როდესაც სურნელი ხელოვნებად იქცევა: Olfactory Signals 2026 მილანში

A reportage by Matassi Tsertsvadze

2026 წლის 4–7 ივნისს Olfactory Signals მესამე გამოცემით დაბრუნდა მილანში და ისტორიული 10 Corso Como ოლფაქტორული კულტურისა და შემოქმედებითი გაცვლის დინამიკურ პლატფორმად აქცია.

Olfactory Signals 2024 წელს დააარსა კრეატიულმა პლატფორმამ System Preferences-მა და მან სწრაფად დაიმკვიდრა თავი, როგორც ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ექსპერიმენტულმა და პროგრესულმა სურნელოვანმა ფორუმმა.

10 Corso Como-ს უნიკალური სივრცე განსაკუთრებულად შეესაბამება ამ ივენთს, რადგან ამ კონცეპტუალურ სივრცეში ერთიანდება მოდა, ხელოვნება, დიზაინი, გამომცემლობა და თანამედროვე კულტურა.

მილანი, როგორც დიზაინის, მოდისა და კულტურული ინოვაციების საერთაშორისო ცენტრი, ბუნებრივ გარემოს ქმნის ისეთი ღონისძიებისთვის, რომელიც სურნელს არა მხოლოდ პროდუქტად, არამედ კულტურულ და შემოქმედებით მედიად განიხილავს

ოთხი დღის განმავლობაში ღონისძიება სურნელს, როგორც თანამედროვე ხელოვნების მედიას, იკვლევს და აერთიანებს პარფიუმერებს, დიზაინერებს, არტისტებს, მკვლევრებსა და დამოუკიდებელ ბრენდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. იმერსიული ინსტალაციების, კურირებული შეხვედრების, დისკუსიებისა და ექსპერიმენტული პროექტების მეშვეობით სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, სურნელი ტრადიციული პარფიუმერიის ფარგლებს მიღმა აღმოაჩინონ და შეისწავლონ მისი კავშირი ხელოვნებასთან, დიზაინთან, მეცნიერებასა და კეთილდღეობასთან.

წლევანდელ გამოცემაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 30-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა. თითოეული მათგანი წარმოდგენილია პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს სურნელის აღქმის ახალი პერსპექტივების გახსნას და მის გაფართოებას. მონაწილეებს შორის ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი შემდეგი ბრენდები აღმოჩნდნენ – პარფიუმის ხაზიდან: Arpa Studios, Abel Fragrance, Jouissance Parfums, Notes De Bas De Paje, Siuno Fragrances, Raer Scents, Ecdysis Studio, ინტერიერის პარფიუმი და ე.წ “ლაიფსთაილ” წარმომადგენლებიდან Amen, Ahare Space Project, Cromo Tea, Be Barman Eventi, ხოლო  ხელოვანებიდან Chiara Capellini, Ambra Martone, Sissel Tolaas, Octave Perrault.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია შვედურმა ბრენდმა Björk and Berries-მა, რომელიც სკანდინავიური ბუნების ნარატივებს სურნელებში თარგმნის, ასევე Unifrom-მა, რომლის მინიმალისტური ესთეტიკა თანამედროვე დიზაინისა და პარფიუმერიის საინტერესო გადაკვეთას ქმნის. მან თავისი სუნამოს ხაზის ინსტალაცია არტისტ Fabian Bergmark Nasman-თან კოლაბორაციით შემოგვთავაზა.

Marie Jeanne Grasse პარფიუმის ხაზმა, საფრანგეთის ქალაქ გრასიდან ჩემი დიდი მოწონება დაიმსახურა, მან ხელოვან Daidaitran-ის მიერ შექმნილ ნამუშევრებთან ერთად წარგვიდგინა სუნამოები. Cromo tea-ის დამფუძნებელმა სხვადასხვა სახეობის ჩაი წარადგინა და მსურველებს მისი დაგემოვნება ადგილზევე შეეძლოთ. ღონისძიების ერთ-ერთ ყველაზე დამაფიქრებელ აღმოჩენად ჩემთვის Ahare Space Project იქცა — ინიციატივა, რომელიც სურნელს არა როგორც ესთეტიკურ ობიექტს, არამედ მეხსიერების და  ემოციური კავშირის საშუალებად განიხილავს.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი პროექტი OPEN Al(R) — სურნელების მკვლევარის, Sissel Tolaas-ისა და არქიტექტორ Octave Perrault-ის თანამშრომლობით შექმნილი  ნამუშევარი გახდა, რომელიც 10 Corso Como-ს სახურავზე განათავსეს. ინსტალაცია ეფუძნებოდა იდეას, რომ ჰაერი და წყალი დღემდე რჩება ყველაზე თავისუფალ ელემენტებად. სწორედ ამ კონცეფციაზე დაყრდნობით შექმნეს ავტორებმა სივრცე, სადაც სურნელი, კლიმატი და მოძრაობა ერთიან აღქმად გარდაიქმნებოდა.

ეს ის არასრული სიაა  სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული არტისტების, მეცნიერების, არქიტექტორების, პარფიუმერებისა და მკვლევრების, რომლებსაც გავეცანი ღონისძიების განმავლობაში.

Olfactory Signals აგრძელებს თავის დამკვიდრებას, როგორც თანამედროვე ოლფაქტორული გამოხატვის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, სურნელი კულტურის, შემოქმედებისა და ინოვაციის პრიზმაში განიცადონ.

მილანში გატარებული ოთხი დღის შემდეგ ცხადი ხდება, რომ Olfactory Signals მხოლოდ სურნელების გამოფენა არ არის. ეს არის პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს სამყაროს განსხვავებული სენსორული პერსპექტივიდან დანახვას და გვაფიქრებინებს, თუ რამდენად დიდი კულტურული, ემოციური და შემოქმედებითი პოტენციალი შეიძლება იმალებოდეს იმ შეგრძნებაში, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ.

Text & Photos by Matassi Tsertsvadze

ასევე წაიკითხეთ