თანამედროვე სამყაროში, სმარტფონების წყალობით, უკვე აღარ მეგულება ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით, ერთხელ მაინც არ ჩამოუტვირთავს სასურველი სახლის, სამუშაო სივრცისა თუ სხვადასხვა დეტალით სავსე ინტერიერის ნიმუშები. – ასეთი სახლი მინდა, ამაზე ვოცნებობ – ვიტყვით ხოლმე ჩვენ რაიმე უსაშველოდ ლამაზ ფოტოზე და ვუზიარებთ მეგობრებს, მშობლებს, შეყვარებულებს თუ თანამშრომლებს. ჩემი აზრით, ეს მართლა სასიამოვნო და საინტერესო თავშესაქცევია და სიმართლე გითხრათ, იშვიათად თუ მიფიქრია რა ძალისხმევა, ხედვის რა უნარები და როგორი შრომა სჭირდება სასურველ შედეგამდე მისვლას.
რა გზა უნდა გაიარო პროფესიონალ ინტერიერის დიზაინერობამდე და რა არის ამ საქმის მთავარი ხიბლი – ამის შესახებ ელენე სხვიტარიძე მოგვიყვება. 30 წლის ქართველი დიზაინერი უკვე საკუთარი სტუდიის მფლობელი და მრავალი წარმატებული პროექტის ავტორია.
ელენე სხვიტარიძე
– ინტერიერის დიზაინისადმი ინტერესი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ადრეულ ასაკში შემოიჭრა. მას შემდეგ, რაც საკუთარი ძალებით პირველად შევძელი არცთუ ისე მსუბუქი ლოგინის გადაადგილება, მივხვდი, რომ ერთ სივრცეს ავეჯის ალტერნატიული განლაგება შეიძლება ჰქონოდა და ყველა წყობა ახალ განწყობას აღვიძებდა ჩემში. 5-6 წლის მანძილზე,ზუსტად არ დამითვლია რამდენჯერ მოასწრო ჩემმა ოთახმა სახეცვლილება. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თვეში მინიმუმ ერთხელ ამ მნიშვნელოვანი რეორგანიზაციის ატანა უხდებოდა ოჯახის ყველა წევრს. ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი, რომ ვერასდროს ავიტანდი ერთფეროვნებას როგორც სახლში, ასევე სამსახურში. საბედნიეროდ, ეს პროფესია ყველაზე მრავალფეროვან პერსპექტივას მთავაზობდა რომელიც სიგიჟემდე მომწონდა და არცერთი წამი არ მიყოყმანია მისი არჩევის დროს. პირიქით, თავდაჯერებული და გულანთებული ველოდი სკოლის დამთავრებას, რომ მალე გადამედგა პირველი და უფრო სერიოზული ნაბიჯები ჩემს საყვარელ საქმეში.
ფლორენციული განათლება და ახალი შთაგონება
18 წლის ვიყავი, როცა იტალიის ქალაქ ფლორენციაში ინტერიერის დიზაინის სასწავლად ჩავედი და 2 სხვადასხვა აკადემიაში ვისწავლე. იქ გატარებულმა წლებმა ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზები გაავლო ამ პროფესიაში ზრდის გზაზე. ევროპული განათლება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა იმ ცოდნისა და მიდგომებისგან, რაც საქართველოში ნახევარწლიანი სწავლის დროს გამოვცადე. ამ ყველაფერს დაემატა გარემო, რომელმაც უწყვეტ რეჟიმში გააღვიძა ჩემთვის შთაგონება. ფლორენცია არის ადგილი, სადაც გარემო და ესთეტიკა უმაღლეს ხარისხშია აყვანილი. იქ ვერ იპოვით დეტალს, რომელზეც ნაფიქრი არ არის. ქუჩაში სიარულის დროსაც ამჩნევთ, რომ ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანიც დიდი სიფრთხილითაა შერჩეული და დამუშავებული. ქალაქი, რომელშიც თითქმის 4 წელი ვიცხოვრე, ერთი შეხედვით დროში გამოგზაურებს. მისი ავთენტური იერსახე რეალობის განცდას გაკარგვინებს. ბოლო ერთი წლის მანძილზე სულ მეგონა სახლიდან გამოსული, ჩემს მეზობელ, დანტე ალიგიერს გადავეყრებოდი და მორიდებული ღიმილით, უხმოდ მივესალმებოდი. ეს ნამდვილად ოცნებებისა და ზღაპრების ქალაქია. იქ შეგიძლიათ იცხოვროთ ხან წარსულში ხან კი – აწმყოში. ეს არის მუდმივი კონტრასტების ქალაქი. ხედავთ თუ როგორ ერწყმის თანამედროვე ვიტრინები ძველი ქვის ფასადებს და თვალს გჭრის თავისი საოცარი სილამაზით.
