თათა სვანაძე – არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი, Studio FORMS-ის დამფუძნებელი
არქიტექტურა და დიზაინი ჩემთვის ძალიან ახლო სფეროა, ბავშვობიდან. გავიზარდე არქიტექტორების გარემოცვაში. შეიძლება, გარკვეულწილად, ამანაც განაპირობა ჩემი მომავალი პროფესია. სულ ვხატავდი. ზუსტად ვიცოდი, რომ არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინს გავყვებოდი. მიზნად მქონდა დასახული ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელება. ასეც მოხდა. მუშაობა სტუდენტობის პერიოდშივე დავიწყე. ძალიან ღირებული იყო პრაქტიკული და თეორიული ცოდნის შეთავსება. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს კარიერაში ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი იყო ლისაბონის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი. ბევრი რამ საერთოდ სხვა ჭრილში დავინახე. ჩვენი პროფესიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა, დისციპლინა, იქ უფრო გამომიმუშავდა. რაც მთავარია, ლისაბონის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდმა მომცა ახალი შთაგონებები.
თბილისში დაბრუნებიდან მალევე, ერთ-ერთი უმსხვილესი არქიტექტურული კომპანიისგან მივიღე შეთავაზება, მეხელმძღვანელა ინტერიერის დიზაინის მიმართულებისთვის. ძალიან ნაყოფიერი წელი იყო, არაერთ საინტერესო პროექტზე ვიმუშავეთ. მალევე მივხვდი, რომ უკვე საკმარისი ცოდნა და გამოცდილება მქონდა დაგროვებული და დრო იყო ჩემი დიზაინსტუდია შემექმნა. ასე შეიქმნა Forms Studo, რომელიც ჩემს მეგობარ ლიზა ტიმჩენკოსთან ერთად დავაფუძნე. ჩვენი გუნდის მთავარი ხედვაა, რომ ჩვენმა შექმნილმა პროექტებმა დროსა და გარემოში ჰარმონიულად იარსებოს. ვფიქრობ, მთავარია ინტერიერი გიქმნიდეს კომფორტს, მორგებული იყოს შენს ხასიათსა და ცხოვრების სტილზე. საცხოვრებელი სივრცე ერთგვარი პორტრეტია, რომელსაც ძალიან ბევრი რამის მოყოლა შეუძლია ადამიანის შესახებ. ამიტომ, ვფიქრობ, ტენდენციები მეორეხარისხოვანია. ინტერიერის დიზაინერი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, რათა ზუსტად ჩასწვდეს დამკვეთის ფსიქოტიპს, სურვილებს და შექმნას მისთვის კომფორტული სივრცე.
წელიწადნახევრის წინ, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა. „ციფრული ინდუსტრიის აკადემიისგან“ მივიღე შეთავაზება სტუდენტებისთვის წამეკითხა ლექციები. საკმაოდ ბევრი ვიფიქრე სანამ ამ შეთავაზებას დავთანხმდებოდი, რადგან შენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება უდიდესი პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე რომ დავთანხმდი, რადგან თვითონ ეს პროცესი, სტუდენტების გამოხმაურებები და მათი წარმატება ძალიან დიდი სიხარულია.
შენი შემოქმედებიდან რომელიმე პროექტის გამორჩევა თუ შეგიძლია?
რთულია რომელიმე პროექტის გამოყოფა. თითოეული მათგანი ახალი გამოწვევაა და თანაბრად საინტერესო. თუმცა, არის პროექტები, რომლებმაც ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანა. ვფიქრობ, ერთ-ერთი ასეთი „კაჭრეთის ვილა ამბასადორის“ ინტერიერის პროექტი იყო, რომელზეც მე და ლიზამ ვიმუშავეთ, ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად.
როგორ ფიქრობ, გაქვს შენი ინდივიდუალური ხელწერა?
ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ხელწერის ქონა. მის გამომუშავებას კი, დრო სჭირდება. ვთვლი, რომ მე მაქვს ხელწერა, ძალიან მიყვარს ინტერიერში ფერის შემოტანა. ასევე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია სივრცის სწორად დაგეგმარება.
რა რჩევას მისცემდი დამწყებ ინტერიერის დიზაინერებს?
ეს არის სფერო, რომელიც ყოველწუთიერად ვითარდება. ამიტომ, დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმაციის მოძიებას, პროექტების დათვალიერებას. ეს უმნიშვნელოვანესია შთაგონების მისაღებად. ასევე, ვეტყოდი ეცადონ შეინარჩუნონ შემოქმედებითი თავისუფლება, არ მოაქციონ სილამაზე ჩარჩოებში, რადგან ესაა თავისუფალი პროფესია. დაბოლოს, რაც მთავარია, ვურჩევდი შექმნან საკუთარი, ინდივიდუალური ხელწერა.