გამორჩეული ადგილი ქალაქის ცენტრში განტვირთვისთვის
უკვე ერთი წელია, თბილისს, სპორტისა და განტვირთვის მოყვარულთათვის განსაკუთრებული სივრცე, Axis Towers Wellness Center შეემატა. ველნეს ცენტრი „აქსის თაუერსის“ ძირითადი კონცეფციის ნაწილია. კომპლექსში თავმოყრილია დეველოპმენტის 5 მიმართულება: საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული, სასტუმრო და გასართობი.
თინათინ ელიოზიშვილი, Axis Towers Wellness Center-ის ხელმძღვანელი
როგორ დაიწყო თქვენი და Axis Towers Wellness Center-ის ისტორია?
კომპანიაში პანდემიის პიკზე გადმოვედი, რაც ერთგვარი გამოწვევა იყო. გუნდში ყოფნა ობიექტის გახსნის წინ, ყველა ხელმძღვანელისთვის დიდი გამოცდილებაა. მითუმეტეს, პანდემიის პერიოდში. ნიშანდობლივია, რომ ამ რთულ დროსაც „აქსის თაუერსი“ განაგრძობდა პროექტის განვითარებას და აქტიურად ასაქმებდა პერსონალს, რაც ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყო.
ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო პროდუქტი გამოგვივიდა და ქალაქში ახალი, მიმზიდველი ადგილი გაჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი 20 წლიანი გამოცდილების ფონზე „აქსის თაუერს ველნესი“ ყველაზე მეტად მიყვარს, რადგანაც აქ მომეცა საშუალება ყველა ჩემი იდეა განმეხორციელებინა.
ჩემი კარიერა ფიტნეს დარბაზის მწვრთნელის პოზიციიდან დაიწყო. ვარ ველნეს საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ სერტიფიცირებული მწვრთნელი. სწორედ ეს გამოცდილება მაძლევს საშუალებას უფრო ეფექტურად ვმართო სამწვრთნელო შტაბი.
სავარჯიშო დარბაზი
უნიკალურია ველნესში არსებული სპორტული მიმართულება. სპორტულ სივრცეში ხელმისაწვდომია „ტექნოჯიმის“ უახლესი მოდელის ტრენაჟორებით აღჭურვილი ზონა, კარდიო ზონა, კრივი, პილატესი, იოგა და კრივის სამოყვარულო რინგი.
დარბაზი ფუნქციონირებს დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე, ხოლო სასტუმრო „პულმანის“ სტუმრებისთვის 24/7. დარბაზში შესაძლებელია როგორც ჯგუფურ ვარჯიშებში ჩართვა, ასევე, პერსონალური მწვრთნელის აყვანა და ინდივიდუალური პროგრამის შედგენა.
განსაკუთრებულია ის გარემოც, რომელიც ჩვენს სტუმრებს ხვდებათ. დარბაზიდან იშლება პანორამული ხედები ჭავჭავაძის გამზირზე, დიდი სივრცე კომფორტულად ვარჯიშისთვის, ტერასა და მოსასვენებელი ზონა, სადაც ჩვენი წევრების განტვირთვისთვის ყველა დეტალია გათვლილი.
აუზი
ველნესი სივრცე, ასევე, მოიცავს 25 მეტრიან აუზს მოძრავი შუშის გადახურვით, რომელიც იდეალურია ყველა სეზონზე. აუზის ტერიტორიაზე განთავსებულია 2 ჯაკუზი და რამდენიმე ტიპის საუნა: ორთქლის ოთახი, მცენარეული და ფინური საუნები.
კლუბის წევრების გარდა, ველნესი პოპულარობით სარგებლობს 5* სასტუმრო „პულმანის“ სტუმრებს შორისაც. აუზის ბარში მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელია როგორც საერთო მენიუს, ასევე სპეციალური, ფიტნეს მენიუს შეკვეთა, ჯანსაღი საკვებით, რომელიც გათვლილია ყველა ტიპის სტუმარზე.
განსაკუთრებით გვეამაყება ჩვენი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მასპინძლობა. სასტუმრო „პულმანში“ განთავსების დროს, სპორტსმენები სტუმრობენ ველნესის სავარჯიშო დარბაზს, აუზს და მოსასვენებელ სივრცეებს.
გუნდი, რომელიც ქმნის Axis Towers Wellness Center-ს
მთავარ მიღწევად საუკეთესო გუნდის ლიდერობას ვთვლი. რაც ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან გამიმართლა, რომ ყველაზე მშრომელი, მოტივირებული და განსაკუთრებული გუნდი მყავს.
გვყავს სერტიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორები, განსაკუთრებული მიდგომითა და მრავალფეროვანი სავარჯიშო პროგრამით – აკვა ფიტნესი, იოგა, პილატესის აქტივობა, რომელსაც უძღვება ჯო პილატესის მეორე თაობის მოსწავლის, რენატა საბონგუის მიერ სერტიფიცირებული მწვრთნელი, მარი ჩიხლაძე. კრივი, Skill Row – ნიჩბოსნობის იმიტაცია, სპინინგი, ფუნქციონალური ვარჯიში და ჩვენი მწვრთნელების მიერ შექმნილი საავტორო აქტივობები.
გამოწვევები ბევრია, რაც ძალიან მიხარია. ველნეს ინდუსტრია ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და დარგში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რაც დამატებითი მოტივაციაა ჩვენთვის.
ერთგული მომხმარებლები, კლუბის წევრები, რომლებსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ თქვენი სივრცისა და გუნდის მიმართ…
გვყავს კლუბის წევრები, რომლებიც გახსნის დღიდან ჩვენთან არიან და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველა დეტალი მომხმარებელზეა მორგებული და კომფორტულ სივრცეს ქმნის.
კლუბის წევრები გამორჩეულად დიდ დროს ატარებენ აუზის მზიან ტერასაზე. ასევე, გამოარჩევენ პროფესიონალი მწვრთნელების მიერ შედგენილ ფიტნეს მენიუს, დათვლილი კალორაჟით, დეტოქს და საავტორო კოქტეილებს. ხშირად აღნიშნავენ ინდივიდუალურ მიდგომას მწვრთნელებისგან, რაც ჩვენთვისაც პრიორიტეტია.
სამომავლო გეგმები
უახლოეს მომავალში ველნესის სივრცეში გაიხსნება პრემიუმ ბრენდის ფრანგული სპა, სადაც იქნება უნიკალური პროცედურები და უმაღლესი ხარისხის მომსახურება.
დაგვემატება ექსკლუზიური საავტორო ვარჯიში „აუზის ფიტნესი“, რომელიც შექმნილია ჩვენი პროფესიონალი მწვრთნელის, მანანა ჩანქსელიანის მიერ, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. მანანა გახლავთ საქართველოსა და ევროპის ჩემპიონი ცურვაში. ასევე, არაერთი საერთაშორისო ჩემპიონატის ჯილდოს მფლობელი და საქართველოს მხატვრული ცურვის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.