ფლორენციამ და იქ მიღებულმა განათლებამ საშუალება მომცა ნათლად დამენახა განვითარების რა საფეხურები გაიარა არქიტექტურამ, დიზაინმა თუ მხატვრობამ. რა ხდებოდა მე-14 საუკუნეში და რა ხდება დღეს, თანამედროვე რეალობაში. იქაური გარემო და სწავლის ხარისხი დამეხმარა სიღრმისეულად შემეხედა სხვადასხვა ფაქტორისთვის და რაც მთავარია, მასწავლა დეტალებზე ორიენტირება, მათი განვითარება და სწორი თანმიმდევრობა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ვეცადე ევროპული გამოცდილება საკუთარ საქმეში გადმომეტანა და არ დამეკარგა არცერთი დეტალი, რომელიც იქ ყოფნისას ვისწავლე.
დიზაინის შექმნის საიდუმლო…
პროექტის განსავითარებლად და მისი სასურველ შედეგამდე მისაყვანად მთავარი ის ეტაპებია, რომელსაც დიზაინის შექმნის დროს გავდივართ. ამ დროს უმნიშვნელოვანეს როლს პროექტის განვითარების სწორი თანმიმდევრობა ასრულებს. ხშირად ვაწყდებით რეალობას, როცა დამკვეთის მოლოდინი და დროის მცირე რესურსი პირდაპირ რეალისტური ფოტორენდერებისკენაა მიმართული, რაც გამოუცდელ, დამწყებ დიზაინერებს უბიძგებს მთელი კონცენტრაცია ეფექტური `სცენის~ მოწყობისკენ მიმართონ. ამ მიდგომით, პროექტი თავიდანვე განწირულია, რადგან იკარგება მთავარი – იდეა. სწორედ იდეაა, რის გარშემოც უნდა იტრიალოს ყველა დეტალმა. უხეში პარალელი რომ გავავლო, ასეთი მიდგომით პროექტი “გაპრანჭულ” მოდელს ემსგავსება, რომელსაც საღამოს კაბა ჩააცვეს და არავის უფიქრია რეალურად რა ღონისძიებაზე მიდის ის. ასეთ დროს, სიღრმისეული განათლება გეხმარება ზუსტად გაიაზრო თუ რა არის მნიშვნელოვანი სრულყოფილი პროექტის შესაქმნელად. გასწავლის სწორი აქცენტების გაკეთებას და რაც მთავარია, ამ იდეების რეალობაში გადმოტანას. ეს არის პროფესია, რომელშიც ტექნიკური ნაწილის ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, დღევანდელ რეალობაში ჩქარი ტემპით განვითარებას სწორედ ტექნიკური ცოდნის სიმწირე აფერხებს. მნიშვნელოვანია სტუდენტმა იცოდეს, თუნდაც, როგორ მუშავდება მაგალითად, ხე, შეერთების რამდენნაირი გზა არსებობს და საიდან იღებენ სათავეს დასრულებული დიზაინის ელემენტები.
მთავარი პროექტები
ყველა იმ პროექტს, სადაც დამკვეთიც ისევეა მონდომებული რომ რეალური სახე რენდერს გავდეს როგორც მე, საკუთარი შვილივით ვუყურებ და ვუფრთხილდები. ვცდილობ წინასწარ გათვლილ “რაციონს” არ გადაუხვიოს. ამიტომ, მთავარი პროექტების გამოყოფა არც თუ ისე მარტივია.
მიყვარს სისადავე და სიმეტრია. ძალიან მომწონს ექსპერიმენტული მასალებითა თუ მარტივი გეომეტრიული ფორმებით შექმნილი საინტერესო სივრცეები, სადაც განათებით და შუქ-ჩრდილითაა მიღწეული მთავარი ეფექტი. დიდ პატივს ვცემ ისეთ არქიტექტორებს, როგორიცა, მაგალითად, ტადაო ანდო. მისი პროექტები სახასიათო იაპონური სისადავით გამოირჩევა. ვერსად ნახავ ზედმეტ დეკორაციას, მაგრამ ხშირად შეხვდები აქცენტურ, არასტანდარტული სიმაღლიდან შემოჭრილ დღის განათებას, რომელიც დღის სხვადასხვა მონაკვეთში განსხვავებულ, მაგრამ ერთნაირად შთამბეჭდავ ხასიათს აძლევს კონკრეტულ სივრცეს. აბსოლუტურად ვეთანხმები მის ვან დერ როეს მოსაზრებას – less is more რადგან ვთვლი, რომ ყველაზე რთულია მინიმალური ხელსაწყოებით შექმნა გენიალური პროექტი. ზუსტად ამ მიდგომაში ჩანს არქიტექტორისა თუ დიზაინერის შესაძლებლობები.
