თოდუას კლინიკა ვერაზე – კოსმოსი ვერის უბნის შტრიხებით

“შენობა გავხვრიტეთ, ამწე შევიყვანეთ და 8 ტონიანი ტომოგრაფი რამდენიმე სართულით ქვევით უსაფრთხოდ ჩავიტანეთ” მართლაც კოსმოსურ ამბავს უზიარებდა ამ ზაფხულს თოდუას კლინიკის ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე მის მრავალრიცხოვან მეგობრებს ფეისბუქ სივრცეში.

8 ტონიანი ტომოგრაფის უსაფრთხოდ დაშვება მიგვანიშნებს იმ მასშტაბებსა და ხარისხზე, რომლითაც საზოგადოების წინაშე ახალი ვარსკვლავი წარსდგება – “თოდუას კლინიკა ვერაზე”.

სახელგანთქმული, 30 წლიანი ისტორიის მქონე “თოდუას კლინიკის” ფილიალი ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის 10 ნომერში იხსნება. ბინა მან ყოფილი სასტუმროს შენობაში დაიდო და თავისი არსით ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფილიალი. ეს არის 8 სართულზე განთავსებული, გარე იერსახე შენარჩუნებული, სრულად შეცვლილი და მოდერნიზებული შიდა სივრცე. ამბავს ახალი სივრცის შესახებ მისი ხელმძღვანელი, მედეა ანთელავა გვიყვება:

– ვერის უბანს არ მოუხდებოდა გარე ფასადის შეცვლა. ამიტომ ის პრაქტიკულად, უცვლელი დავტოვეთ. აი შიგნით, ყველაფერი შეცვლილია სრულიად ახალი ხედვის, კონცეფციისა და დიზაინის მიხედვით.

როგორც წესი, კლინიკები ცენტრიდან გარეუბნებში გადადიან, გაფართოებისა და სხვა მიზეზების გამო. თუ არ ვცდები, პირველები ხართ, ვინც მულტიფუნქციური სივრცით ცენტრში შემოდიხართ.

– “თოდუას კლინიკა ვერაზე” – ეს ჩვენი პაციენტების იდეით შექმნილი კლინიკაა. ამ იდეებს მოუყარა თავი გუნდის ხელმძღვანელმა, გიორგი დიასამიძემ. დღეს, როდესაც დრო ასე ცოტაა, ყველა მექანიზმით მის დაზოგვას ვცდილობთ. პაციენტები ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ საცობების გამო ჩვენს ცენტრალურ კლინიკაში მოსასვლელად ბევრი დრო ეხარჯებოდათ. კარგი იქნებოდა ამ ტიპის და ხარისხის მომსახურება ქალაქის ცენტრალურ უბნებთან ახლოს ჰქონოდათ. ვუსმენდით, ვფიქრობდით, ვეძებდით ადგილს და ნელ-ნელა მოვდიოდით ამ გადაწყვეტილებისკენ.

სივრცე ვერის შუაგულში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე გამოჩნდა. უბნის არქიტექტურული ხასიათიდან რომ არ ამოვარდნილიყვნენ, ფასადი იგივე დატოვეს. შიგნით, 8 სართულზე კი, მასშტაბური რეკონსტრუქცია დაიწყო.

შესასვლელში დიდი გაშლილი სივრცე დაგხვდებათ დიზაინით, რომელიც თქვენ არცერთ კლინიკაში არ გინახავთ. ერთმანეთთან თანაარსებობენ ქვა, ხე, მუქი და რბილი ფერების გრადაცია, მცენარეები, დიდი ვიტრაჟებიდან შემოსული ბუნებრივი განათება, ღია ვერანდები, კაფეტერია, სასტუმროს ტიპის ოთახები, ავეჯი სხვადასხვა ფაქტურის ტექსტილით და ხავერდით, საინტერესო აქსესუარები თაროებზე… შემოსვლისთანავე ხვდებით, რომ კონცეპტუალურად ახალ სივრცეში ხართ. აქაურობის ხელმძღვანელიც ძლიერ ორგანულია ამ სივრცისთვის – მედეა ანთელავა გახლავთ “ვერის თოდუას კლინიკის” მასპინძელი და მთავარი მენეჯერი. სამედიცინო წრეებში ეს სახელი და გვარი პრაქტიკულად ყველასთვისაა ცნობილი. ერთი, რომ მედეა ცნობილი სამედიცინო ოჯახის წარმომადგენელია, მეორე კი ის, რომ 12 წელია მედეა ანთელავა კლინიკური კვლევების დეპარტამენტში მუშაობს. პროფესიონალიზმი, ყველა დეტალისა და ნიუანსის ორგანიზება, უსაზღვრო დისციპლინირებულობა და პაციენტის ჯანმრთელობაზე ორიენტირება – ეს თვისებები თუ არ გაქვს, ამ მიმართულებით ვერ იმუშავებ.

