0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ხარისხზე ორიენტირებული “ზაჰა ქონსთრაქშენი”

სამშენებლო კომპანიის მართვა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა გაკისრია და მცირედი შეცდომის უფლებაც არ გაქვს. “ზაჰა ქონსთრაქშენმა”, სამშენებლო სექტორში 25-წლიანი გამოცდილების მქონე გუნდით, “იორკ ჰოლდინგ ჯგუფის” სამშენებლო-საინჟინრო მიმართულება ჩაიბარა.

ამ ყველაფერს კი, სათავეში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ ლორთქიფანიძე უდგას. იგი 10 წელია აღნიშნულ ბიზნესშია. მონაწილეობდა როგორც საჯარო, ასევე კერძო, გლობალურ და ადგილობრივ მასშტაბურ პროექტებში. მან, პრაქტიკულად, დააფუძნა ჰოლდინგის სამშენებლო ბიზნესი და გააკეთა ამისთვის მთავარი – შეკრიბა გუნდი, შექმნა სტრატეგია და დაიწყო პროცესები.

ამჟამად, კომპანია მუშაობს ორ მასშტაბურ პროექტზე ლისის ტბასა და ტაბახმელაში. პროექტები გულისხმობს არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ სხვადასხვა სახის დასასვენებელი და გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტებს არ აქვთ მხოლოდ საცხოვრებელი დანიშნულება. ეს იქნება ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, დაისვენოს, იმუშაოს და ამავდროულად, განიტვირთოს. გარდა ამისა, დაწყებულია “ბაზალეთი რეზორტის” წინა-სამშენებლო სამუშაოები 2 000 000 კვადრატული მეტრის ფართობზე, რომელიც საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებს, ასევე სასტუმროს და მრავალფეროვან კომერციულ, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო ობიექტებს მოიცავს. ვამაყობთ, რომ ბაზარზე ლიდერის როლი მოვირგეთ, გავუძელით პანდემიის პერიოდს და ავაგეთ ჩვენი ბიზნესის მყარი საფუძველი”, – განუცხადა მარიამ ლორთქიფანიძემ ჟურნალ “სითის”.

ზაჰა ქონსთრაქშენი

საქართველოში უამრავი სამშენებლო ბიზნესია, რა გამოარჩევს “ზაჰა ქონსთრაქშენს”? რა არის თქვენი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა?

პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ღია კომუნიკაციით და მიზანმიმართული თანამშრომლობით მუშაობს ნულიდან გასაღების ჩაბარებამდე. სხვაგვარად მიუღწეველი შედეგების მიღწევა შეუძლებელია. ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ სრულ სერვისს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, “ერთი ფანჯრის” კონცეფციას. ვფიქრობ, როდესაც ინვესტორები არქიტექტორებთან, მშენებლებთან, ინჟინრებთან და შემფასებლებთან ერთად ერთ მაგიდასთან სხედან, სწორედ მაშინ იბადება საუკეთესო იდეები. ეს გზას ხსნის კრეატიული გადაწყვეტების დასამკვიდრებლად რაც, თავისთავად, იწვევს ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას და ეფექტიანობის ზრდას.

ამას გარდა, გვაქვს თანამედროვე სისტემები და ყოველთვის ახლის ძიებაში ვართ, რაც აჩქარებს ნებისმიერი მშენებლობის პროცესს, მომგებიანია როგორც დამკვეთისთვის, ისე შემსრულებლისთვის, ანუ ჩვენთვისაც, რადგან ჩვენ ამ შემთხვევაში, ჯანსაღ კონკურენციას ვუწევთ სხვა კომპანიებს, ტექნიკურ-სისტემური უზრუნველყოფით გამოწვეული უპირატესობის გამო.

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სამშენებლო ბიზნესი და როგორ უნდა გაუმკლავდეს მას?

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ბიზნესი საქართველოში საკმაოდ კომპლექსურია, ზოგ შემთხვევაში არის მასალების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამის გამო, ხშირად ვხვდებით შეფერხებებს და ფასების მნიშვნელოვან ზრდას, რაც თავისთავად, ზეწოლას ახდენს რიგ კომპანიებზე. აუცილებელია გაიზარდოს ბაზარზე მიწოდება, რათა ნაწილობრივ მაინც, შემცირდეს ფასების ზრდა.

