ზურა ცერცვაძის ფოტო  „ქალი ევროკავშირის დროშით“ 

ფოტოგრაფმა ზურა ცერცვაძემ, 7-8 მარტის აქციებზე, ბევრ კადრთან ერთად, ნანა მალაშხია გადაიღო, რომელიც უკვე ცნობილი ფოტო გახდა – „ქალი ევროკავშირის დროშით”. რა თქმა უნდა, არ იცოდა რომ ეს ფოტო საქართველოს და მსოფლიო პრესის დიდ გამოხმაურებას გამოიწვევდა. საერთაშორისო ორგანიზაციების: AP, AFP -ს და წითელი ჯვრის საქართველოს წარმომადგენლობის ფოტოგრაფი პირველად არ აშუქებდა მსგავს აქციებს. ის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სულ რაღაც 4 დღეში უკვე კიევში იყო და იქაც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. რეპორტიორი ფოტოგრაფისთვის, როგორც თვითონ ამბობს, უმნიშვნელოვანესია ჰქონდეს იღბალი, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდეს. ამასთანავე, ასეთ ვითარებაში, როდესაც მოქმედება ყოველ წუთას იცვლება, ის ვალდებულია გადაღებული მასალა უსწრაფესად გააგზავნოს მედია სააგენტოებში. რეპორტიორი ფოტოგრაფის საქმიანობაში დრო ძალიან მნიშვნელოვანია. 1-2 საათით დაგვიანებული მასალა საინფორმაციო სააგენტოებისთვის შეიძლება ძველი აღმოჩნდეს. 7 მარტის აქციის მსვლელობისას, მაშინ, როდესაც აქციაზე გამოყენებული ცრემლსადენი გაზის გამო უკვე მოწამლული იყო და მხედველობა უჭირდა, ფოტო „ქალი ევროკავშირის დროშით“ გადაღებისთანავე გაუგზავნა როგორც AP-ს ასევე AFP-ს. ვერც დააკვირდა და გაარჩია გაგზავნილი კადრები, ამის დროც არ იყო. 

„რეპორტაჟულ ფოტოგრაფიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც იმ ადგილას ხარ, სადაც უნდა იყო. დროშის კადრიც ასე გაჩნდა. 

ფოტო აქციიდან

როდესაც ცრემლსადენი გაზის გამო დავბრმავდი, მომიტინგეებს ვთხოვე უსაფრთხო ადგილას გავეყვანე. ძალიან ცუდად ვხედავდი. როგორც კი თვალის გახელა შევძელი, პირველი ნანა მალაშხიას დროშა დავინახე. გავიფიქრე დავმდგარიყავი იქ და მეც დამეჭირა ეს დროშა. თუმცა, კამერა ავიღე. არ იყო დრო ფოტოაპარატის მონაცემებისთვის მიმექცია ყურადღება. უბრალოდ, ვფიქრობდი – სიჩქარე 400, სიჩქარე 500… ეს კადრი სწორედ იმ ადგილიდან გადავიღე, სადაც, დაბრმავებული, მომიტინგეებმა დამტოვეს. ვისურვებდი იღბალი არ დამეკარგოს და ყოველთვის აღმოვჩნდე საჭირო ადგილას. ჩემს კოლეგებსაც ამას ვუსურვებ. იმ აქციაზე იყო ბევრი სხვა, ძალიან კარგი ფოტოგრაფი და მათი ძალიან კარგი კადრები. მართალია, ყოველთვის გვაქვს ერთმანეთში კონკურენცია, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს, კოლეგიალურები ვართ. მიყვარს ყველა მათგანი: შახ აივაზოვი, ვანო შლამოვი სხვებიც, ფანტასტიკურები არიან. მათი ნამუშევრები ჩემთვის სამაგალითოა”.

ნანა მალაშხიას ევროკავშირის დროშით და სხვა არაერთი საინტერესო კადრის გადაღების შემდეგ, ზურამ აღდგომის დღესასწაული ისევ ფოტოგრაფიით, თავისებურად აღნიშნა. ამჯერად, ვაშლოვანის ნაკრძალში გადაწყვიტა წასვლა, ყვავილოვანი ველის, იორდასალამის გადასაღებად, რომელიც მხოლოდ ამ პერიოდში ყვავის. ის ასეთ ადგილებს ხშირად ირჩევს განტვირთვისთვის და ახალი იდეების დაბადებისთვის. მოგზაურობს მარტო და თან მის ფოტოარქივს სულ უფრო ამდიდრებს. 

