ვადებად გაწერილი ოცნებები

თეა მგალობლიშვილის მიზნები

ჯანაშიას და ბარნოვის ქუჩების კუთხეში შევხვდით. ადრიანმა დილამ და ქალაქისთვის უჩვეულო სიჩუმემ გულწრფელობის განწყობზე დაგვაყენა და სულ სხვა თეა მგალობლიშვლი გავიცანი. თეა „სმარტფარმას“ გუნდს, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარს საკუთარ მიმართულებას სთავაზობს, დაფუძნებიდან დღემდე ხელმძღვანელობს. 

მის სახელს და გვარს ხშირად გაიგონებთ ისეთ სიტყვებთან ერთად, როგორიცაა – წარმატებული ბიზნესი, ხარისხი, წარმატებული მენეჯერი… აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავზე საუბარს ოჯახიდან იწყებს. გამიჯვნა უჭირს, რადგან საქმე ოჯახიც არის და ოჯახი კიდევ – საქმე. მისი ყოველდღიურობა და ცხოვრების წესი ასეთია, სხვანაირად არ გამოდის და არც უნდა.

ოჯახი და საქმე 

სმარტფარმას თეა მგალობლიშვილი

სამი შვილი ჰყავს, სამი ბიჭი გიორგი – 17 წლის, ნიკოლოზი – 13 წლის და დავითი – 9 წლის. მეუღლე – ირაკლი თევზაძე, პროფესიით ფარმაცევტი, მისი ყველაზე დიდი მეგობარი და მხარდამჭერია. მასთან ერთად მართავს ფარმაცევტულ ბიზნესს. ყველაზე პატარა შვილი აგვისტოში ათი წლის ხდება. მისი დაბადების წელს ემთხვევა კომპანიის 10 წლის იუბილეც. მას და მის მეუღლეს ბიზნესის იდეა სწორედ მაშინ გაუჩნდათ, როცა თეა დეკრეტში იყო და მოიცალა. ბიზნესს უყურებდნენ როგორც პარალელური შემოსავლის წყაროს. ფართო მასშტაბებზე არც უფიქრიათ. თუმცა, მოხდა ისე, რომ 10 წლის წინ, 10 კვადრატული მეტრის ოთახში დაწყებული ბიზნესი დღეს 100-მდე თანამშრომელს აერთიანებს და საქმიანობის ძალიან დიდ სპექტრს გულისხმობს. ამისთვის თეამ და მისმა მეუღლემ ძალიან დიდი შრომა გასწიეს. ყოველდღიურად ცდილობდნენ გაუმჯობესებას და აღწევდნენ კიდეც ამას. ირაკლი მისთვის, ბიზნესშიც და ცხოვრებაშიც, მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომლის გარეშეც ამხელა წარმატების მიღწევა უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა. 

დროსთან დაკავშირებით ამბობს, რომ არასდროს ყოფილა საქმე 9-დან 6-მდე და მერე ოჯახი. სახლი და სამსახური მისთვის ერთგვარი ერთობლიობაა. ამბობს, რომ ეს შეიძლება ცუდია, შეიძლება – კარგიც. თუმცა, ბიზნესი ნამდვილად მე-4 შვილია. აქედან გამომდინარე, ეს ორი არ იმიჯნება. განვლილმა წლებმა დროის განაწილება ასწავლა და ახლა თეასგან ყურადღება არც ოჯახს აკლია და არც საქმეს. მისი ყოველი დღე ჩოგბურთის კორტებზე სრულდება. სამსახურიდან ყოველდღე იქ გარბის, შვილებთან და შემდეგ, ერთად ბრუნდებიან სახლში. 

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ…

Mgaloblishvili Tea

ბავშვობას ბედნიერად იხსენებს. არ ყოფილა მის ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, რომ რამე ცუდად ახსენდებოდეს. თუმცა, არც ფუფუნებაში გაზრდილან ის და მისი ძმა – გიორგი, რომელიც წარმატებულ ბიზნესშიც მის გვერდით არის და თეას უდიდესი იმედია. ჩვეულებრივი, განათლებული ოჯახის შვილები იყვნენ. დედა – პედაგოგი, მამა – ინჟინერი. როცა ქვეყანაში აირია სიტუაცია, დაიწყო ეკონომიკური სირთულეები, ოჯახს ძალიან გაუჭირდა. მამა, რომელიც მისთვის კეთილსინდისიერების და პატიოსნების ეტალონია, ემიგრაციაში წავიდა. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა თეა აბიტურიენტი იყო. მოგვიანებით, სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და მის ცხოვრებაში ახალი გზა დაიწყო. მიუხედავად სირთულეებისა, ბედნიერი ბავშვობა წარმატებული მომავლისთვის არაჩვეულებრივი ტრამპლინი აღმოჩნდა. 

