აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომი
„ბრავო რექორდსში” ახალი ალბომის ჩაწერაზე მივედით. სტუდიაში რომ შევედით, ერთ-ერთი მომღერალი როიალს მიუჯდა და დაიწყო სიმღერა. ნელ-ნელა, პედაგოგთან ერთად, ყველა შეუერთდა. აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთის სიმღერები უკვე კარგად იციან. გახედავდნენ ერთმანეთს, იღიმოდნენ და ყველა ერთად სიამოვნებითა და სიყვარულით მღეროდა აფხაზურად. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ეს სიმღერები შესაძლოა აქამდე არც კი სცოდნოდათ. ისინი ერთ სიმღერას მღეროდნენ..
ნუცა თოფურია, ია ჯგერენაია, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, გიორგი ცხადაძე, დუეტი „ჯორჯია”, სოფო გელოვანი და გიორგი სუხიტაშვილი, თიკა მახალდიანი, სოფო ხალვაში, ანსამბლი „ოდა”, მილენა აჟიბა, ნინო პაპავა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა” – სწორედ ეს მომღერლები არიან ის ადამიანები, რომლებმაც 10 ურთულესი აფხაზური სიმღერა ისწავლეს, დაამუშავეს და შექმნეს ეს პროექტი.
„ერთ სიმღერას ვმღერით” აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომია, რომელიც „ბრავო რექორდსმა”, ზაზა შენგელიას ხელმძღვანელობით, უნიჭიერეს მომღერლებთან ერთად შექმნა. კულტურა, კონკრეტულად კი მუსიკა, მოცემული პროექტის შემთხვევაში, წარმოადგენს განსაკუთრებულ ინსტრუმენტს აფხაზური ენის პოპულარიზაციისთვის, საქართველოში მცხოვრები ყველა თაობის წარმომადგენლის დაახლოებისთვის, ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, სიყვარულისა და მეგობრობის გაზიარებისთვის.
ჩაწერაზე ვგრძნობდი თუ როგორი საოცარი მონდომებითა და სიყვარულით ასრულებდნენ აფხაზურ სიმღერებს მომღერლები. რამდენიმემ აღნიშნა კიდეც, რომ აფხაზური ურთულესი ენაა, თუმცა, მათთვის ეს ყველაზე სასიამოვნო გამოწვევა აღმოჩნდა. ამ უნიკალური მუსიკალური პროექტის ფარგლებში, მოხდა დღევანდელ აფხაზეთში ყველაზე მოსმენადი და პოპულარული თანამედროვე მუსიკალური ჰიტების შერჩევა-გადამუშავება, მათთვის ახლებურად გააზრებული არანჟირების შექმნა.
სტუდიაში მომღერლები თან ნერვიულობდნენ, თან ერთმანეთს ამხნევებდნენ. ყველამ გულწრფელად მითხრა, რომ ასეთ საპასუხისმგებლო და ამასთან ერთად, სასიამოვნო პროექტში მონაწილეობის მიღება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„იმედია, რომ ჩვენი აფხაზი მეგობრები ძალიან კრიტიკულად არ შეგვაფასებენ. საკმაოდ რთული ენაა და უდიდესი პასუხისმგებლობაა ყველაფერი სწორად შევასრულოთ. მაგრამ არა უშავს, ეს პირველია და ნელ-ნელა ძალიან კარგად ვისწავლით.” – გიორგი ცხადაძე
როდესაც ერთ-ერთმა მომღერალმა დაიწყო სიმღერის ჩაწერა და მოიმარჯვა ყურსასმენი, შუშის მეორე მხრიდან, მაშინვე, ასეთივე შემართებით მოემზადა პედაგოგი/თარჯიმანი, ვინც აფხაზური ტექსტები მათთან ერთად დაამუშავა – ირმა ოსია. აიღო ფურცელი ხელში და დიდი დაკვირვებით ანიშნებდა რაღაცებს. მთელი ყურადღებითა და გულისყურით უსმენდა მომღერლებს, რამე არ შეშლოდათ, რამე არ გამორჩენოდათ და იქ, ამ ქალბატონზე ამაყი და ბედნიერი არავინ იყო.
