0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

20 წელი დიდ სცენაზე – აჩიკო ნიჟარაძე

6 დეკემბერი – თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი და აჩიკო ნიჟარაძე.  ერთის მხრივ, მოვისმენთ მომღერლის სრულიად ახალ ნამუშევრებს, მეორე მხრივ კი,  ეს იქნება შემოქმედებითი წლების შეჯამება დიდ სცენაზე.

რაღაცას თუ ვკიდებ ხელს, მანამდე ბევრი მაქვს ნაფიქრი, იმიტომ რომ, სანახევროდ რაღაცის გაკეთება და მიტოვება არ მიყვარს. როცა პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს მსმენელთან,  როცა მივიღე მათი მხარდაჭერა, მე აღარ მქონდა გაჩერების უფლება. სანამ აქამდე მოვიყვანდი  ამ ამბავს,  წლები ვიმუშავე, და…  გამოვიდა.

გამოვიდა ის, რაც ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში მუსიკოსმა დედამ შენიშნა. ოჯახში პატარა ბიჭის ნიჭმა ყველა დაარწმუნა, რომ ეს მორიგი ბავშვური ინტერესი არ იყო და წლების შემდეგ ამბავი სულ სხვა სივრცესა და მასშტაბში გაგრძელდებოდა.

Archil Nizharadze

არსებობს ჩანაწერები, სადაც სამი წლის ასაკში მე და ბიძაჩემი ვმღერით ორ ხმაში. იქიდან დაიწყო ყველაფერი. ექვსი წლის უკვე ანსამბლ “ბიჭებში“ ვიყავი და სცენაზე შევდგი ფეხი. ბევრნი ვიდექით და ეს მომწონდა. მათ ხმებსაც ვსწავლობდი და ჩემსასაც.

–       შემდეგ იყო?

სტუდენტობის პერიოდი და ანსამბლი „უნივერსიტეტი“ (ახლანდელი ქართული ხმები). მოგვიანებით კი დავიწყე სოლო კარიერა.

პირველი მნიშვნელოვანი წარმატება „ჯეოსტარს“ უკავშირდება, როცა დიდ სცენაზე აღმოჩნდა და ყველამ გაიცნო ბიჭი, რომელიც ქართულ სიმღერას განსაკუთრებულად ასრულებდა.

–       გახსოვთ ის წამები და ის შეგრძნება, როცა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე მარტო გახვედით?

ძალიან ვღელავდი, მაგრამ ეს ღელვა შეწყდა როგორც კი ბოლო ნოტი დავასრულე., ხალხის რეაქციას აპლოდისმენტები მოჰყვა. ამდენი ადამიანი რომ გისმენს, უყვარხარ, მათი დახმარებით გაიმარჯვებ. ეს დიდი მიღწევა იყო ჩემთვის. გარედან უცებ შემოვედი. წინაპირობა კი იყო „ნუცას სკოლა“, მაგრამ სოლო გამოსვლა სულ სხვა რამეა. პირველ წარმატებად ამ ორ კონკურსს ჩავთვლი. მაშინ 21 წლის ვიყავი. ზუსტად 20 წლის წინ იყო ჩემი გამოსვლა და ახლა უკვე სოლო კონცერტისთვის ვემზადები, სიმბოლურია, რომ ეს კონცერტი თბილისში, დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.

ასე სასიამოვნოდ აფორიაქებული ემზადება 6 დეკემბრის სოლო კონცერტისთვის. ინტერვიუს დასასრულს ყველა დეტალსაც გვიამბობს. მანამდე, კიდევ ერთხელ გვიყვება იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც მსმენელის, კომპოზიტორებისა და ქართული მუსიკის მიმართ გრძნობს.

