0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ილო ბეროშვილის მოგზაურობა დროში „ნიკორასთან“ ერთად

მსახიობი და ტელეწამყვანი, ილო ბეროშვილი “ნიკორას” კულინარიული პროექტის ახალი სტუმარია. ბრენდმა გაიგო , რომ ილოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი “ნიკორას” პროდუქტი სოსისი “ივერიაა” და მას საჩუქრად “ჩიმიჩურის” სოუსით მომზადებული სენდვიჩის რეცეპტი, პროდუქტებთან ერთად გამოუგზავნა.

ლათინოამერიკული სოუსით და “ნიკორას” რეცეპტით უგემრიელესი კერძის დამზადებისას “სითიმ” გაარკვია, როგორ მოგზაურობს დროში ცნობილი მსახიობი კერძების კეთებისას და მართლაც ასეთი კარგი კულინარია თუ არა საყვარელი სერიალის მთავარი გმირი.

კულინარიასთან როგორ და როდის დამეგობრდით?

ჩვენი გზები 10 წლის წინ გადაიკვეთა. იქამდე არაფრის კეთება არ ვიცოდი. სამაგიეროდ, მშობლებმა იცოდნენ. მამაჩემს უყვარდა “ჩალაღაჯის”, “ყაურმას” კეთება. დედა წარმოშობით ჩერქეზია . ბავშვობაში დედას სამშობლოში ვიზრდებოდი, მახსოვს მის მიერ მომზადებული უგემრიელესი ნაციონალური კერძი “შიფსი”. ის ძალიან გავს ჩვენს “საცივს” , ოღონდ სხვა ინგრედიენტები, გემო და ფერი აქვს: სჭირდება დაფნის ფოთოლი, მშრალი წითელი წიწაკა, ინდაურის ხორცი, რომელიც ხახვთან და ნიორთან ერთად ითუშება. “შიფსი” ღომთან ერთად იჭმევა, ღომი ჩერქეზებსაც აქვთ. ეს კერძი ბავშვობაში მაბრუნებს. ვფიქობ, ჩემში საჭმლის კეთების სურვილი გენეტიკურად სულ იყო ჩადებული, კულინარია ჩემთვის ერთგვარი თერაპია გახდა.

პირველად კარტოფილის და თევზის კერძი ჩემებური რეცეპტით დავამზადე მას შემდეგ, რაც ინტერნეტში 400 – მდე რეცეპტი აღმოვაჩინე. შემდეგ მომინდა ე.წ. “საბჭოთა სოუსის” მომზადება. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ის გემო ჰქონოდა, როგორც ბავშვობაში იყო. ამ დღის მერე დავიწყე კულინარობა და წამიღო რა….

ერთი შემიძლია ვთქვა – კერძს შეუძლია დროში გამოგზაუროს.

ბეროშვილი ილო

როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა “ნიკორასთან”?

ჩემი და ნიკორას მეგობრობა 90 – იანი წლებიდან იწყება. “ტომი და ჯერიში” მაცივარში რომ უზარმაზარი ბარკალია, ხომ გახსოვთ, ის მომენტი ასოცირდება ჩემთვის “ნიკორას” პირველ პატარა სარეალიზაციო ობიექტთან მეტრო ” დელისის” ახლოს. იქ, ძირითადად, მადისაღმძვრელი და უგემრიელესი შებოლილი ბარკლები, შებოლილი ღორის ხორცი და სოსისები იყიდებოდა. ჩემი ოცნება იყო, შევპარულიყავი, ჯერ ბარკლების ჭამა დამეწყო და მერე მთელი ღამე იქ გამეტარებინა. ასე რომ, ჩემი და “ნიკორას” ურთიერთობა უკვე იმ დროში დაიწყო, შემდეგ შევიყვარე ძეხვეულობა, განსაკუთრებით, მონადირეული სოსისი. სხვათაშორის, ერთი პერიოდი, “ნიკორას” ფენოვანი ცომისგან ხორციან პეროგებსაც კი ვაკეთებდი.

როგორ მოგეწონათ სპეციალურად თქვენთვის მოფიქრებული “ნიკორას” რეცეპტი?

