სტუმრობა ბორჯომის ტრენინგ ცენტრში
ყოველთვის მიყვარდა საკვირაო სკოლები.
არ მახსოვს პირველად სად და როდის წავიკითხე მათ შესახებ. პატარა ვიყავი, ალბათ. მახსოვს, წიგნებში აღწერილ კეთილ საკვირაო სკოლებს რაღაც ჯადოსნურ და ცოტა ზღაპრულ, მაგრამ მაინც სკოლას ვამსგავსებდი. ისეთს, როგორშიც მინდოდა სიარული. ის ხომ ჩვეულებრივი სკოლა არ არის, არ აქვს ყოველდღიურად სიარულის აუცილებლობა, არ იწერება ნიშნები. იდეაში, დიდად არც დავალებებს აძლევენ. აქ იცნობ ახალ ადამიანებს, უმეგობრდები მათ. თქვენ საერთო ინტერესები გაერთიანებით, საერთო, რაღაც ამოუცნობი თავისუფლება და ახლის შესწავლის სურვილი. განა აქ ნასწავლის შესახებ გაკვეთილებზე არ გსმენია და სკოლაში არ მოგიკრავს ყური, მაგრამ აქ, ახლებურად ისმინება და იკითხება. მერე, მასწავლებლებიც რაღაც სხვანაირები არიან: უფრო მეგობრები, თუ უფრო მასწავლებლები? თუ ორივე ერთად?
სივრცე, რომელზეც უნდა გიამბოთ ჰგავს ზემოხსენებულ სკოლას, თუმცა ის სხვა სპეციფიკისაა, აქ მოსწავლეები ყოველ დღე დადიან და მას ბორჯომის ტრენინგ ცენტრი ჰქვია.
ბორჯომში კვირას ჩავედით. მზიანი დღე იყო და მანქანიდან გადმოსულს პირველი, ამ ჟანგბადით დამძიმებული და მდიდარი ჰაერის ჩასუნთქვა მომინდა. ბორჯომის ადრინდელი ქარხნის ძველ, დიდ შენობასთან გავჩერდით. ფართო შესასვლელით, მაღალი ჭერით, დერეფნის აქეთ-იქით მიმობნეული ოთახებით. აქ 2012 წლიდან დაიდო ბინა ბორჯომის ტრენინგ ცენტრმა. მოსწავლეებთან შეხვედრამდე, აქაურობის მთავარი მასპინძელი და ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთი მცირე ექსკურსიას მიტარებს. თითოეულ ოთახში ცენტრის მიმართულებებზე მიყვება.
ვხვდები უფროსკლასელებს. ჩემამდე იმდენი საინტერესო სტუმრისთვის მოუსმენიათ, ცოტა ვღელავ. წესი მაქვს ასეთი, ვიდრე ამბის მოყოლას დავიწყებ, უნდა გავიცნო აუდიტორია.
– აბა, გამარჯობა. მოდით, ასე დავიწყოთ: გამეცანით, მითხარით თქვენი სახელი, გვარი, რამდენი წლის ხართ და თქვენი ინტერესების შესახებაც მომიყევით. ვის რა პროფესიისკენ გიჭირავთ თვალი.
მსგავს გამოკითხვას წლებია ვატარებ და მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ყველას ჟურნალისტობა უნდოდა. მერე ყველას მარკეტინგი და პიარი, და ბოლოს – ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი. ჰოდა, ასე აღარ არის. პროფესიების და მიმართულებების მთელი პალიტრა გადაიშალა. თავისუფლად და ინტერესით გეგმავენ ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეები მომავალს. ჟურნალისტიკა უმცირესობაშია. მგონი, ღირს ეს დაფიქრებად.
ბევრი ვილაპარაკეთ. მისმენდნენ, ვუსმენდი. შეხვედრა რომ მორჩა, ფოტოების გადასაღებად სხვადასხვა ოთახში დავსეირნობდით.
– მოგწონთ აქაურობა?
