0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

„ლეოს ლაბი“ და ახალი რეალობა

ამბავი იმისა, რომ ასაკი ნამდვილად რიცხვებია

დრო გადის. ალბათ იმაზე სწრაფადაც, ვიდრე ჩვენ აღვნიშნავთ ხოლმე…

ასაკის მატებასთან ერთად, ბევრი რამ იცვლება – შეხედულებები, ოცნებები, მიზნები. მაგრამ, ამასთან ერთად, იცვლება ჩვენი გარეგნობა, იკლებს ენერგია, სახეზე ჩნდება პირველი ნაოჭები და რიცხვებსაც უფრო მძაფრად აღვიქვამთ.

ვკითხულობთ ბევრს. ვცდილობთ ვიკვებოთ სწორად, მაგრამ ეპიგენეტიკურ დონეზე ვიზრუნოთ საკუთარ თავზე –  არც ისე მარტივია.

ლევან ბეჟანიშვილის საქმის შესახებ რომ გავიგე, ცალკე მოვამზადე პროფესიული შეკითხვები და ცალკე – პირადი. შეხვედრისთვის მოვემზადე და ვიფიქრე, რომ ახლა უნდა მესაუბრა ჯანმრთელობასა და ასაკზე ისე, როგორც არასდროს, არავისთან.

ზუსტად ასეთი შეხვედრა გამოვიდა – საქმიან-მეგობრული. ეპიგენეტიკა და  სირტუინ 6 რომ გამაცნო, შემდეგ ჩემი ცხოვრების წესსა და ჩვევებზე დავიწყე საუბარი. აქ მივხვდი, რომ შეხვედრა შედგა!

ახლა კი, გაგიზიარებთ იმას, რაც მე „ლეოს ლაბთან“ ერთად აღმოვაჩინე.

***

ლევან ბეჟანიშვილი, 24 წლის, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. პროფესიის პარალელურად, არ დაივიწყა  ბავშვობის ყველაზე დიდი ინტერესი და ანტიეიჯინგისა და ბიოჰაკინგის შესწავლა დაიწყო. ონლაინ გაიარა იმუნოლოგია ჰარვარდში და მიჰყვებოდა კვლევებს, სადაც მთავარ კითხვებზე პასუხები უნდა ეპოვა.

ამბავი  იწყება 12 წლის ასაკიდან, როცა ცხოველებთან საერთო ენა იპოვა და დიდი მეგობრობა დაიწყო. ბევრი ისწავლა ძაღლისგან, კატისგან, ღორისგან, კურდღლისგან, თევზებისგან, თუთიყუშებისა და არც მეტი, არც ნაკლები – ველის არწივისგან.

„ცხოველების ასეთმა დიდმა ინტერესმა გამოიწვია ნუტრიციოლოგიით და დაბერების პროცესით დაინტერესება. რა თქმა უნდა, ბავშვობაში  ვერ ვაანალიზებდი, რატომ ცხოვრობდა ძაღლი ასე ცოტა ხანს. როცა ინგლისური შევისწავლე, დავიწყე მოძიება ჯგუფების, ინფორმაციის. მალევე აღმოვაჩინე, რომ მშრალი კვება ძაღლებისთვის ძალიან ცუდია. არ არის მათი შესაბამისი ევოლუციურად  და საჭიროა დაბალანსება. მახსოვს, როცა ჩემს ძაღლს პირველად გაუჩნდა ლეკვები, მინდოდა მეძუძური ძაღლი განსაკუთრებით კარგად გამომეკვება, რომ ლეკვებიც ჯანმრთელები ყოფილიყვნენ.“

ცხოვრების დიდ ტრავმად დარჩა ძაღლის გარდაცვალება. უნდოდა ჰყოლოდა ახალი მეგობარი, რომელზეც ისევ იზრუნებდა. ასე დაიწყო ნუტრიციოლოგიის შესწავლა და  ძაღლისთვის სხვადასხვა დანამატის მიცემა. წლებთან ერთად, შედეგიც გაჩნდა და ცოდნაც გაიზარდა.

… და საქმემ შეახვედრა ია ფარულავას.

ია ფარულავა, ჯერ კიდევ წლების წინ, დაინტერესებული იყო ბიოჰაკინგით. როცა არავინ იცოდა ამ დანამატების შესახებ, ია სვამდა. ვიტამინების და მინერალების კომპლექსი ყოველთვის ჰქონდა. პირველი ადამიანი იყო, რომელიც მენდო. წელიწად ნახევარია სვამს. იას იდეა იყო „ლეოს პროტოკოლიც“, რომელიც გაჩნდა  2024 წლის მარტიდან.

