პირველად სცენაზე რომ გამოვედი, საკმაოდ ზრდასრული ვიყავი, უკვე 18 წლის. ეს, რაც შეეხება სერიოზულ სცენას. ისე, მთელი ჩემი ბავშვობა, ჩემი სახლი იყო ჩემი სცენა. სტუმრები რომ მოდიოდნენ, ეს კი ძალიან ხშირად ხდებოდა, მე აუცილებლად გამოვყავდით, განსაკუთრებულ სუფრებზე, განსაკუთრებულ სტუმრებთან. პატარა ვიყავი, როდესაც ჩემთვის მარიკა კვალიაშვილმა საახალწლო სიმღერაც კი დაწერა. “დგას პატარა ნორჩი ნაძვი” – ასე ერქვა ამ მუსიკალურ საჩუქარს. ის ლამაზი, ყვითელი კაბაც კი მახსოვს, რომელიც მეცვა, როდესაც ტელეგადაცემაში ეს სიმღერა შევასრულე. პატარა ნაწილი მოაჭრეს დედაჩემის გრძელ კაბას. გარედან შიფონი იყო, შიგნიდან კი, თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდა. დღემდე მახსოვს და მინათებს მოგონებას.
ბავშვობაში ვოცნებობდი… ტრამვაის ბილეთების გამყიდველი მინდოდა გამოვსულიყავი. ამიტომ, დღემდე ნოსტალგიური დამოკიდებულება მაქვს ტრამვაისთან, ტროლეიბუსთან. დღემდე მახსოვს ქალი, რომელიც იჯდა ტრანსპორტში, აჩხრიალებდა ხურდებს და ხევდა ბილეთებს. ასე მინდოდა მეც. მსახიობობასთან და რამე გაპრანჭულობასთან არ იყო ჩემი ოცნებები კავშირში. ბებიაჩემის და მუშაობდა ოპერის თეატრის სალაროში და დარჩენილი ბილეთებით გართობის საშუალებას ისიც მაძლევდა.
როდესაც ოჯახში ყველა ცნობილია… რთულიცაა და, ამავდროულად, ძალიან სასიამოვნოც. მე მგონი ყველასთვის სასიამოვნოა, როდესაც გცნობენ, ადამიანები სიყვარულს გაგრძნობინებენ. რა თქმა უნდა, პოპულარობის მინუსი, და არა მარტო ჩვენთან, შენი არა პროფესიული, არამედ პირადი ცხოვრებით დაინტერესებაა. არავის უნდა პირადი ცხოვრება საჯარო და სალაპარაკო გახადოს. თუმცა, ეს პოპულარობის თანმდევია და ნელ-ნელა ამას ეჩვევი და მეტ-ნაკლებად აკონტროლებ. არ ვიღლები, პირიქით, ვივსები სასიამოვნო ემოციებით. პოპულარობა პასუხისმგებლობაა. თუმცა, მხოლოდ ამას ხომ არ ახლავს პასუხისმგებლობა. ადამიანად ყოფნა უკვე პასუხისმგებლობაა და არ აქვს მნიშვნელობა ცნობილი ხარ, მომღერალი თუ იურისტი.
ახალი წლის ყველაზე დასამახსოვრებელი და წარუშლელი მოგონება… ჩემთვის იყო 2003 წელს, როდესაც ნატალია გახდა 12 წლის და ზუსტად 12 საათზე, ზარმა რომ დაჰკრა, მე, ნანი და ნატალია, პირველად ასე სამნი, ვიდექით სცენაზე. მახსოვს, შევასრულეთ ნიკა მემანიშვილის მიერ არაჩვეულებრივად გაკეთებული სიმღერა. ჯადოსნური იყო ის ღამე და მას შემდეგ, თითქოს ასე დამკვიდრდა, რომ დღემდე ყოველ ახალ წელს, ჩვენ სამნი ვართ გარეთ და ახალი წლის დადგომას სცენაზე, სხვებთან ერთად ვზეიმობთ.
ოცნება, რომელიც ახალ წელს ჩავიფიქრე და ამიხდა… საერთოდ, ცრუმორწმუნე არ ვარ. თუმცა, ერთადერთი ეს ღამეა, როდესაც მჯერა, რომ როგორც გაატარებ, ისე დაგებედება.
რაც შეეხება სხვა რაღაც რიტუალებს, თუნდაც სცენაზე გასვლის წინ, არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვეღარც კი ვითვლი იმდენი გამოსვლა მქონდა. სცენაზე გასვლის წინ მაინც ცოტას (შეიძლება ბევრსაც), ვნერვიულობ. ბევრს ვლაპარაკობ, რაც საერთოდ არ მჩვევია. არადა, ამ დროს ხმა უნდა დაინდო, განმარტოვდე, კონცენტრირდე. ძალიან მნიშვნელოვანია იყო მშვიდად. ნანი ყოველთვის მირჩევს ყველგან ცოტა ადრე ვიყო, რადგან ისედაც ბუნებრივ ღელვას, კიდევ ხელოვნურად არ დაემატოს მიზეზი.
ყველაზე დასამახსოვრებელი კომპლიმენტი… მაინც ის მოწონება თუ შექებაა, რომელიც პროფესიულ შეფასებას ეხება. ყველასგან გამორჩეულად და სამუდამოდ ჯანო კახიძის ნათქვამი დამრჩა, ამხელა ბუმბერაზმა მითხრა – შენ ფლეიტის ხმა გაქვსო.
