„ეშლი ჰოუმსთორი“ –  4 წელი საქართველოში

 „სითისა“ და „ეშლის“ მეგობრობა უკვე წლებს ითვლის. ახლახან, ერთად აღვნიშნეთ „ეშლი ჰოუმსთორის“ 4 წლის იუბილეც. ამ ხნის  განმავლობაში, კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და მუდმივად ზრუნავს სიახლეების დანერგვაზე. უფრო დეტალურად ამ ყველაფრის შესახებ   „ეშლი ჰოუმსთორის“ გენერალური მენეჯერი, გიორგი დაბრუნდაშვილი გვიყვება.

გიორგი დაბრუნდაშვილი

„ეშლი ჰოუმსთორის“ გენერალური მენეჯერი

ამერიკული ბრენდი „ეშლი ჰოუმსთორი“ ქართულ ბაზარზე 4 წლის წინ შემოვიყვანეთ. ქართველ მომხმარებელს განსხვავებული გემოვნება აქვს. სვამდნენ ბევრ დეტალურ კითხვას – მაგალითად,  ავეჯი კონკრეტულად, რომელი ხისგან არის დამზადებული? რაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ცოტა უკვირდათ. მალევე მოვერგეთ ქართული ბაზრის სპეციფიკას. პირველმა წელმა წარმატებით გაიარა. თუმცა, მალევე დაიწყო პანდემია, რაც 1 წლის კომპანიისთვის საკმაოდ რთული დარტყმა იყო. რთული იყო კოვიდიდან გამოსვლის პერიოდიც. შემდეგ იყო საომარი მოქმედებები უკრაინაში, რამაც  სტაგნაცია გამოიწვია გარკვეული პერიოდით. ფაქტობრივად, მეოთხე წელი იყო პირველი წელი, როდესაც სტაბილური სიტუაცია დაიწყო, რამაც საშუალება მოგვცა  ჩვენი მომხმარებლისთვის ბევრი სიახლე შეგვეთავაზებინა.

პირველ რიგში, ესაა სიახლე იმ მომხმარებლებისთვისაც, რომლებსაც აქამდე მოსწონდათ ჩვენი ბრენდი, მზად იყვნენ მის შესაძენად, მაგრამ რაღაც დეტალები   ხელს უშლიდათ. მაგალითად, ჰქონდათ სტუდიოს  ტიპის ბინა და ვერ ატევდნენ ჩვენს მასიურ ავეჯს.  ან ძალიან მოსწონდათ  ჩვენი მატრასები, მაგრამ ვერ არგებდნენ არსებულ საწოლს. ძალიან ბევრ კომპონენტში ვიმუშავეთ იმისათვის, რომ ყველა სიცარიელე შეგვევსო და დღეს-დღეობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა მცირე სივრცე გაქვს თუ დიდი, არ აქვს მნიშვნელობა თანამედროვე დიზაინი მოგწონს თუ ვინტაჟური, არ აქვს მნიშვნელობა  კონკრეტული ავეჯის შეძენა დაბალ ბიუჯეტზე გაქვს გათვლილი თუ მაღალზე, შენთვის ყოველთვის მოიძებნება სასურველი ნივთი ან დეკორაცია „ეშლი ჰოუმსთორში“.

ამ პერიოდის განმავლობაში არა მხოლოდ ჩვენ განვვითარდით, არამედ „ეშლი პუმსთორიც“, როგორც კომპანია  განსაკუთრებით,  ევროპული ბაზრის მიმართულებით. შეიქმნა ბევრი კოლექცია სპეციალურად ევროპული ბაზრისთვის, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს შოურუმებში და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება. დღევანდელ დღეს, ჩვენთან მოსულ მომხმარებელს ხვდება სახლის ავეჯისა და დეკორის თითქმის სრული არჩევანი ნებისმიერი ფართის შესაბამისად – ფასისა და პრემიუმ ხარისხის საუკეთესო ბალანსის მქონე სახლის დეკორი, განათება, ჭურჭელი. გვინდა, რომ მხოლოდ ავეჯის შეძენით არ შემოვიფარგლოთ. ჩვენი მიზანია, „ეშლი ჰოუმსთორი“ იყოს ცხოვრების სტილი და  როდესაც მომხმარებელს ავეჯის, სახლის დეკორისა  თუ საჩუქრის შეძენა გაახსენდება, მუდმივად გაახსენდეს „ეშლი ჰოუმსთორი“.

dabrundashvili giorgi

როგორია პირადად თქვენი და „ეშლი ჰოუმსთორის“ ისტორია?

