„თუ დაისახე, დიახ, შესაძლებელია!“
თბილისი,
ბაქოს ქუჩა,
ლამაზი ხის კარი და
განსხვავებული სივრცე, სავსე ბევრი იდეით.
მაკა ანთიძესთან შეხვედრამდე არ ვღელავდი-მეთქი რომ დავწერო, უნდა მოგატყუოთ. ველოდი ჩვენს შეხვედრას და მო-ველოდი „ლექციას“, ყურადღებით რომ უსმენ და ყველა სიტყვის დამახსოვრებას ცდილობ.
შეხვედრის დღეს რაც პირველი ყურადღებას იქცევს, ეს არის სადარბაზოს ხის კარი. ძველი, ორნამენტებით…
შემდეგ უკვე შეხვედრის ყველა წუთი – საინტერესო და სასარგებლო.
ახალია შეგრძნება, რომელიც ახლა მე მაქვს და რომელიც მაკა ანთიძესთან შეხვედრის დროს მქონდა.
…და ასე, გამოვიდა.
რომ დავაზუსტო, ინტერვიუ გამოვიდა თუ არა ჯერ არ ვიცი, მაგრამ შეხვედრა ნამდვილად შედგა, ბაქოს ქუჩაზე, ლამაზი ხის კარს მიღმა, შენობის პირველ სართულზე.
***
„რომ გითხრათ, არ დავფიქრებულვარ-მეთქი, არა, ნამდვილად ვიფიქრე რამდენად შევძლებდი, რამდენად მაინტერესებდა, რამდენად მინდოდა ახალი საქმის ნულიდან დაწყება. შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება – რატომაც არა, ცხოვრება ხშირად არ გაძლევს ასეთ შესაძლებლობას.“
და მაკა ანთიძე გაჩნდა ტიკ-ტოკზე, იუთუბსა და ინსტაგრამზე…
„პროექტი 64″ დაიბადა და ახალგაზრდა გუნდთან ერთად დაიწყო სრულიად ახალი საქმე პროფესიულ ცხოვრებაში. იყო სირთულეებიც. მაგალითად, Gen Z თაობის ლექსიკონისთვის დროის დათმობა, ახალ სივრცესა და საკუთარ თავში სხვა შესაძლებლობების პოვნა.
გამოვიდა…
როგორც ყოველთვის…
„წარმოიდგინეთ, თითქოს ისეთი ნიადაგია, სადაც არ შეიძლება ცუდად იყო. ამდენი პოზიტიური ემოცია სამსახურში ალბათ არასდროს მიმიღია. ემოციურად კარგად ვგრძნობ თავს. დღეს ბედნიერი ვარ, ესაა გამოწვევა, ვსწავლობ, ახალს ვაკეთებ, თან ვასწავლი სტუდენტებს იმას, რაც მგონია ვიცი და რისი გამოცდილებაც მაქვს. სულ ვამბობ კი არ გასწავლით, გამოცდილებას გიზიარებთ. ძველ საქმეშიც შესანიშნავად ვგრძნობდი თავს. მთავარი ხომ ისაა, რამდენად გიყვარს საკუთარი საქმე, მე ძალიან მიყვარდა რასაც ვაკეთებდი, ეს კი ცოტა ხნის წინ შემიყვარდა.“
„პროექტი 64″ მაკა ანთიძის ცხოვრების ახალი სიყვარულია, რომელსაც თან განსხვავებული ემოციები ახლავს. ამ სივრცეში დიდი გეგმებითა და არაერთი იდეით შეაბიჯა.
