ანო თაკალანძე

ტელეწამყვანი

მტკივნეულ, სევდიან, იმედგაცრუებებით, წინააღმდეგობებითა და სირთულეებით სავსე გზას ნიშნავს დევნილობა. ცხოვრებას ლამაზი წარსულის მოგონებებსა და მძიმე აწმყოს პირობებში. ეს სტატუსია, რომელიც გულისხმობს სრულიად უცხო ქალაქში ცხოვრების თავიდან დაწყებას. სხვის სახლში, რომელიც ვერასოდეს გახდება შენი, ანდა მის გარეშე, აი, ასე, ქუჩაში, უკიდურესი გაჭირვების ფონზე, უსახლკაროდ, უკაპიკოდ და ულუკმაპუროდ.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ დავბადებულვარ, ომს არ მოვსწრებივარ და უფრო მეტიც, იქ არასდროს მიცხოვრია. აფხაზეთის შესახებ მხოლოდ მშობლების მონათხრობიდან ვიცი. ვიცი, რომ ოდესღაც, სადღაც არსებობდა უზარმაზარი სახლი დიდი აივნებით, გამორჩეულად მოვლილი ეზოთი, ფეიხოას, მანდარინის და ალუბლის ხეებით. თანაბრად გაკრეჭილი ბალახით და შთამბეჭდავი ორანჟერიით. თუ მკითხავთ როგორ გამოიყურება სამოთხე, გეტყვით, რომ სწორედ ასე.

მართალია ის, რაც აღვწერე, ერთი შეხედვით შორეული და აბსტრაქტულია, მაგრამ, ამავდროულად, მეტისმეტად მშობლიური, ზედმიწევნით რეალური და საოცრად ხილული. სულ მაინტერესებდა, რატომ შეიძლება იყოს ემოციური კავშირი ამდენად მძაფრი და ძლიერი ადგილთან, რომელიც შენი თვალით არც კი გინახავს. მერე მივხვდი, რომ პასუხი ზედაპირზეა – ეს ჩემი სახლია, რომელიც წამართვეს.

სოციალურ და ეკონომიკურ სირთულეებთან ერთად, დევნილების მიმართ საზოგადოების გულგრილი და დამამაცირებელი განწყობებიც მაწუხებდა. განსაკუთრებით ბავშვობაში, მაშინ, როცა წამითაც არ გაქვს გააზრებული რა ხდება შენს თავს. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ეს ამბავი და ვიცი, რა სიმწარეა, როცა ვიღაცისთვის მიუღებელი ხარ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სტატუსი გაქვს. რომ გავიზარდე, მხოლოდ მერეღა მივხვდი, რომ პრობლემა ჩემში კი არა, ხალხში და დევნილობის სტიგმაშია.

მინდა გამოგიტყდეთ თქვენც და საკუთარ თავსაც – ჩემი ბავშვობა არც ბედნიერი ყოფილა, არც ლაღი და არც ხალისიანი. ამის უმთავრესი მიზეზი კი ომია, რომელმაც ჩემივე ქვეყანაში დევნილად მაქცია. ეს სამუდამო ტრავმაა, გაუნელებელი და ხანდახან აუტანელი ტკივილი, რომელიც დროსთან ერთად კი არ ნელდება, არამედ მძაფრდება და სულ გახსენებს თავს.

ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ვასკა გედენიძე

მაკიაჟი: მარი ბაგრამიანი

ასევე წაიკითხეთ