არსებობენ ადამიანები, ჰანგები, რომელთა გარეშეც, ალბათ, ბევრ ჩვენგანს თბილისი ვერ წარმოუდგენია. უკვე 20 წელია „თეატრალურის კვარტეტი“ ჩვენი ქალაქის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამდენი წლის განმავლობაში კვარტეტის შემადგენლობა არ შეცვლილა და 3 ნოემბერს იუბილეს ისევ ის ადამიანები აღნიშნავენ, ვინც ყველაფერი 20 წლის წინ დაიწყო. სიმბოლურია, რომ ფოტოსესია რუსთაველის თეატრში გვქონდა იმ ადგილზე, სადაც „თეატრალური კვარტეტის “ ისტორია დაიწყო.
ლაშა კერვალიძე:
“თეატრალურის კვარტეტი” დავით არჩვაძის ხელმძღვანელობით, 2003 წელს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა. დაახლოებით 8 წელი დათოსთან ვითანამშრომლეთ. შემდეგ კი, დამოუკიდებლად გავაგრძელეთ მოღვაწეობა და აგერ უკვე 20 წელია ერთად მოვდივართ, ერთი შემადგენლობით.
შეიძლება ითქვას, რომ “თეატრალურის კვარტეტი” „ თეატრალურის“ კიბეებზე შეიქმნა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ფოტოსესია რუსთაველის თეატრში გვქონოდა. იქ, სადაც გვიტარდებოდა ლექციები, აქტიურად ვესწრებოდით სპექტაკლებს… ეს ადგილი განსაკუთრებულად გვიყვარს და ბევრი მნიშვნელოვანი მოგონება გვაკავშირებს.
ოთო კოვზირიძე:
ჩემთვის საამაყოა რომ 20 წლის იუბილეს ზუსტად ის ადამიანები ვზეიმობთ, რომლებმაც პირველივე დღიდან დავიწყეთ. მთავარი მიღწევა ამ 20 წლის განმავლობაში ალბათ ის არის, რომ ჩვენი შრომით და ჩვენი სიმღერით ხალხს „თეატრალურის კვარტეტი“ შევაყვარეთ. ამას ყოველდღიურად ვგრძნობთ თუნდაც ქუჩაში, გამვლელებისგან. ეს გრძნობა, ქართველი ხალხის სიყვარულია ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე დიდი რეგალია.
კობა ჭეფხოძე:
ამ 20 წლის განმავლობაში ისე მოხდა, რომ დღესდღეობით, ალბათ ყველაზე ახლო ადამიანები ვართ ერთმანეთისთვის. არ არსებობს ჩვენთვის რაიმე თემა, რაზეც მოხდება გაუგებრობა. რა თქმა უნდა, ხანდახან ვკამათობთ, სხვადასხვა აზრი გვაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ ეს კამათი ქმნის იმ ხარისხს, რა ხარისხიც უჭირავს „თეატრალურის კვარტეტს“. უკვე ოჯახის წევრები ვართ. ამანაც შეუწყო ხელი, რომ 20 წელი ასე გაგვეტანა. ეს გზა არ იყო იოლი, უამრავი დაბრკოლება გვქონდა, რომელიც უფრო გვაძლიერებდა და გვაკავშირებდა.
ოთო კოვზირიძე:
მთავარი სირთულე იმაშია, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა იმღერო ქართველი მსმენელისთვის. სხვანაირად გისმენენ, თითოეულ დეტალს აკვირდებიან. ყველაზე რთულია ქართველ მსმენელთან ქართული სიმღერის შესრულება. ამიტომ, ვცდილობთ მაღალ დონეზე მივაწოდოთ სიმღერა – საინტერესო ვერსიებით, რათა ყოველ სიმღერაში იგრძნობოდეს ხარისხი. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი, რომელსაც, ვფიქრობ, ვასრულებთ.
ირაკლი აბჟანდაძე:
ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო ის, რასაც დღეს მივაღწიეთ და რასაც ხალხისგან ვგრძნობთ – მსმენელთა სიყვარული. ყოველთვის ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გემოვნებიანი მუსიკა მივაწოდოთ მსმენელს. ერთ წრეზე არ ვიტრიალოთ, გავაკეთოთ ახალი ვერსიები. ამას კი სჭირდება შრომისმოყვარეობა, დაუღალავი შრომა, ყოველდღიური რეპეტიციები იმიტომ რომ, უშრომლად მართლაც არაფერი გამოდის.
