ორგანიზაციაზე მისი გუნდის ხასიათი ახდენს რეფლექსიას. თანამშრომლების საერთო ღირებულებების და მოტივაციისგან შემდგარი ორგანიზმი სასიცოცხლო ძალას და ახალ სუნთქვას ანიჭებს იმ ადამიანებს, ვინც, ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მიმართავს მას.
ეს ხასიათი პირველივე შეხედვით იგრძნობა კავკასიის მედიცინის ცენტრში. CMC სტაბილური ისტორიული გამოცდილების მქონე უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც რეგიონის მოსახლეობას უახლეს სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებულ მიდგომებს სთავაზობს.
გზა ლიდერობამდე – ვსაუბრობთ კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორ, სოფიო ასპანიძესთან.
“თითქოს მარტივია – მოხვედი, გაიარე კონსულტაცია, ჩაიტარე კვლევები ან ოპერაცია. მაგრამ, ამის უკან უზარმაზარი საოპერაციო სისტემა დგას უწყვეტი ოპერირებით, რომელსაც ორგანიზაცია ჰქვია. მაგალითად, იმაზე, რომ ოპერაციისას დენი არ ჩაქრეს და თუ ეს მოხდა, მაშინ უწყვეტად იმუშაოს დამხმარე სისტემამ და ამავდროულად, 10 წამში აღდგეს ელექტროენერგიის მომარაგება, რადგან პაციენტის მომსახურების უსაფრთხოების სტანდარტი არ დაირღვეს, აქ შემოსული ადამიანი არასდროს ფიქრობს.”

სოფიო ასპანიძე კავკასიის მედიცინის ცენტრს 2022 წელს შემოუერთდა და დაიწყო ახალი ეტაპი, ახალი გამოწვევითა და მისიით, რომ ეს სივრცე ჯანდაცვის საუკეთესო პროვაიდერი გამხდარიყო.
“იყო ეპიზოდი, როცა მე შემექმნა ჯანმრთელობის დიდი პრობლემა. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მომიწია გავლა. ძალიან ფილოსოფიური ნატურა ვარ და მაშინ კიდევ უფრო გამიმძაფრდა აზრი – რისთვის ვცოცხლობთ. ადამიანების დახმარება, სიცოცხლის მსახურება აღმოჩნდა ის ძირითადი მოტივაცია, რამაც აქამდე მომიყვანა. შესაბამისად, ძალიან ავთენტური იყო, რომ ამ კორპორაციის ერთ-ერთ საუკეთესო ჰოსპიტალში გადავწყვიტე წინა ხაზზე ყოფნა, ბევრ ადამიანთან ერთად.”
მიზნები საერთო აღმოჩნდა. შრომასთან და დროსთან ერთად კი, მოვიდა საერთაშორისო აღიარება.
– რას ნიშნავს JCI ხარისხის ოქროს სტანდარტი?
“ეს არის უმაღლესი საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაცია, რაც გულისხმობს, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტის უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სტანდარტია დანერგილი. ეს არის ობიექტური საერთაშორისო აღიარება, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ პაციენტის უსაფრთხოების ნაწილში ჩამოყალიბებულია უწყვეტი გაუმჯობესების სისტემა. სწორედ ხარისხის უმაღლესი ოქროს სტანდარტებით მუშაობს ჰოსპიტალი.”
კავკასიის მედიცინის ცენტრი აღიქმება როგორც უნიკალური კონცეფცია. CMC-ის ფილოსოფია მარტივია – პრევენციიდან სრულ გამოჯანმრთელებამდე, ყველა სერვისი ერთ სივრცეში. აქ უახლეს სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებული ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომ რეალობად არის ქცეული.

– რა შეიძლება ჩაითვალოს ორგანიზაციის მთავარ საყრდენ იდეად?
“სამი მიმართულება: უნიკალური გუნდი – ქვეყნის წამყვანი პროფესიონალები თქვენ გვერდით; ჯანმრთელობის სრული მონიტორინგი, პრევენციიდან რეაბილიტაციის ჩათვლით და ყველა სერვისი ერთ სივრცეში. ესაა ჩვენი ბრენდის ძირითადი მიმართულებები. ჩვენთვის პაციენტის კმაყოფილება არის ძალიან მნიშვნელოვანი.”
იდეა, რომ კმაყოფილი თანამშრომელი უდრის კმაყოფილ პაციენტს აქ ცხადად იგრძნობა. CMC-ის ხედვის ფუნდამენტიც თანამშრომლისა და პაციენტის კმაყოფილებაა.
“თუ ადამიანი ბედნიერია და მოსწონს რასაც აკეთებს, ეს ორგანიზაციის წარმატების გარანტიაა. ჩემთვის, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, ნომერ პირველი ოცნებაა აქ მომუშავე 1000-მდე ადამიანი იყოს უბედნიერესი და ამაყობდეს იმით, რასაც აკეთებს. ზუსტად ვიცი ეს, პირველ რიგში, მხოლოდ უკეთესად ნამკურნალებ პაციენტს, ბევრ გამოჯანმრთელებულ ადამიანს ნიშნავს. საბოლოოდ კი, ეს ქმნის განსხვავებას, რასაც მოსახლეობის კეთილდღეობამდე მივყავართ.”
გუნდის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა პაციენტების კომენტარების კითხვაა. ეს “პაციენტის ხმაა”, რომელსაც უსმენენ და რომელსაც ითვალისწინებენ. დროთა განმავლობაში უკუკავშირი, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების თუ მომსახურების სიმარტივის შესახებ, ცენტრის განვითარების მთავარ ინსტრუმენტად გარდაიქმნა.

