Weekend Max Mara-ს 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კაფსულ – კოლექცია ამ უნიკალური პროექტის შემოქმედებით ბუნებას ახალი პერსპექტივით იკვლევს. მსოფლიოში აღიარებული ხუთი ხელოვანის ხედვით, მოდის სახლის სიმბოლო – ტრენჩი ხელახალი ინტერპრეტაციით შეიქმნა.
ამ კონტექსტში, ბრენდის საფირმო კანასტა ტრენჩი „სუფთა ტილოდ“ იქცა ისეთი არტისტებისთვის, როგორებიც არიან ვიქტორია კოშელევა, პაოლა პივი, ჩაბალალა სელფი, ტაი შანი და შაფეი სია. თითოეულმა მათგანმა შექმნა „ხელოვანის ტრენჩი“ — კოლექციის ნამდვილი საკვანძო მოდელი, რომელიც მათ ინდივიდუალურ ხედვას, ტექნიკასა და შემოქმედებით ხელწერას აერთიანებს.
ხელოვანები ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ, კურატორმა და მწერალმა, ფრანჩესკო ბონამიმ შეარჩია. ბონამი სხვადასხვა დროს იყო ვენეციის ბიენალეს დირექტორი, უიტნის ამერიკული ხელოვნების ბიენალეს კურატორი, ამჟამად კი, ხანჯოუს BYArtmatters-ის სამხატვრო დირექტორი და Gagosian Gallery-ს საბჭოს წევრია. შერჩევისას გადამწყვეტი ფაქტორები იყო გამორჩეულობა, უნიკალური ვიზუალური ენა და თაობებს შორის ბალანსი. არტისტები შეირჩნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მათი იმ უნარის გამო, რომლითაც ისინი გვერდს უვლიან წარმავალ ტენდენციებსა თუ ბაზრის ცდუნებებს.

„მიზანი იყო ამ სიმბოლური სამოსის მეშვეობით ინდივიდუალური და პერსონალური თვითგამოხატვის საშუალება შეგვექმნა. ეს ფუნდამენტურია მოდის ნებისმიერი ასპექტისთვის, რომელიც მიზნად ისახავს აუდიტორიას უნიკალური პერსპექტივა შესთავაზოს,“ — აღნიშნავს ფრანჩესკო ბონამი.
ვიქტორია კოშელევა, რომელიც თანამედროვე და კლასიკურ სახეებს მის მიერვე „კიბერ-ექსპრესიონიზმად“ წოდებულ სტილში აერთიანებს, უშუალოდ პროტოტიპზე მუშაობდა — მან ტრენჩზე სხვადასხვა მოტივი დახატა, რომლებიც Weekend Max Mara-მ მოგვიანებით პრინტად აქცია. კოშელევასთვის ტრენჩი მხოლოდ სამოსი არ არის — ის თითქმის ფარდა ან სასცენო კოსტიუმია, სადაც ჭადრაკის დაფის უჯრები, ორნამენტული თვალი, რთული გრაგნილები და ყვავილები ჰარმონიულად თანაარსებობენ. ეს იდეა თეატრალურობაზე, ნიღაბსა და მის შემოქმედებაში ხშირად განმეორებად პერსონაჟზე, ოინბაზის ფიგურაზე ფიქრისას დაიბადა. „ეს არის განწყობა, მდგომარეობა, ჟესტი. თითქოს თეატრის ნაწილი, სიზმარი ან პასუხგაუცემელი კითხვები დაგაქვს თან. ეს ტრენჩი მხოლოდ დეკორატიული ელემენტი არ არის,“ — ამბობს კოშელევა.


იტალიელი ხელოვანი პაოლა პივი თავის შემოქმედებაში ხშირად იყენებს ყოველდღიურ ნივთებს და მათ მახასიათებლებს ცვლის, რათა აუდიტორიას რეალობის აღქმა გადააფასებინოს. ამჟამად იგი აყვავებულ ჰავაიზე ცხოვრობს და შთაგონებას კუნძულის კაშკაშა სინათლისგან, ფლორისა და ფაუნის ინტენსიური ფერებისა და, რაც მთავარია, იმ ორმაგი ცისარტყელებისგან იღებს, რომლებიც ცაზე თითქმის ყოველდღე ჩნდება. სწორედ ეს ბუნებრივი საოცრებები იქცა ტრენჩის დიზაინის საფუძვლად: მრავალფერი ვერტიკალური ზოლები ლაბადის წინა და უკანა მხარეს მოჰყვება და „ქვიშის საათის“ ფორმას ქმნის, რომელიც წელთან ვიწროვდება.


ჰარლემში დაბადებული ჩაბალალა სელფი ცნობილია თავისი ასამბლაჟური ფერწერით, პრინტებით, სკულპტურებითა და ინსტალაციებით, რომლებიც პიროვნებასა და ნიშან-სიმბოლოების კულტურულ მნიშვნელობას იკვლევს. მისი ტრენჩი პასტელურ ყვითელ ფერშია ლაქირებული, მისი ვარდისფერი „მარადიული ყვავილებითაა” შემკული. ეს ყვავილები ბუნების წარმავალ სილამაზესა და სისუსტეს განასახიერებს, რაც ადამიანის ფიზიკური ბუნების ანალოგიურია. „მარადიული ყვავილი”, როგორც მრავალწლიანი მცენარე, რომელიც ყოველწლიურად ყვავის, გვახსენებს, რომ ტრანსფორმაცია ჩვენს ფესვებშივეა. ამ სატარებელი ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად გამოყენებული შტამპირების პროცესი ბატიკის ღებვის უძველესი ტექნიკითაა შთაგონებული.


