ეკატერინე მარშანია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ნოტარიუსთა პალატის ნოტარიუსი

ბედნიერი ვარ, რადგან დავიბადე ულამაზესი კუთხის ულამაზეს ქალაქში, სადაც შერწყმული იყო ქართული და აფხაზური სიყვარულის ძლიერი კავშირი. დედა გახლავთ ულამაზესი ქართველი ქალბატონი, ხოლო მამა გახლდათ აფხაზი თავადი. მარშანიების გვარში ქალიშვილის დაბადება განუზომელი ბედნიერება იყო და მეც ვიზრდებოდი ამ ლაჟვარდოვან ქალაქში. შესაშურ ბავშვობას მაზიარა ჩემმა ქართულ-აფხაზურმა ოჯახმა. ჩემი მშობლები, უზომოდ შეყვარებულები თავიანთ ქალაქზე, ყოველდღიურად გვასწავლიდნენ აფხაზეთისა და ულამაზესი მაგნოლიების სურნელის სიყვარულს. საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი ქალაქისა და კუთხის სიყვარულს სწავლობ მაგნოლიის ზღვასთან შერწყმული სურნელით. სხვა რა არის სამშობლო?! _ დღეს ვსვამ ამ კითხვას და პასუხი ცალსახაა – სამშობლო არის ის ადგილი, მიწა, კუთხე, კენჭიც კი, რომელიც ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო გიყვარდება და ვერც კი წარმოგიდგენია მისი დათმობა. აფხაზეთი – ეს იყო კუთხე, სადაც ყველა ვცხოვრობდით ერთ დიდ ოჯახად, არ იყო მტრობა. თუმცა, სამწუხაროდ, აფხაზეთში დატრიალებულმა უბედურებამ ჩვენი ცხოვრების ბორბალიც უკუღმა დაატრიალა და ცრემლებითა და ტკივილით, უკვე სტუდენტმა, დავტოვე ის, რაც სიცოცხლეზე მეტად ძვირფასი იყო ჩვენთვის, ჩვენი აფხაზეთი, ჩვენი სოხუმი! ჩემი ლამაზი ბავშვობის შემდეგ, დადგა უდარდელი და ლამაზი წელთაღრიცხვა. ლამაზად დაიწყო ჩემი სტუდენტობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ეს ის წლები იყო, როცა უნდა დაგვეწყო დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლა ანი-ბანივით. ჩვენ ხომ ქართულ რეალობაში გაზრდილ-აღზრდილი გოგო-ბიჭები მშობლების განსაკუთრებული ყურადღებითა და რუდუნებით ვიზრდებოდით. ცივ ნიავს მიუკარებელმა ბავშვებმა ის-ის იყო ფეხი შევდგით ცხოვრების ახალ, დამოუკიდებელ ეტაპში, რომ ქარიშხალმა “ომის შვილები” სხვადასხვა მიმართულებით წაგვლეკა. ასე დაიწყო ჩვენი ოჯახისა და სრულიად აფხაზეთისათვის, უფრო ვიტყოდი, სრულიად საქართველოსთვის, ურთულესი პერიოდი. სკოლის ცხოვრება, ჩემს მეხსიერებაში არის შემორჩენილი როგორც ყველაზე ბედნიერი და იღბლიანი. მიუხედავად უმძიმესი წლებისა, რაც განიცადა ჩვენმა სამშობლომ, არ გვქონდა დანებების ფუფუნება. უნდა გვესწავლა, ავყოლოდით განვითარებას. საკითხი იდგა ასე: ან ვიაროთ წინ, სინათლისკენ ან დავბრუნდეთ უკან, ბნელეთში. უფლის წყალობით განვაგრძეთ სვლა სინათლისკენ, ვიზრდებოდით “ომის შვილები” დიდი გამოცდილებით. ბედნიერება სწორედ ისაა, რომ ჩვენ, ომგამოვლილმა თაობამ, შევძელით ფეხზე წამოდგომა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე ნოტარიუსად მეცადა ბედი. რაც ნამდვილად გამომივიდა. ბედნიერი ვარ ჩემი ამ გადაწყვეტილებით, რადგან ნოტარიუსის ფუნქცია არ არის მხოლოდ სანოტარო აქტის დამოწმება. ეს უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდრე გარედან ჩანს. უამრავი ადამიანი საჭიროებს სამართლებრივ კონსულტაციას. გარდა ამისა, ბევრი ადამიანი, მოგვმართავს რა გარკვეული სანოტარო მოქმედების შესასრულებლად, განიცდის გადასადგმელ ნაბიჯს და შენ გენდობა, როგორც ადამიანს. აქვე, გარდა ნოტარიუსისა, უნდა იქცე მის ფსიქოლოგად. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა მადლიერებით სავსე მოქალაქეები, განსაკუთრებით ხანდაზმულები, მაშინაც კი, როცა არ საჭიროებენ ნოტარიუსის მომსახურებას, ჩემს სამუშაო ოფისში შემოდიან მოსაკითხად, იებითა და სიყვარულით. 

ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ბევრი მადლიერი მოქალაქე მყავს და მიხარია, რომ ყველა ჩემი შესრულებული საქმე დააფასა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ. არაერთი სიგელი გადმოუციათ ჩემთვის, რაც სტიმულს მაძლევდა მეკეთებინა უფრო მეტი, ჩემი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და აღუწერელი ემოცია იყო, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მომანიჭა საქართველოს საპატიო ნოტარიუსის ტიტული. ვერ გამოვხატავ მადლიერებას და ვერ აგიხსნით იმწუთიერ ჩემს ემოციებს. ეს იყო ბედნიერების განცდა. ბედნიერების, რადგან საოცრად მაღალია შეფასების კრიტერიუმი მითითებული ტიტულის მინიჭებისას. ყველაფერი რაც შემიქმნია, როგორი რუდუნებითაც მიკოწიწებია ჩემი ავტორიტეტი, რაც გამიკეთებია, ყველა ჯილდო და სიგელი ჩემს აფხაზეთს ეკუთვნის. მე ვცხოვრობ აფხაზეთისთვის და ვარ დარწმუნებული, ძალიან მალე მიმიღებს ჩემი სოხუმი მის გადახვეწილ შვილს და მაპატიებს მიტოვების ღალატს. მეამაყება ჩემი, წარმოშობით აფხაზური ოჯახის გადაწყვეტილება, გულით და მთელი არსებით მხარი დაეჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასეთ ოჯახში აღზრდილს არ მქონდა უფლება დამეყარა ფარ-ხმალი და არ მეთქვა ჩემი სიტყვა ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ. უზომოდ მენატრება ჩემს ქალაქში წვიმის შემდეგ მაგნოლიისა და ზღვის არაამქვეყნიური სურნელი.

ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ვასკა გედენიძე

მაკიაჟი: მარი ბაგრამიანი

ასევე წაიკითხეთ