– როგორ გგონიათ, რა კუთხით დაგეხმარებათ ეს გამოცდილება კლინიკის ხელმძღვანელის ამპლუაში?

– ვფიქრობ, ცოტ-ცოტა ყველაფრით. მენეჯმენტი დეტალებისგან შედგება. მათი ერთობლიობა განაპირობებს კარგ და გამართულ მართვას. ყველა ნიუანსი უნდა გათვალო და არაფერი გამოგეპაროს. მთავარი კი ისაა, რომ რეალურად პაციენტზე იყო ორიენტირებული, მის ჯანმრთელობაზე. ისე მოაწყო ყველაფერი, რომ მაქსიმალურად გაუმარტივო გზა სასურველი შედეგის მიღწევამდე. უნდა იგრძნოს, რომ ამ კლინიკაში მის გვერდით არიან, მასზე ფიქრობენ.

გიორგი დიასამიძე, თოდუას კლინიკის ხელმძღვანელი, ყურადღებით უსმენს მისი ახალი კლინიკის ჭკვიან, საქმიან და ძალიან მომხიბვლელ ახალ მენეჯერს. ჩანს, რომ ამ თემებზე მათ საკმაოდ ბევრი უსაუბრიათ.

– იმის თქმა, რომ ამ კლინიკაში ჩვენ საუკეთესო აპარატურა გვექნება და საუკეთესო ექიმები გვეყოლება მგონია, რომ არც არის საჭირო. ეს თავისთავად იგულისხმება. რისი კლინიკა ხარ, თუ შენ ამას არ უზრუნველყოფ. მთავარი, რაც დღეს პაციენტს სჭირდება ეს ემპათიაა ექიმისა და კლინიკის წარმომადგენელთა მხრიდან. ამაზეა აგებული ყველაფერი და აქეთ მივდივართ ჩვენც – დასძენს ის.

ეს თავისთავად. თუმცა, მოდით აღვნიშნოთ ისიც, რომ კლინიკა, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, მართლაც ლიდერია თანამედროვე აპარატურის თუ მეთოდების დანერგვის კუთხით და აქ თავმოყრილი ცნობილი და პროფესიონალი ექიმების თვალსაზრისითაც. მედეა ანთელავა ამბობს, რომ “თოდუას კლინიკას ვერაზე” საკუთარი ვარსკვლავები ეყოლება. აქ სახელებსა და გვარებს არ ჩამოვთვლით, მალე თავად შეიტყობთ მათ შესახებ.

მაშ ასე, 8 სართული. რა მოხდება ამ 8 სართულზე? თქვენი დროის დაზოგვის მიზნით, მხოლოდ რამდენიმე მიმართულებაზე შევჩერდებით.

იქნება ყველაფერი ის, რაც უნდა იყოს პრევენციული მედიცინისთვის განკუთვნილ მულტიფუნქციურ სივრცეში.

დავიწყოთ ე.წ. ჩექაფით, ანუ ჯანმრთელობის გამოკვლევით. აქ მას მთელი სართული დაეთმობა. ჩექაფზე, როგორც წესი, მოდიან ოჯახები, მოდიან საქმიანი ადამიანები… ჩვენ ისე მოვაწყვეთ, რომ ყველა პაციენტს თავისი ოთახი ექნება. სასტუმროსავით კეთილმოწყობილი, კომფორტული და ჩექაფის ძირითადი ნაწილი ამ ოთახში გაივლის. აქ შემოვლენ ექიმები, ჩაუტარებენ კონსულტაციას. გარკვეულ გამოკვლევებსა და დიაგნოსტიკას, ცხადია, პაციენტი სხვა სივრცეში ჩაიტარებს. პრინციპი ისაა, რომ დროის დაზოგვით ის ბევრ რამეს მოასწრებს. შეუძლია აქვე იმუშაოს, იყოს მისი ოჯახის წევრთან ან ახლობელთან ერთად – ყვება ამ სივრცის შესახებ მედეა ანთელავა და დასძენს, რომ “თოდუას კლინიკა ვერაზე” აქცენტს პედიატრიაზეც გააკეთებს. იმატა ბავშვების ჩექაფის მოთხოვნამ. ეს იდეა, ასევე პაციენტებისგან წამოვიდა. მშობელს საშუალება ექნება ოპტიმალურ დროში სასურველი და საჭირო კვლევები და დიაგნოსტიკა ჩაუტაროს ბავშვს. ჩვენი გუნდი ნელ-ნელა მიდის პედიატრიის მიმართულების გაძლიერებისკენ. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

