კონსტანტინე ყიფიანის მთავარი სცენა – პირველი ნაბიჯები ოპერაში  

„…პირველი კლასიდან დავდიოდი ცეკვაზე. სცენაზე ჩემი პირველი გამოსვლაც პირველ კლასში, ცეკვით შედგა და ეს იყო ოპერის სცენა…

ოპერის სცენა კონსტანტინე ყიფიანისთვის, დროსთან ერთად, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მატარებელი გახდა. მართალია  დაიწყო ცეკვით, მაგრამ სხვა სივრცეში, სულ სხვა შესაძლებლობით  გააგრძელა ცხოვრება.  ოპერის დიდ სცენაზე არასდროს უფიქრია. არც მაშინ, როცა ირგვლივ, ჯერ კიდევ არაცნობიერ ასაკში, ყველა მის საოპერო შესაძლებლობებზე საუბრობდა. მიუხედავად ინტერესების მრავალფეროვნებისა, კონსტანტინე ყიფიანი ცხოვრების ყველა ეტაპზე მუსიკასთან იყო დაკავშირებული. და მაინც…

კოტიკო ყიფიანი

– მუსიკის მიმართ თქვენი დიდი სიყვარული ქართული ხმების ჰარმონიით იწყება. რომელი სიმღერის  და  შესრულების შთაბეჭდილება მოგყვებათ დღემდე?

„მახსოვს, ერთხელ აჩვენებდნენ  კონცერტს ფილარმონიიდან, სადაც მღეროდა დიდი  „ქართული ხმები”.  როიალთან იჯდა მაცაცო სებისკვერაძე. მღეროდნენ გოგი დოლიძე, ზაურ ბოლქვაძე, გურამ თამაზაშვილი და თავგასა.  ასრულებდნენ ,,მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო-ს.” ამ  ხმების ჰარმონია პირველად რომ გავიგე, ძალიან პატარა ვიყავი, 3-4 წლის, ცუდად გავხდი, იცით რა დამემართა? აი, გავაფრინე და ეს სიმღერა ჩამრჩა… პატარა რომ ვიყავი, რამდენი შუქი მოვიდოდა, სულ ტელევიზორში ვეძებდი.”

„მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო-ს” ეძებდა ყველგან და სწორედ ეს სიმღერა აღმოჩნდა დიდი მუსიკალური სამყაროს შეცნობის გასაღები. ღიღინებდა მაშინაც კი, როცა საუბარი არ იცოდა და ამ წლების  მისთვის ძვირფასი ყველა საჩუქარიც  მუსიკას უკავშირდება.

ბავშვობის მთავარი მუსიკა…

„4 წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა „ქუინის” კასეტა მომიტანა, „ბოჰემური რაფსოდია”. დღესაც,  ამ სიმღერის მოსმენისას, თვალები რომ დავხუჭო, სულ მახსენდება ის გარემო, დრო, დედაჩემი სად იჯდა, მამაჩემი სად იჯდა, რა ხდებოდა სახლში… ზუსტად მახსოვს  დიდი ყავისფერი კარადა ოთახში, სურნელი, მე პეპელასავით ვიწექი. მოკლედ, რომ დაიწყო სიმღერა, დამაჟრიალა.”

ბავშვობის მუსიკად და ხმად კონსტანტინე ყიფიანისთვის „ქუინი” რჩება. ჩვენი ინტერვიუს დროს აღიდგინა ყველა ფირფიტაც, რომელიც მის მუსიკალურ სამყაროში იყო: ბახი, მოცარტი, ელა ფიცჯერალდი, ფრენკ სინატრა – უსმენდა და ცდილობდა ბავშვური ისტორიები  და ოცნებები ამ მუსიკის ფონზე დაემახსოვრებინა.

ოცნებები თუ მიზნები? 

