„საით გაგიწევია?”, – კარგი კითხვაა, ქუჩაში, ნაცნობთან შეხვედრისას ზრდილობის გამო დასმული. პასუხიც ტრაფარეტული მოჰყვება ხოლმე: „არსად, აქვე“. ეს „აქვე“, ხშირად კარგა შორი მანძილით არის დაშორებული. ბევრჯერ ხდება, რომ გზა გერევა და შორით სვლა გამოგდის ახლო დისტანციაზე და მისული, მწარე ჩაცინებით აღმოაჩენ, რომ ფუჭად გარჯილხარ, – „რა მინდა აქ?”. მაგრამ, მაინც ყოველთვის ჯობია შარაზე შედგე, ვიდრე მყარად ფესვგადგმულმა სხვის სვლას ადევნო თვალი და დაუზარლად უკირკიტო მის ნაბიჯებს (თან ზოგს რა მურდალი თვალი აქვს)… „მიდი რა, გაიარე”, – კარგი, მეგობრული რჩევაა.
აღდგომა დღეებში დაცარიელებულ თბილისში დავბორიალობდი. თავიდან, მინდოდა ძველად ნაგრძნობის ახლიდან აღმოჩენა, გახსენება. ვცდილობდი და არ გამომდიოდა… ამდაგვარი ხეტიალისას, ამოჩემებულ ადგილებში ბრუნდები, მეორედ ცდილობ ერთი და იგივე მდინარეში ხელახლა შესვლას. უმეტესწილად, სახეცვლილი გხვდება, მუღამებდაკარგული და იხსენებ იმ დროს „მაშინ, როცა…”, და ისე გამოგდის, ქალაქურ „სლაბ” სიმღერებში რომ წაუსევდიანებენ: „სადღაა ის და სადღაა ეს?!”, რომ ჯაგა დრონი მეფობენ და კაი ტიპი, ჯიგარი, თავის საჯიგრეთს ვეღარ პოულობს, ვეღარ უგებენ ამბავში, არადა, ადრე, ეჰ! (ისე, მართლა, ეჰ!)…
გაღმა ნაპირას გავედი, სვანეთის უბნისკენ ავუხვიე და ერთ ნაცნობ გოგოს გადავეყარე. შორიდანვე შევნიშნე დაკლაკნილი ქუჩის თავში. ლაღად მოუყვებოდა თხელი აგურით ნაშენ სახლებს შორის დაღმართს. ლურჯი „პლაშჩი” შეხსნილი ჰქონდა და ყელზე მოგდებულ შარფს ნიავი უთამაშებდა. ლამაზი გოგო ყოველთვის იყო, მაგრამ რაღაც სხვა ნათებამ მომჭრა თვალი იმ დღეს _ ბედნიერებას მოასეირნებდა მსუბუქი ნაბიჯით.
– „საით გაგიწევია?” _ ვკითხე.
– „გაზაფხულისკენ” _ მიპასუხა. აღარარსებულ კინოთეატრ „გაზაფხულს” ნაღდად არ გულისხმობდა.
მისდაუნებურად, ძალდაუტანებლად, მეც გამახედა „გაზაფხულისკენ” – თბილისის დაკარგული შუქ-ჩრდილები დამანახა, ფონად რომ მოსდევდნენ თბილი ტონებით. ახალი, ხისტი ფერების და დინამიკის გადამკიდეს, დიდი ხნის შეუმჩნეველი, ფოკუსიდან ამოვარდნილი მქონდა მისი სიღრმეები. სხვისი ფანჯრის მიღმა სიმყუდროვის შეგრძნების განცდასავით გაუცხოვებული…
„საით გაგიწევია?” – ამ კითხვაზე ბევრი სკაბრეზული პასუხიც არსებობს შორ გზაზე გაშვებით. ხანდახან, საკუთარი არჩევანის დახმარებით, მართლაც „მანდ” იჩითება ადამიანი. ბევრი მათგანი ვერ ხვდება, რომ ნეხვშია ყელამდე და სიამოვნებითაც დააბოტებს მიგნებულ სივრცეში… სუნმა მაინც უნდა შეგაწუხოს ამ გეზზე დაგეშილს, მაგრამ არ აწუხებს და, ჰე! თურმე, სწორედ რომ აი, მანდ უნდოდა მისვლა, ყოფნა. აირწინაღებია მოსახმარი თუ მოგიწია მათთან შეხება. არადა, ვერ აცდები. გაიხედავ-გამოიხედავ და… ბლომად არიან. თან, ქვეცნობიერად თუ გამიზნულად, სურთ, რომ შენც გადმოგდონ აქოთებული სიმყრალე…
ბავშვობაში, სქეითბორდის ბუმის დროს, ნიკოლაძის დაღმართზე ვაწყობდით სხვადასხვა სირთულის ტრასას აგურებისგან (ვაღიარებ, რომ ვაკელები ჩვენზე მაგრები იყვნენ. კუს ტბის დაღმართს ჩამოდიოდნენ თავისუფალი, სწრაფი დაშვებით). შედგებოდი დაფაზე, გახედავდი აგურების განლაგებას, აკრეფდი სისწრაფეს და ცდილობდი ტექნიკურად, მოხდენილად, ახლოში აგევლო გვერდი ქვებისთვის და იქვე, ტროტუარზე ჩამომსხდარი გოგოების მოწონება დაგემსახურებინა.
დიდი გზაც, ტრასაც ასევე ჩვენ მიერვეა დანაღმული. ნაწილობრივ, ლომის წილი, განგებისგან არის ჩაფლული ვერდასანახად. არ ვიცით სად იმარხებიან ნაღმები და ხშირ-ხშირად ვიწევით ჰაერში უყურადღებო, ალღოდაკარგული ნაბიჯის გადადგმისას. ყველა ხაფანგს ნაღდად ვერ გადაურჩები და ვერ აუვლი გვერდს, მაგრამ ზოგის აცილება, გამოთვლა შეიძლება, გამოცდილების და შინაგანი ხმის მოხმობის მეშვეობით. ზოგჯერ, გიფრთხილდება დამცველი ძალა და „ასეჩკას“ აკეთებინებს, არ აფეთქებს ნაკუწებად გამგლეჯ ნაღმს.
ყოველი დაწყება, ყოველი ჯერი, ახლიდან თავის გამოცდაა. ადგილიდან დაძვრის, დანაოჭებული ფესვების მოჩეხვის ჟინი, აზარტი უნდა მოიყვანო მიზნამდე მისაღწევად… „მიზანი” – არ მომწონს ეს სიტყვა. ძალიან კონკრეტულია, მრგვალი და ბრტყელი. გზა არის მნიშვნელოვანი. უამრავი რამ იცვლება სვლისას. „მიზანიც” იცვლის ფორმას, ზომას და აზრსაც კი, დიდი განსხვავებით საწყისისგან…
მთავარია, შარას გაუყვე. „მიდი რა, გაიარე”, კარგი, მეგობრული რჩევაა.
რეზო თაბუკაშვილი