მულტიდისციპლინური ხელოვანის, ტაი შანის მიერ შექმნილ პრიალა, დაფარულ ტრენჩს შავი ვინილი ახასიათებს. მისი შემოქმედება მოიცავს პერფორმანსს, ფილმს, ფოტოგრაფიასა და ინსტალაციებს, სადაც, ძირითადად, ექსპერიმენტულ ხელწერას იყენებს. რეპროდუქციული შრომის, ავადმყოფობისა და სოლიდარობის ისტორიებზე დაყრდნობით, იგი უტოპიური მებრძოლის პრიზმიდან ცდილობს დაიბრუნოს ფემინიზებული ესთეტიკური ფორმები, როგორიცაა ყვავილოვანი, ფსიქოდელიური და გოტიკური. მისივე თქმით, შავი ვინილი „წარმოაჩენს ტრენჩს, როგორც საიდუმლოებით მოცული ჩაცმულობის სიმბოლოს, რაც შერწყმულია საყვარელი კატების ხელით შესრულებულ ილუსტრაციებთან — ეს კი მომხიბვლელი მინიშნებაა1950-იანი წლების ფინ-აფ სტილისკენ.“


ბოლონიაში მოღვაწე ამომავალი ჩინელი ხელოვანი შაფეი სია, რომელიც ცნობილია თავისი მეამბოხე, პროვოკაციული და იუმორისტული ბუნებით, შთაგონებას XIX საუკუნის იაპონური შუნგადან, ჩინური ეროტიკული ფერწერიდან და ლუიჯი ონტანის კულტურული ნარცისიზმიდან იღებს. მან საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად საფირმო ტექნიკა — სანდალოზის ქაღალდზე აკვარელით ხატვა გამოიყენა: თეთრ ვეფხვთან შერწყმული ქალი, შემკული ყვავილოვანი დეტალებით, რომლებიც ტრენჩის ზურგზე საყელოდან ბოლომდე იშლება. ეს გამოსახულება ქმნის კონტრასტს მშვიდ ზედაპირსა და მის მიღმა არსებულ ქარიშხალს შორის, სადაც ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალა თანაარსებობს და ერთმანეთს ერწყმის. სანამ სიცოცხლე სიყვარულსა და ნგრევას შორის იწვის, ჟოლოსფერი ყვავილებიდან სიხარულის ნაპერწკალი ჩუმად მოკრთის.
კამპანიის ფოტოგრაფია პეტრა კოლინზს ეკუთვნის — მრავალმხრივ ნიჭიერ ხელოვანსა და რეჟისორს, რომლის ფოტოგრაფიამაც 2010-იანი და 2020-იანი წლების სტილისტური ტონი განსაზღვრა.

პროექტ „ვიქენდი არტისტთან“ ვიზუალურ ნაწილში იგი უნიკალურ პერსპექტივას — ავტოპორტრეტს გვთავაზობს. კოლინზისთვის კამერის წინ ყოფნა უცხო არ არის. ამ გადაღებაზე იგი ხუთივე ექსკლუზიურ ტრენჩში პოზირებს. ფოტოებზე ასევე აღბეჭდილია სამოსის ნატურმორტული ვერსიები გარემოში, რომელიც ხელოვნების ნიმუშებით სავსე საწყობს მოგვაგონებს.
ეს არტისტული და გამორჩეული მოდელები, რომლებიც ნებისმიერი კოლექციონერისთვის სასურველ ნივთს წარმოადგენს, ხელოვნების ახალ ფორმად იქცა. ხელოვნებად, რომელიც შეგიძლიათ ატაროთ.
Weekend Max Mara 1983 წელს, ვიქენდისთვის განკუთვნილი ყოველდღიური საგარეო ტანსაცმლის გამოშვებით დაიწყო. ამჟამად კი, ავთენტური იტალიური “ლაიფსთაილ” ხაზია თავისი უნიკალური იდენტობითა და რელევანტური თვისებებით. დღესდღეობით, „ვიქენდ მაქს მარას“ ტანსაცმლისა და აქსესუარების ფართო კოლექციები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აბალანსებს დღევანდელობასა და მარადიულობას. თანამედროვე და დახვეწილი არჩევანი აერთიანებს ფორმალურს და არაფორმალურს, რაც მას თავსებადს ხდის სხვადასხვა გარემოებებისთვის. მისი ყოველდღიური, ელეგანტური მოდელები თავისუფალი ქალებისთვის იქმნება, რომელთა ინდივიდუალიზმი მოდის და სეზონების საზღვრებს სცდება. ბრენდის Signature Capsule კოლექციები შექმნილი ან შთაგონებულია ცნობილი ადამიანების მიერ, კრეატიულია და ყოველ სეზონზე ინტერპრეტაციას უკეთებს ბრენდის სტილს, რითაც უნიკალური გარდერობი იქმნება. Weekend Max Mara დაახლოებით 250 მონობრენდულ მაღაზიასა და წამყვან უნივერმაღებშია ხელმისაწვდომი.