მიუხედავად დიდი სიყვარულის და მონდომებისა, ცხოვრების მთავარი ოცნება შეუსრულებელი დარჩა. დიდი პიანისტის კარიერა  წარსულის წლებს დაუტოვა და ასე დარჩა აუხდენელ ოცნებად – იყოს სცენაზე ამ ინსტრუმენტთან ერთად. თუმცა, მიზნებისკენ სვლას არასდროს უშინდება. ასე იყო წლების წინ, როცა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის დიდ სცენაზე ყოფნა მისთვის წარმოუდგენელი რეალობა იყო. 

„ფილარმონია მიუღწეველი მეგონა, მაგრამ ზუსტად ერთ წელიწადში გაიმართა კონცერტი, რომელიც ოთარ რამიშვილს ეძღვნებოდა. ლაშა ღლონტმა და ბექა ჩხაიძემ – გავაკეთოთ საერთო სიმღერაო. ეს ოცნება ძალიან მალე ამიხდა. მივხვდი, რომ მიუღწეველი არაფერია, მთავარია მოინდომო, რასაც გინდა იმას გააკეთებ. მაშინ ვიწამე ეს. ვხვდებოდი, რომ რაღაცაში ვიღაცაზე მაგარი ვერ ვიყავი. იმიტომ კი არა,  რომ იმაზე მაგრობა მინდოდა, არა, იმას რახან შეეძლო, ესე იგი მე ვაკლებდი რაღაცას. ამას მივხვდი, როცა პანკრეატიტი დამემართა.  ალკოჰოლს დავანებე თავი, უკვე ათი წელია. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა.”

…და დაიწყო საკუთარი თავში შესაძლებლობებისა და ინტერესების ძიება.

შინაგანმა მეტამორფოზმა კონსტანტინე ყიფიანი  ოპერის სცენამდე მიიყვანა. მანამდე კი იყო რთული პერიოდი, ხელოვნების მიღმა დაწყებული არაერთი საქმე და წარუმატებლობა. ბოლოს კი, ფიქრი პატარა სიახლეზე, რომელიც დიდის საწყისად უნდა ქცეულიყო. მეგობრების დაჟინებული თხოვნით კონსტანტინე ყიფიანი გოგი ჭიჭინაძისა და ზაზა ხელაიას წინაშე აღმოჩნდა. შესრულების ახალი ტექნიკით და ხელწერით მათი მოხიბვლა მალევე შეძლო. უკან დასახევი გზა აღარ დაიტოვა და 30 წლის ასაკში კონსერვატორიაში ჩაბარება გადაწყვიტა.

„მახსოვს, მასწავლებელთან შესახვედრად წავედი. შევედი, დავჯექი და  უცებ დეჟავიუ ვიგრძენი. ვფიქრობდი, რა მჭირს?! …და გამახსენდა. ბავშვობაში, მუსიკაზე რომ დავიწყე სიარული,  რომ ვზარმაცობდი, სადაც სოლფეჯიოს მასწავლიდნენ, იმ კლასში მოვხვდი ზუსტად. აი, ზუსტად იქ  ვიჯექი და გამეცინა. მარტო ვიყავი, თან. ზემოთ ავიხედე და – მეთქი, ღმერთო, მაინც აქ მომიყვანე და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან-თქო. 30 წელი ვიბაქიბუქე, არაფერი არ გამიკეთებია და მაინც იქ მოვხვდი, სადაც წლების წინ ვიზარმაცე.”

…და ცხოვრება კონსერვატორიასთან ერთად…

ასე, საკუთარ თავსა და ხასიათს გამარჯვების პირობა მისცა და წლების წინ სიზარმაცის გამო მიტოვებულ საქმეს დაუბრუნდა. დაიწყო რამდენიმეთვიანი თავდაუზოგავი შრომა და მომღერლების შესწავლა. ასე მივიდა კორელამდე, რომელმაც მისი ინტერესები საოპერო სფეროს მიმართ კიდევ უფრო გაამძაფრა.

