“არიას” ჰაეროვანი ისტორია სითიში

 „ არიას“ ვიტრინა, აბაშიძის 56-ში, კინოკადრივითაა და გამზადებულ გადასაღებ მოედანს ჰგავს, სადაც ცოტაც და,  საინტერესო ისტორიები გათამაშდება. ასეც არის. კინოგმირებს ჰგვანან  “არიას”  გოგონები, უკვე კარგად ნაცნობ ადამიანებს ყოველდღიურად  რომ ეგებებიან  და ზუსტად იციან, ვინ რისთვის მოდის.

– გამარჯობა, მოცარელა თუ ჩამოვიდა?- აქცენტით, მაგრამ ქართულად ეკითხება შუა ხნის უცხოელი, სავარაუდოდ,  იტალიელი მამაკაცი და პასუხის მოლოდინში მაცივარს ისე ათვალიერებს, თითქოს აქ პირველად მოხვდა. არადა, გახსნის დღიდან კვირაში ერთხელ   სტუმრობს “არიას” და  ამიტომ, ზუსტად იცის პროდუქტის  მიღების დღეები.

ნატურალური, ნედლი რძისგან დამზადებული თითოეული პროდუქტი განსაკუთრებულია. ეს განსაკუთრებულობა   მის რეცეპტს, მომზადების პროცესს, ტრანსპორტირებას, შენახვის პირობებსა და ვადას გულისხმობს. მას დიდი ხნით ვერ და არ შეინახავ.  მისი ჩამოსვლის დღეებიც, შესაბამისად, განსაზღვრულია. ასეა, ნატურალური თუ გინდა, ამ წესებს უნდა დაემორჩილო.

თათა ქურხაშვილი

თათა ქურხაშვილი „არიას“  ბრენდის შექმნის იდეიდან მოყოლებული, დღემდე სულ უფრო მეტი ენთუზიაზმითა და ხალისით აკეთებს საქმეს.  ისიც კინოგმირს ჰგავს.  ამ ბუტიკურ მაღაზიაში ყველაფერს მისი ხელწერა ეტყობა. ამ პაწაწინა ძროხებს, თხებს, ათას საყვარელ და რძესთან დაკავშირებულ აქსესუარს, ლიტერატურას ყველის დაფის აწყობის შესახებ  თუ საკუთრივ დაფას, პირველი დღიდან თავად არჩევდა, აგროვებდა, ალაგებდა, გადაალაგებდა და ასეა სულ. ზის იქვე,  მაღალ სკამზე, იტალიურ ესპრესოს სვამს და გაღიმებული „არიას“ განვითარების  გეგმებზე საუბრობს:

„ არია“ იტალიურად ჰაერს ნიშნავს. ბევრი რამ გვჭირდება დღეს ჰაერივით, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ნატურალური, სასარგებლო პროდუქტი – ყველაზე მეტად. პანდემიის დროს უფრო აქტიურად დავფიქრდი სწორ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.  100%-ით ნატურალური რძის პროდუქტებისა და ყველის ახალი, ქართული ბრენდის შექმნის იდეა რომ გაჩნდა, მივხვდი, რომ სწორ ადგილას ვარ. “არია” არა მხოლოდ ნატურალური რძის პროდუქტები, არამედ ცხოვრების წესიც არის.

aria tbilisi

ამ ზღაპრული მაღაზიის უკან საერთაშორისო სტანდარტების რძის  გადამამუშავებელი საწარმო, თხის ფერმა, პროფესიონალთა გუნდი, საერთაშორისო გამოცდილება და უკვე ბევრი, ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი დგას.”

„არიას“ პროდუქცია სამეგრელოში, სოფელ მენჯში იწარმოება. 60 ჰექტარ მიწის ფართობზე თხის  ფერმა და საწარმოა განთავსებული  და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ფუნქციონირებს. გამოცდილებისა და ტექნოლოგიის გაზიარების მიზნით,  ყველის მცოდნე ქართველებთან იტალიელი, ჰოლანდიელი, შვეიცარიელი სპეციალისტები ჩამოსულან.