ძალიან მომწონს. აქ არის ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც მიყვარს. ორ დიდ კულტურას შორის ვარ – ჩერქეზულსა და ქართულს შორის. განსხვავებები მაინც გვაქვს, ამიტომ მიყვარს, როდესაც კულტურული მიქსია განსაკუთრებით კულინარიაში. მიყვარს ლათინოამერიკული სამზარეულო: მოტკბო, მომჟავო, ცხარე კერძები. მომწონს კონტრასტული ინგრედიენტები. აქ მაგალითად, გვაქვს მშრალი წიწაკა, რომელიც ძალიან კონტრასტულია თაფლთან. მომწონს ხახვის კარამელიზაციაც შეწვისას: სიტკბო და სიცხარე ერთმანეთთან ირევა. არ არის ბანალური რეცეპტი – მდიდარია გემოებით.

როგორ ფიქრობთ , თქვენნაირი დაკავებული ადამიანი, რა სიტუაციაში და რა სიხშირით გააკეთებს კერძს “ნიკორას” ამ რეცეპტით ?

ერთი ვიცი, როდესაც ჩემი შვილისთვის, ჯერისთვის, უკვე ნებადართული იქნება ასეთი კერძების ჭამა და მეტყვის სენდვიჩი მინდა, გავუმზადებ და დროს გამოვნახავ. ალბათ, ყველგან დავაგვიანებ და გემრიელ სენდვიჩს გავუკეთებ. თუმცა, ვფიქრობ, ასეთი კერძი ალბათ უფრო მაშინ არის გასაკეთებელი, როდესაც სტუმრებს ელოდები.

ილო ბეროშვილი

ბანალური კითხვაა, მაგრამ მაინც დაგისვამთ: ძალიან პოპულარულია თქვენი პერსონაჟი – “შაგუ”, სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები”. გაქვთ რამე საერთო მასთან რეალურ ცხოვრებაში?

რაც მე მოვყევი, რომ საჭმლის კეთება მიყვარს, თავიდან ბოლომდე გამორიცხავს შაგუს პერსონაჟს. ზოგადად მის ტიპაჟში არ ჯდება საჭმლის კეთება. აი, შაგუს გულჩათხრობილობა კი ჩემს ხასიათში ჯდება. ადრე ბევრს ეგონა , რომ რადგან ვხუმრობდი და სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი, კარგად ვიყავი. ასე არ იყო. ყოფილა შემთხვევები, შინაგანად არ ვგრძნობი გარგად თაცს, მაგრამ გარეგნულად არ მეტყობოდა, შაგუც ასეთია. იმის გარკვევა , შინაგანად რა ხდება მის გულში ცოტა რთულია. მეტი არაფერი მაქვს საერთო ჩემს პერსონაჟთან. ვისურვებდი , რომ ამდენივე ფული მქონდეს, მაგრამ ასე არ არის. ხო, ერთი გოგოს ამბავში გვაქვს ერთნაირი გემოვნება. მე არ მეგონა, თუ ასე რთული იქნებოდა ჩემს მეუღლესთან, ანისთან , ერთად სერიალში შეყვარებულობის თამაში. უთქვამთ კიდევაც, რომ ისევ შაგუ იყავი, იმიტომ , რომ ხანდახან გეტყობა, რომ სხვანაირი თვალებით უყურებ. ამის გაკონტროლება და ცალკე კიდევ ქიმიის შექმნა უცნაური პროცესია , მაგრამ სასიამოვნო.

თქვენ პოპულარული გახდით რეკლამით “კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს” . უცებ გახდით ძალიან პოპულარული. როგორ მოხდა ეს?

ძალიან კარგი პერიოდი იყო, ყველაზე მეტად თვითმყოფადი მაშინ ვიყავი. “ჯეოსელის ” სატელევიზიო რეკლამის ქასთინგისთვის სარეკლამო სააგენტო – Windfor’s Communication-მა დამიძახა, რომელსაც ჩემი მეგობარი, რეჟისორი, ზაზა რუსაძე ჰყავდა მიწვეული. ეძებდნენ პერსონაჟს, რომელიც შეასრულებდა როლს – “კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს”. ზაზასთან ერთად ხშირად ვიკრიბებოდით მეგობრები და იცოდა , რომ სულ რაღაც იმპროვიზაციებში ვიყავი. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. აბსოლუტურად სხვა რაღაცეებით ვიყავი გატაცებული: ეთნოლოგია, მითოლოგია. პროფესიით ფილოლოგი ვარ ჩრდილო კავკასიური ენების და იმ პერიოდში კიდევ კავკასიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი: კონფლიქტოლოგია, ეთნიკური უმცირესობები. მეგობრები კი სულ მირჩევდნენ, ბედი ტელევიზიაში მეცადა. ვცადე რამდენიმეჯერ, მაგრამ იმდენმა ტელევიზიამ მითხრა უარი, რომ ცოტა უკვე იმედი მქონდა გაცრუებული “დაგირეკავთზე”. ამ რეკლამის ქასთინგზე, ზაზა რუსაძის რჩევით მაინც მივედი. რამდენიმეჯერ გამოვტრიალდი უკან დაბრუნება მინდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც შევედი. რეკლამის სიუჟეტი იმაზეა, რომ დაიბადება თუ არა ბავშვი, ეგრევე სულ ლაპარაკობს. შემდეგ ეს აბსოლუტურად უცნობი ადამიანი დაწერს წიგნს, ის ხდება ბესტსელერი პერსონაჟი კი ძალიან ცნობილი. ჩემს რეალურ ცხოვრებაშიც ასე მოხდა. სატელევიზიო რეკლამამ დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ბონუსად ჩაწერილმა ინტერნეტ ვერსიამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მთელი ფეისბუკი ამით იყო გადაჭრელებული. შედეგად, ბევრი მირეკავდა, მათ შორის ის ტელევიზიები, რომლებიც ადრე “მბრაკავდნენ”.

