ეკატერინე ქარდავა

ასოციაციის „ევროპის დროით” თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი, ჟან მონეს პროფესორი

20 წლის ასაკში მომიწია აფხაზეთის, ჩემი მიწისა და სახლის დატოვება. 20 წლის ასაკში, თითქოს დავბერდი. უცებ აივსო ჩემი ცხოვრება სიკვდილით, წამების ისტორიებით, ტკივილითა და სასტიკი რეალობით. შეწყდა ლამაზი ფერები, სილაღე, ახალგაზრდული ოცნებები. დამრჩა მოგონება მიწის სურნელის და რწმენა დაბრუნების.

ოჯახთან ერთად ცხოვრება თბილისში გავაგრძელე, ერთ-ერთი პროფესიული სასწავლებლის შენობაში, სადაც უკიდურესად გაუსაძლისი, ადამიანისა და ოჯახისთვის უღირსი პირობები იყო. აქ მომიწია 20 წელი ცხოვრება. არ ვეგუებოდი ასეთ პირობებს. მთელი ჩემი ახალგაზრდული წლები შევალიე იმას, რომ გავსულიყავი ასეთი საცხოვრისიდან.

აფხაზეთის შემდეგ, მთელი 30 წელი ვმუშაობდი ევროპული ინტეგრაციის სფეროში. ეს საქმე გავიხადე კრედოდ პირადი თავისუფლებისთვის, განვითარებისთვის, პროგრესისთვის და აქ დავინახე აფხაზეთში დაბრუნების გზა.

19 წელი ვიმუშავე საქართველოს პარლამენტში, კონფლიქტების მოწესრიგების სპეციალისტად, იურისტად, ევროპული ინტეგრაციის ექსპერტად და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის უფროსად. 3 წელი ვიმუშავე მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის სამართლის/ჰარმონიზაციის განყოფილების უფროსად; 19 წელია ვმუშაობ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროში; 7 წელია ვახორციელებ სამოქალაქო პროექტებს; 3 წელია ვარ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების სფეროში; ვიყავი მოლდოვას ასოცირების შეთანხმების შესრულების მხარდაჭერის საერთაშორისო პროექტში, უფროსი სამართლებრივი აპროქსიმაციის ექსპერტი; საქართველოში შევქმენი ევროპული ასოცირებისა და სამართლებრივი აპროქსიმაციის კურიკულუმი; ვარ 30-ზე მეტი წიგნის, კვლევის, სახელმძღვანელოს ავტორი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ განვითარებას, ადამიანის უფლებებს, შრომის სამართალს. ჩართული ვიყავი ავსტრიის შლაინინგის პროცესებში (კონფლიქტების მოწესრიგების საერთაშორისო სწავლების პროგრამა). ვიყავი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პროექტის ექსპერტი: GIZ, PMCG, USAID, IOM, FES, CIPE, KAS, CSRDG. გავიარე პროფესიული განვითარების პროგრამები ესტონეთში, ისრაელში, ლატვიაში, პოლონეთში, გერმანიაში, შვედეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ვარ NDI-ის ლიდერ ქალთა პროგრამის კურსდამთავრებული. ვარ ერასმუს+ ჟან მონეს 4 პროექტის იდეის ავტორი. მათგან, ორი მოდულის ხელმძღვანელი. ოთხივე პროექტი გამარჯვებულია და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ვასწავლი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართალს, შრომის სამართალს, ევროპულ ინტეგრაციას. ბრიუსელში ვიყავი ევროკომისიის მიერ მოწვეული სპიკერი სამოქალაქო თანამშრომლობის პლატფორმაზე; ვიყავი ნომინირებული სპიკერი ევროპარლამენტის მხრიდან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი.

თითოეული ჩემი საქმიანობის სფეროს, პროექტს, მოღვაწეობას ვუკავშირდებდი აფხაზეთს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენულობის გაძლიერებისთვის ბრძოლას, ქვეყნის ევროპულ მომავალსა და დემოკრატიზაციის განვითარებას. პროფესიული განვითარების გზაზე, ვიყავი მარტოხელა დედა, ავადმყოფი დედის მომვლელი 25 წლის განმავლობაში, სიღარიბესთან მებრძოლი. აფხაზეთიდან წამოსვლიდან მხოლოდ 25 წლის შემდეგ შევიძინე საკუთარი პატარა ბინა და დავიწყე შვილთან, ცოტნე ყიფიანთან ერთად ახალი, მეორე ცხოვრება. ასე მოვაღწიე 50 წლამდე. არ მახსოვს ტკბობა დასვენებით, ძილით. არ გავჩერებულვარ. ხშირად მენატრება მეგობრები, ნათესავები. დედ-მამას ბოლო სურვილი ვერ შევუსრულეთ _ ისინი აფხაზეთის მიწას ვერ მივაბარეთ.

ყველგან, ყველასთან, საქართველოში, უცხოეთში ვამბობდი, რომ საქართველოში არ არის ეთნოკონფლიქტი. საქართველოს თითოეულმა ხელისუფალმა იბრძოლა ამ იარლიყისა და ტერმინის წინააღმდეგ. მეც, მათ შორის. საერთაშორისო დონეზე, დღეს, ყველგან აღიარებულია ქართველთა ეთნიკური წმენდა აფხაზეთში და რუსეთ-საქართველოს ომი. დღემდე, ჩემს შვილთან, სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან აფხაზეთის თემა ჩართული მაქვს ყველა სწავლებასა და საუბარში, რათა იცოდნენ, ახსოვდეთ, შეიმეცნონ და არ დაივიწყონ აფხაზეთი.

მე კი, გავაგრძელებ ბრძოლას ევროპული მომავლისთვის, რათა დავბრუნდე აფხაზეთში.

ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ვასკა გედენიძე

მაკიაჟი: მარი ბაგრამიანი

ასევე წაიკითხეთ