ცეკვა. პირველი მიღწეული მიზანი

Thea Mgaloblishvili

წარსულის ერთ-ერთი ბედნიერი მომენტი ცეკვას უკავშირდება. თითქმის ყოველთვის ცეკვავდა. პირველად, ტრანსპორტის გაუქმების გამო, ცეკვიდან გამოიყვანეს, მაგრამ არ გაჩერდა, სკოლაშივე იპოვა ცეკვის წრე და სიარული განაგრძო. მერე აბიტურიენტობამ შეუშალა ხელი. თუმცა, სტუდენტობისას, უნივერსიტეტის ანსამბლში მივიდა ისე, რომ არავისთვის უთქვამს. გასტროლების დაგეგმვისას გაამჟღავნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის ანსამბლში ცეკვავდა.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ცეკვა ისევ მის ოცნებად დარჩა, რომელიც მიზნად აქცია. ჯერ, ერთი შვილი შეიყვანა „სუხიშვილებში“, მერე – მეორე. არცერთმა არ იცეკვა. საბოლოოდ, თავად დარჩა მოყვარულებში. საღამოს 10-ის ნახევარზე, დატვირთული დღის შემდეგ, მიდის ხოლმე და ცეკვავს, მასავით ქართულ ცეკვაზე შეყვარებულ ადამიანებთან ერთად.

თეა ფიქრობს, რომ სურვილების ასრულება გვიან არასდროს არის. 

მთავარი როლი: გმირები

Thea Mgaloblishvili Smarthpharm

კარიერის შექმნაში ძალიან დიდი როლი დედამ ითამაშა. როგორც თავად ამბობს, არ იყო სტანდარტული დედა, არ ათამამებდა, ყოველთვის მეტი უნდოდა და ზღვარსაც მაღალს უყენებდა. იხსენებს, რომ იმ პერიოდში, თუნდაც სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება, ურთულესი ამბავი იყო და დედამ, ფაქტობრივად, კედელი გაანგრია. სწორედ ეს აძლევდა ძალიან დიდ მოტივაციას და უყალიბებდა ხასიათს. დედის დამსახურებაა ისიც, რომ სტერეოტიპულად არასდროს უაზროვნია და როგორც ქალ ლიდერს არც კი გაუვლია აზრად, რომ განსხვავდება მამაკაცისგან ან მის მიმართ საზოგადოების უკუკავშირი განსხვავებული უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ალბათ მისი ამ განწყობის დამსახურებაცაა, რომ პრობლემა ამ მიმართულებით არ ჰქონია. 

ზოგადად, გმირები არ ჰყავს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებშიც რაღაცეები მოსწონს და კონკრეტულ კონტექსტში იზიარებს. საუბარში ანა ვინტურს იხსენებს და ამბობს, რომ აფასებს მისი წარმატების ისტორიას. ხშირად ავლებს პარალელებს, პოულობს და აანალიზებს შეცდომებს, ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს, სამაგალითოები არიან.

კარიერა – შეუძლებელი არაფერია

Mgaloblishvili Thea

„ამას ვეძებდი-მეთქი, ვერ ვიტყვი. თუმცა, ეს ზუსტად ის არის, რაც მომწონს და მაბედნიერებს“ – ამბობს და იღიმის. 

ზოგადად, რასაც აკეთებს, გულით აკეთებს. ყოველთვის ასე იყო. პირველად მუშაობა „ავერსის“ კლინიკაში დაიწყო ოფისმენეჯერად. ყოველთვის ჰქონდა სურვილი მეტი გაეკეთებინა, მეტი ესწავლა. როცა მის საქმეს მორჩებოდა, ბუღალტერს სთავაზობდა დახმარებას. ასე ისწავლა „ექსელი“. მერე გახდა ამავე კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი. შემდეგ იყო სადაზღვევო კომპანიები და ერთ წელიწადში დაწინაურება – ზარალების ანაზღაურების მენეჯერიდან, დეპარტამენტის ხელმძღვანელამდე. როგორც თვითონ ამბობს, ეს დაუღალავი, ძალიან დიდი შრომა და გამოცდილება ყველაზე დიდი სკოლა იყო მისთვის, რამაც შემდგომი წარმატება განაპირობა.