მანამდე კი  საჭირო იყო კონტაქტების მოძიება და დაკავშირება წამყვან მეცნიერებთან. იყო ღელვა, რომ „ერთ უცნობ ბიჭს საქართველოდან“ არ უპასუხებდნენ, მაგრამ მისი ხედვა მოიწონეს და დიდ გუნდთან ერთად აღმოჩნდა.

ჩავერთე ერთ-ერთ სერიოზულ გუნდში, რომელსაც ჰქვია Yuvan Research. მათ კოვიდის დროს დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ ყველა სახეობის სისხლის პლაზმაში არის კონკრეტული კომპონენტები, ფაქტორები, რაც აკონტროლებს დაბერების პროცესს. აღმოჩნდა, რომ იმდენად მრავალფეროვანია პლაზმა, რომ გარდა ჩვეულებრივი ვიტამინების, მინერალების ზრდის ჰორმონებისა, არის სპეციფიკური ფაქტორები, რაც დაბერების პროცესს აკონტროლებს. მათ გაფილტრეს პლაზმიდან ეს ფაქტორები და გააკეთეს კონცენტრატი. გადაწყვიტეს იგი  იმ დოზით გადაესხათ მოხუცი ვირთხებისთვის, რომ  სისტემური გაახალგაზრდავება გამოეწვიათ.

ჩააბარეს ვეტერინარული მიმართულების ხელმძღვანელობა… ამბავი პანდემიის გამო შეფერხდა, მაგრამ ახლა ისევ განახლდა და პროცესი გაგრძელდება.

ახლა  მთავარი საქმეა „ლეოს ლაბი“…

ლეოს ლაბი

ადამიანების ნაწილს ეგონა, რომ  ჩემით ვკრეფდი ბალახებს, ვხარშავდი და ეს იყო ჩემი პროტოკოლი. არადა, ყველაფერი, რაც ჩემს პროტოკოლში შედის, არის ძალიან ცნობილი და წამყვანი ბრენდების საკვები დანამატები. ჩემი პროტოკოლი დღეების მიხედვითაა გადანაწილებული და 10-14 კონკრეტული კაფსულა ერთად, კიდევ უფრო ააქტიურებს ახალგაზრდობის გენს. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გვჭირდებოდეს ცალ-ცალკე დანამატების და მედიკამენტების მიღება, რომ დავეხმაროთ ცალკე გულს, ცალკე კუჭს, ღვიძლს, ტვინს, ჩვენ ვააქტიურებთ  ახალგაზრდობის ამ გენს და მისი გააქტიურების ხარჯზე ვიღებთ სისტემურ შედეგს. ადამიანების დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ კანზე პირველი-მეორე თვიდან აესახათ ცვლილება. რა თქმა უნდა, კანს ვერ აქაჩავს და ქირურგიას ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ გამკვრივება შესამჩნევია.

–       რომელი ქვეყნიდან ჩამოდის პროტოკოლის შემადგენელი საკვები დანამატები?

მთავარი ბრენდი, DoNotAge, ჩამოდის ბრიტანეთიდან, რომელსაც აქვს  უნიკალური დანამატი სირტუინ 6. ჩემს საყვარელ მეცნიერს, ვერა გორბუნოვას ეკუთვნის  სირტუინ 6- ის კვლევა. მან აღმოაჩინა, რომ რაც უფრო აქტიურია სირტუინ 6,  მით უფრო დიდხანს ცხოვრობს სახეობა. მისი აქტიურობა პირდაპირ კორელაციაშია ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. მაგალითად, ადამიანთან შედარებით, არქტიკულ ვეშაპს აქვს 2,5-ჯერ აქტიური სირტუინ 6, რაც ეხმარება, რომ 2,5-ჯერ მეტად სწრაფად აღიდგინოს დაზიანებული დეენემი, 2,5-ჯერ მეტად მოკლას სიმსივნური უჯრედები. შესაბამისად, ცხოვრობს ჩვენზე 2,5-ჯერ მეტს.

–       სირტუინ 6 – ეს არის თქვენი ინტერესის ობიექტი?

ნამდვილად! ყველაზე მეტ დროს ვუთმობ. დავიწყე კვლევები. ვერა გორბუნოვასთან გავედი კონტაქტზე. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ძაღლზე დატესტა სირტუინ 6-ის აქტივატორი. ამ კომპანიამ მიპოვა და თავად მთხოვა თანამშრომლობა. ეს ჩემთვის უდიდესი წარმატებაა. მერე ჩამოვიტანეთ ამ კომპანიის სხვა დანამატები. შემდეგ, უკვე შემოგვიერთდნენ დანარჩენი ცნობილი ბრენდები, რომლებიც უკვე ამერიკიდან მოდის. ყველა არის მაღალი ხარისხის, ცნობილი და წამყვანი ბრენდი.

