0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ახალი თაობა მედიცინაში – ზაზა თელია

თუ სოციალურ ქსელებში ვინმე სვამს კითხვას – ვინ არის დღეს, თბილისში, ერთ-ერთი საუკეთესო დერმატოლოგი, 80-90% პასუხობს – ზაზა თელია. ამ სახელის მიღმა, 31 წლის ახალგაზრდა, შრომისმოყვარე და უკვე ძალიან წარმატებული ადამიანი დგას. “სითის” ამ ნომერში, გადავწყვიტეთ სწორედ მის შესახებ მოგიყვეთ.

როგორ გაჩნდა ინტერესი სამედიცინო სფეროს მიმართ? როდის გადაწყვიტეთ, რომ ეს პროფესია უნდა გამხდარიყო თქვენი ცხოვრების მთავარი საქმე?

გამომდინარე იქიდან, რომ დავიბადე და გავიზარდე ექიმების ოჯახში, სულ მქონდა შეხება სამედიცინო სფეროსთან. ბებო-ბაბუ, დედა-მამა, მამიდა, ყველანი ექიმები არიან. ინტერესი ბავშვობიდანვე გაჩნდა. ბაბუ იყო “თბილისის დინამოს” მთავარი ექიმი. მე და ჩემი ძმა, ფაქტობრივად, “დინამოს” ბაზაზე გავიზარდეთ. იქ ვუყურებდით როგორ ექიმობდა ბაბუ.

ამ ყველაფრის შემხედვარე, არ გაგჩენიათ სურვილი რომ ფეხბურთს გაჰყოლოდით?

რა თქმა უნდა. ფეხბურთი დღესაც ჩემი უსაყვარლესი სპორტია. გარკვეულ ეტაპზე მინდოდა პროფესიონალი სპორტსმენი გავმხდარიყავი. ნიჭით არ გამოვირჩეოდი, თუმცა, ძალიან შრომისმოყვარე ვიყავი. გარკვეული შანსები, ალბათ, მქონდა, მაგრამ ერთი პერიოდი გარდამტეხი აღმოჩნდა და საბოლოოდ, მაინც სამედიცინო სფერო ავირჩიე და გავყევი იმ გზას, რომელსაც გაჰყვა ჩემი ოჯახის ყველა წევრი.

რატომ კონკრეტულად დერმატო-ვენეროლოგია?

სამედიცინო უნივერსიტეტი ისე დავამთავრე, ბოლომდე გადაწყვეტილი არ მქონდა რა დარგის სპეციალისტობა მინდოდა. მაინტერესებდა მეან-გინეკოლოგიაც. რა თქმა უნდა, მამაჩემის მოსაზრებაც მნშვნელოვანი იყო. მან მირჩია გავყოლოდი დერმატო-ვენეროლოგიას. დავიწყე ამ სფეროს კვლევა და აღმოვაჩინე, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რთული და პოპულარული დარგია.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მინდოდა ფინანსურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ამიტომ, სამედიცინო დაზღვევის კუთხით დავიწყე მუშაობა. ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური იყო სადაზღვევო კომპანიის გადაუდებელი შემთხვევების მართვის მენეჯერის პოზიცია. მიწევდა სამედიცინო ქეისების განხილვა. სწორედ ამან იქონია გარდამტეხი როლი ჩემს განვითარებაში სამედიცინო კუთხით. ამ პერიოდში მივიღე ზღვა სამედიცინო განათლება ყველა სამედიცინო დარგის მიმართულებით, რადგან უშუალო შეხება მქონდა სხვადასხვა სახის შემთხვევასთან. მუშაობის კვალდაკვალ, გავდიოდი სარეზიდენტო პროგრამას. დასრულების შემდეგ, მოვიპოვე ჩემი პირველი სერტიფიკატი დერმატო-ვენეროლოგიაში. 2016 წელს კი, დავიწყე დამოუკიდებელი საქმიანობა სამედიცინო ცენტრ “ციტოში”.

სოციალურ ქსელებში ხშირად მხვდება ხოლმე პოსტები, სადაც ადამიანები ეძებენ საუკეთესო დერმატოლოგს. ჩემი დაკვირვებით, პასუხების უმეტესობაში თქვენი სახელი და გვარი წერია. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

გამართლების საკითხიცაა. თუმცა, გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ მე შრომა არ დამიკლია. პირველ რიგში, ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. დერმატო-ვენეროლოგია რთული დარგია, სულ გჭირდება ინფორმაციის განახლება. ჩემი მუშაობის სტილზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მამაჩემის მიდგომამ მედიცინის მიმართ. ვგულისხმობ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას, სწორი და სარწმუნო ინფორმაციის მოპოვებას, რაც ურთულესია.

მნიშვნელოვანია სწორი მიდგომა პაციენტებთან. პირადად მე, პაციენტს ვუზიარებ სარწმუნო სამედცინო ინფორმაციას და გადაწყეტილებას პაციენტთან ერთად ვიღებ, რათა მისთვის ყველაზე ოპტიმალური მკურნალობის მეთოდი შეირჩეს.

