ჩაჩავას კლინიკა – ორსაუკუნოვანი ისტორიის ახალი თავი

– შენთვის, შენთვის ვმღერი,

ზღაპრის ბოლო კეთილია,

შენთანშენთანა ვარ,

ნურაფრის ნუ … გეშინია

მღერიან ასე, 20-22 წლის გოგო-ბიჭები „ჩაჩავას კლინიკის“ ეზოში. მღერიან, ცეკვავენ,  იცინიან, იღებენ ვიდეოებს. კლინიკის მეორე სართულის დიდი ფანჯარა გამოღებულია და იქიდან, სავარაუდოდ,  მომავალი დედა იყურება. ისიც მღერის, თმატალღოვანი  და ისიც იღებს ამ ისტორიულ მომენტს.

2024 წლის მარტის თვე. გაზაფხულია, თბილა.  სიყვარული და სიხარული ტრიალებს ჰაერში.

რაზე მეფიქრება ახლა, იცით?

ნეტავ  რას მღეროდნენ დაახლოებით ორი საუკუნის წინ აი აქ, „ჩაჩავას“ ეზოში, მომავალი დედის გულშემატკივრები? ნეტავ  რომელი სიმღერები იყო მაშინ ასეთი ბედნიერი წუთების ასე ზუსტად გამომხატველი?

1873 წლიდან იწყება, ძვირფასო მკითხველო, „ჩაჩავას კლინიკის“ ისტორია. 1873 წელს დაარსდა მცირე სამშობიარო სახლი. ვიცი, თარიღები არ გიყვართ, მაგრამ აქ სხვაგვარად არ გამოვა. 1875 წელს დაარსებულა ამიერკავკასიის სამეანო დაწესებულება. უკვე 1912 წლიდან, მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტი გახდა. შემდეგ, კვლევითი ინსტიტუტი, ხოლო 1981 წლიდან,  აქაურობას აკადემიკოს კოტე ჩაჩავას სახელი მიენიჭა. 2010 წლიდან მას-მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას – მთელი საქართველო უკვე „ჩაჩავას კლინიკად“ იცნობს.

პოლონელი არქიტექტორის მიერ აგებული ულამაზესი შენობა, დედაქალაქის თეთრ მარგალიტად წოდებული, დღესაც ზუსტად ისეთია, როგორც წლების წინ: მაღალ-მაღალი, რაღაც დარბაისლური, მასიური ლამაზი კიბეებით,  შესასვლელში ისტორიული, უცვლელი აბრით -ქალი შლაპით – ისტორიული და ულამაზესი მოზაიკური იატაკით, მაღალი ფანჯრებით ხოლო  არსით – ნოვატორული.

ასეც იყო ჩაფიქრებული და ეს არის „ჩაჩავას კლინიკის“ მთავარი კონცეფცია და გზავნილი ჩვენთვის – საამაყო ისტორიის გაფრთხილება, შენარჩუნება და მუდმივი სიახლე;

ქეთი გოცირიძე

– ქეთის ელოდებით? – მეკითხებიან შესასვლელში. ქეთი აქაურობის მასპინძელი, „ჩაჩავას კლინიკის“ ხელმძღვანელი და რეპროდუქტოლოგია. ნამდვილი ვარსკვლავი ახალი თაობის სამედიცინო წრეებში. ქეთის დიდი ხანია ვიცნობ და შორიდან ვაკვირდები. ბოლო 10 წელია „ჩაჩავას კლინიკაში“ ის რეპროდუქციის განყოფილებას ხელმძღვანელობს და მრავალი ადამიანის ბედნიერების შემქმნელი და თანაზიარია.

–  დიახ

–  აგვიანებს, პაციენტთან შეყოვნდა – მიხსნიან. ამ ლოდინში უამრავ ისტორიას ვისმენ. თან, დერეფანში ამ ისტორიების ამსახველ ფოტოებს ვათვალიერებ. ქეთი მალე გვიერთდება და თავიდან ვიწყებ ნაცნობი და საყვარელი კედლების გაცნობას.

პირველი სიახლე- წყალში მშობიარობა.

თეთრ, ფაფუკ ღრუბლებში ჩაფლული ლურჯი-ლურჯი ზღვისპირა ცა გხვდებათ პირველად  თვალში და ოთახის შუაგულში დიდი, ქათქათა ჯაკუზი. ეს ჯაკუზი განსაკუთრებულია. სპეციალური შეკვეთით დამზადებული ლონდონის ერთ-ერთ ქარხანაში. აქ წყალგამტარობა, მილები, შიდა კედლების ხაზები და თვით ზედაპირიც კი უნდა იყოს სხვაგვარი.

– დიდხანს ველოდებოდით წყალში მშობიარობისთვის ამ განსაკუთრებულ ჯაკუზის.  მსოფლიოს წამყვანი კლინიკები უკვეთენ იქ და ამიტომ. წყალში მშობიარობის მიმართულების დანერგვა რომ გადავწყვიტეთ, იყო მთავარი დათქმა – თუ ვაკეთებთ, ვაკეთებთ უმაღლესი სტანდარტით – მიყვება ქეთი.

– ბევრია მსურველი?

– იცით, კი. იმატებს თანდათან – მპასუხობს ქეთი და დასძენს, რომ სულ ახლახან „ჩაჩავას კლინიკაში“ კიდევ ერთი ახალი მიმართულება-დოულების სერვისი დაემატა. დოულები დამხმარე ადამიანები ყოფილან, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა აქვთ და მშობიარეს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ  დახმარებას უწევენ. ესეც იკრებს პოპულარობას. ჯერჯერობით უცხოელებში, მაგრამ აქაურებიც ნელ-ნელა მიყვებიან ამ ტენდენციას.