ჩემი მიზანია,  სანამ ამერიკაში რიგ ეტაპებს გაივლის, საქართველოში რაღაცნაირად გავაგრძელოთ ეს კვლევა, თუნდაც ჯერ ძაღლებზე, შემდეგ ადამიანებზე. უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან სანდოა, იწვევს ნულოვან იმუნურ რეაქციას. იმიტომ, რომ პლაზმის ეს კომპონენტები, ცხიმიდან იქნება აღებული, ღორისგან თუ ვეშაპისგან, არის ერთნაირი. 

–       საკითხი აქტუალური სულ რაღაც 5 წლის წინ გახდა. გაჩნდა ჯგუფები, მიმდინარეობები. რა არის დღეს თქვენი პროტოკოლის მთავარი შესაძლებლობა?

ექტრაუჯრედული მატრიქსი, სადაც ძაფებია, რასაც უჭირავს ჩვენი კანის სიმკვრივე და კარკასი,  შეგვიძლია დავბუსტოთ, რომ ორგანიზმმა თავად გამოიმუშავოს კოლაგენი და გადაიჭიმოს. ასევე, ძილი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მეცნიერმა ვერა გორბუნოვამ ჩაატარა კვლევა 2022 წელს. აღმოჩნდა, რომ ძილის დროს მნიშვნელოვანია იყოს სრული სიბნელე. თუ პატარა სინათლე მაინც ბჟუტავს და ჩვენს თვალს ხვდება, აქტიურდება  პროდაბერების გენები. ძილში მხოლოდ ახალგაზრდობის გენები უნდა ექსპრესირებდეს. დილის სინათლემაც უნდა დაარტყას, მაგრამ ნათება, პატარა ხმაური, ძალიან აისახება ძილზე.

„ანტიეიჯ პროტოკოლი“ პაკეტებით მიდის მომხმარებლამდე. ყველა მათგანი დანომრილია 1-დან 30-მდე, დღეების მიხედვით და მთავარი პრინციპია, რომ ყველა დანამატი ერთად მიიღო.

–       როგორ იწყებთ პროტოკოლის შედგენას? ბევრს დააინტერესებს, სჭირდებათ თუ არა დაწყებამდე გამოკვლევების ჩატარება? 

პირადად მოსვლა  არაა აუცილებელი. ემიგრანტებს ხშირად უნდათ კონსულტაცია, ონლაინაც ვახერხებ. მალე დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაშიც მივიღებ პაციენტებს, შემოთავაზება მაქვს. თუ ადამიანს მარტივი ანალიზები დიდი ხანია არ გაუკეთებია, საჭიროა გაიკეთოს, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზოგადი სურათის მისაღებად.  მაგრამ თუ სამი-ექვსი თვის წინ გაკეთებულია ანალიზები,  არ იქნება განსაკუთრებული ცდომილება. რაც მე დამჭირდება, არის ანამნეზი – ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა, კვება, რა ქირურგიული ჩარევები ჰქონდა, გენეტიკური წინასწარგანწყობა თუ აქვს, რისი გამოსწორება სურს. აუცილებელია ძირითადი ქვაკუთხედები დავიჭირო, რომ გავამახვილო ყურადღება ენერგიაზე, ანთების ჩაქრობასა და ა. შ.

–       რა ძირითადი ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები?

პაციენტების უმეტესობა არის 40-45 წლის. უფრო  აინტერესებთ და მომმართავენ ქალები, რომლებსაც დაეწყოთ მენოპაუზა ან საკვერცხული მარაგი შეიმოწმეს და ხვდებიან, რომ სწრაფად მიდის დაბერების პროცესი. მოდიან სხვა პრობლემებითაც – ენერგიის ნაკლებობა, ქრონიკული დაღლილობა და ფართოდ გავრცელებული ანტიდეპრესანტების სინდრომი. ადამიანებმა, რომლებმაც დაიწყეს სმა, ციკლში არიან და ვეღარ ანებებენ თავს.