გარდა აფხაზეთის, აფხაზური ენის, ამ სიმღერებისა და იქ მცხოვრები ადამიანების სიყვარულისა, სტუდიაში იგრძნობოდა საოცარი მუხტი იმისა, თუ როგორ უყვარდათ თვითონ ამ მომღერლებს ერთმანეთი, როგორ სიამოვნებდათ ერთად მუშაობა ამ გარემოში.
„ბატონმა ზაზამ რომ დამირეკა, მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. არ ვიცოდი სად, როდის, როგორ მოხდებოდა, მაგრამ უნდა გამეკეთებინა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩემთვის. ულამაზეს აფხაზურ სიმღერებს მოისმენთ. ამასთან ერთად, საოცარ გუნდთან, BRAVO Records-თან ერთად მუშაობა ცალკე დიდი სიამოვნებაა. ამიტომ, დიდი მადლობა ყველას.” – ია ჯგერენაია
„ბრავო რექორდსში” მუშაობა ცალკე ბედნიერებაა. ამ პროექტში ვინც ვმონაწილეობთ, ერთმანეთს რომ შევხვდით, ისეთი ემოციური იყო, ძალიან გაგვიხარდა: “შენც აქ ხარ? შენც აქ ხარ?” – ასე ვეგებებოდით ერთმანეთს. რაც აფხაზეთს ეხება, თუნდაც ასეთი ფორმით, მაინც არის ყველასთვის ძალიან ამაღელვებელი, ემოციური. ჩემთვისაც ძალიან განსაკუთრებულია ეს პროექტი და უდიდესი სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას.” – ნუცა თოფურია.
„მთელი ჩემი ბავშვობა აფხაზეთს უკავშირდება. დედა და მეუღლე მყავს აფხაზეთიდან. ჩემი შვილი, რომელიც 7 წლისაა, ამბობს, რომ ის არის აფხაზეთიდან. ყველას ძალიან გვტკივა და გვენატრება იქაურობა და არ მინდა, რომ ეს მარტო ტკივილი იყოს. მინდა, რომ ეს პროექტი, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ აფხაზებისთვისაც, იყოს ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ ისევ ერთად შევძლოთ თანაცხოვრება, ერთად მანდარინის კრეფა, ერთი ზღვის ჰაერის სუნთქვა და ერთ ქალაქში ცხოვრება…” – სალომე ბაკურაძე
„ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი ურთიერთობებისთვის აფხაზეთთან. ხელოვნებას, განსაკუთრებით კი მუსიკას, ძალიან დიდი ძალა აქვს და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთგვარი ძაფი, რომელიც კიდევ ერთხელ ძალიან მჭიდროდ დაგვაკავშირებს.” – სოფო გელოვანი
“როგორც კი, ბატონმა ზაზამ შემომთავაზა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, მაშინვე დავთანხმდი, რადგან ვფიქრობ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავბრუნდეთ ჩვენს მშობლიურ მხარეში. ამას თუ მუსიკით და სიმღერით გავაკეთებთ ან უბრალოდ თუ დავეხმარებით, მინიმალურ წვლილს მაინც შევიტანთ ამ პროცესში, ძალიან გამიხარდება.” – თიკა მახალდიანი
„ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ ეს ძალიან ძვირფასი პროექტი შედგეს. ძალიან გვინდა, რომ ყველაფერი სიყვარულით და მეგობრობით დასრულდეს. დაბრუნდნენ ჩვენი საყვარელი ადამიანები თავიანთ მიწა-წყალზე. ასე ნელ-ნელა თუ არ გავუწოდეთ ხელი ერთმანეთს, არ გამოვა არაფერი. ჩვენ ასე, ჩვენებურად ვთესავთ და ვუზიარებთ ჩვენს სიყვარულს და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ეს ჩვენი გზაა მივაწვდინოთ ჩვენი ხმა აფხაზებს და ერთგვარი სასიკეთო ხიდი გავაბათ ჩვენ შორის.” – დუეტი „ჯორჯია”
ავტორი: ელენე ბარამიძე
ფოტო: ნათია ასანიძე
გადაღების ადგილი: BRAVO Records