გაკრიალებულ დერეფანში სრული წესრიგი და სიმშვიდეა. ეს რაღაცნაირად გაწყნარებს. ცხადია, რიტმია რთული, მშობიარეც ბევრი, მაგრამ იგრძნობა წლების მანძილზე ჩამოყალიბებული სისტემა, კომფორტი და გამოცდილება.

„ჩაჩავას კლინიკა“ იყო პირველი, ვინც პალატები დედებისთვის ოთახებად, ან გნებავთ,  სასტუმროს ნომრებად შეცვალა. არა, ახლაც პალატებს უწოდებენ, მაგრამ თავისი კონცეფციით მაინც მაღალი ხარისხის სასტუმროს ოთახებს და აპარტამენტებს ჰგავს. ყველას თავისი სახელი აქვს, ერთს, მაგალითად, საოცრად ელეგანტურს, ასეც ჰქვია- ლუქს ელეგანტი. ყველა დეტალი და სურვილია გათვალისწინებული.

ერთ ახლად ნამშობიარებ დედას, „ჩაჩავას კლინიკიდან“ რომ გამოდიოდა უთქვამს – ასე მგონია, აქაურობა ორსულმა ქალმა დაგეგმა და ახლად ნამშობიარებმა განახორციელაო , იმდენად ყველა ჩვენი სურვილია გათვალისწინებული.

ასეც ხდება. გაწერის წინ აქ  დედებს ეკითხებიან რა მოეწონათ, რას ისურვებდნენ, რას შეცვლიდნენ. . . თავიდან, თურმე, ყველა ცოტა დაბნეული ისმენს ამ კითხვებს. მერე, როგორც დედებს სჩვევიათ, ყველა ერთვება და სანამ ექთნები პატარებს არ შემოუყვანენ, არც ფიქრობენ ამ დიდი განხილვის შეწყვეტას.

– მათი აზრია მნიშვნელოვანი. ყველაზე საპასუხისმგებლო და ბედნიერ დღეებს ატარებს ქალი „ჩაჩავას კლინიკის“ კედლებში და მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, მათ შესაბამისი კომფორტიც მიიღონ. სასიამოვნოდ გაატარონ ის სამი დღე აქ. იყვნენ მშვიდად და ასე შემზადებულები შეუდგენენ თავიანთ ახალ ცხოვრებას კლინიკის კედლებს მიღმა – ამბობს ქეთი.

რეპროდუქტოლოგი ქეთი გოცირიძე სამი შვილის დედაა.   მისი სამუშაო რიტმი მართლაც 24/7-ზეა. მიყვებიან, რომ სამივე ბავშვზე სამშობიაროდ პირდაპირ სამუშაო ადგილიდან წასულა. წარმოიდგინეთ, ხარ პაციენტთან, მუშაობ, მთელი შენი არსითა და გამოცდილებით გუნდთან ერთად ჩართული ხარ, რომ ის დედა გახდეს, უცებ . . . მიდიხარ და მშობიარობ!

როგორია? გადასარევი! და სამოტივაციოც ჩვენთვის, ქალებისთვის.

„ჩაჩავას კლინიკა“ მართლაც ხარისხის ნიშანია და ამიტომ  ყველა სიახლეს, რაც აქ ინერგება, ნდობით ხვდება  საზოგადოება. იმასაც კი, რაც თავდაპირველად კითხვებს აჩენს. ასე იყო წლების წინ. ბევრს უკვირდა სიახლე – სად სამშობიარო და სად ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის ოთახები, აპარტამენტები. გაამართლა. რატომ, იცით? არა იმიტომ, რომ ეს მართლაც ძალზედ კომფორტული აპარტამენტები და ლუქსები მხოლოდ გარკვეული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვისაა. არა! მთელი გარემოა შექმნილი თითოეული ქალისთვის, ვინც აქ შემოდის. იგივე მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, იგივე კვება, იგივე  ბავშვის მოვლა. განსხვავება ოთახების ზომაში და, კი ბატონო,  ოთახების სხვადასხვა  იერშია.

ნდობით შეხვდნენ პაციენტები  რეპროდუქციის მიმართულებას, პლასტიკური ქირურგიის განყოფილების დაფუძნებას. რადგან ეს ჩაჩავაში ხდება, ესე იგი მაღალი ხარისხის გარანტიაა. ეს ხომ ჩაჩავაა. 

ამბის თხრობა აქ უნდა დავასრულოთ.

დასასრულისთვის ერთი ძლიერ მნიშვნელოვანი თემა შემოვიტოვე. ორსაუკუნოვანი კლინიკის კედლებში მალე მემილიონე ახალშობილი დაიბადება! ზუსტი დრო და თარიღი, აბა როგორ გითხრათ, მაგრამ უახლოეს მომავალშიო, მითხრეს.

ამ ღირსშესანიშნავ ამბავს ყველა ერთად გავიგებთ, ყველას ერთად მაგრად გაგვიხარდება. ერთი კითხვა არ მასვენებს მხოლოდ: რა სიმღერით ან შეძახილებით შეხვდება ამ დიდებულ ამბავს დამსწრე საზოგადოება?

გაგაგებინებთ!

ავტორი: ეკა ხოფერია

ფოტო: ნათია ასანიძე

ასევე წაიკითხეთ