ძალიან კარგი ტრამპლინი იყო 2004 წელი… „ჯეოსტარის“ შემდეგ ჩავერთე საოცარ კონცერტებში. ჩვენი კომპოზიტორების საღამოებზე, საავტორო საღამოებზე, ვარსკვლავის გახსნაზე, ბიძინა კვერნაძის საღამოები, „იავნანას“ ფონდი, გოგი დოლიძის საღამო, პატრიარქის საღამო. ერთ დღეს მირეკავს ნიკა მემანიშვილი, ჩვენი სიამაყე, და მეუბნება, რომ პატრიარქის საგალობლების საღამო კეთდება და შენ უნდა იმღეროო. ძალიან გამიხარდა. ახლავე მოვდივარ-მეთქი. პატრიარქმა ჩათვალა საჭიროდ, რომ მისი ნამუშევარი  შემესრულებინა. მართლა ოცნება იყო ამ ადამიანების გვერდით მოვხვედრილიყავი. „ჯეოსტარი“ რომ დამთავრდა, ერთ წელიწადში ალბომზე დავიწყეთ მუშაობა. 15 სიმღერიანი ალბომი გამოვუშვით.

ქართველი მსმენელი – დიდი პასუხისმგებლობა

მგონია ხოლმე, რომ ჟიური ზის.  მითუმეტეს, როცა ჩვენი, ხელისგულზე სატარებელი კომპოზიტორების სიმღერებს ვასრულებ. ადამიანმა რომ დაწერა და ამდენ წელს გაუძლო სიმღერამ, დღესაც უყვართ, მერე კიდე რომ გადააკეთებს ვინმე და ისიც უყვართ, ეს ნიშნავს რომ ამ სიმღერამ და ამ კომპოზიტორმა თავის საქმე ათიანზე გააკეთა. მე სულ მორიდებით ვარ. შეიძლება აკომპანირების ვერსია შეიცვალოს, მაგრამ სიმღერა როგორც დაიწერა, ისე უნდა იყოს. თუ არა, მაშინ შენ უნდა იყო იმაზე მაგარი, ვინც შექმნა. არასდროს მიცდია ეს. ჩემგან მათ მიმართ პატივისცემა ასე გამოიხატება, როგორც დაიწერა – ისე ვასრულებ ხოლმე.

მალევე გამოვიდა მეორე ალბომიც. შემდეგ კი იყო 2008 წელი, აგვისტოს ომი და შემოქმედებითი პაუზა. 

ეს პაუზა გამოვიდა არამარტო ჩემი,  ქვეყნისაც. ეს რომ არ მომხდარიყო, ახლა სხვა ტემპი მექნებოდა. ეს კონცერტიც მანამდე ჩატარდებოდა. მერე, სანამ ავკრიფე ჩამოვარდნილი მუხტი… 2013 წლიდან თავიდან დავიწყე.

მეორე დიდი პაუზა გამოვიდა კოვიდ პანდემიის დროს, მაგრამ ეს დაბრკოლებაც უკვე წარსულია. დღეს სოლო კონცერტისთვის ემზადება.

achiko nizharadze

ძალიან მაგარი გუნდია, რომელთანაც ახლა ვმუშაობ – რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე, ქეთი გაბისიანი – მუსიკალური ხელმძღვანელი, იქნება სიმფონიური ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. პაატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, უჩა მეტრეველი, დიტო საკანდელიძე და ირაკლი მენთეშაშვილი.  ბენდთან ერთად 7-8 ნომერი უნდა შევასრულო. სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური კოლეჯის გოგონათა გუნდი იქნება და რამდენიმე სიმღერას შეასრულებენ ჩემთან ერთად. „ქართული ხმების“ ბიჭები, „თეატრალურის კვარტეტი“, ჩემი დუეტ პარტნიორი, რომელთან ერთადაც ბავშვობიდან მოვდივართ – ნათია პერანიძე და მარიკა ოსიტაშვილი.  „ჯეოსტარი“, „ნუცას სკოლა“ რაც გავიარე, ამ ქალბატონთან დავდიოდი და ვმეცადინეობდი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ წარმატებებს. სიმბოლურია, რომ ეს ორი ადამიანი ჩემ გვერდით იქნება. სიმღერების ნაწილი შესრულდება როიალთან,  ნაწილი – ბენდთან, ორკესტრთან. ეს საღამო სხვა ეტაპის დასაწყისი მგონია. შესრულდება სამი სრულიად ახალი ნამუშევარი. ჩემი რეპერტუარიდან მხოლოდ ორი სიმღერა შესრულდება, რომელიც უკვე იცის მსმენელმა, ისიც ახალი ვერსია იქნება.

