MEMO ჯგუფი წარმოგიდგენთ

გოგი დოლიძის ვინილი

დიახ, გოგი დოლიძის ვინილი. დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს ერთხელ მაინც შეუვლია თვალი  ვინილებისთვის ჩვენთან, საქართველოში ან სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას. ჩერდები, ათვალიერებ, იხსენებ. თუ ისე მოხდა, რომ ძველი ვინილის მოსმენაც შეგიძლია, ხომ გადასარევია.

ვინილმა ბოლო ათწლეულია, რაც ახალი სიცოცხლე შეიძინა. ძველ თაობას ხომ თავის ამბებს ახსენებს, ახალს კი სხვა, განსაკუთრებულ ჟღერადობას ასმენინებს და სიამოვნებას ანიჭებს.

რაღაც დიდს და განსაკუთრებულს ეყრება საფუძველი. იწყება ნამდვილი ბიბლიოთეკის შექმნა, სადაც ქართული მუსიკალური სამყაროს ყველაზე ძვირფასი და საყვარელი მუსიკოსების, მომღერლების ვინილები იქნება წარმოდგენილი. ამ ამბის სათავეში Memo ჯგუფია და პირველი ისტორია გოგი დოლიძის ვინილი გახლავთ. მრავალთვიანი მომზადების პროცესი თავის ფინალს მიუახლოვდა და ძალიან მალე საზოგადოებას წარედგინება უნიკალური ვინილი, გოგი დოლიძის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი  სიმღერებით.

ამბავი რომ კარგად მოგიყვეთ, მოდით, დავიწყოთ თავიდან.

თავი 1

Memo ჯგუფი

MEMO ჯგუფი  ეს Georgia Starts Here-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის შექმნის იდეა თითქმის ერთი წლის წინ გაჩნდა. ბრენდი საქართველოს და ქართულ ხელოვნებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსულ ტურისტებს აცნობს. მისი მიზანია საქართველოს სილამაზის, ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და გაზიარება. გაზიარება  უნიკალური, ხელნაკეთი ქმნილებების საშუალებით.  დღეს გუნდი დიდი პროექტისთვის ემზადება. “სითი”  MEMO ჯგუფის დამფუძნებლებს, ალექსანდრე სუსარეიშვილსა და თამარ ქაჩლიშვილს შეხვდა. 

ამბის მოყოლა თბილისის შუაგულში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ულამაზეს სივრცეში დავიწყეთ. სივრცეს MEMO ჰქვია და ის თანაბრად საინტერესო და მიმზიდველია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენთვის, ამ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის. თვალი გაგირბის ამ პაწაწინა უნიკალური ნივთებისკენ, ჩვენს ქვეყანას რომ წარმოაჩენს. დავინტერესდით, რით და როგორ დაიწყო ამ ნივთების შეგროვება….

– თამარ, სახელი MEMO, თავისთავად, უკვე ამბობს სათქმელს, მაგრამ, მოდით, დავაკონკრეტოთ რა ერთიანდება მისი ქოლგის ქვეშ?

თამარი: MEMO • მემო – ბრენდია, რომელიც ჰყვება ისტორიას და მისი მიზანია   საქართველოს სილამაზისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება  უნიკალური ქართული ხელნაკეთი კოლექციების სახით.  თითოეულ კოლექციას თავისი ისტორია და გადმოცემის ხერხი აქვს.  იქნება ეს ძველი აფიშები, ფირფიტები, ტექსტილი, წიგნები თუ კერამიკა.  კოლექცია მრავალფეროვანია, თუმცა, ნაკეთობების უმეტესობა მხოლოდ ერთეულების  სახითაა წარმოდგენილი და ხელმისაწვდომი. მემოს მაღაზიაში განსაკუთრებული აურაა. ყველა დეტალი ბრენდის უნიკალურობას უსვამს ხაზს. სიყვარულით შექმნილი ნამუშევრებიდან ფერთა სხვადასხვა გამა და სილამაზე გამოსჭვივის.  ჩვენი იდეაა წარმატებულ თუ ნაკლებად ცნობილ ხელოვანებთან ერთად ისეთი კოლაბორაციული პროექტები შევქმნათ, რომელიც ზუსტად გადმოსცემს  ბრენდის მიზანს… და თან, მხოლოდ „მემოში“ იქნება ხელმისაწვდომი. ასე გავაცოცხლეთ, მაგალითად, თრიალეთის თასი კერამიკაში… თბილისის ავთენტური ილუსტრაციებით მოვხატეთ ფილები და ა.შ. სტუმარი, რომელიც გვეწვევა, აუცილებლად იპოვის მისთვის საინტერესო, განსაკუთრებულ და საქართველოს სიყვარულით შექმნილ ნივთს. არაერთ იდეას ვამუშავებთ, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, შესაბამისი მიმართულებები განვავითაროთ, მეტად პოპულარული გავხადოთ და თითოეულ სტუმარსაც ეს სიყვარული და ემოცია გადავცეთ. 