– „პროექტი 64″
„…არის ჩემი კოლეგების გიორგი გოგუას და იანა ყორბეზაშვილის იდეა, მათთან მუშაობა და ურთიერთობა არის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო. დღეს რასაც მე ვაკეთებ აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რასაც ვაკეთებდი წლების განმავლობაში. მთელი ცხოვრება რეპორტიორი ვიყავი, ნიუსები მომწონდა. ეს კი მედიის განსხვავებული მიმდინარეობაა. ყოველთვის მიყვარდა სწავლა, ადამიანი მთელი ცხოვრება უნდა სწავლობდეს რაღაცებს. ამ შემთხვევაში ვსწავლობ ძალიან ბევრს ჩემს კოლეგებთან ერთად, ეს ერთგვარი გამოწვევაა და მგონია, რომ ადამიანი, რომელიც ასე უყენებს საკუთარ თავს გამოწვევას, არასდროს ბერდება.“
განმარტებითი ჟურნალისტიკის სათავეებთან ყოფნა მისთვის ახალი გამოწვევაა. ახსნითი ვიდეოებით საუბარი არაერთ საკითხზე, პიროვნებაზე, მოვლენასა თუ პრობლემაზე. პატარა ქართული სტარტაპის მთავარი მიზანიც ფაქტებით ამბების თხრობა და აუდიტორიის ინფორმირებაა. მაკა ანთიძე ცდილობს ისაუბროს იმ ფაქტებსა და მოვლებზე, რომელთანაც პირადად ჰქონდა შეხება და – არამარტო.
Explainers:
„ექსპლეინერები – ახსნითი ვიდეოები, სხვადასხვა ქრონომეტრაჟის. ეს არის ჟურნალისტიკა, რომელიც 15 წელია, თუ მეტი არა, რაც არსებობს. სხვადასხვა ფორმატით ვაკეთებთ ვიდეოებს, ვაკეთებთ ასეთ სერიასაც – ვიდეოები, სადაც მე ვზივარ და რაღაც ფაქტებზე, თემებზე, ადამიანებზე ვყვები. თანამშრომლების უმრავლესობა ჩემზე ბევრად ახალგაზრდაა, ხშირად ამბებს ვყვებოდი და მითხრეს ეს ამბები იუთუბზე მოყევიო. ვეწინააღმდეგებოდი, ვფიქრობდი, ვისთვისაა ახლა ეს საინტერესო ან რატომ, მაგრამ არ ვიცი, დამარწმუნეს.”
და დაიწყო გადაღების პროცესი, ამბებისთვის მზადება და ონლაინ პლატფორმით მაყურებელთან შეხვედრა. ძალიან ბევრი წელია მსოფლიო ამბებს თვალს ადევნებს და მისი ყველა დღეც ამ რიტმის მაჯისცემას ემთხვევა.
– ჟურნალისტის მთავარი ძალა – ეს არის…
„სანდოობა! იმ ჟურნალისტებს მივეკუთვნები, რომლებიც თვლიან, რომ სანდოობა არის უმნიშვნელოვანესი. ტიკტოკზე მოსმენილი ინფორმაცია ჩემთვის სანდო არაა, მაგრამ რახან სხვადასხვა პლატფორმა გავრცელებული გახდა, ტრადიციული სანდო მედიაც ხვდება, რომ მათაც უნდა გამოიყენონ ეს გზა, ესაა მნიშვნელოვანი, ამ სივრცეშიც სწორი ნავიგაცია გქონდეს, ვის ენდო.“
სწორი ნავიგაციით ცდილობს ამ სფეროში ყოფნას და საკუთარი ხელწერით წლებია ჟურნალისტურ პროდუქტს ქმნის. გარდამტეხი ცვლილება კი როიტერის კავკასიის ბიუროს დახურვისას მოხდა, როცა 25 წლიანი დიდი თავგადასავლი დასრულდა და 2020 წლის 1 დეკემბერი ახალი ცხოვრების დასაწყისი აღმოჩნდა.
და გათენდა დილა, სულ სხვა ტემპით…
„თავიდან ძალიან გამიჭირდა, როდესაც ამდენი წელი მუშაობდი როიტერში და მუშაობ ნიუსებში, ეს არის შენი ცხოვრების სტილი, წესი, ყველაფერი. უცებ ამ ყველაფრის გაჩერება და ამოგდება, იყო ძალიან რთული. ჩემი დილა იწყებოდა ნიუსებით, „ეს უნდა გავაკეთო“ და მახსენდება რომ „არა, არ უნდა გავაკეთო“, ეს დასაწყისში ემოციურად რთული იყო.“
მაკა ანთიძეს როიტერის 25 წლიან ისტორიაზე მოსაყოლი ბევრი აქვს. „განუწყვეტელი სწავლის პერიოდი“ – სწორედ ასე მოიხსენიებს ჩვენთან საუბრისას ამ დროს და მადლიერია, რომ ერთ დროს უინტერესოდ მიჩნეული პროფესია, წლებთან ერთად ცხოვრების მთავარი არჩევანი გახდა და მიღებული გადაწყვეტილება ცხოვრების არცერთ ეტაპზე აღარ უნანია. ამაში დიდი წვლილი სწორედ როიტერის პლატფორმაზე მუშაობას მიუძღვის.