–       20 წელი სცენაზე – შეგვიძლია თუ არა ამ საღამოს დავარქვათ შეჯამება – შემოქმედებითი წლების გაერთიანება დიდ სცენაზე?

კი, ეს იქნება ამ წლების გახსენება, მაგრამ ეს დასაწყისიც იქნება – პირველი დიდი სოლო კონცერტი. ამ კონცერტს აუცილებლად მოჰყვება კონცერტები აჭარაში, იმერეთში, რეგიონებში…

–       შემოქმედებითი პაუზები, სირთულეები – რა გაძლევთ მოტივაციას, რომ არასდროს გაჩერდეთ?

სიმღერის სიყვარული… განვლილი წლები რომ მახსენდება, რა წვალება, რამდენი სიარული, რამდენი რეპეტიცია გავიარე. რომ მახსენდება რამდენი ენერგია ჩადო დედამ, ოჯახმა. დედაჩემმა ყველაფერს თავი დაანება, რომ მე მესწავლა, მემღერა. ამ ფიქრების შემდეგ შენც ხვდები – ამ ადამიანებმა გაწირეს ყველაფერი და ამ ყველაფერს ვერ უღალატებ. მიდიხარ წინ, რომ ეს  გამოიყვანო… და გამოიყვან.

Nizharadze Archil

–       ოჯახი, როგორც ცხოვრების ცენტრი… 

აჩიკო ნიჟარაძეს რომ ჰკითხოთ, ოჯახი პირველ ადგილზე დგას. ესაა ჩემთვის ის ნაწილი, რომლის გამო სიმღერაზეც მზად ვარ უარი ვთქვა. საბედნიეროდ, ეს არჩევანი არ დგას, მაგრამ რომ დასჭირდეთ, ასეა. მგონია, რომ ამისთვის ვართ ამ ქვეყანაზე მოვლენილები. ნიჭი – ესეც ღმერთისგან მოცემულია. ჩემი სიმღერა და ჩემი ოჯახი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ჩემი მეუღლეც მღერის… უფრო გაგვაერთიანა ამ დეტალმა. 

–       რას ეტყვით ერთგულ მსმენელს, რომელიც ყოველთვის ელოდება აჩიკო ნიჟარაძეს დიდ სცენაზე..

6 დეკემბერს ამ კონცერტით ვეტყვი – პირველ რიგში, დიდ მადლობას. მადლობას იმისთვის, რომ ამდენი წელია მგულშემატკივრობს და მათგან დიდი სითბო და სიყვარული მოდის. მე არ მიღალატია ამ ხალხისთვის და არც ვაპირებ. მთელი ცხოვრება სიმღერას მივუძღვენი და უფრო დიდი ენერგიით და შემართებით გავაგრძელებ. სპორტი გვაერთიანებს, სიმღერა, შემოქმედება გვაერთიანებს. თუ ჩემი სიმღერით ორი კაცი მაინც გაერთიანდა და სამი, ესე იგი, ჩემი ეს სიმღერაც და ეს შემოქმედებაც ღირს.

აჩიკო ნიჟარაძე საკუთარი ნიჭით რომ არაერთ ადამიანს აერთიანებს, ეს დრომ უკვე გვიჩვენა. ქართული სიმღერის სიყვარულით გატარებულ 20 წლიან შრომას კი 6 დეკემბერს შეაჯამებს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენიდან. ეს შეჯამება კი, თავის მხრივ, ახლის დასაწყისი იქნება. სიმბოლურად ამ ადგილიდან, საიდანაც 20 წლის წინ აჩიკო ნიჟარაძის დიდი სცენის ისტორია დაიწყო.

ავტორი: კესო ბოჭორიშვილი

ფოტო: ნათია ასანიძე

ასევე წაიკითხეთ