მიზნები თუ ოცნებები

თეა მგალობლიშვილი და ირაკლი თევზაძე, ოჯახი

ყოველთვის განვითარებაზე ორიენტირებულია. ფიქრობს, რომ ეს განაპირობებს მის წინსვლას. არ უყვარს უაზრო შრომა. აუცილებლად უნდა იღებდეს შედეგს და თუ ამას ხედავს, მაშინ ამბობს, რომ მთებს გადადგამს. მთავარი მიზანია – ხვალ იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე დღესაა. ამიტომ, გამოწვევები მისთვის მნიშვნელოვანია. არ ჩერდება და ყოველთვის წინ მიდის. აღარც შეცდომების ეშინია. პირიქით, იმუხტება, სწავლობს და ახალ ეტაპზე გადადის. რა თქმა უნდა, ყოველთვის მოგებაზეა ორიენტირებული თუმცა, არც იმას ამბობს, რომ წაგება არ აინტერესებს. იცის, რომ ყველაფერი გამოვა. ცხოვრებამ აჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველაფერი დაძლევადია. მთავარია ბრძოლის ჟინი და სურვილი, იცოდე რა გინდა. ფიქრობს, რომ აუცილებელია სურვილები და მიზნები ოცნებაში არ გადავიდეს. პირიქით, ოცნება აუცილებლად უნდა იქცეს დროში გაწერილ მიზნად. თავად მეოცნებე არ არის. ოცნებობს მხოლოდ იმაზე, რაც მასზე არაა დამოკიდებული. ამბობს, რომ შეიძლება ვიღაცისთვის პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ოცნებობს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე, გამთლიანებაზე, რადგან პატრიოტია და ასეთივე ოჯახში გაიზარდა. სამშობლოს თემა მისთვის ძალიან სენსიტიურია.

ბევრი წლის შემდეგ…

Smartpharm Mgaloblishvili Thea

ყველაზე მოდუნებულად თავს მაშინ გრძნობს, როცა მარტოა. შეუძლია დილას 7-ზე ადგეს და ყავა დალიოს. ყველას დაასწროს ადგომა, რომ მარტო ყოფნა მოასწროს. ამბობს, რომ ამ დროს ყველაზე „მსუბუქია“. ვარჯიშობს, ყავას სვამს, შეიძლება სახლიც დაალაგოს მთავარია, თავისთვის იყოს. 

უყვარს დღესასწაულები, განსაკუთრებით ახალი წელი და აღდგომა უხარია, პატარა ბავშვივით. მზადებას 1 ნოემბრიდან იწყებს. შეიძლება რამდენჯერმეც კი შეცვალოს დეკორაციები. არ ერიდება არაფერს, პენოპლასტიდან თოვლის გაკეთებით დაწყებული, ღამის 3-4 საათზე სათამაშოების მოხსნა-დაკიდებით დამთავრებული. ყოველთვის ცდილობს ოჯახში განწყობა შექმნას. 

უნდა, რომ ბევრი წლის შემდეგ, მისი ცხოვრება ისევ ასეთი იყოს – ჩქარი ტემპით და ფერადი დღეებით, რადგან უყვარს ისეთი, როგორიც არის. იცის, რომ გაიზრდებიან ბავშვები, სხვა სირთულეები დაიწყება, ერთი სტუდენტი გახდება, რომელიღაცას შეყვარებული ეყოლება, მათ მშობლებს ასაკი მოემატებათ. ფიქრობს, რომ ამაზე მეტად იდარდებს. სჯერა, რომ დღეს სხვა ხალისია, ხვალ, სხვა იქნება. მთავარია, რომ ეს ყველაფერი ისევ იყოს.

ხოლო იმაზე თუ როგორი იქნება კომპანიის ბრუნვა, ამბობს, რომ ეს მხოლოდ ციფრებია. მთავარია საქმე ისე გააკეთო, რომ ყველაფერში პროგრესი ჩანდეს. მისთვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა – უკეთესი გაგრძელებისთვის. კომპანიის და ცხოვრების მესიჯიც და მიზანიც სწორედ ესაა – ბევრი წლის შემდეგაც, ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, ვიდრე დღევანდელი.

პროექტის ავტორი: ანა არაბიძე 

ტექსტი: ანი კაკურია 

ფოტო: LIG Studio 

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი 

ლოკაცია: “თბილისი მერიოტი”

ასევე წაიკითხეთ