– რა ლამაზი ხართ, მშვენიერი – ეუბნება წამყვანი ოდრი ჰეპბერნს ერთ ძველ ინტერვიუში.
– What can I say…- პასუხობს ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში და, მგონი, ყველაზე სწორ პასუხს სცემს. მართლაც, რა უნდა უპასუხოს ქალმა კომპლიმენტზე, როცა მან იცის, რომ ეს სიმართლეა.
– რა მშვენიერი ხართ!– ოთხ ხმაში ვეუბნებით თათული დოლიძეს მე, ნინო დარასელი, ნათია გამცემლიძე და ნინო ჭიჭინაძე კაფეში, გაზაფხულის „სითის“ ყდის მოსამზადებელ შეხვედრაზე. არაფერს ამბობს, იღიმის. ესეც პასუხია.
თვეებია მივდივართ ამ ყდისკენ. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საოცნებო ყდა ჯერ კიდევ ახალ წლამდე უნდა ყოფილიყო. ბევრჯერ დავრეკე მასთან. ვლაპარაკობდით ყველაფრის შესახებ – ყდაზე, თარიღზე, ოჯახურ ამბებზეც, მერე ისევ ყდაზე, მერე ისევ თარიღზე. ისე დალაგდა ვარსკვლავები, რომ გაზაფხულის ყდის გმირი უნდა გამხდარიყო.
– ძალიან ვღელავ. რამე ისე რომ არ გამოვიდეს, ვინ მაპატიებს! – ველაპარაკები ტელეფონზე
– და მე როგორ ვღელავ?- მესმის როგორ იღიმის ყურმილს მიღმა.
– მაინც, როგორი წარმოგიდგენიათ?
– სადა, ძალიან სადა. ჩვეულებრივი, არაფერი ზედმეტი – მპასუხობს.
და, გადავიღეთ სადად. ჰო, თათული დოლიძის სისადავე აი, ამხელა სილამაზეშია, აი, ამხელა უძირო თვალებში, მოღერებულ ყელში, გამოხედვაში… მის უკან უდიდესი ისტორია და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სცენებია. წარმატება, აღიარება, აღფრთოვანება – მისი ცხოვრების თანმდევია. ყოველი სასცენო დღე ჩვენი ქვეყნის სიამაყე და მემკვიდრეობაა. „ნუღარ მომაყოლებთ
„კავკასიურ ცარცის წრეს“ – გვეუბნება. არ ვაყოლებთ, გვინდა ის როლი ითამაშოს, რაც მისია და რაც მას უნდა.
– ეს იყო უმაღლესი კლასის თამაში. ეს იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი და მსგავსი დიდი ხანია არაფერი გვინახავს. თათული ბოლომდე დაიხარჯა და ისე იმუშავა, როგორც მხოლოდ მას შეუძლია – მიყვება გუნდი, რომელიც „სითის“ ყდაზე მუშაობდა.
ჩემთვის „სითის“ ყოველი ყდა ახალი გადაცემასავითაა. ყოველი ყდის და ნომრის წინ ისე ვღელავ, როგორც ეთერში გასვლის წინ. როგორი მინდა იყოს „სითი“? სადა, აი, ისეთი სადა, როგორიც თათულია, დოლიძე! თუ გამოვიდა, მომილოცეთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი შევიდა ჩვენს ისტორიაში.
ეკა ხოფერია