ჩამოვთვლი რამდენიმე პროექტს, რომელიც თავისი შინაარსით მასშტაბურია. სულ ახლახანს დამთავრდა ჩემი ერთ-ერთი დიდი პროექტი – “მწვანე სკოლის” კამპუსი ნაძალადევში, სადაც ექსტერიერის დიზაინზე ვიმუშავე. რადგან თემა ბავშვებს ეხებოდა, ვცდილობდი დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით შემესწავლა ყველა დეტალი, რათა მაქსიმალურად ბავშვებზე ორიენტირებული გარემო შემექმნა. ასევე, შემიძლია თბილისის “ბალნეოლოგიური კურორტი” გამოვყო, სადაც ინტერიერის გარკვეული ნაწილის რეაბილიტაცია და განახლება მოხდა. სასტუმროების სექტორში ვიმუშავე ისეთ პროექტებზე, როგორიცაა: “ჰილტონი”, “ბესტ ვესტერნი” გუდაურში. ასევე, გერმანული სასტუმროს, Fragmented Hotel- Sisters of Paradise-ის პორტუგალიის და საქართველოს ფილიალებზე.
რჩევა მათ, ვინც საკუთარი ძალებით ინტერიერის დიზაინის შექმნასა თუ შეცვლას ცდილობს…
ინტერიერის დიზაინის შერჩევისას მთავარია, პირველ რიგში, საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა თუ რას ველოდებით ჩვენი სახლისგან. უფრო კონკრეტულად, როგორი ემოციის მატარებელი გვინდა იყოს ჩვენი საცხოვრებელი გარემო. ზოგს შეიძლება უნდოდეს დატვირთული დღის შემდეგ სახლმა მედიტაციის, ემოციებისგან დაცლის საშუალება მისცეს, მაქსიმალური სიმშვიდე შეუქმნას მაცხოვრებლებს ან პირიქით, ხალისისა და აქტიური ცხოვრების მოტივატორი გახდეს.
სახლის ინტერიერი, პირველ რიგში, ჩვენი ცხოვრების სტილიდან და რიტმიდან გამომდინარე უნდა შეიქმნას. რიტმი, ამ შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლება ფერების საშუალებით `გადმოითარგმნოს~. ამ სივრცემ მაქსიმალური კომფორტი უნდა მოგვიტანოს ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის გააზრება თუ როგორ ვატარებთ დროს სახლში ყოფნისას ან რას ვერ ვახერხებთ და გვინდა რომ ვახერხებდეთ. იმ შემთხვევაში თუ საკუთარი სახლის რემონტს დიზაინერის დახმარების გარეშე შეეჭიდებით, ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, თანმიმდევრულად მიყვეთ საფეხურებს:
- ძალიან კარგად გაიაზრეთ დაგეგმარების ეტაპი, გაიაზრეთ ყველა ის ჩვევა თუ რუტინა, რასაც სახლში ყოფნისას ეწევით და ამის მიხედვით ეცადეთ სახლში თქვენი მოძრაობის ყოველდღიური ტრაექტორია მაქსიმალურად გაამარტივოთ. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფუნქციური ზონები, რომლებიც ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, მინიმალური დისტანციით იყოს დაშორებული ერთმანეთისგან, მაგ.: სამზარეულო და სასადილო ზონა ან მისაღები და სტუმრის სველი წერტილი. პირველი ეტაპის სწორად გათვლის შემთხვევაში, ჩათვალეთ რომ საქმის 40% შესრულებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორ საფუძველზე აგებული პროექტი თავიდანვე წარუმატებელი იქნება.
- ყურადღება მიაქციეთ განათებას. ეცადეთ თქვენი სივრცეები ერთნაირად გადანათებული არ იყოს. ძალიან კარგია ყველა ფუნქციურ ზონას თავისი ინდივიდუალური განათება თუ ექნება. სანათები არ არის აუცილებელი ერთიდაიგივე სიმძლავრის იყოს. ფუნქციიდან გამომდინარე, ნათება შეიძლება იყოს უფრო ძლიერი (მაგ. საკითხავი ან სამზარეულოს სამუშაო ზედაპირი) ან შედარებით სუსტი (მაგ. ტელევიზორის კუთხე).
- ყურადღება მიაქციეთ როგორი განწყობის შექმნა გსურთ სახლში და შესაბამისი ფერთა პალიტრა შეარჩიეთ. შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ფერების ფსიქოლოგიაზე და წინასწარ გათვალოთ ის აურა და განწყობა, რასაც თქვენი შექმნილი სივრცე მოგიტანთ. დაიმახსოვრეთ, რომ სახლი არის ადგილი, სადაც მისვლა და იქ გატარებული ყველა წუთი ძვირფასი, სასიამოვნო და სიმშვიდის მომტანი უნდა იყოს.
ავტორი: ნათია გაბუნია
ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი