გიორგი გასვიანი

მსახიობი, ტელეწამყვანი, პროდიუსერი

აფხაზეთი, რომელიც ჩემს მოგონებათა სკივრში შემომრჩა, ფერადი, ნათელი და ზღაპრულია. 6 წლის ვიყავი, როდესაც წამოვედით. ამიტომ, აფხაზეთი ჩემთვის ბავშვობაა, რომელიც იქ დავტოვე. ხშირად დამსიზმრებია, რომ ჩავდივარ სოხუმში, ვცდილობ ჩვენს სახლში შესვლას თუმცა, ვერ შევდივარ… სულ ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი ბავშვობა ჩვენი სახლის კიბის ქვეშ დარჩა. იქ, სადაც ჩემი „შტაბი” მქონდა სათამაშოების შესანახად. 

გზაზე, რომელიც დევნილობიდან დღემდე გავიარე, იყო ბევრი სიკეთე და ბევრი ტკივილიც. საბოლოოდ, ამ ემოციებს იქამდე მიყავხარ, რომ შენს სათქმელს ამბობ პროფესიაში. თეატრში, თუკი სევდა, ტრაგიზმი უნდა დაიბადოს ჩემს როლში, ვფიქრობ, ეს ემოციები ჩემში განვლილი წლებიდან მოდის.

მე არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვისაც ეს ტკივილი და სევდა სულ თან არ სდევს. სწორედ ეს გვაერთიანებს ადამიანებს აფხაზეთიდან. თითქმის ყველგან, სადაც კი ვყოფილვარ, აუცილებლად მოდის ერთი სოხუმელი მაინც და მეუბნება თბილ სიტყვებს. ვფიქრობ, მანამ, სანამ არ დავბრუნდებით, ეს სევდა და არასრულყოფილების შეგრძნება სულ გვექნება. მუდმივ სევდასთან ერთად, თან გვდევს იმედი. ვიცი, რომ აუცილებლად დავბრუნდებით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ერთია ომი, სადაც აცნობიერებ რომ მტერი გებრძვის, ხალხი იღუპება და მეორეა შემდგომი ცხოვრება, რომელიც სავსეა სირთულეებით. მიუხედავად ბევრი მძიმე მოგონებისა, ყველაზე ცხადად მაინც, ტკბილი ბავშვობა, აივნიდან დანახული ზღვა, საზამთროს და ჟოლოს სუნი მახსენდება.

ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ვასკა გედენიძე

ასევე წაიკითხეთ