ილო ბეროშვილი მსახიობი

დღეს როგორი რიტმია ცხოვრების, მუშაობის?

რთული დროა. ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის პანდემიის პერიოდი განსაკუთრებით მტკივნეულია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე პროექტში ვარ. ეს არის “მთავარი არხის “დილა, ასევე “მთავარის ბიჭები”, “ჩცდ”, ონლაინ პროექტები. რაც შეეხება ოჯახს, ვამაყობ ჩვენი თავით, არ მეგონა, რომ ანის ამდენი ძალა აღმოაჩნდებოდა. იმიტომ, რომ სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ჯერის მარტო ვზრდით. ახლა ბაღში ვაპირებთ შეყვანას. ყველაზე რთულია, როდესაც მე და ანის ერთდროულად გვაქვს სცენები სერიალში. ოჯახმა ერთად გადავიტანეთ კოვიდი, აცრილები ვიყავით და მსუბუქად ჩაიარა. 10 დღე სახლში ვიყავით და ყველაზე მაგრად დავისვენეთ. ასე ზედიზედ გადაბმულად 10 დღე ჩვენ ერთად არ დაგვისვენია.

სოსისი “ივერიას” სენდვიჩი “ჩიმიჩურის” სოუსით

ნიკორას ხორცპროდუქტები
  • სოსისი “ივერია “- 2 ცალი
  • ბაგეტის პური – ½
  • ოხრახუში-20 გრამი
  • ქინძი 20 გრამი
  • ნიორი- 2 გრამი
  • ლიმონის წვენი -1 სუფრის კოვზი
  • თაფლი – 1 ჩაის კოვზი
  • ფორთოხლის ცედრა- 2 გრამი
  • ფორთოხლის წვენი – 3 სუფრის კოვზი
  • დაღერღილი წითელი წიწაკა
  • მარილი
  • კარაქი-15 გრამი
  • აისბერგი – 20 გრამი
  • ხახვი – 40 გრამი
  • შაქარი – 5 გრამი

მომზადების წესი:

ნიკორა

პირველ რიგში ,შევწვათ სოსისი “ივერია” ამავე ტაფაში. სოსისის ნამწვავში ჩავაგდოთ კარაქის კუბი და დავბრაწოთ მსხვილად და გრძლად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ 5 გრამი შაქარი. როდესაც მუქი ოქროსფერი გახდება გადმოვდგათ ცეცხლიდან. შემდეგ დავიწყოთ “ჩიმიჩურის” სოუსის მომზადება. ამისათვის დავკეპოთ ქინძი, ოხრახუში და ნიორი. მოვათავსოთ პატარა ჯამში, დავამატოთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ფორთოხლის წვენი, მარილი, დაღერღილი წითელი წიწაკა და თაფლი. ინტენსიურად ვურიოთ ხელის სათქვეფით – (,,ვენჩიკით”) რომ ემოლსირებული მასა მივიღოთ. შემდეგ ტაფაზე გავხუხოთ შუაზე გაჭრილი ბაგეტის პური, მოვასხათ “ჩიმიჩურის” სოუსი, დავალაგოთ კარამელიზირებული ხახვი და მოვათავსოთ შუაზე გაჭრილი სოსისი, ასევე დავამატოთ აისბერგი და დავადოთ მეორე ნაჭერი ბაგეტის პური. (სასურველია, მეორე ნაჭერსაც მოასხათ “ჩიმიჩურის სოუსი).

ავტორი: თეა ხოფერია

ფოტო: LIG Studio

ასევე წაიკითხეთ