0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძე

MANGO GIRL & THE CITY

უკვე მეორედაა „სითის“ გარეკანზე. ორივეჯერ მის საყვარელ სეზონზე. ზუსტად სამი წლის წინ, 2019 წლის ოქტომბრის ნომრის ყდასაც ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძე ამშვენებდა. თუმცა, წლევანდელი მაინც განსხვავებულია. მიზეზი ნინუცას და „მანგოს“ საინტერესო ურთიერთობაა. როგორც თავად მითხრა, ამ ბრენდის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეს დამოკიდებულება გულწრფელია. ფოტოსესიის დროსაც ყველაფერი მოირგო ზუსტად ის და ისე, როგორც ამას ყოველდღიურობაში აკეთებს…

საუბარი მისი ცხოვრების ახალი გამოწვევით, გადაცემა “შუადღით”, დავიწყეთ…

მახსოვს, მთელი ჩემი ბავშვობა როგორ ვუყურებდი „რუსთავი 2“-ს. 

მართლა მგონია, რომ ეს არხი ჯადოსნურია. ძალიან მიყვარს და ჩემთვის აქ მუშაობა დიდი პატივია. ეს ნამდვილად არ არის ბანალური, დაზეპირებული ფრაზა. ესაა სიტყვები, რომელიც გულიდან მოდის. გუნდი, რომელიც ჩვენს გადაცემაზე მუშაობს, თითოეული ის ადამიანი, რომელიც კადრს მიღმაა, ქმნის აბსოლუტურად უნიკალურ გარემოს. მართალია, დიდი ხანი არ არის რაც ერთად ვმუშაობთ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში ვარ. 

სირთულეები იყო?

გარკვეულწილად, ეს დიდი გამოწვევაცაა. პირველი კვირა განსაკუთრებით რთული იყო. ვფიქრობ, აუდიტორიას ცოტათი გაუჭირდა ახალი წამყვანის მიღება. იყო ნეგატიური კომენტარებიც… თუმცა, ახლა უკვე თბილი წერილები მოდის და ყველაზე მეტად ეგ მახარებს. სულ ვამბობ ხოლმე, რომ წამყვანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი აუდიტორია – ადამიანები, რომლებიც მას უსმენენ, ენდობიან და უყვართ. როდესაც ხარ წამყვანი, შენ მუშაობ ადამიანებისთვის, სულ უნდა ფიქრობდე რა გაუხარდებათ, რა მოეწონებათ, რა აინტერესებთ…როცა აუდიტორია ხედავს, რომ შენ მათთვის მუშაობ, მათი სიყვარული გიბრუნდება. ამის გარეშე ჩვენს პროფესიას აზრი არ აქვს, ყველაფერი კეთდება მაყურებლისთვის. 

Ninutsa x Mango

გულწრფელად გითხრათ, მადლიერი ვარ და ძალიან გამიხარდა, როცა შემომთავაზეს ვყოფილიყავი „მანგოს“ წარმომადგენელი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. პრინციპში, ეს ჩემთვის პირველი თანამშრომლობაა ბრენდთან. აქამდე, ყოველთვის უარს ვამბობდი მსგავს შეთავაზებებზე. უკვე წლებია, „მანგოს“ მომხმარებელი ვარ. ძალიან მიყვარს და დავთანხმდი, რადგან ეს თანამშრომლობა გულწრფელია. პირველი, რაც ამ ბრენდში მომწონს, არის ხელმისაწვდომობა, მეორე – აქვს ძალიან ლამაზი სილუეტი და კლასიკურია. 