ბევრი სასიამოვნო მოგონებით დატვირთული. თითოეული თანამშრომელი, რომელიც დღეს აქ მუშაობს, ყველაფერს აკეთებს, რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიდგომები მომხმარებელთან იმისათვის, რომ ვიზრუნოთ მათზე. მაგალითად, ვუკეთებთ სივრცის დაგეგმარებას, ვუკეთებთ ადგილზე  არჩევის შეთავაზებას.  ჩვენთან მუშაობისას, ვცდილობთ მომხმარებელს არანაირი სტრესი არ ჰქონდეს.

ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ონლაინ მიმართულებით. მომხმარებელს შეუძლია სრულად  მიიღოს ონლაინ მომსახურებაც –  ვიდეოები კონკრეტულ ავეჯზე, დახასიათება, რაც ძალიან კომფორტულია.  უშუალოდ მესენჯერის საშუალებით ვაგზავნით ამ ვიდეოებს. საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს ეს სერვისი  განსაკუთრებით მათთვის, ვინც საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ საქართველოში აკეთებს ბინებს.

ზოგადად, სახლის მოწყობა საკმაოდ რთული პროცესია. ვამუშავებთ ახალ იდეებს, რაც უფრო კომფორტულს გახდის სახლის მოწყობას ნებისმიერი ადამიანისთვის.  ჩვენ ძალიან გვიყვარს დიზაინერებთან თანამშრომლობა, მაგრამ ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს დიზაინერის მომსახურებით. თუმცა,  არის საკითხები, რომლებსაც დამოუკიდებლად ვერ წყვეტს, რადგანაც ფინანსებთანაა დაკავშირებული და გარკვეულ გამოცდილებასაც მოითხოვს. ამიტომ, ჩვენი გაყიდვების მენეჯერები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვთ, ერთვებიან  სივრცის დაგეგმარებაში და მომხმარებლეს უზიარებენ რჩევებს.

4 წლის იუბილე

ახლახან ჩავატარეთ ძალიან კარგი ღონისძიება, რომელიც ჟურნალ „სითისთან“ ერთად დაიგეგმა.  იყვნენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი მომხმარებლები. გვინდოდა ერთი ლამაზი, დასამახსოვრებელი საღამო მოგვეწყო და აღგვენიშნა ჩვენი კომპანიის არსებობის წარმატებული 4 წელი. მადლობა გადაგვეხადა სტუმრებისთვის და გვეთქვა, რომ ჩვენ კიდევ ბევრ სიახლეზე ვმუშაობთ, რასაც მალე მომხმარებელი თავადაც დაინახავს.

HOPE TO DREAM

ჩვენ ვართ ევროპაში პირველი „ეშლის ჰოუმსთორი“, რომელმაც დანერგა საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანია HOPE TO DREAM. კამპანია  მატრასებისა და ძილის აქსესუარების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის გარკვეული ნაწილით, საჭიროების მქონე ბავშვების  ხარისხიანი ძილისთვის საჭირო  აქსესუარებით უზრუნველყოფას გულისხმობს. პლატფორმა აქტიურად მუშაობს საქართველოში. უკვე გვყავს 20-მდე ბენეფიციარი და დიდი სურვილი გვაქვს, რომ საახალწლოდ და წინა საშობაოდ ძალიან დიდი პროექტი გავაკეთოთ და  სულ ცოტა, 50-მდე ბენეფიციარს მაინც დავეხმაროთ.

როგორც აღმოვაჩინეთ, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრია ოჯახი, რომელიც ვერ ახერხებს ელემენტარულად, ცალკე საძინებელი სივრცე შეუქმნას ბავშვს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ასეთ ოჯახს დავეხმაროთ. ყველა ბავშვი იმსახურებს სივრცეს, სადაც იოცნებებს. ესაა ჩვენი მიზანი. გვინდა, რომ საქართველოში ყველა ბავშვს, ვის შესახებაც ინფორმაციას მივიღებთ, რომ სჭირდება ასეთი  სივრცე,  შევუქმნათ. ამის სურვილსა და ენერგიას გვაძლევენ ჩვენი მომხმარებლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში.

ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ანა კოსტომაროვა

ასევე წაიკითხეთ