ზურაბ ცერცვაძე

„დიდი ხანია, რაც იორდასალამის ველის გადაღება მინდოდა. ვერასდროს შევძელი მისი ნახვა ყვავილობის დროს. ვაშლოვანის ნაკრძალის ლანდშაფტი, გარემო ძალიან მაგონებს ფილმ Jesus Christ Superstar-ის ადგილებს, რომელიც იერუსალიმში, მკვდარ ზღვაზე, ნაზარეთში და ჰეროდიუმშია გადაღებული. ეს მიუზიკლი ჩემთვის მნიშვნელოვანი ფილმია. ვფიქრობ, კაცობრიობას ამაზე უკეთესი არაფერი გადაუღია. მუსიკას ამ ფილმიდან ხშირად ვუსმენ გზაზე ყოფნის დროს. აღდგომის დღესასწაულზე ვაშლოვანის ნაკრძალში წასვლაც ამიტომ გადავწყვიტე.”

36 წლის ზურა ცერცვაძისთვის ფოტოგრაფია არ არის პირველადი პროფესია. მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ფერწერის რესტავრატორის სპეციალობით. მუშაობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. სწორედ სამსახურებრივი მივლინებების დროს, დოკუმენტებისთვის გადაღებული ძეგლების ფოტოებით გაუჩნდა ფოტოგრაფიისადმი ინტერესი.

„სამხატვრო აკადემიაში, პირველ კურსზე, გვქონდა ფოტოგრაფიის ლექციები. ჩვენი ლექტორი სერგო სირბილაძე იყო. უმაგრესი ადამიანი, ძალიან კარგი ფოტოგრაფი. ეს სფერო პირველად ამ ადამიანმა გამაცნო. მახსოვს, ჩემი პირველი ფოტოაპარატი მშრალ ხიდზე ვიყიდე – „სმენა 8“, რომელიც 10 ლარი ღირდა. შემდეგ იყო „ზენიტი“. ფირებს ვყიდულობდი გამომცემლობა „საქართველოში”ერთ ადამიანთან, რომელსაც გენა ერქვა. ის თვითონ აკეთებდა ფირებს. 28 კადრიან, შავ-თეთრ, ძალიან ცუდი ხარისხის ფირებს, რომელიც ლარი ღირდა. დასაწყისში ფოტოგრაფიის მიმართ დიდი ინტერესი არ მქონია. უბრალოდ, კამერით ხელში თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ძეგლთა დაცვის სააგენტოში მუშაობისას შეხება მქონდა ციფრულ ფოტოაპარატთან, რომლით გადაღებაც ინტერნეტით ვისწავლე. „გუგლით“ შეგიძლია ისწავლო გადაღების ტექნიკური მხარე, მაგრამ რა გადაიღო, ამას ვერავინ გასწავლის. სწორედ ამაში დამეხმარა სამხატვრო აკადემიაში მიღებული ცოდნა. კომპოზიცია, შუქი, ჩრდილი, ფერები. ბედის მადლობელი ვარ, რომ სამხატვრო აკადემიაში მოვხვდი. აკადემიამ შემძინა ის ადამიანები, რომლებმაც გამზარდეს. აკადემიამ მომცა ზოგადი ცოდნა, სამყაროს ჩემეული აღქმა. სამხატვრო აკადემიიდან არ შემიძლია არ ვახსენო სერგო ედიშერაშვილის ფოტოგრაფია. მან და მისმა ფოტოებმა დიდი როლი ითამაშა ჩემს ფოტოგრაფად ჩამოყალიბებაში. შემდეგ იყო ფოტოგრაფთა ფორუმი „გრაფ.ჯი“. ასე ჩავერთე ამ ორომტრიალში, რასაც ფოტოგრაფია ჰქვია. ეს ხდებოდა, დაახლოებით, 8 წლის წინ.”

ზურას დაგეგმილი აქვს უკრაინის ომში დაბრუნება, როგორც ფოტო რეპორტიორი. ფოტოგრაფ-რეპორტიორის სურვილია, როგორც შეუძლია იმ სახით შეიტანოს წვლილი უკრაინის და მსოფლიოს უკეთესი მომავლის სასარგებლოდ. ჩვენ კი, მისგან ბევრ საინტერესო ფოტოსესიას ველოდებით მსოფლიოს თუ საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან. ვუსურვებთ იღბალს, რომ სწორ ადგილას, სწორ დროს აღმოჩნდეს. მისი ნამუშევრების ნახვა სოციალურ ქსელში შეგიძლიათ Raymond Red Rodgers-ის სახელით.

ავტორი: თეა ხოფერია

ასევე წაიკითხეთ