სანათი გავაკეთეთ. ახალი და თან პატარა კომპანიისთვის, საკმაოდ დიდი პორტფელით შემოვედით ბაზარზე და რაც ყველაზე სასიამოვნო იყო, უმოკლეს დროში გაიყიდა ყველაფერი. მართლა არ ველოდით ასე მოკლე დროში ასეთ შედეგს. ფინანსისტი, რომელიც გვეხმარება ფინანსურ გათვლებში, გაოცებული იყო – ასეთ პროგნოზზე ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი ვერ ვიფიქრებდიო. გვქონდა პაუზაც, რადგან, როგორც გითხარით, ჩვენც დაკავებულები ვართ, სამსახურები, ოჯახები, მაგრამ შეკვეთებმა თავისი ქნა. როგორც კი დამკვეთი გვიკავშირდება, პატარა დროც კი არ გვჭირდება, რომ სამუშაო განწყობაზე მოვიდეთ.