 გოგი  დოლიძის ვინილის იდეა

ამ ძიებასა და ფიქრში ათასი იდეა მოდიოდა. MEMO -გუნდი ქართული მუსიკის დიდი მოყვარული და დამფასებელია. ამიტომ, იდეა მუსიკალური ამბისა თავისთავად მოვიდა. ჯერ ვინილის იდეა გაჩნდა, მერე იყო სჯა-ბაასი აბა, ვინ იქნებოდა ვინილების ბიბლიოთეკაში პირველი და მოვიდა იდეაც – ეს გოგი დოლიძე უნდა ყოფილიყო. ყველაზე საყვარელი, ყველაზე გამორჩეული, ყველაზე, ყველაზე . . .  თანაც, არსებული ინფორმაციით, გოგი დოლიძის ვინილი არ მოიპოვება, ვინაიდან იმხანად „სტუდია მელოდია“ უკვე დახურული იყო. შესაბამისად, იდეა ერთი-ორად მნიშვნელოვანი გახდა.

ალექსანდრე: ქართული სიმღერისა და მომღერლების მიმართ სენტიმენტები ყოველთვის მქონდა, ოჯახიდან გამომდინარე. მინდოდა, რაღაც ეტაპზე, MEMO – ს კიდევ უფრო მეტად ღირებული რამ შეექმნა და ამით ჩვენებური წვლილი შეგვეტანა უნიკალური ადამიანების შემოქმედების დაფასების კუთხით. გოგი დოლიძის ვინილზე დავიწყეთ მუშაობა „ბრავო რექორდსთან“ ერთად. ეს რეალურად უნიკალური ჩანაწერი გახლავთ, გენიალური ზვიად ბოლქვაძის არანჟირებით…  და ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო ვინილების ბიბლიოთეკის ზუსტად ამ ალბომით დაწყება.

გოგი დოლიძის ხმაში ის ქალაქია, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს. წლების განმავლობაში ასე დარჩა, უცვლელად, …

 “თბილისი იყო გოგი დოლიძე”

ალექსანდრე: გოგი დოლიძე არის ყველაფრით თბილისური – სევდით, სიყვარულით… ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემთვის თბილისის საუნდტრეკი არის გოგი დოლიძის სიმღერა. ეს ვინილი კი იქნება შესაძლებლობა თბილისი სხვანაირად დავანახოთ სხვებს.. იმ კუთხიდან, რომელიც, შეიძლება, ხანდახან ყველას გვავიწყდება.

MEMO  ჯგუფის ინიციატივით და “ბრავო რექორდსთან” თანამშრომლობით შექმნილ ვინილში გოგი დოლიძის 11 სიმღერაა გაერთიანებული.

– თამარ, თქვენი ემოცია და ისტორია როგორია გოგი დოლიძესთან მიმართებაში?

თამარი: მახსოვს, როცა გოგის სიმღერა იწყებოდა, როგორი ყურადღებით უსმენდა მამა. როცა გოგიზეა ლაპარაკი, ჩემი ბავშვობა მახსენდება, მამა, სითბო, სიყვარული, წარსული დრო  – ესაა გოგი დოლიძე ჩემთვის… ეს ვინილი ქართული ემოციაა, ჩვენ, ყველას, ჩვენი ამბავი მოგვყვება გოგის ხსენებაზე…  მე მინდა მამას მივუძღვნა ეს ალბომი. ვინილზე ეს არ იქნება დატანილი, რა თქმა უნდა, მაგრამ მგონია, ბევრისთვის იქნება  ბავშვობის იმ ემოციის მომტანი, რაც ჩემთვისაა…

ფინალი პროექტისა . . .

კონცერტი გოგი დოლიძის სიმღერებით

ვინილი ლიმიტირებული რაოდენობით, მხოლოდ 500 ეგზემპლარი, გაიყიდება. როგორც მაღაზიაში, ასევე – ონლაინ. პრეზენტაცია შედგება 13 ნოემბერს საღამოზე, რომელიც გოგი დოლიძის შემოქმედებას მიეძღვნება და კიდევ ერთხელ მსმენელისთვის შესრულდება ის უკვდავი ნაწარმოებები, რომელიც წლებია, ყველას თბილისს და პირად ისტორიებს ახსენებს.

ამის შემდეგ, შეიქმნება ვინილების სერია, რომელიც მომავალში სხვა ქართველი მუსიკოსების შემოქმედებას გააცოცხლებს. გოგი დოლიძის ვინილი კი ამ სერიაში პირველი ნაბიჯი იქნება. მომავალში უნდა ველოდოთ ჰამლეტ გონაშვილის, ბუბა კიკაბიძის და ჩვენი სხვა სახელოვანი მუსიკოსების ვინილებს . . .

ღვინო MEMO  ჯგუფისგან . . .

ალექსანდრე: გვაქვს კიდევ ერთი პროექტი  “ბაიას“ მეღვინეობასთან კოლაბორაციით, რომლის ფარგლებში, MEMO -ს ბრენდის ქვეშ ჩამოისხა ასევე ლიმიტირებული რაოდენობის პრემიუმ ხაზის ღვინო. ის მალე ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად  ღვინის რამდენიმე მაღაზიაში და თავისთავად, მემოს კონცეპტუალურ შოპში კოტე აფხაზის 31 ში.

ავტორი: კესო ბოჭორიშვილი

ფოტო: ნათია ასანიძე

ასევე წაიკითხეთ