დრო, რომელიც საჭიროა ცვლილებების დასანახად:

პროტოკოლით,  ეპიგენეტიკურ დონეზე ყველა ძვრა რომ დაიწყოს, სამი თვე მაინც არის საჭირო, მაგრამ ყველას აქვს შესაძლებლობა გატესტოს და შეიძინოს ერთთვიანი პროტოკოლი. როგორც წესი, ერთი თვე არის ხოლმე საკმარისი ცვლილებების დასანახად. პაციენტები მუდმივად არიან ხაზზე. გვეუბნებიან დალევის შემდეგ რა შეიცვალა კონკრეტულ დღეს, ეს ხომ დღეების  მიხედვითაა განაწილებული.  ყოველდღე სხვადასხვა კომბინაციაა – სხვადასხვა გენი  აქტიურდება ყოველ კონკრეტულ დღეს. ერთ თვეში იმდენად კარგი შედეგი აქვთ, რომ უკვე ხვდებიან უღირთ თუ არ უღირთ გაგრძელება.

ლევან ბეჟანიშვილისთვის დღეს ყველაზე დიდი სიხარული და მოტივაციაც კმაყოფილი პაციენტების მზარდი რიცხვია. საგრძნობი შედეგების ნახვა მისთვისაც ისეთივე ბედნიერებაა, როგორც ადამიანებისთვის, რომლებიც „ლეოს პროტოკოლით“ ცხოვრობენ.

უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია.  გწერენ რომ ბევრად ბედნიერები არიან ენერგიულები, უდიდეს სხვაობას ხედავენ და მადლობას გიხდიან. ვიღაცებს მყისიერი შედეგი შეიძლება არ ჰქონდეთ, მაგრამ, უმეტესად, მეშვიდე-მეათე დღეს ხედავენ განსხვავებას. თამამად ვიტყვი, რომ ჯერ არცერთი ადამიანი არ ყოფილა, ვისაც ერთი თვის განმავლობაში რამე მაინც არ ეგრძნოს.

–       მუდმივად ძიების პროცესში ხართ და იკვლევთ უჯრედებში  დაბერების პროცესს…

ყველა უჯრედში არის ერთი და იგივე ტიპის დეენემი. რეალურად, რახან ერთნაირი დეენემია ყველგან, ადამიანს და სხვადასხვა სახეობასაც არ უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ორგანო. თვალი, ღვიძლი, ენა, კბილები რომ  სხვანაირად გამოიყურება, ეს არის ეპიგენეტიკის დამსახურება. როგორ ხდება უჯრედებში დეენემის, გენების წაკითხვა – ესაა ეპიგენეტიკა და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დიდხანს იკითხებოდეს კონკრეტულ უჯრედში სწორი გენები. დაბერების პროცესიც ხომ ესაა? მარტივი ენით რომ ვთქვათ,  გენების წაკითხვის უნარის დაკარგვა. დაბერების პროცესის დროს, თვალის უჯრედი ვეღარ კითხულობს სწორ გენებს, აქტიური ნაწილი იკეტება. ეპიგენეტიკური ხელწერის დარღვევა იწვევს დაბერების პროცესს.

      როცა ახსენებთ ხოლმე ეპიგენეტიკას, ალბათ სკეპტიციზმიც მოჰყვება ხოლმე გარკვეული ჯგუფებისგან, რას პასუხობთ ამ დროს?

ამ დანამატებით გენეტიკაში ვერც ჩავერევით და არც ჩავერევით, რომც შეგვეძლოს. დანამატების გარდა კვება, ძილის ხარისხი, ცხოვრების სტილი  ძალიან დიდ როლს ასრულებს. სქესობრივი მომწიფებიდან ათი წელია ორგანიზმი ყველაზე ჯანმრთელი. რომ განვაზოგადოთ, მაგალითად, სქესობრივი მომწიფება დადგა 12-13 წლის ასაკში, გამოდის, რომ საშუალოდ, 22 წელი უნდა ავიღოთ. აქედან ნელ-ნელა იწყება დაბერების პროცესი. როგორც კი სქესობრივი სიგნალები გადავა უჯრედებში, ეს ნიშანია, რომ  აღდგენის ისეთი ხარისხი უკვე აღარ ექნება, ნელ-ნელა დაიწყებს უკუსვლას. დეენემზე „ნაკაწრები“  დაახლოებით 22-25 წლის ასაკიდან ჩნდება. ცხადია, ამ ასაკში ისე ვერ აირევა ეპიგენეტიკა და გენების აქტივობა, რომ ჰქონდეს გამოხატული დონე, მაგრამ პირველი ნაოჭები იწყებს გამოჩენას, ენერგია იკლებს და ასე შემდეგ. აქედან იწყება დაბერების პროცესი.

–       თქვენი საკვლევი თემაა  დაბერების პროცესი ხეებში. რომელი ხე გაინტერესებთ გამორჩეულად და რატომ ფიქრობთ, რომ ის ბევრ საიდუმლოს ინახავს?

