0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

1+1=3 

ანუ ნინო მუსერიძის ცხოვრების ცენტრი

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიცოცხლის დასაწყისისთვის მებრძოლთა გუნდში. ჩვენი კარი და გული ღიაა ყველასთვის, ვისაც სჯერა ჩვენი და ოცნების ძალის. GGRC თქვენი ოჯახის ნაწილია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენი ოცნება აქ ახდეს!” 

„აქ” ანუ კლინიკაში, რომლის ისტორიაც 5 წლის წინ დაიწყო.

შევხვდით ბარნოვზე, ღრუბლიან საღამოს, როცა ნინო მუსერიძე სამუშაო დღეს ასრულებდა. 

კლინიკაში შესვლისთანავე მივხვდი, რომ ეს სივრცე სახლს ჰგავს. ვკითხულობ წერილებს, ვუყურებ ფოტოებს და ველოდები ჩვენს შეხვედრას, რომ ბევრი ვისაუბროთ ამბებზე წარსულიდან. 

კაბინეტიც ფოტოებით, მადლობის წერილებითა და ყვავილებითაა სავსე. 

მეღიმება და ვგრძნობ, რომ ამ კედლებში თავმოყრილია ოცნებების ასრულებისკენ მიმავალი გზის პირველი საფეხურები, მძიმე, სირთულეებით სავსე, მაგრამ საწყისი მთავარი მიზნის მისაღწევად. 

ნინო მუსერიძე ყდა

უკვე მრავალი წელია საკუთარ წილ პასუხისმგებლობას ნინო მუსერიძე თეთრი ხალათით ემსახურება და ეს ემოცია წლების მატებასთან ერთად იზრდება. იზრდება რიცხვიც – მაჩვენებელი, რომელიც დაბადებული ბავშვების რაოდენობას ასახავს. 

მადლობის წერილების წაკითხვისას მივხვდი, რომ დღეს არაერთ ისტორიას მოვისმენდი. მოსაყოლი კიდევ უფრო მეტი იყო…

ეს თავგადასავალი კი იწყება მშობლების არჩევანით, მათი დიდი სურვილითა და ოჯახის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. 

– არჩევანი, ყოფილიყავით ექიმი… 

„მე არ მიმიღია. ეს იყო მშობლების გადაწყვეტილება, თუმცა სკოლის ასაკშიც ვამბობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი ექიმი. დედა არის ქიმიკოსი და ყოველთვის გული წყდებოდა, რომ არ გახდა ექიმი. როგორც ხდება ხოლმე, მშობლებს უნდათ, რაც თავად ვერ განახორციელეს, შვილებმა შეძლონ. დაახლოებით ეს სიუჟეტია ჩემს ცხოვრებაში. დღეს ექიმობა არის ჩემი პრიორიტეტული საქმიანობა, რომელიც მომეწონა მაშინ, როცა დავამთავრე სამედიცინო აკადემია, მოვხვდი მიკროსკოპთან, სიცოცხლეს შევეხე მიკროსკოპის თანხლებით.” 

– და აღმოაჩინეთ, რომ… 

„ადამიანი შექმნილია ძალიან მცირე ნაწილაკებისგან. იდეალური ქმნილებაა. ვფიქრობ, ყველაზე ჰუმანური პროფესიაა, ეხები ადამიანის სიცოცხლეს. რასაც მე ვაკეთებ ხომ საერთოდ, ვეხები ისეთ სიცოცხლეს, რომელიც არ არსებობს, იქმნება და მერე იბადება. რომ დავამთავრე, მაშინაც ვფიქრობდი, რომ იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო. როცა საავადმყოფოში ვიყავი და ვმორიგეობდი, ყველასთან ერთად ვმშობიარობდი, ყველასთან ერთად ვკვდებოდი, განვიცდიდი. თუმცა დღეს, ჩემი პაციენტი არის ბედნიერი პაციენტი, რადგან ის არ მოდის სიცოცხლისთვის საბრძოლველად, ის მოდის ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის და, ალბათ, ეს საუკეთესო პროფესიაა.” 