ასევე, საკმაოდ რთულია საქართველოში კვალიფიციური პერსონალის მოძიება, თუმცა, მაინც დავძლიეთ ეს გამოწვევა. ჩვენი კომპანიის ძირითადი აქტივი გამოცდილი კადრებია. “ზაჰა ქონსთრაქშენი” დღეისათვის 25-მდე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული და ეს ადამიანები ჩვენი სიმდიდრეა, რადგან მათ კონკრეტული საინჟინრო მიმართულებით მუშაობის ათეული წლის გამოცდილება აქვთ. სწორედ ისინი წარმოადგენენ კომპანიის ბირთვსა და ტვინს. ეს ადამიანები პროექტის დასაწყისისა და განვითარების თითოეულ ეტაპს განსაზღვრავენ და გეგმავენ. ცხადია, პროექტის შემდგომი განვითარება უკვე სპეციალისტი მუშა-პერსონალის საქმე და კომპეტენციაა. ამ მიმართულებითაც კომპანია კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული. დღევანდელი მდგომარეობით, “ზაჰა ქონსთრაქშენში” დაახლოებით, 140 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, დაგეგმილი მასშტაბური პროექტებიდან გამომდინარე, მომავალ ორ წელიწადში ეს ციფრი მინიმუმ, გაორმაგდება.

მარიამ ლორთქიფანიძე

მე ასევე, მტკიცედ მჯერა მომავალი თაობის. მუდმივად ვართ ტალანტების ძიებაში და გვინდა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების განვითარებას სამშენებლო სფეროს მიმართულებით. სულ ახლახანს, “ზაჰა ქონსთრაქშენსა” და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულება მიზნად ისახავს არქიტექტურის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების მომზადებას და მათ პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვას. პროექტს დიდი ენთუზიაზმით ვუყურებთ და დარწმუნებული ვართ ბევრ საინტერესო კადრს აღმოვაჩენთ თანამშრომლობის პერიოდში.

შეგიძლიათ გაგვიმხილოთ რამდენიმე სამშენებლო პროექტი, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავთ?

მომავალი ხუთი წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონი კვ.მ მშენებლობა უკვე დაგეგმილი გვაქვს. ეს ყველაფერი, ძირითადად, “იორკ ჰოლდინგ ჯგუფის” პროექტების მეშვეობით განხორციელდება. თუმცა, აქტიურად ვმუშაობთ მესამე მხარეებთანაც. “იორკ თაუერსთან” ერთად გადავდივართ “ლისი ვიუს” და “იორკ თაუნის” მშენებლობის მეორე ფაზაზე, რაც საკმაოდ დიდ მასშტაბებთან არის დაკავშირებული. რაც მთავარია, უახლოეს პერიოდში ვიწყებთ “ბაზალეთი რეზორტის” პროექტს. ამ პროექტით ძალიან ვამაყობთ. მისი განხორციელება დიდ სიკეთეს მოუტანს ამ რეგიონს, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით და როგორც უკვე აღვნიშნე, თავისთავად დააყენებს დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგების საჭიროებას.

ზაჰა

და ბოლოს, ამხელა გუნდის მართვა გარკვეულ სტრატეგიას და მართვის სტილს მოითხოვს. საინტერესოა, როგორია მარიამ ლორთქიფანიძის მიდგომა?

“ზაჰა ქონსთრაქშენის” გუნდის წევრების უმრავლესობა უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს სრულ კვლევით, საინჟინრო და საპროექტო მომსახურებაზე. ეს იმ დროიდან, როდესაც ამ საქმის მთავარი იარაღი ე.წ. “მეტრიანი” და ქაღალდი იყო. დღეს კი, ჩვენი თანამშრომლები აღჭურვილნი არიან უახლესი ტექნოლოგიით, რათა პროექტზე მუშაობის პროცესი უზრუნველყოფილი იყოს ყველაზე ზუსტი და ჭკვიანი შესაძლებლობებით.

ჩვენი გუნდის წევრები პროფესიონალები არიან, ლიდერები თავიანთ საქმეში. შესაბამისად, ჩემი მართვის სტილი ჰორიზონტალურია და არა ვერტიკალური. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს, ვითვალისწინებთ ერთმანეთის იდეებს და მივდივართ ერთობლივ გადაწყვეტილებებამდე. ჩემი მიზანია გუნდის წევრების წახალისება, მოტივირება. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი საუკეთესო შედეგების მიღწევა.

ფოტო: LIG Studio

ლოკაცია: Courtyard by Marriott Tbilisi

მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე

ასევე წაიკითხეთ