– ძალიან, ერთი სული გვაქვს ცენტრის დღეები როდის მოვა, მართლა. აი, თქვენ რომ ჰყვებოდით საკვირაო სკოლაზე, ზოგჯერ ერთ დღეში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სკოლის ერთი კვირისას უდრისო – ასეა ზუსტად აქ. იმდენი რამ ვისწავლეთ და ყოველ ჯერზე ახალი და საინტერესო გველოდება. მთავარი მაინც ისაა, რომ აქ საერთო ინტერესებმა გაგვაერთიანა.
აღსაზრდელების წარმატებით ბორჯომის ტრენინგ ცენტრი საქართველოს ყველაზე პრესტიჟულ და ძლიერ სკოლებს შეეჯიბრება. თუმცა, აქაურობის მთავარი ორიენტირი მაინც, გარემოს შექმნაა – თავისუფალი, ლაღი, მეგობრული გარემოსი. ამაყად მიყვებიან ურთულესი პროექტების შესახებ, რომელსაც თავად ქმნიან და წერენ. ამ საქმეში ისეთი დახელოვნებულები არიან, ბევრ პროფესიონალს გაუკვირდება.
მე ასეთ ცენტრში არ მივლია. თუმცა, მივლია ეროვნული სასახლის სხვადასხვა წრეზე. ქართულის წრეზე დავდიოდი და იმ წრეს, იმ მასწავლებელს და იმ ბავშვებს უკავშირდება ბევრი რამ, რაც დღეს ჩემი ცხოვრების შემადგენელია. პირველი თავისუფალი თემა, პირველი გამოსვლა თავისუფალ თემაზე საჯაროდ, ნაწარმოების პირველი განხილვა თანამოაზრეებთან ერთად, ღმერთო, პირველი კოსტიუმირებული მეჯლისი და, მგონი, პირველი მოწონებაც ბიჭის. არა, არა, ეგ ამბავი პირველად ბაღში მოხდა.
დაუვიწყარი საკვირაო სკოლა ჰქონდათ ჩემს შვილებსაც. ისინი კვირაში ერთხელ დადიოდნენ და სახლში მობრუნებულები ერთმანეთს ასწრებდნენ იქ გაგონილი ამბების ჩვენთვის გაზიარებას. ამ მოგონებების და გამოცდილების საფუძველზე დავაფუძნე, ჩემს გუნდთან ერთად, ენგურს იქით ბავშვებისთვის ონლაინ საკვირაო სკოლა, სადაც შაბათ-კვირას ეკრანს მიღმა ჩვენი პატარა თანამემამულეების პირველ ნაბიჯებს ვუყურებდი ქართულისკენ, ინგლისურისკენ, ხელოვნებისკენ.
ეს სრულიად სხვა და ძალიან საჭირო სივრცეა. მას ხან აფხაზეთის ონლაინ სკოლა ჰქვია, ხან ეროვნული სასახლის წრეები და ხან ბორჯომის ტრენინგ ცენტრი. იქ არ არსებობს წარუმატებელი, უდისციპლინო… იქ საერთოდ არ არის ასეთი კატეგორიები. იქ თავისუფლებაა, შემეცნება, უფროსი მეგობარი მასწავლებელი, თანამოაზრეები და ახალი ინტერესები. ერთი სიტყვით, ისეთი სკოლაა, ჩვენი საყვარელი მწერლები რომ აღგვიწერდნენ წიგნებში ან ჩვენ რომ ფიქრებში ვგეგმავთ.
როგორ დასრულდა ჩვენი შეხვედრა? ჩახუტებებით, ტელეფონების გაცვლით, ფოტოების გადაღებით და, ალბათ, დამეგობრებით. მომერიდა, თორემ ცოტა ხნით ადგილს გავუცვლიდი რომელიმეს. გადავჯდებოდი მოსწავლეების მხარეს და რამე ახალს ვისწავლიდი. მაგალითად, თუნდაც პროექტის დაწერას. კარგი იქნებოდა…
ეკა ხოფერია
ფოტო: ნინი ჯოლოხავა