დღეს ასე ფიქრობს. წლებთან ერთად იცვლებოდა ემოციები, დამოკიდებულებები, ინტერესები, შეიცვალა მიმართულება და მორფოლოგიიდან ემბრიოლოგიაში აღმოჩნდა. 

„პირველი იყო „ჟორდანია”, სადაც რეპროდუქციის ინსტიტუტი დაარსდა. შემდეგ, არჩილ ხომასურიძის დროს, ინვიტრო განაყოფიერების პირველი დეპარტამენტი შეიქმნა. შემდეგ დაიშალა და ცალკე კლინიკა გააკეთეს. მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც მიკროსკოპი იცოდა კარგად.” 

… და ამიტომაც, ემბრიოლოგია გახდა ცხოვრების ცენტრი. ფაქტის წინაშე მყოფმა საკუთარი თავი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა და დაიწყო თავიდან, სულ თავიდან… 

– პირველი სიცოცხლე 

„…როცა შევქმენი და დავინახე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი – ზიგოტა – ვიტირე. ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო სიცოცხლესთან შეხება, განაყოფიერება, ორსულობა, შემდეგ ბავშვის დაბადება. რომ მოჰყავთ და გეუბნებიან – „ნახე, ეს შენ შექმენი”, საოცარი შეგრძნებაა.” 

– სურვილი, იყოთ მუდამ პირველი თქვენს პროფესიაში, ყველაფერი პირველად იყოს GGRC-ში – საიდან გაჩნდა, რასთან ბრძოლაში გამოვლინდა? 

„ერთ რაღაცაში თუ დავიხვეწე და შევქმენი, მერე სულ ვეძებ ხოლმე ახალს. მედიცინაში სიახლეები თუ არ აითვისე, ვერ მიხვალ 100 პროცენტამდე. 100% ისედაც არაა მსოფლიოში. 20%-დან 70%-მდე გაიზარდა ორსულობის შესაძლებლობა. რამდენი რამ განვითარდა. მალე 90%-მდე გავზრდით, ალბათ. მე ვარ ექსპერტი ISO-ს აკრედიტაციაში და შესაბამისად, ვიცოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი. ISO გვასწავლის არამხოლოდ რა უნდა გააკეთო, არამედ როგორი ხარისხით. როგორ უნდა მიაკვლიო რაღაც შეცდომას, როგორი უნდა იყოს ერთ ადამიანზე ორიენტირებული მენეჯმენტი. პირველ წელსვე დავიწყე მუშაობა სტანდარტებზე და ზუსტად ერთ წელიწადში მენეჯმენტში ავიღეთ ISO. ასევე, FDA ტექნოლოგიის საერთაშორისო ხარისხი ლაბორატორიულ თემაში. ამას ემბრიოლოგიაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ხარისხზე ორიენტირებული კომპანია გავხდით. წარმოიდგინეთ, პირველი ვიყავით, ვისაც ჰქონდა ISO ინვიტრო განაყოფიერებაში.” 

ორსულობა არის დიდი სიხარული გუნდისთვის. ახსოვს ყველა პაციენტი, მაგრამ ვერასდროს ივიწყებს 30%-ს. მათ, ვისთანაც სასურველი შედეგი ვერ დადგა. ნინო მუსერიძე იბრძვის მათთან ერთად, არ ივიწყებს სახელს და გვარს და ცდილობს დიდი ოცნების ასრულების გზაზე, საკუთარ თავშიც ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს. 

– როცა ბავშვი იბადება…

„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. როცა მომდის წერილი… „ჩვენ გაგახარეთ” – ნამდვილად გვახარებენ. იციან რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სურათს, რომელსაც გვიგზავნიან, როცა მოდიან და ბავშვი მოჰყავთ. ვთვლი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ. ძალიან ბევრი შვილი მყავს… ჩემთან არ მოდის ჯანმრთელი წყვილი, რომელსაც ჰყავს შვილი. ჩემთან მოდის წყვილი, რომელსაც არ ჰყავს შვილი. 45 წლის ქალი, რომელიც გააჩენს პირველ შვილს, მერე მოდის და 48 წლის ასაკში კიდევ აჩენს მეორეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვამრავლებთ ადამიანებს, ბედნიერებს ვხდით მათ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის.” 