ყოველი ოთახიდან, რომელიც ძალიან გემოვნებიანი დიზაინითაა გაწყობილი, დიდვიტრაჟებიანი კარით აივანზე გადიხართ. ექიმებთან კონსულტაციებსა და გამოკვლევებს შორის შესვენების დროც შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ. კარგი ამინდის შემთხვევაში ღია ვერანდაზეც შეძლებთ მიირთვათ ლანჩი ან ისადილოთ.

შემდეგი მნიშვნელოვანი და ერთგვარად ექსკლუზიური თემაა ახალი ტიპის სერვისი მათთვის, ვისაც სრული გამოკვლევა არ სურს, მაგრამ ერთდროულად ორი ან სამი კვლევის თუ კონსულტაციის მიღება სჭირდება. უკვე დატრენინგდა და თქვენთან შესახვედრად მზად არის ჯანმრთელობის პერსონალურ მენეჯერთა გუნდი. ეს სერვისი ცოტათი პერსონალურ ბანკირთა სერვისს წააგავს. თქვენ წინასწარ ეწერებით და თქვენი ჯანმრთელობის პერსონალური მენეჯერი გიდგენთ გრაფიკს. არ გიწევთ რიგში დგომა, ლოდინი სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკასა თუ კონსულტაციას შორის. რამდენიმე საათში იღებთ ამ მომსახურებას. ეს ახალი, ერთგვარი პრემიუმ პაკეტია. სურვილის შემთხვევაში პაციენტი მას მიიღებს ვერის ფილიალში.

“თოდუას კლინიკის” ერთ-ერთი ძლიერი მხარე ონკოლოგია, ცხადია ვერის კლინიკაშიც იქნება წარმოდგენილი. ბევრია პაციენტი, რომელსაც შორს სიარული უჭირს და მათთვის ახალი ლოკაცია ძალიან მოსახერხებელი იქნება.

კიდევ ერთი სივრცე “თოდუას ვერის კლინიკაში” ეს პლასტიკური ქირურგიის სართულია. ის ბოლო, მერვე სართულზე განთავსდება. აქაურობის ვარსკვლავზე გვიყვება მედეა ანთელავა: – ეს უახლესი აპარატურაა, 3D მოდელირების სისტემის. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ოპერაციულ ჩარევამდე ნახოთ როგორ “ჩაჯდება” ესა თუ ის ორგანო თქვენს სახესა თუ სხეულში. იქნება ეს ცხვირი, იქნება ეს მკერდი… ამას გარდა, ამ უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით, სახეზე ფილერის ან გნებავთ ბოტოქსის დამატების ეფექტსაც კი ნახავთ წინასწარ… უყურებ ეკრანზე საკუთარ სახეს და ექიმთან ერთად აფასებ, მოუხდება ესა თუ ის ჩარევა თქვენს სახეს თუ – არა, სად და რა ოდენობით ჯობს დაიმატოთ ფილერი. კოსმოსია ნამდვილი, ქალების კოსმოსი, თუმცა, ალბათ უკვე კაცებისაც.

იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე დაბინავებული “თოდუას კლინიკა ვერაზე” მხოლოდ დასაწყისია. დასაწყისია ამ მრავალწლიანი და ძლიერი ბრენდის, “თოდუას კლინიკის” ფილიალების გახსნისა თბილისის სხვადასხვა უბანში. ფილიალები, სამომავლოდ, შესაძლოა საქართველოს დიდ ქალაქებშიც გაიხსნას. წინ სამედიცინო ტურიზმის თემაც გახლავთ. გეგმა ბევრია, გუნდი ძლიერი, მენეჯერი ენერგიული – ყველა წინაპირობაა წარმატებისთვის, რომელსაც სახელად თქვენი ჯანმრთელობა ჰქვია.

ავტორი: ნათია გაბუნია

ფოტო: LIG Studio

გადაღების ადგილი: თოდუას კლინიკა ვერაზე, Radisson Blu Iveria

 

ასევე წაიკითხეთ