… და სიყვარულს საყვარელი საქმის მიმართ.
„ყოველი ახალი სიტუაცია, სტატია, რეპორტაჟი, გამოძება, ახალი გამოცდილებაა. ეს იყო დასტური, როგორი მაგარი პროფესიაა ჟურნალისტიკა, მომცა საინტერესო ადამიანებთან შეხევდრებისა და ინტერევიუების ჩაწერის შესაძლებლობა. ბოლო ისტორია რომელიც გავაშუქე იყო ომი ყარაბაღში, შემდეგ იყო არჩევნები საქართველოში, დიდი ამბების გაშუქებით დავასრულე ნიუს რეპორტერის კარიერა.“
– ახალი ამბების ჟურნალისტიკა – ეს არის თქვენი ცხოვრების წესი?
„კი, ეს გამყვება ბოლომდე, ეს სურვილი კი არა, ჩვევაა – სულ ვიყო საქმის კურსში, სულ ვიკითხო, ჩემს სანდო წყაროებში გავარკვიო რა მოხდა. მაგალითად, როცა ადამიანი მეუბნება რამე საინტერესოს, სულ ვუბრუნებ კითხვას, „საიდან ვიცით?“ ნიუს ველში ყოფნა ჩვევაა, ეს დამრჩა და დამრჩება სულ…“
– და მაინც, ჟურნალისტიკა არის…
„ხელობა, შეგიძლია ისწავლო. თუ ბევრს წაიკითხავ, ენებს ისწავლი, სტანდარტებს და პრაქტიკაში ხშირად გამოიყენებ. დიდი ნიჭია გონებიდან ქაღალდზე გადმოცემა, ცხადია, მაგრამ ყველფერი მიდის ხელობამდე და ამ ხელობის სწავლა არ არის მარტივი, მაგრამ შეუძლებელიც არაა.. თუ მოინდომა ადამიანმა, მას შეუძლია გახდეს ძალიან დიდი. ყველაფერი შეგიძლია გადალახო. რამდენად მიღწევადია დიდი მიზნები ცხოვრებაში? თუ მოინდომე, მიღწევადია, დიახ!…“
– ბევრი ვისაუბრეთ თქვენს დღევანდელ საქმეზე, გავიხსენეთ „როიტერის 25 წელი“, რას ელის მაკა ანთიძე მომავალისგან?
„სხვათაშორის, ასეთი ხასიათი მაქვს, არასოდეს არ ვისახავ დიდ გეგმებს. კონცენტრირებული ვარ დღევანდელ ამბებზე, მინდა, რომ ის რასაც დღეს ვაკეთებ, ეს ვაკეთო კარგად, პროფესიონალურად. დღეს ახალი თავია ჩემს ცხოვრებაში, არის ძალიან საინტერესო, ამ ეტაპზე ამას ვაგრძელებ და დიდ სიამოვნებას ვიღებ. შესაძლებელია საკმაოდ ხარისხიანი, სიანტერესო და პროფესიული მედიის კეთება, საქართველოში, სადაც არის ასეთი რთულია სიტუაცია. თუ დაისახე, დიახ, შესაძლებელია!“
ნიუს ველში ყოფნა მაკა ანთიძისთვის ერთდროულად ცხოვრების რიტმიცაა და რეფრენიც, თან დასდევს და „მიჩვეულ ჩვევებს“ არასდროს კარგავს.
ჟურნალისტიკაში ახალი სიტყვის სათქმელად და ახალი ისტორიის დასაწერად ამჯერად „პროექტ 64-ით“ შემოიჭრა. პროფესიის მიმართ დიდი სიყვარულითა და შრომით კი მიზნები რეალობად აუცილებლად იქცევა, რადგან ზუსტად იცის, რომ
„თუ დაისახე, დიახ, შესაძლებელია!“
ავტორი: კესო ბოჭორიშვილი
ფოტო: ნათია ასანიძე