„მანგოს“ ქალბატონები მე ასე წარმომიდგენია – ისინი არიან ქალები, რომლებიც მუშაობენ, ყოველდღიურად დადიან სამსახურში, სურთ გამოიყურებოდნენ კლასიკურად, მაგრამ, ამავდროულად, მათ სტილში იგრძნობა მოდური ელემენტები. ეს შტრიხი სულ აქვს „მანგოს“, არ კარგავს კლასიკურ ხაზს და საკმაოდ გემოვნებიანად ამატებს მოდურ ელემენტებს. ეს ბრენდი გაძლევს საშუალებას სამსახურში წახვიდე კლასიკურად – ისე, როგორც საჭიროა და მოითხოვს აკადემიური გარემო. გამოხვალ, რამდენიმე ელემენტს შეცვლი და ეგრევე მზად ხარ იმისთვის, რომ საღამოს წახვიდე კლუბში ან ბარში, დაჯდე მეგობრებთან ერთად და კოქტეილი მიირთვა. სწორედ ეს მომწონს „მანგოში“ – კლასიკური და მოდური ნივთების სინთეზი. მითუმეტეს, დღევანდელ, აჩქარებულ ცხოვრების ტემპში. ჩვენი თანამშრომლობა ჩემს საყვარელ სეზონსაც დაემთხვა. არ ვიცი რატომ ხდება, მაგრამ სულ მგონია, რომ ყველაზე კარგად სექტემბერ-ოქტომბერ -ნოემბერში ვიცვამ. ამ პერიოდში მონატრებული გვაქვს შედარებთ თბილი სამოსი, რაღაცებს უფრო ახლებურად ვირგებთ… სხვათა შორის, შემოდგომა ყველგან „შოპინგის“ სეზონად ითვლება.

Fall must haves

ფოტოსესიის დროს ვეცადე რამდენიმე განსხვავებული სტილი მომერგო. თუმცა, თითქმის ყველაფერი ისედაც ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. საყვარელი „ლუქი“ მაინც, ტყავის შარვალი, მაისური და ზემოდან ქურთუკია. აი, ეს არის ჩემთვის იდეალური საშემოდგომო „ლუქი“, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს გარდერობში. ასევე, ფანტასტიკურია წითელი და ჟოლოსფერი კაბები. ორივეს ისეთი სილუეტი და ფერი აქვს, რომ იოლია მათი მორგება. გადაიცმევ და უკვე კარგად გამოიყურები. შეგიძლია თამამად წახვიდე ნებისმიერ საღამოზე. ძალიან მომწონს ასევე, სამოსში რამდენიმე ფაქტურის და სილუეტის შეხამება. მაისური, სვიტერი, პალტო – ამ სეზონზე ძალიან აქტუალურია და ვფიქრობ, ჩვენც საინტერესოდ გადავათამაშეთ.

Style tips from Ninutsa

ჩაცმა, სტილის მორგება ხომ საკუთარი თავის გამოხატვაა. შენი სამოსის მეშვეობით საკუთარი თავის შესახებ ყვები. ყოველ შემთხვევაში, ვისაც მოდა უყვარს, ასეა. ვფიქრობ, რომ სამოსი ჩვენი განწყობის შესახებაც ბევრს ამბობს – თამამი ვარ, მორიდებული, კარგ ხასიათზე ვარ თუ ცუდზე… მოკლედ, მგონია, რომ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება გაიგო ადამიანზე მისი სტილის მეშვეობით. 

ზოგადად, რამდენიმე მცდარი წარმოდგენა არსებობს სტილთან დაკავშირებით. გქონდეს შენი საკუთარი სტილი, სულაც არ ნიშნავს ხარჯავდე დიდ ფინანსებს. უნდა დახარჯო დრო – გაერკვე რა ფერის, სილუეტისა და ტექსტურის სამოსი გიხდება. როგორი სამოსი წარმოაჩენს შენს სხეულს ყველაზე კარგი კუთხით. აი, ამაში ნამდვილად ბევრი დრო მიდის. წლები დამჭირდა იმისთვის, რომ მეპოვა ის კონკრეტული ნივთები, რომლებიც ვიცი, რომ ჩემს ტანს ერგება. მაგალითად, ზუსტად ვიცი როგორი სილუეტის შარვალი უნდა ჩავიცვა, რომ კარგ ფორმაში ვიყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულად შენი სხეულის პარამეტრების მიხედვით მოირგო სამოსი.

