ევროპის უდიდესი მოდის ბიბლიოთეკა

ინტერვიუ დამფუძნებელ დიეგო ვალისთან

მილანის მოდის ბიბლიოთეკა (Milano Fashion Library) ევროპაში მოდის მიმართულებით ყველაზე დიდ ბიბლიოთეკად და არქივად ითვლება. მილანის მახლობლად მდებარე სივრცეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეგროვებული 80 000-ზე მეტი გამოცემაა დაცული, რომლებიც 1850 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. კოლექციაში შედის ჟურნალები, წიგნები, ბრენდების კატალოგები, ლუქბუქები და ტრენდბუქები.

ის, რაც 90-იანი წლების დასაწყისში პირადი კოლექციით დაიწყო, დღეს დიზაინერებისთვის, მკვლევრებისთვის, სტუდენტებისა და მოდის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვან რესურსად იქცა. 2024 წლიდან ბიბლიოთეკას დუბაიშიც აქვს წარმომადგენლობა.

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, პირადად გვენახა ეს უნიკალური სივრცე და საკუთარი თვალით გაგვეცნო ადგილი, სადაც ჟურნალების დასტები თითქმის ჭერამდე აღწევს, ხოლო ყოველი თარო მოდის ისტორიის ახალ ფურცელს შლის. ბიბლიოთეკის დამფუძნებელს, დიეგო ვალისს (Diego Valisi), რამდენიმე შეკითხვა დავუსვით. ვისაუბრეთ არქივის შექმნის ისტორიაზე, ყველაზე საინტერესო აღმოჩენებზე, ფიზიკური და ციფრული არქივების მნიშვნელობასა და ბიბლიოთეკის მომავალზე.

ბიბლიოთეკის ისტორია 90-იანი წლების დასაწყისში თქვენი პირადი კოლექციით დაიწყო. რომელი იყო პირველი გამოცემა, რომელიც სპეციალურად შესანახად შეიძინეთ და როდის მიხვდით, რომ ეს გატაცება შესაძლოა სრულფასოვან არქივად ქცეულიყო?

პირველი გამოცემები, რომელთა შეგროვებაც მოდის გამომცემლობაში მუშაობის დაწყებისთანავე დავიწყე, იმ კომპანიების ბრენდების კატალოგები იყო, რომლებთანაც პროფესიულად ვთანამშრომლობდი — Romeo Gigli, Dolce & Gabbana, Versace და Armani. მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია თანდათან იზრდებოდა და ჟურნალებსა და წიგნებსაც მოიცავდა, ის კვლავ ჰობად რჩებოდა. მხოლოდ 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის რთულ პერიოდში, დავრწმუნდი, რომ შესაძლებელი იყო მისი გარდაქმნა სტრუქტურირებულ პროექტად.

ბიბლიოთეკაში 1850 წლიდან დღემდე გამოცემული 80 000-ზე მეტი პუბლიკაცია ინახება. რომელ ეგზემპლარს მიიჩნევთ კოლექციაში ყველაზე ძვირფასად და როგორია მისი აღმოჩენის ისტორია?

ერთ კონკრეტულ გამოცემაზე მეტად, ყველაზე საინტერესო და სახალისო აღმოჩენად პარიზში ჟურნალ „La Mode Illustrée“-ს სრული კოლექციის შეძენას დავასახელებდი. ის 1860-დან 1937 წლამდე პერიოდს მოიცავს და 70-ზე მეტ ტომს აერთიანებს. კოლექცია ძველმანების ბაზრობაზე შევიძინე. იმ მომენტში ვერც კი წარმოვიდგენდი, რამდენად რთული იქნებოდა მისი პარიზიდან მილანში გადმოტანა.

რა პრინციპით არჩევთ დღეს, რომელი გამოცემა გახდეს არქივის ნაწილი? არსებობს მასალები, რომელთა შეგროვებასაც შეგნებულად ერიდებით?

შემიძლია აგიხსნათ ჩვენი მიდგომა კვლევისა და მასალების შეძენის პროცესის მიმართ. ის ყოველთვის იწყება ისეთი გამოცემების მოძიებით, რომელთა პოვნაც ტრადიციული სადისტრიბუციო არხებით რთულია.