და რაც მთავარია, მუდმივი უკუკავშირი პაციენტებთან. ჩემი სამუშაო დღე არ სრულდება კლინიკიდან გამოსვლით. გრძელდება სახლში, 12-1 საათამდე, ონლაინ კონსულტაციებით.

ზაზა თელია

ხშირად წერენ, რომ უკვირთ, როცა უკვე ასეთი წარმატებული სახელისა და გვარის მიღმა, ასეთი ახალგაზრდა ადამიანი დგას…

მსგავსი შემთხვევები რეალურ ცხოვრებაშიც მქონია. თუმცა, სხვათა შორის, ყოველთვის პოზიტიური კუთხით. ბოლო პერიოდია უფრო ნაკლებად უკვირთ, რაც ალბათ, სოციალური ქსელების დამსახურებაა.

თქვენს სოციალურ ქსელს თუ გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ ხართ ექიმი, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებაზე არამხოლოდ რჩევებს იძლევა, არამედ თავადაც აქტიურად მისდევს… როგორ ასწრებთ ამ ყველაფერს, როგორია თქვენი ერთი დღე?

15 წლის ასაკიდან ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა სპორტული დარბაზი. უკვე 16 წელია აქტიურად ვვარჯიშობ, ჩაგდება არ მქონია. ვაცდენ მხოლოდ მაშინ, როცა არ ვარ საქართველოში, მაქსიმუმ, 1 კვირა. დღე იწყება დილის 7 საათზე მსუბუქი საუზმით და სპორტდარბაზით. დაახლოებით ერთი საათი-საათნახევარი ვვარჯიშობ. შემდეგ მოვდივარ კლინიკაში და იწყება მიღებები. ბოლო პერიოდია, ძალიან ბევრი პაციენტი მოდის. დღეში, დაახლოებით, 20. ყოფილა 25-30 პაციენტიც. ჩემი მიდგომიდან გამომდინარე, არ შემიძლია პაციენტს მხოლოდ ხანმოკლე კონსულტაცია გავუწიო. თითოეულთან შრომას ვდებ და ფიდბექიც შესაბამისია. 6-7 საათზე მთავრდება სამუშაო დღე კლინიკაში, თუმცა გრძელდება სახლში, პაციენტებთან ონლაინ კომუნიკაციით.

რა ხდება თავისუფალ დროს?

შაბათი დღის მეორე ნახევარი და კვირა, ვცდილობ, მთლიანად ოჯახს დავუთმო. იმიტომ, რომ ზუსტად ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ყველას გვჭირდება. მყავს ორი ვაჟი, უფროსი, ლუკა, 7 წლის და საბა – 3 წლის.

როგორ შევხვდეთ ზაფხულს, როგორია 5 რჩევა ზაზა თელიასგან?

რთულია, პანდემიიდან გამომდინარე, მაგრამ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ფსიქო-ემოციური ფონი იყოს პოზიტიური. ნაკლები ვიჩხუბოთ და მეტი გავიღიმოთ. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობა. კვირაში 4-5-ჯერ მაინც. დამწყებთათვის სიარული, ძუნძული, ცურვა… ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ სხეულის ფორმირებისთვის, არამედ ადამიანის ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობაზეც ძალიან დადებითად მოქმედებს.

ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია რუჯი. არ არებობს ჯანსაღი რუჯი. თუმცა, თუ მაინც გვსურს გარუჯვა, კატეგორიულად არაა რეკომენდებული დამცავის გარეშე. დილის 11 საათიდან 2-მდე კი, უნდა მოვერიდოთ ზაფხულის ინტენსიურ მზეს.

თამბაქოს ელიმინაცია. ეს ცუდი ჩვევა ყველა ორგანოს, მათ შორის კანსაც, აზიანებს. მოწევა არა მხოლოდ მწეველისთვისაა საფრთხის შემცველი, არამედ, სარისკოა შთამომვლობისა და გვერდზე მყოფებისთვის. ელექტროსიგარეტი, გარკვეულწილად, გამოსავალია. ცოტა მსუბუქად ითვლება, მაგრამ ეს უნდა იყოს დროებითი, დანებების პერიოდის სირთულის გადასალახად. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თამბაქოსგან გამოწვეული პრობლემები 40 წლის მერე იჩენს თავს.

დაბოლოს, ვიყოთ სკეპტიკურები. დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტი ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ, ჯობია ფინანსურად არ დავიხარჯოთ იმ პროდუქტებზე, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ დაბერებისგან დაგვიცავს. კანის მოვლის რუტინა უნდა იყოს მარტივი. არაა საჭირო დიდი სია. მხოლოდ 3 პროდუქტი – კანის ტიპის მიხედვით შერჩეული დასაბანი საშუალება, დამატენიანებელი (აუცილებლად სამედიცინო ხაზის) და მზისგან დამცავი. თუ დამატენიანებელი შეიცავს მზისგან დამცავს, მაშინ დამატებით აღარაა საჭირო. დღესდღეობით, პოპულარულია BB და CC საცხები. ისინიც შეიცავენ მზისგან დამცავს, თუმცა, ზაფხულში დამატებითი დაცვა მაინც საჭიროა.

ფოტო: ლიზა გაბუნია

ასევე წაიკითხეთ