გურანდა და თეონა ცერცვაძეები მხატვრების ოჯახიდან არიან. ხელოვნება მათ ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა. ბაბუა, მიხეილ ტუჩაშვილი, სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. დედა, ეკატერინე ტუჩაშვილი თბილისში პირველი მოდელების სახლის მთავარი კონსტრუქტორ-დიზაინერი იყო. მისი სურვილი პატარა სახელოსნოს გაკეთება იყო, მაგრამ არ დასცალდა, რადგან ადრე გარდაიცვალა. შვილებმა, გურანდამ და თეონამ განახორციელეს დედის ოცნება. დაახლოებით 7 წლის წინ შექმნეს სახელოსნო, სადაც დები ტანსაცმელსა და ჩანთებს ქმნიან. ახლა, უკვე, საერთო ბრენდზეც დაიწყეს მუშაობა.


მე და ჩემს დას ხატვის ნიჭი რომ არ გვქონოდა, ის უფრო იქნებოდა გასაკვირი, რადგან ჩვენ ირგვლივ ყველა ხატავდა. ბაბუაჩემი, დედაჩემის მამა, მიხეილ ტუჩაშვილი, სამხატვრო აკადემიაში ხეზე კვეთისა და ლითონის ფიგურების ჩამოსხმის ოსტატი იყო. ის, რომ აკადემიას ეს ფაკულტეტი ჰქონდა, მეტწილად მისი დამსახურებაცაა. მერე დედაჩემმა, ეკატერინე ტუჩაშვილმა დაუკავშირა ცხოვრება სამხატვრო აკადემიას და იმ 36 წლიდან, რომელიც იცოცხლა, ყველაზე მეტი დრო ტანსაცმლისა და ქსოვილის დიზაინის შექმნას მიუძღვნა.
ბევრი გეგმა ჰქონდა, რომლისკენაც ნაბიჯ – ნაბიჯ მიდიოდა. მაშინ, იმ გაჭირვებულ 90-იანებში, რამდენადაც შეძლო, მოახერხა გამხდარიყო მოდელიერთა სახლის კონსტრუქტორ-დიზაინერი. გადადგა დიდი ნაბიჯი მისი ოცნების შესასრულებლად – შეექმნა თავისი პატარა ატელიე-სახელოსნო.


დედა რომ გარდაცვალა, მე და ჩემი და პატარები ვიყავით. ჩვენს მოგონებებში კი დიდი დოზით შემორჩა მასთან ერთად სამსახურში გატარებული დრო და ჩვენთვის ეს საქმე, რაღაცნაირად, დედის მონატრებისგან გაქცევის საშუალება გახდა.
რაც თავი გვახსოვს, ნემსი ძაფი და ძველებური ხელის მანქანა ჩვენი განუყოფელი ნაწილი იყო. მერე, როცა უფრო წამოვიზარდეთ, ჩვენი მეგობრების მორთვა-მოკაზმვაზე გადავედით. ისინიც ჩვენთვის არც საქებარ სიტყვებს იშურებდნენ და არც „დავალებებს“.
გურანდა: ,,სამოსი კიდევ ჰო, მაგრამ წელის ჩანთის შეკერვა განსაკუთრებით მერთულა. „თხოვნას“ უარი ვერ ვუთხარი და ორი ღამე ვშლიდი და ვაწყობდი. იქამდე ვიმუშავე, სანამ სასურველ შედეგამდე არ მივედი. უცებ აღმოვაჩინე, რომ ამ სირთულემ უცნაური ძალა შემმატა, საკუთარი საქმე მაპოვნინა. მომწონდა ტყავთან და მეტალის დეტალებთან მუშაობა და როცა ჩემ მიერ შექმნილ პირველივე ჩანთაში ავანსი გადამიხადეს, მივხვდი, რომ სწორ გზას დავადექი. რომ შემეძლო ჩემი და დედას ოცნებები გამეერთიანებინა და გვქონოდა საერთო ოცნება – პატარა სახელოსნო, სადაც ჩემი ფერადი მოგონებებით შევქმნიდი ფერად ნივთებს.


ადვილი არ ყოფილა. ყველა სირთულესთან გამკლავებას დამოუკიდებლად ვცდილობდი. ვშრომობდი. სულ ვშრომობდი და თითოეული ადამიანისგან, ვინც გზად მეკვეთებოდა, ვსწავლობდი რაღაც ახალს. ჩემი სახელოსნო ბრენდად შედგა. ოცნება ახდა თუმცა, ამ ახდენილი ოცნების უკან უამრავი ტექნიკური საჭიროება და შრომა იდგა.
თეო: პროფესიით იურისტი ვარ. უამრავი პროფესია გამოვიცვალე, თუმცა ფესვებს ვერ გაექცევი და უკვე 7 წელია, რაც პროფესიად ვაქციე ბავშვობის ჰობი. ვასწავლი ერთ-ერთ აკადემიაში კონსტრუირება-მოდელირებას და ასევე, მაქვს ჩემი ტანსაცმლის ხაზი. ქსოვილთან მუშაობა ჩემთვის სხვა განზომილებაა. ვინც მიცნობს, იცის, ამ დროს დაღლას ვერ ვგრძნობ. ერთად ხშირად ვმუშაობთ და ერთხელ, როცა ერთმანეთისთვის გულის გადასაშლელად მოვიცალეთ, აღმოვაჩინეთ, რომ გვაქვს ერთი კითხვა – ხომ არ იქნებოდა დედას ოცნება ჩვენი ერთად მუშაობა?!


გურანდა: ახლა უკვე ერთი მიზანი გვაქვს, რასაც ჩვენი მსგავსი ხედვა აიოლებს. ის, რასაც ვაკეთებთ, მე ჩანთებს და ის – ტანსაცმელს, თითქოს ერთ ჰარმონიას ქმნის. სახელიც ასე შევარჩიეთ – გავაერთიანეთ დედას გვართან ჩვენი დაბადების რიცხვები Tuchelle 26.
ჩვენს ამბავს სხვებისგან ბევრი არაფერი გამოარჩევს. გარდა იმისა, რომ გვაქვს ისტორია, მიზანი და ხასიათი. ხასიათი, რომელიც თითოეულ ნამუშევარში კარგად იგრძნობა და მხოლოდ ერთისთვის, განსაკუთრებული სიყვარულით იქმნება.
ფოტო: იკა პირველი
მაკიაჟი: ანა სიჭინავა


