თაობიდან თაობებს. . .
ამ ორ ფოტოს ერთმანეთთან 43 წელი აშორებს. იმ შავ-თეთრ ფოტოში, გაგრაში გადაღებულში, 9 წლის ვარ, 9 ივლისია, ჩემი დაბადების დღე. მე, როგორც ზაფხულში დაბადებული ბავშვების უმრავლესობა, ძალიან ვიჩაგრებოდი დაბადების დღის აღნიშვნისა და მით უფრო, სტუმრების მოწვევის კუთხით: ყველა ჩემი თანატოლი არდადეგებზე გადიოდა თბილისიდან და 9 ივლისს არც ერთხელ, არცერთი ჩემი კლასელი თუ მეგობარი არ დასწრებია. ამ ამბავს დედაჩემის გადაწყვეტილებაც ართულებდა. სკოლა რომ დამთავრდებოდა, ის ლამის მეორე დღესვე მატარებელში გვსვამდა და აგვისტოს 31 რიცხვამდე სულ აფხაზეთში, გაგრაში, ბებიასთან ვიყავით და აბა, გაგრაში ასე იოლად ვინ ჩამომაკითხავდა პატარა ეკას?!
ჰოდა, ყოველ 9 ივლისს, ლერმონტოვის ქუჩის 9 ნომერში, ბებიის დიდ სახლში, ჩემს დაბადების დღეს სხვადასხვა წელს სხვადასხვა და სრულიად უცხო ბავშვები ესწრებოდნენ. გააჩნია იმ წელს ზაფხულში დასასვენებლად ვინ იყო ჩამოსული. არ იცვლებოდა მხოლოდ ადგილი, ჩემი ორი უსაყვარლესი და, ამ ფოტოშიც რომ მოჩანან, და ჩვენი დიდი ოჯახი.
ფოტოზე აღბეჭდილი ის 9 ივლისი მაინც განსაკუთრებულად მახსოვს და მიყვარს. ერთი, რომ 9 რიცხვში 9 წლის გავხდი და მეორე, დედას, რომელსაც ჩემთვის რაღაც საუცხოო და უგემრიელესი ტორტი გამოეცხო, ძალიან ლამაზი, წყლისფერ-თეთრ ზოლიანი ფარფატა კაბა ეცვა. კაბა ტანს მოჰყვებოდა, თხელი ქამარი კი, უკან ნაზი ბანტით იკვრებოდა. ნაჭერს არ ვიცი რა ერქვა, მაშინ

„მარლის ნაჭრის კაბას“ ეძახდნენ. ისე უხდებოდა და ისეთი ფარფატით დაქროდა სამზარეულოდან ვერანდაზე, თვალს ვერ მოწყვეტდი. ძალიან ბედნიერი და მხიარული იყო! ეს კადრი ამ ფოტომ შეინახა და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. ფოტოს გადაღებაც ხომ დიდი იშვიათობა იყო იმ დროს.არც ვიცი ვინ იღებდა. თუ არ ვცდები, ერთ-ერთი დამსვენებლის მამა, რომელსაც ნამდვილი ფოტოაპარატი ჰქონდა! აი, ამ ფოტოს წყალობით ის დღე ჩემთვის ბავშვობის ერთ-ერთ უბედნიერეს დღედ დარჩა ტორტიან, კაბიან, დამსვენებლებთან, სტუმრებიანად.
დედას ის იერი და კაბა ძალიან მიყვარდა და სულ მახსოვდა. მერე, წლების შემდეგ, ერთ-ერთ ამერიკულ ფილმში ვნახეთ. ისე გაგვიხარდა დებს, ხმამაღლა ვყვიროდით და დავხტოდით. ფილმის სახელს ვერც ერთი ვერ ვიხსენებთ. სასიყვარულო ისტორია იყო ერთ წყვილზე, წლების შემდეგ რომ კვლავ იპოვიან ერთმანეთს. დედას ცნობილი ზოლიანი ფარფატა კაბა ეცვა მთავარ გმირს. ის დედასავით თხელი იყო, უბრალოდ ქერათმიანი . საოცრად უხდებოდა ფილმის გმირსაც.
ეს კაბა რომ დედას შემოენახა, დღეს უთუოდ მოხვდებოდა ჩემს გარდერობში და ზაფხულის ამ ცხელ დღეებში ჩემი დიდი ამოჩემებაც იქნებოდა. სხვათა შორის, ჩემი კაბების დიდი კოლექცია ბინადრობს ახლა ჩემი შვილის, ანანოს კარადებში. ეს ამბავი საშინლად მეამაყება!
თაობები ჩემთვის ასეთი პაწაწინა, საყვარელი და სათუთი ისტორიების მძივია. ერთად რომ შევიკრიბებით ჩვენი ოჯახის დიდი და პატარა გოგოები, ამ მძივის სხვადასხვა ისტორიას ვიხსენებთ. ზოგი ფოტოთია აღბეჭდილი, ზოგი სამოსში შენახული, ზოგი ნახატში, უმეტესობა კი ჩვენს საუბრებსა და ფიქრებში.
„სითი“ იმიტომ მიყვარს, რომ აგერ უკვე 15 წელია სხვადასხვა თაობის მძივების ნაწილია. რამდენი, ახლა უკვე ისტორიული და სათუთი, კადრია გადაღებული, რამდენია წინ! ჩვენი ყდის გმირებიც ხომ ამ ისტორიის შემადგენელია – დიდების „სითიში“ – ნანა, ნინა და ელიჩკა, „სითი ჯუნიორში“ კი, კაშკაშა მაშო და ჯუნიორის დიდი ფოტოსესიის მონაწილეები. ნახეთ რა კარგი ამბებია ამ ფოტოსესიებში. მიხარია, რომ ეს ნომერი, რომელიც თაობებს მიეძღვნა, თითოეული მისი გმირისთვის მისი ისტორიის, მძივის, ნაწილი იქნება.
P.S.
არ დაიზაროთ და გადაიღეთ ბევრი ფოტო!
არ დაიზაროთ და შეინახეთ საყვარელი კაბები დედების გარდერობიდან!
ეკა ხოფერია