მომავლის ხედვა
“ცენტრის ამგვარად ფორმირებაში კოლოსალური შრომა იყო ჩადებული. უკლებლივ ყველა ის ეტაპი, რაც CMC-მ გაიარა, უმნიშვნელოვანესი იყო იმისთვის, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა… ორგანიზაციის მართვაში ჩვენი გუნდის გზას ღრმა ფუნდამენტის და მყარი სისტემების შექმნას დავარქმევდი. გვჯეროდა, რომ კულტურის და პლატფორმების შექმნა, უნიკალური ინტელექტუალური რესურსის მულტიდისციპლინური მართვის გამოყენებით, მაქსიმალურ ეფექტს მოგვცემდა პაციენტისთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად.“
CMC მუდმივად ვითარდება, რისი დასტურიც არის: ბოლო ერთ წელიწადში ჯანმრთელობაზე პერსონალური ზრუნვის და პრევენციის ცენტრის, „ველმოს“ შექმნა; ცენტრში უახლესი თაობის 640-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფის შემომატება, რომელიც გულის კორონოგრაფიას არაინვაზიურად აკეთებს; ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობა, რომელიც პაციენტებს სრულ მომსახურებას ერთ სივრცეში შესთავაზებს – ქიმიოთერაპიიდან რადიაციული თერაპიის ჩათვლით; ინფექციური დაავადებების მართვის ამბულატორიული ცენტრის შექმნა; რევმატოლოგიური ცენტრის გაძლიერება. გეგმაა – კავკასიის მედიცინის ცენტრი იქცეს “ექსელენს ცენტრად” და გახდეს რეგიონში სამედიცინო ტურიზმის ჰაბი, სადაც ხარისხი და სერვისის ხელმისაწვდომობა სავიზიტო ბარათებია.
“გვაქვს ჯანმრთელობაზე პერსონალური ზრუნვის და პრევენციის ცენტრი “ველმო”, რომელიც გვთავაზობს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს, ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვანი გამოკვლევისთვის. „ველმოს“ ჩექაფ პაკეტები ასაკობრივი რისკების გათვალისწინებითაა შედგენილი. მათი ჩუქება ახლობლებისთვისაც შეგიძლიათ, სასაჩუქრე ბარათით. მე ჩემს მშობლებს ვჩუქნი ხოლმე და ამიტომ ვიცი – შეგრძნება გაქვს, რომ თავიდან დაიბადე. „ველმო“ ჯანმრთელობაზე ზრუნვას პერსონალურ, კომფორტულ და პაციენტის ცხოვრების სტილზე მორგებულ გამოცდილებად აქცევს. ექიმი კი, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მეთვალყურე და ჯანსაღი ცხოვრების წესის მრჩეველი იქნება.”

– თქვენ, როგორც მენეჯერს, რა გასწავლათ ამ სამმა წელმა?
“ამ წლებმა მუშაობაში დახარჯული ყოველი საათი უფრო ხელშესახები გახადა, რასაც უფრო მეტი გამოჯანმრთელებული და კმაყოფილი პაციენტის სახით ვხედავ. ამან მეტი სიმყარე მოიტანა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილება… ყოფილა იმედგაცრუებებიც. აქ ხშირად ბეწვის ხიდზე გადიხარ… ამ ადამიანებს ზურგად ედგე, მათთვის იყო საიმედო დასაყრდენი და მუდმივად შეძლო მათი ფსიქოლოგიური სიმტკიცისთვის ზრუნვა – ეს შენგან ძალიან დიდ გამძლეობას მოითხოვს. ისინი ხომ გმირები არიან, სიცოცხლის ელჩები და ყოველდღიურად სასწაულის შემოქმედები. ადამიანებისთვის, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან, უნდა ვიყო საყრდენი და ალბათ, ზუსტად ეს – სხვისთვის სიძლიერის განმტკიცება მასწავლა ამ სამმა წელმა.”
კავკასიის მედიცინის ცენტრი უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ ჰოსპიტალი აღარ არის. CMC ერთგვარი მისიაა – უზრუნველყოს პაციენტის უსაფრთხოება, შექმნას თანამშრომლებისთვის ბედნიერი სამუშაო გარემო და გახდეს სამედიცინო პროგრესის სიმბოლო რეგიონში.
სოფიო ასპანიძე დღეს კავკასიის მედიცინის ცენტრთან ერთად აგრძელებს გზას, რომელიც წლების წინ აირჩია და ეს პროფესიული არჩევანი არასდროს უნანია. ალბათ, სწორედ ასე, საქმის დიდი სიყვარულით ჩნდება ის სივრცე, რომელიც, ორგანიზაციის სახელით, საკუთარ ხასიათს ატარებს.
ავტორი: კესო ბოჭორიშვილი
ფოტო: ნათია ასანიძე