უამრავი დეტალის ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ ასი პროცენტით ნატურალური რძისგან ქართული და ევროპული ყველი მოამზადო. სწავლების პროცესმა შესანიშნავად ჩაიარა.  დღეს, თქვენთვის, “არიას” რძის პროდუქტებსა და ყველს მენჯში ადგილობრივი მაცხოვრებლები ამზადებენ. ახლა უკვე თავად “არია” სტუმრობს ევროპის ქალაქებს და მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩამოაქვს იმისთვის, რომ ყველისა და რძის პროდუქტების  ახალ-ახალი სახეობები შესთავაზოს   მომხმარებელს.

Tbilisi aria

„სითის“ პირობა მისცეს, საგაზაფხულოდ ერთად ვეწვევით “არიას” ფერმასა და რძის გადამამუშავებელ საწარმოს  და ამას სამომავლოდ აუცილებლად მოგიყვებით.

– 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტია თავმოყრილი  ჩვენი ბრენდის ქვეშ. ეს, ცხადია, მოიცავს ყველა ჩვენს საყვარელ ქართულ ყველს და ევროპულ  სახეობებს. ასევე,  რძესა და რძის პროდუქტებს – გვიყვება თათა.

მენჯიდან დედაქალაქისკენ  პროდუქცია მაცივარ-მანქანებით მკაცრად განსაზღვრულ დროს მოდის.  როგორც გითხარით, ნატურალური რძისგან დამზადებული პროდუქცია  მალფუჭებადია. ის შენახვის განსაკუთრებულ წესს მოითხოვს.

ეს მაღაზია „არიას”  ერთი პატარა კუნძულია.  სინამდვილეში, მისი გავრცელების არეალი უკვე ძალიან დიდია – იქნება ეს დედაქალაქის საუკეთესო რესტორნები, სასტუმროები თუ კაფეები.

იტალიელ მამაკაცს ახალგაზრდა წყვილი მოჰყვა, ქართველები არიან და ევროპულ-ქართული ყველის ნაკრები წაიღეს. ვიღაცამ კამეჩის მაწონსა და იოგურტს წიწაკის მურაბა გააყოლა, ვიღაცამ – თხილი… ერთმა ქალბატონმა  – დღეს ჩემებური ხაჭაპური უნდა გამოვაცხოო და იმერულ ყველს და სულგუნს წინსაფარიც მიაყოლა.

tata khurkhashvili

– ჰო, კონცეპტ-მაღაზიასავითაა „არია“- იცინის თათა, – ყველთან და რძის პროდუქტებთან ერთად, ათასი სასიამოვნო, საჭირო, ან სულაც, არასაჭირო, მაგრამ ლამაზი ნივთი იყიდება.  მომხმარებლისთვის მოსახერხებელიც არის და სახალისოც.

თათა ქურხაშვილისთვის “არია” ცხოვრების ძალიან საინტერესო ეტაპია. ზურგს უკან ბევრი საპასუხისმგებლო საქმე და პროექტი აქვს. მისი გამოცდილების სინთეზია დღევანდელი საქმე  დიდი გეგმებით, ბევრი სამუშაოთი და პროფესიონალთა გუნდით.

ქურხაშვილი თათა

გავა დრო და   იმედია,  „არია“  სამეგრელოში 60 ჰექტარზე გაშლილ მამულებში ძროხისა და კამეჩის ფერმებსაც გახსნის. ასევე,  დამატებით ლამაზ ფილიალებს  მთელ საქართველოში და  „არია“ ჩვენი სითი-ქალაქების ცხოვრების რიტმის ისეთივე შემადგენელი გახდება, როგორც მისი უდიდებულესობა  ყველი  ჩვენი თუ სხვა ევროპელების ცხოვრებაში.

ტექსტი: ეკა ხოფერია, ელენე ბარამიძე

ფოტო: ანა კოსტომაროვა

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

გადაღების ადგილი : „არია“, ი. აბაშიძის 56

ასევე წაიკითხეთ