პირადად ჩემს სტილს რაც შეეხება, ვფიქრობ ძალიან ხშირად ერთი სტილიდან გადავდივარ მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე… ერთადერთი უცვლელი, გრძელი თმაა. რომელსაც, ალბათ, ადრე თუ გვიან შევიჭრი. ყოველთვის ვცდილობ ექსპერიმენტები ჩავატარო. ჩემთვის ჩაცმა თავგადასავალია. განსაკუთრებით სახალისოა მეგობრებთან ერთად სხვადასხვა სამოსის და აქსესუარის შეხამება. ძალიან მიყვარს ვინტაჟიც. დედას გარდერობიდან აღებული სამოსის და აქსესუარების მორგება… თეთრი მაისური და მომდგარი ან თავისუფალი სტილის ჯინსი – აი, ეს არის ის, რაც ყოველთვის იყო და აუცილებლად იქნება ჩემს გარდერობში.

“სითის” 2019 წლის და ახლა უკვე, 2022 წლის ყდა… ამ დროის განმავლობაში იყო ყველასთვის საკმაოდ რთული პერიოდი – პანდემია, ბევრი რაღაცის გადაფასება მოხდა… როგორ ფიქრობ, რა შეიცვალა ამ სამ წელიწადში პირადად შენს ცხოვრებაში…  

ძალიან საინტერესო კითხვაა… მითუმეტეს, დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით. შეიძლება ვიღაცისთვის ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩემი თავის 2019 წლის ვერსია რომ შემხვდეს, ერთმანეთს ვერაფრით გავუგებთ.

მგონია, რომ ძალიან შევიცვალე. განსაკუთრებით დიდი სტრესი იყო აქტიური ცხოვრების წესიდან უცებ გაჩერება. ყოველდღიური სამსახური გაქვს, ბევრს მოგზაურობ, სულ რაღაც საინტერესო ხდება, სულ სადღაც გარბიხარ, ვერაფერს ასწრებ და აი, ამ მდგომარეობაში, რაღაც მომენტში დრო გაჩერდა. უცებ დადგა რეალობა, რომ ვეღარ გავდიოდით სახლებიდან. ძალიან დიდი სტრესი იყო. გინდა არ გინდა, რაზეც აქამდე დრო არ გქონდა, იმაზე იწყებ ფიქრს. იყო შიშის მომენტიც… კოვიდი მეც და ჩემმა შვილმაც საკმაოდ მძიმედ გადავიტანეთ… რთული ორი წელი იყო. თუმცა, მადლიერი ვარ ამ ორი წლის იმიტომ, რომ ძირეულად შემცვალა და დღეს გაცილებით კომფორტულად ვარ საკუთარ თავთან, ფიქრებთან და სურვილებთან. გაცილებით უფრო გულახდილი ვარ. მგონია, რომ პანდემიამ მომცა საშუალება ჩემს თავთან დიალოგი დამეწყო. ეს ფასდაუდებელი გამოცდილებაა. ახლა ვგრძნობ, რომ ყველაფერი დაბრუნდა იქ, სადაც 2019-ში გავჩერდით. ახლა უფრო კონცენტრირებული, ძალიან მშვიდი და რაც მთავარია, ბევრად უფრო ბედნიერი ადამიანი ვარ, ვიდრე 2019-ში.      

ტანსაცმელი: “მანგო”

ტექსტი: ანა არაბიძე

სტილი: მარიამ გუგუშვილი

ფოტო: თორნიკე აივაზიშვილი

მაკიაჟი: ანა თოდუა

თმა: ვიქტორია გიგიაშვილი

ლოკაცია: სასტუმრო UNFOUND DOOR

ასევე წაიკითხეთ