გარდა ამისა, ჩვენ თავს ერთი დიდი მოდის ბიბლიოთეკის ნაცვლად, სხვადასხვა მიმართულების მცირე ბიბლიოთეკების ერთობად წარმოვადგენთ. თითოეული მათგანი მოდის კონკრეტულ სფეროს ეძღვნება: მამაკაცისა და ქალის ტანსაცმელს, აქსესუარებს, სამკაულებს, სპორტულ ტანსაცმელს, საბავშვო მოდას, საცურაო კოსტიუმებსა და თეთრეულს, ასევე საათებსა და ინტერიერის დიზაინს.

ადამიანები ჩვენთან კონკრეტული სფეროს შესასწავლად მოდიან და მილანის მოდის ბიბლიოთეკას უნდა შეეძლოს მათთვის სწორედ იმ მასალის შეთავაზება, რომელსაც ეძებენ.

როგორ შეაფასებდით ბიბლიოთეკის გავლენას იმ ადამიანების შემოქმედებით პროცესზე, რომლებიც აქ კვლევისთვის მოდიან?

გავლენა საკმაოდ დიდია. ჩვენს სივრცეში იქმნება მუდბორდები (moodboards), რომლებიც შთაგონების წყაროდ იქცევა მომავალი კოლექციებისთვის. მსხვილი მოდის ბრენდების არაერთი დიზაინ-სტუდია საკუთარ კვლევას სწორედ ჩვენ გვანდობს.

ჩვენ ვაფასებთ საჭირო დროსა და ხარჯებს, შემდეგ კი შერჩეულ მასალებს ციფრულ ფორმატში უშუალოდ მათ ოფისებში ვაგზავნით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

რა როლს ანიჭებთ ციფრულ არქივებს და რა არის ის, რისი გადმოცემაც ფიზიკურ გამოცემას შეუძლია, მაგრამ ციფრული ასლი — ვერა?

ციფრული სამყარო ყოველდღიურად ვითარდება და პასუხი, რომელსაც დღეს გაგცემთ, შესაძლოა, მომავალ წელს უკვე აღარ იყოს აქტუალური.

დავიწყოთ ერთი მნიშვნელოვანი, ხშირად შეუმჩნეველი საკითხით, რომელიც ჩვენი ინდუსტრიის დღევანდელი მდგომარეობის უკეთ გააზრებაში გვეხმარება. ჩვენი შეფასებით, არქივში დაცული მინიმუმ 30 000 პუბლიკაციის შესახებ ინტერნეტში არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. ხშირ შემთხვევაში, ეს არის ჟურნალები და ბრენდების კატალოგები, რომელთა გამომცემლებმაც საქმიანობა ჯერ კიდევ Google-ის გამოჩენამდე შეწყვიტეს, ან მცირე ტირაჟით, ხელნაკეთი მეთოდით შექმნილი გამოცემები, რომლებიც ინტერნეტში არასოდეს გამოქვეყნებულა. დღეს ამ მასალის მოძიება ისეთ არქივშია შესაძლებელი, როგორიც მილანის მოდის ბიბლიოთეკაა.

ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომელიც ბევრს ავიწყდება, რადგან არსებობს წარმოდგენა, თითქოს ყველაფრის მოძიება სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით შეიძლება.

რაც შეეხება ციფრულ სკანირებულ მასალებს, ისინი ვიზუალური ინსპირაციის მოსაძიებლად უდავოდ სასარგებლოა, თუმცა ვერ გადმოსცემს იმ ატმოსფეროს, რომლის შექმნასაც ბრენდი ან გამომცემელი ფიზიკური გამოცემით ცდილობდა. ქაღალდის არჩევანი, გამოცემის ფორმატი, ბეჭდვისა და დამუშავების დახვეწილი ტექნიკა — მაგალითად, პრიალა ფოტოების განთავსება მკრთალ ფონზე — ეკრანზე სრულად ვერ აღიქმება.

ვფიქრობ, ეს განსხვავება შეიძლება შევადაროთ პიერ-ოგიუსტ რენუარის „მულენ დე ლა გალეტის ბალს“ (Bal du moulin de la Galette) რეალურ ცხოვრებაში ნახვასა და იმავე ნამუშევრის სმარტფონის ეკრანზე დათვალიერებას შორის არსებულ სხვაობას.