GGRC ჯერ თამარაშვილზე დაიბადა. დაიწყო 20 კაციანი გუნდით და დღეს 285 ადამიანს აერთიანებს. სივრცე სექტემბერში 5 წლის გახდება და ბედნიერების საწყისად წოდებული კედლები კიდევ უფრო მეტი პაციენტის მოლოდინშია. 

„პაციენტი რომ მოდის, უნდა იცოდეს, რომ მოდის სახლში, ის არ არის ავადმყოფი. არის პაციენტი, რომელსაც სჭირდება ახალი სიცოცხლე. არამხოლოდ პაციენტთან, არამედ ჩვენთანაც, მუშაობს ფსიქოლოგი, ბატონი ზურა მხეიძე. გვასწავლის როგორ უნდა შევხვდეთ პაციენტებს, როგორ გავაბედნიეროთ ისინი.” 

წლების მატებასთან ერთად, გაჩნდა კონკურენცია – სხვებისთვის სტიმულის მიმცემი. შემდეგ იყო ისრაელის აკრედიტაცია, ამერიკის… რომელსაც არაერთი უცხოელი პაციენტი მოჰყვა. ასე გაჩნდა ფონდი – დღეს ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა უშვილო წყვილების მიმართ საქველმოქმედო ფონდის სახით – „შენთვის”. ნინო მუსერიძისა და მისი გუნდის ყოველი ახალი გეგმა ამ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ორიენტირებულია პაციენტების დახმარებაზე. 

„ფონდი იყო პირველი აგური, რომ დარწმუნებულიყვნენ – ეს შესაძლებელია. არც ონკოლოგია ფინანსდებოდა დიდი ხნის განმავლობაში, დღეს ფინანსდება. ვფიქრობ, მომავალში დემოგრაფიაც დაფინანსდება. როცა ფონდი გავაკეთე, მაშინ მეგონა, ყველა ჩაერთვებოდა ამაში, ყველას მოუნდებოდა რომ შვილი ჰყოლოდა… აღმოჩნდა, რომ არა. ჩვენი ფონდი გახდა ჩვენი სოციალური ვალდებულება და დღეს კლინიკა GGRC აფინანსებს ფონდს. უკვე გვყავს 834 დაბადებული ბავშვი.” 

– დიდი ბედნიერებაა თქვენს ანგარიშზე…

„გარდა ქართველი წყვილებისა, უცხოელი წყვილისთვისაც ეს დიდი სიხარულია, რადგან მან იცის, რომ მისი შვილის დაბადება არის ერთი პატარა ქართული სიცოცხლე. ქველმოქმედი ხდება მისი შვილი დაბადების პირველივე დღიდან.” 

– არაერთი სირთულე იქნებოდა – ემოციური ფონი, თუნდაც ერთი ვერშემდგარი ორსულობა… გქონიათ ფიქრები, რომ ეს არასწორი არჩევანი და არასწორი გზაა? 

„კი, რასაკვირველია, მაგრამ მე ეს საქმე მიყვარს. ჩვენთან არ არის კონკურენცია. ექიმები ერთმანეთს არ ართმევენ პაციენტებს. პაციენტი მოდის GGRC-ში და იცის, რომ აქედან უნდა გავიდეს ორსული. ამიტომ, არცერთ ექიმს არ სწყინს ერთი ექიმიდან მეორესთან გადასვლა. ჩვენ ვსხედვართ და ვარჩევთ რატომ არ გამოგვივიდა. როცა ვიწყებ, ვფიქრობ, რომ არ გამოვიდეს, რას გავაკეთებ. ერთმა პაციენტმა მითხრა, – ნინო ექიმო, სულ მერიდება რომ ორსულად არ ვარ. ხომ ვიცი, რამდენს წვალობთ ჩემზე. იმედია გაგახარებთო – და გამეცინა. როცა დაორსულდა, გვითხრა – მადლობა, რომ არ მომეცით შესაძლებლობა ფარ-ხმალი დამეყარა.”