– რატომ კორელი?

„კორელი რომ მოვისმინე, ვთქვი, „ღმერთო სადა ვარ”. ჩემი ორი მეგობარი – სოსო აბაშიძე და ირინკა შერაზადაშვილი, ასევე მომღერლები, მოდიოდნენ და მიჩიჩინებდნენ.  მეტამორფოზი უფრო აქედან იწყება. ირინკა მეუბნებოდა, ამას მოუსმინე თუ მოგეწონებაო… პირველი მომცა პუჩინის „ბოჰემა”, რუდოლფოს არია არის ფანტასტიკა, პავაროტი… ცუდად გავხდი. მან დიდი როლი ითამაშა.  ჩემს გემოვნებას  სწორი მიმართულება მისცა კლასიკური მუსიკისკენ და ზუსტად დაიჭირა.”

– საოპერო სივრცის დიდ გზაზე აღმოჩნდით სცენის გამოცდილებით, სიყვარულით და მონდომებით, მაგრამ გზად არაერთი სირთულით. დროსთან ერთად, როგორ იცვლებოდა თქვენი დამოკიდებულება საქმის მიმართ?

„უფრო შრომისმოყვარე გავხდი. მივხვდი, რომ საკუთარ თავს მეტი დრო უნდა დავუთმო. თუ კრიტიკული პერიოდი გექნება ცხოვრებაში, დრო, რომელიც სხვისთვის დახარჯე, არაფერი არ მოვა უკან. ვნანობ იმ პერიოდს, რომელიც არ გამოვიყენე საკუთარი თავისთვის ისე, როგორც უნდა გამომეყენებინა. ახლა მინდა გამოვისყიდო და გავაკეთო, გვიანი არასდროს არ არის, ასე მგონია.”

– დღეს 36 წლის ხართ და ოპერის სცენაზე დგახართ. როგორ ფიქრობთ, მოახერხეთ თქვენში დაწყებული მეტამორფოზის მართვა?

„ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი პედაგოგი და მეგობარი ბადრი მაისურაძე, მსოფლიო დონის ხელოვანია, ფანტასტიკაა… ჩემი გულშემატკივარია ყველა საქმეში. დროსთან ერთად ძალიან  დავმეგობრდით. თეატრმა მიმიღო. ზაზა აზმაიფარაშვილმა დიდი როლი ითამაშა. მასთან ერთად ისე ვარ, როგორც თევზი წყალში, ისეთი კომფორტულია მუშაობა. გუნდი, თანამშრომლები, მთელი დასი, ფენომენალური გარემოა  და ეს ყველაფერი მეხმარება. ბედნიერებაზე რომ იწყებენ ლაპარაკს, ვიღაცისთვის არის ფული, ვიღაცისთვის სხვა რამ… მე ვფიქრობ, ბედნიერი ხარ მაშინ, როცა შენს თავს იპოვი იქ, სადაც შენი ადგილია. როცა ეს საქმე გეყვარება, მაშინ ხარ ყველაზე ბედნიერი. მე ეს წერტილი ვიპოვე.”

ცხოვრების მთავარი წერტილი დღეს ოპერაა. კონსტანტინე ყიფიანის მთავარი მიზანი არაერთი საინტერესო  პერსონაჟის შექმნა, სცენაზე მაყურებლისთვის დგომა და ემოციების,  შეგრძნებების გაცვლაა, რომელთაც შესრულების პროცესში თავად მსმენელისგან იღებს.

პროფესიული გზა, რომელიც არაერთი მიმართულებით წავიდა, ახლა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენამდე მივიდა. დღეს მისი ყველა მნიშვნელოვანი მიზანიცა და სათქმელიც აქედან ჟღერდება და დარწმუნებულია, რომ ამ სათქმელს, ამ სცენიდან, მთელ მსოფლიოს გაუზიარებს. 

ავტორი: კესო ბოჭორიშვილი

ასევე წაიკითხეთ