ყველაზე უცნაური ამპლუა, რომელიც მახსენდება… იყო, როდესაც სატელევიზიო შოუში განვასახიერე ემი ვაინჰაუსი. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალით ძალიან დამამსგავსეს, ინგლისურ ენაზეც ვიმუშავე და ტელეჩანაწერიც ლამაზი ვიზუალით გამოირჩეოდა, პირადად მე, მაინც არაბუნებრივად ვგრძნობდი თავს. თუმცა, ეს იმ მომენტში, თორემ ახლა სულაც არ ვნანობ.საერთოდ, საკმაოდ რისკიანი ვარ, არ მეშინია. რეპერტუარშიც არ ვერიდები ახალ, საინტერესო კოლაბორაციას. კარგად მახსენდება, როდესაც ელექტრონული მუსიკის თანხლებით შევასრულე “ის აქ არის”.
დროის დაბრუნება რომ შემეძლოს… რა თქმა უნდა, ბევრ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი. თუმცა, საერთოდ უკან არ ვბრუნდები, წინ ვიყურები. ეს ერთგვარი გადარჩენაა. ბევრი მქონდა უკან დასაბრუნებელი, მაგრამ ვარჩიე ცუდ მოგონებებს არ ჩავყოლოდი. წინ ვიხედები თუმცა, წინასწარ არ ვგეგმავ. ვცხოვრობ დღევანდელი დღით და ვცდილობ ყოველი დღე მქონდეს განსხვავებული და უკეთესი წინაზე. შენ როგორც მოაწყობ, ეგეთი იქნება დღეც. სულ ვცდილობ კარგი დავინახო განვლილშიც და უკეთესს ველოდე ხვალინდელი დღისგანაც. იშვიათად ვწუწუნებ, წვრილმანებზე მითუმეტეს. არ ვოცნებობ, არ ვგეგმავ, რომ მერე იმედგაცრუება არ მქონდეს.
ჩემთვის იდეალური გარემო დღეს ასე გამოიყურება… ჩემი სახლი, ჩემი შვილები, შვილიშვილები. ხანდახან მაქვს ისეთი დღე, როდესაც ყველას ერთად ვკრებ და ვზივარ, ვუყურებ შორიახლოდან. მიკვირს კიდეც, რომ ჩემს შვილებს უკვე ამხელა შვილები ჰყავთ, მე კი უკვე შვილიშვილები… მათი შემყურე ვარ ბედნიერი.
ბავშვები მახალისებენ და მაცინებენ. ამ ბოლო დროს კი, განსაკუთრებით პატარა, ძალიან საყვარელი და სასაცილო სანდრო, ნატალიასი.
17 წლის, ვიყავი შეყვარებული და ბედნიერი.
25 წლის – უკვე სევდიანი და რაღაც გაუკრვეველის მოლოდინში.
40 წლის – უკვე ზრდასრული ადამიანი, ბევრრაღაცგადატანილი.
ახლა ვარ ძალიან კარგად. საერთოდ, ჩემი დაკვირვებით, 50 წლის შემდეგ, ქალები ძირითადად, ძალიან კარგად გრძნობენ თავს – ძლიერად, მშვიდად. ზუსტად იციან საკუთარი დადებითი თუ ნაკლი, ჩამოყალიბებული არიან თავიანთ სურვილებში. გარკვეული აქვთ ყველაფერი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. ამ ასაკში, უკვე მარტოც ძლიერად ვგრძნობ თავს. ძველად კი, ამისი მეშინოდა. მეგონა, აუცილებლად გვერდზე უნდა ყოფილიყო ვინმე.
დღეს მე მაქვს აღებული ოჯახზე ზრუნვა და ეს მომწონს. ვშრომობ დილიდან. ბაზრობაზეც წავალ, მძიმესაც ვათრევ. საღამოს გამოვიპრანჭები, ოპერაში წავალ და სცენაზეც ვიმღერებ ბრჭყვიალა კაბით.
სიამოვნებით შევასრულებდი დუეტს… ისევ ჯანოსთან. ეგეთი არ არსებობდა. მახსოვს, ერთხელ, რეზო გაბრიაძის სპექტაკლისთვის ჩავწერეთ არაჩვეულებრივი სიმღერა. ჩაწერისას, ამ ორმა გენიოსმა ისე იკამათა (რაც ძალიან ხშირად ხდებოდა), რომ სიმღერა აღარ შესრულდა. ისინი, რა თქმა უნდა, დარჩნენ ისევ უახლოეს მეგობრებად და გენიოსებად. ბევრიც ითანამშრომლეს. მე კი, ამ სიმღერას, ხანდახან, ვატოსთან ერთად, დღემდე ვასრულებ.
20 წლის შემდეგ ჩემი თავი ასე წარმომიდგენია… ნანის შემხედვარე, გენეტიკას თუ გავითვალისწინებთ, ამ მხრივ, იმედიანად ვარ.
პროექტის ავტორები: ნინო დარასელი, ნინო ჭიჭინაძე
ფოტო: Geoege Van De Kamp, ლადო კობახიძე
მაკიაჟი: ნინო ხვადაგიანი
განსაკუთრებული მადლობა:
TVE.STUDIO, DESSANGE SHARTAVA, FABRIKA TBILISI