– თქვენ რა გაძლევთ ძალას, რომ არ გაჩერდეთ….

„მთავარი – ყველა პაციენტში საკუთარ თავს ვხედავ, ამისთვის ვიბრძვი…”

– ეს საქმე იქცა თქვენი ცხოვრების წესად?

„კი, ეს საქმე დღეს, ნამდვილად, არის ჩემი ცხოვრების წესი.” 

– ის, რაც გამორჩეულად გხიბლავთ საკუთარ პროფესიაში: 

„ახალი სიცოცხლის დაბადება ძალიან დიდი პოზიტივია. ამ საქმეში ნეგატივიცაა, ხშირად არის უმადურობა. მჯერა, რომ ცხოვრება ბუმერანგია. ამდენი ადამიანის ლოცვა ტყუილად არ ჩაივლის.” 

– 1+1=3 

„კი, ეს არის ის, რაც დავარღვიეთ. ასეთი რამ არ არსებობს მათემატიკაში. ჩვენ დავარღვიეთ და დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ – 1+1=3.”

საქმის დასაწყისში, ალბათ, ყველაზე რთულია დაგიჯერონ, გენდონ და ირწმუნონ, რომ შენ ამას შეძლებ. ასე იყო 5 წლის წინ, როცა ნინო მუსერიძემ კლინიკის გახსნა გადაწყვიტა. არ სჯეროდა არავის, მაგრამ გარისკა და ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. 

გეგმებზე საუბარი ყოველთვის უყვარს. ასე რომ, ჩვენი შეხვედრაც, ცხადია, მიზნებზე საუბრით დავასრულეთ. 

„წინასწარ ვამბობ და მერე აუცილებლად ვასრულებ. რამეს რომ ვამბობ, ეშინიათ ხოლმე, რამე სასწაული არ თქვას, სადმე გაფრენაო. ამჟამად ვართ ბარნოვზე. საბურთალოზე გვაქვს კიდევ ერთი შენობა და იხსნება GGRC-ის სომხეთის ფილიალი. ამას მოჰყვება კიდევ არაერთი. მალტაზე ვფიქრობთ, კუბაზე… საერთაშორისო კომპანია ვიქნებით. პირველები ვართ იმაში, რომ ხარისხის სერტიფიკატები გვაქვს და შარშან პირველები გავედით საერთაშორისო ინვიტრო კონფერენციაზე, სადაც გვქონდა ჩვენი პლატფორმა. წელს მეორედ გავდივართ და ძალიან გვინდა, რომ საქართველოს სახელი გავიტანოთ.” 

და მაინც, მთავარი ოცნება… 

„საქართველოში ჩატარდეს კონფერენცია, სადაც შეიკრიბება ყველა, მთელი მსოფლიოს რეპროდუქტოლოგები და ემბრიოლოგები. ასე რომ, ოდესმე ეს აუცილებლად რეალობა იქნება საქართველოში.” 

ნინო მუსერიძის ცხოვრების წესი და GGRC სრულიად ახალი სიტყვაა რეპროდუქციული მედიცინის დარგში. 834 ბავშვი და საქმე, რომელსაც დიდი ბედნიერება მოაქვს. 

სითი მუსერიძე ნინო

როგორც პათოლოგანატომი და ემბრიოლოგი გვიმხელს, მას ბევრი შვილი ჰყავს. თითოეულ მათგანზე ფიქრობს და ცდილობს, რომ ოჯახს მთავარი სიხარული აჩუქოს. 

რთულ და საინტერესო გზაზე სიარული კი გრძელდება იმისათვის, რომ ყველა მიზანს მიაღწიოს, ყველა ოცნება რეალობად აქციოს და საერთაშორისო სახე მისცეს იმას, რაც მე ბარნოვის ქუჩაზე ვნახე…

დატვირთული დღის ბოლოს…

ბევრი მადლობის წერილით!

ფოტო: (Cloud Studio)

ტექსტი: კესო ბოჭორიშვილი

თმა, მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე

ასევე წაიკითხეთ