ჩემი ერთ-ერთი პარტნიორის დიდი ინტერესია, რომ კვლევა დავიწყო ხეზე გინკო ბილობა. ყველას გაუგია, მას განსაკუთრებული მექანიზმი აქვს, რადგან დედამიწაზე განიცადა ევოლუციური ადაპტაცია. სხვა სახეობებისგან განსხვავებით, გინკო ბილობას ხე არ ბერდება – ფოტოსინთეზი, ღეროვანი უჯრედების აქტივობა და გამრავლების უნარი  მსგავსი  აქვს როგორც 5, ისე 4000 წლის ასაკში. ამიტომაც არის ჩემთვის ის ძალიან საინტერესო.  

ლევან ბეჟანიშვილი

ცხოვრების მთავარი საქმეა?

ნამდვილად! მაგრამ პროტოკოლების პროექტით ჩვენი საქმე  არ დამთავრდება. იგივე YU-5. ჩვენი მთავარი გეგმაა, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი მთავარი ბაზარი ამისთვის. ეს იქნება  შემდეგი თაობის ინტერვენცია. უკვე არა დანამატების სახით მიღება, არამედ სისტემური გაახალგაზრდავება, რაც, პრინციპში, არის მომავლის სფეროს წამყვანი აქტორი. ჩემი საქმიანობა დაკავშირებული იქნება დაბერების პროცესთან და ეპიგენეტიკასთან, გენურ ინჟინერიასთან. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ დაბერების პროცესი აუცილებელია. თუმცა,  ვფიქრობ, ეს ადამიანები უარს არ იტყვიან, რომ 100-120 წელი იცხოვრონ და თან, დანამატების საშუალებით ჯანმრთელობის ხარისხი აიმაღლონ.

მაშინ, როცა ამ სფეროთი დაინტერესდა, მის ირგვლივ ძალიან ცოტას სჯეროდა, რომ ეს მომავლის საქმე იყო. ოჯახის წევრებიდან არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ ყოფილა, მაგრამ როცა სახლში ყველა თარო საკვებმა დანამატებმა დაიკავა, ოჯახის მხრიდან კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაჩნდა – რატომ? რისთვის?

რამდენჯერმე ჰქონდათ ასეთი კითხვები – ახალგაზრდა ხარ და რატომ სვამ? რა იცი მომავალში რას იზამს. გითხარით არაფერს მეუბნებოდნენ-მეთქი, მაგრამ გამოდის,  სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ არც მიშლიდნენ. მე ვიწყებდი ამის პოტენციალზე საუბარს. ვხვდებოდი, რომ უნდა გამეგრძელებინა და მყავდა ია ფარულავა, რომელთანაც  მუდმივ კავშირში ვიყავი. დღეს ოჯახის წევრებმა იციან, რომ „ლეოს პროტოკოლი“ არის არამარტო ახლობლებისთვის, არამედ კომერციალიზებულია. მიხარია, რომ ეს კულტურა ნელ-ნელა დაინერგა.

მთავარი მიზანი

ემპათიური ვარ ბუნებით. სიძლიერის მიუხედავად, ბევრი სისუსტეც მაქვს. მარტივად გადმოდის ადამიანების, ცხოველების ემოციები ჩემზე. მინდა ალტრუიზმი და ემპათია მოვახმარო ადამიანებს. შეიძლება ვერ გავტეხო დაბერების კოდი, მაგრამ ამას თუ ვერ მოვახერხებ, ის მაინც მინდა, რომ აღარ იყოს სიმპტომური მკურნალობა. ადამიანებს აღარ უწევდეთ ამდენი ფინანსების ხარჯვა. მინდა ადამიანებმა იცხოვრონ ჯანმრთელად, ქმედუნარიანად, ასაკთან ასოცირებული დაავადებების გარეშე. ალბათ ჩემი  ტრავმაა… მინდა, ძაღლების და შინაური ცხოველების დაბერების კოდი აღმოვფხვრათ, რომ მათი სიცოცხლე 15 წელი მაინც არ იყოს და იყოს, მაგალითად – 30. ამის მეტი შანსია. 

ლევან ბეჟანიშვილი, საკვებ დანამატებთან ერთად, არაერთი კვლევის ჩატარებას და საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი სიტყვის თქმას აგრძელებს.

იმედიც, რასაკვირველია, დიდია, რომ დაბერების კოდი გატყდება და ასაკის მატებას ნაკლები შიშით შევხვდებით. 

ავტორი: კესო ბოჭორიშვილი

ფოტო: ნათია ასანიძე

ასევე წაიკითხეთ