რატომ გადაწყვიტეთ მილანის მოდის ბიბლიოთეკის დუბაიში გაფართოება და რა განსხვავებას ხედავთ იმაში, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები მოდის ისტორიასა და არქივებს მილანსა და დუბაიში?

ეს ორი სრულიად განსხვავებული რეალობაა, მათ შორის სტრუქტურული თვალსაზრისითაც. დუბაის ფილიალი ფრენჩაიზის პრინციპით ფუნქციონირებს — ეს პირველი ასეთი პროექტია და იმედი გვაქვს, სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ რამდენიმეს გავხსნით. ის უფრო წიგნის მაღაზიას ჰგავს, ვიდრე ბიბლიოთეკას.

მილანიდან ვმართავთ კომუნიკაციას, ვარჩევთ გამოცემებს და რეგულარულად ვაწყობთ გამოფენებს, რომელთა მიზანია ვიზიტორების მოზიდვა და ჩვენი ინიციატივის მიმართ ინტერესის გაღვივება.

როგორ წარმოგიდგენიათ მილანის მოდის ბიბლიოთეკა ათი წლის შემდეგ?

ეს ის შეკითხვაა, რომელიც განსაკუთრებით მაინტერესებს. ათი წლის შემდეგ მილანის მოდის ბიბლიოთეკა კიდევ უფრო მრავალფეროვან მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებლებს და განავითარებს იმ მიმართულებებს, რომლებზეც უკვე დღეს ვმუშაობთ. მათ შორისაა:

●      იკონოგრაფიული კვლევა და ახალი კოლექციებისთვის საჭირო ვიზუალური მასალის მოძიება;

●      მუდბორდების (moodboards) შექმნა იშვიათი გამოცემების გამოყენებით;

●      ისტორიული, ბიბლიოგრაფიული და იურიდიული კვლევა;

●      ვინტაჟური ჟურნალებისა და წიგნების გაქირავება სცენოგრაფიისთვის, ფოტოსესიებისა და ღონისძიებებისთვის, შესაბამისი სერტიფიკაციის საფუძველზე;

●      ისტორიული და დოკუმენტური კვლევა (due diligence) მიძინებული ბრენდების ხელახლა გასაცოცხლებლად.

ბიბლიოთეკა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი გახდება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისი რესურსები დისტანციურადაც იქნება ხელმისაწვდომი. ის წიგნებისა და ჟურნალების გამომცემლებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის სრულფასოვან საკომუნიკაციო პლატფორმად იქცევა.

წარმოიდგინეთ, რომ მოდის ახალგაზრდა მოყვარულს თქვენი არქივიდან მხოლოდ სამი გამოცემის გაცნობა შეუძლია. რომელ სამს ურჩევდით და რატომ?

ვურჩევდი ჟურნალ „L’Uomo Vogue“-ის პირველ ნომერს, რომელიც 1967 წელს გამოიცა; „Vogue Italia“-ს პირველ ნომერს ფრანკა სოძანის მთავარი რედაქტორობით, რომელიც 1988 წლის ივლისში გამოქვეყნდა; და 1997 წლის კატალოგს — „La Maison Martin Margiela: (9/4/1615)“.

დიდ მადლობას ვუხდით დიეგო ვალისს თანამშრომლობისთვის, დათმობილი დროისა და გულწრფელი პასუხებისთვის, ასევე იმისთვის, რომ ამ უნიკალური ბიბლიოთეკის კარი ჩვენთვის გააღო.

მილანის მოდის ბიბლიოთეკა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მოდის ისტორია მხოლოდ წარსულს არ ეკუთვნის — ის ცოცხალი რესურსია, რომელიც დღემდე შთააგონებს დიზაინერებს, აჩენს ახალ იდეებს და მომავალი კოლექციების შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მოუთმენლად ველით ბიბლიოთეკის ახალ პროექტებს და მის მომავალ განვითარებას.

ტექსტი/ფოტო: ნატალია პაპუაშვილი, ხატია კოწიწაშვილი

ასევე წაიკითხეთ