ლაშა კერვალიძე:
უნდა გაგვემართლებინა ის პასუხისმგებლობაც, რომელიც ავიღეთ 20 წლის წინ იმ ადამიანების წინაშე, ვინც გვანდო თავიანთი სიმღერები. ვგულისხმობ უდიდეს კომპოზიტორებს, რომლებმაც გვანდეს თავიანთი მარგალიტები. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომლებიც ერთი წამითაც არ დაფიქრებულან იმაზე, „თეატრალურის კვარტეტს“ შეესრულებინა თუ არა მათი სიმღერები. სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ დატოვეს თავიანთი შემოქმედება, რომელსაც სჭირდება მოვლა და რუდუნებით შესრულება.
ლაშა კერვალიძე:
3 ნოემბერი „თეატრალურის კვარტეტისთვის“ განსაკუთრებული დღეა. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში აღინიშნება კვარტეტის 20 წლის იუბილე და ვარსკვლავის გახსნა. აქვე აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ძალიან მოულოდნელი და ერთი მხრივ დამაფიქრებელი იყო, როდესაც გვითხრეს ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კულტურის პალატას, ბატონ დავით ოქიტაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენთვის საკმაოდ რთული იყო დავთანხმებოდით ამ შემოთავაზებას, რადგან ეს აორმაგებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ძალიან რთულია ამის შემდეგ გააგრძელო მოღვაწეობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი შრომით შევძლებთ, ღირსეულად გავაგრძელოთ ის, რაც 20 წლის წინ დავიწყეთ.
ოთო კოვზირიძე:
მინდა დავამატო, რომ ეს კონცერტი ნაწილობრივ ჩვენი ოცწლიანი მუშაობის შეჯამება იქნება. ახალი კუთხითაც დაგვინახავს მსმენელი. შევასრულებთ იმ ნაწარმოებებს, რომლებიც არ შეგვისრულებია, ვერსიებს, რომლებიც არ გვქონია. გარკვეულწილად, ეს იქნება ახალი ეტაპის დასაწყისი ჩვენს ცხოვრებაში.
კობა ჭეფხოძე:
მე და ირაკლის გვიყვარს ხოლმე თქმა – არ იქნება თავის დაზოგვა! ამჯერადაც, ისევე როგორც ამ 20 წლის განმავლობაში, ბოლომდე დავიხარჯებით ჩვენი მსმენელისთვის.
ირაკლი აბჟანდაძე:
ჩემთვის 3 ნოემბერი ასოცირდება დიდ სიხარულთან და ამავდროულად, ღელვასთან. დიდი გამოწვევაა – ვეჭიდებით ახალ საფეხურს, უნდა ავწიოთ თამასა და შევინარჩუნოთ.
ლაშა კერვალიძე:
ბოლოს, აუცილებლად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენთან ერთად დიდი შრომა ჩადეს ამ კონცერტის მომზადებაში – მუსიკალურ ხელმძღვანელს ქეთი გაბისიანს, ოპერის თეატრის ორკესტრს ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, რეჟისორსა და ვერსიების ავტორს ბაკურ ბაკურაძეს, წამყვანს ნიკოლოზ წულუკიძეს, არაჩვეულებრივ ბენდს, ჩვენს მეგობრებს – პაატა ანდრიაძეს, ლევან დეისაძეს, ზაზა ცერცვაძეს, ირაკლი მენთეშაშვილს, დიტო საკანდელიძესა და უჩა მეტრეველს.
აუცილებლად მაქსიმუმს დავდებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. მთავარი რაც არის სიმღერაში, ესაა იგრძნობოდეს გული და სიყვარული, რასაც არ მოვაკლებთ ჩვენს მსმენელს.
ავტორი: ანა არაბიძე
ფოტო: ნათია ასანიძე
სამოსი: BOGGI Milano
ლოკაცია: რუსთაველის თეატრი